04 ივლისი, 2013
მირანდა მირიანაშვილი ხუთი წელია, ჯუნგლებში დადის
ყოველ ღამე მოდიოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კონტაქტი დაგვიმყარდა, სახელიც კი შევარქვი, კოკიტო. მერე გავიგე, მოუკლავთ. მირანდა მირიანაშვილი წლებია რუსეთში ცხოვრობს, ელიტური წვეულებების სასურველი პერსონაა, როგორც სტუმარი და როგორც მომღერალი. უკვე ხუთი წელია, ის ბიზნესმენ ლეონიდ ოგარიოვის მეუღლეა. წყვილი ერთად დადის მსოფლიოს ყველაზე სასურველ და უცნაურ ადგილებში, მათ შორის, მაგალითად, კოსტა რიკის ჯუნგლებში და ამით უდიდეს სიამოვნებას იღებს. მირანდა თბილისს მცირე ხნით სტუმრობდა, დრო ვიხელთეთ და გამოცდილ მოგზაურს საინტერესო ქვეყნების შესახებ ვკითხეთ.

- ბოლო
18 წელია მოგზაურობა ჩემი ცხოვრების წესია. მექსიკიდან დაწყებული, სამხრეთ კორეით დამთავრებული, ჩემს მეუღლეს სხვადასხვა კონტინენტზე ჰყავს პარტნიორები, სადაც ხშირად მიწვევენ. რა თქმა უნდა, უმთავრესად საქმიან გადაფრენებში ვართ, თუმცა ყოველთვის ვიტოვებთ დროს მუზეუმებისა და გალერეებისთვის. იანვრიდან რომ დავითვალოთ, რამდენი დრო მაქვს გატარებული საზღვრებს გარეთ, ალბათ სულ 2-3 კვირა გამომივა მოსკოვში - სახლში რომ ვიყავი. ორჯერ გახლდით მექსიკაში, ორჯერ - ამერიკაში, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ისრაელი და თურქეთი რომ არ ვახსენოთ. უამრავ ქვეყანაში ტურისტად არ ვგრძნობ თავს და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად არ მივდივარ. მაგალითად, ვენეციაში აღარ ჩავალ სან-მარკოს სანახავად, რადგან 13 წელია, იქ ბიენალეზე დავდივარ და საკმაოდ დიდხანს მიწევდა ყოფნა, როცა საგალერეო საქმიანობას ვეწეოდი და ვენეციაში პროექტი მქონდა. იქ ორი კვირის წინაც გახლდით ბიენალეზე. ასე რომ, არის ტურისტული ქალაქები, სადაც როგორც ტურისტი, არასდროს ვხვდები (იღიმის).
- ევროპაში რა გენატრებათ ხოლმე?
- არაფერი! ვერ ვასწრებ მონატრებას, აი, ზეგ პარიზში მივფრინავ, თუმცა აგვისტო-სექტემბერში მეწყება მთების მონატრება. მე, ჩემი მეუღლე და ჩემი დაც, მედეა, კარგი მოთხილამურეები ვართ და მარტს ფრანგულ ალპებში ვატარებთ ხოლმე. თუკი მონატრებაზე ვილაპარაკებთ, ეს გრძნობა მეუფლება ცენტრალური და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის მიმართ, კოსტა რიკის, მექსიკის, პერუს, კოლუმბიის გახსენებისას. მომავალ ზამთარში ჩილესა და არგენტინაში პირველად მივემგზავრებით, შემდეგ კი ისევ კოსტა რიკაში წავალთ. იქ კორკოვადოს ჯუნგლებში ვისვენებთ ხოლმე. მივფრინავთ დედაქალაქ სან-ხოსეში, საიდანაც პატარა თვითმფრინავით 50 წუთი გოლფიტოში ან პუერტო ხიმენესში აღმოჩნდებით, იქიდან კი მოტორიანი ნავით მივდივართ 40 წუთი ოკეანედან ღრმად ყურეში ჩვენს საყვარელ ადგილამდე, რომელიც აბსოლუტურად გაუვალ ჯუნგლებში მდებარეობს. იქ დგას რამდენიმე ე.წ. ''კაბინა'' , მთლიანად ხისგან გაკეთებული, სწორედ იქ ვცხოვრობთ ხოლმე, შუაგულ ტყეში, ცხოველ-ფრინველ-ქვეწარმავალ-მწერების გარემოცვაში, მაგრამ ნუ შეშინდებით, საოცარ ჰარმონიაში!. ამ საოცარ ადგილს ჰქვია ნიკუეზა. გასული იანვრის სამი კვირა იქ გავატარეთ.
- გაუვალ ჯუნგლებში დასვენება საშიში არ არის?
- ამ ადგილს ხუთი წლის წინათ ინტერნეტით მივაგენი. მე და ჩემს მეუღლეს იმდენად დატვირთული რეჟიმი გვაქვს, რომ სწორედ ასეთი დასვენება გვჭირდება. სულ მესმოდა, რომ კოსტა რიკა სამოთხე იყო, მე კი რაღაც ახლის ნახვა მსურდა. ქვეყანაში მოგზაურობისას მხოლოდ ოთხი დღით გადავწყვიტეთ ნიკუეზაში გაჩერება. როდესაც იქ ჩავედით, ვიფიქრე, ჩემი ქმარი მომკლავს-მეთქი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, სხვადასხვა ტემპერამენტი გვაქვს, ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ის ჩემზე მეტად ''დაქოქილია'' . სანამ დავუკვეთდი სასტუმროს, მანამდე მენეჯერს ვესაუბრე, მაინტერესებდა, შესაძლებელი იყო თუ არა უსაფრთხო ცურვა. რვა წელია გავიხსენით და ყურეში დღის განმავლობაში ცურვაზე პრობლემა არავის შეჰქმნიაო, - მიპასუხეს. პირველ ჯერზე რომ ჩავედით, გავიხედეთ, გამოვიხედეთ და არაფერია ხის პატარა ხიდის გარდა, რომლის იქით ტყე იწყება, არც ერთი ბუნგალო არ ჩანს. 250 მეტრით რომ შევიწიეთ შიგნით ღრმად, გამოჩნდა ლოჯი და კიდევ უფრო ღრმად ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით მდგარი კაბინები.
პატარა მდინარესთან გამაფრთხილებელ აბრას წავაწყდი, რომელზეც ეწერა, ''ღამით ცურვა არ შეიძლება. აქ ნიანგები არიან!..'' კი გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, სახუმარო ბანერი იყო და ყურადღება არ მიმიქცევია. სადილის მერე ჩაგვიტარეს ინსტრუქტაჟი, გვითხრეს, რა უნდა გვქონოდა თან ჯუნგლებში სიარულისას, მათ შორის ფანარი, პროფესიონალური ჩექმები, წყალი და ა.შ. ცურვაზე რომ ვკითხე, მითხრეს, მხოლოდ ექვსის ნახევრამდე შეგიძლიათ, რადგან ღამე ნიანგები მოდიანო (იცინის). გადავირიე, ხომ გკითხეთ, საშიშია თუ არა აქ ცურვა-მეთქი. დამარწმუნეს, ჩვენ მიერ დასახელებულ დრომდე არ გამოჩნდებიანო და მერე ალბათ ისეთი სულელური შეკითხვა დავსვი, რასაც ყველა პირველად ჩასული სვამს ხოლმე - ამ ნიანგებს დრო რომ აერიოთ, მერე სად წავიდე-მეთქი (იცინის). მიპასუხეს, იმათ არაფერი ერევათო... ამ ოთხი დღის განმავლობაში ისეთი ცხოველები და ფრინველები ვნახეთ, წიგნშიც რომ არ მინახავს. გველების ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ იქ იმდენი ვნახე, ძალიან შხამიანიც, ფრინველყლაპიებიც, დიდებიც და პატარებიც, რომლებიც არაფერს დაგიშავებენ, თუკი თავად ფეხს არ დააბიჯებ, ან არ ავნებ, რომ ახლა აღარ მეშინია. ფანრით სწორედ იმიტომ უნდა იარო, რომ შემთხვევით გველს ფეხი არ დაადგა...
Rating
წლების განმავლობაში იქ მომსახურე პერსონალს დავუმეგობრდით. იცით, რა შეგრძნებაა, როცა სადღაც შორს, უბრალო სოფელში, კოსტა რიკის გადასაკარგავ ჯუნგლებში მელო, თომასი, ნემო, ფედერიკა, ვერონიკა ყოველ ზამთარს სიყვარულით გელოდებიან და გოლფიტოს აეროპორტში ყვავილებით გხვდებიან. რომ მეკითხებით, რა გენატრებაო, სწორედ ეს მენატრება. ძალიან ინტენსიური ცხოვრება გვაქვს ჯუნგლებში. დილის ექვს საათზე ვდგებით, ჩვენი რეჟიმი გვაქვს, მთებში ავდივართ, დილის იოგის მერე სამი საათი დავდივართ, ისეთი სუფთა ჰაერია, არ არსებობს, დაიღალო, მილიარდწლიანი გაუვალი ტყეები მსოფლიოს ფილტვებად მიიჩნევა. მუდმივად მიზიდავდა მთა და ზღვა, მაგრამ კოსტა რიკაში აღმოვაჩინეთ მე და ჩემმა ქმარმა ტყის ფენომენი.
მეორე წელს, როცა კვლავ დავბრუნ დით იმ ადგილას, ღამით მეუღლესთან ერთად ყურეში გავედი. პლანქტონები გინახავთ? ისეთი შეგრძნებაა, რომ ვარსკვლავები ციდან წყალში იყრება და ანათებს... პანამაში, მექსიკასა და კოსტა რიკაში შეიძლება ამის ნახვა. ფანრებით ვიყავით შეიარაღებული და მაინტერესებდა იმ ადგილის ნახვა, სადაც ვცურავ ხოლმე. უცბად შევცბუნდი, რადგან ამერიკული თეთრი ნიანგი დავინახე. სადღაც 3,5 მეტრი იყო. ისეთი ფოტოები მაქვს ღამე გადაღებული, ენით აუწერელი სილამაზეა. ყოველ ღამე მოდიოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კონტაქტი დაგვიმყარდა, სახელიც კი შევარქვი, კოკიტო. მერე გავიგე, მოუკლავთ. სადღაც შორეულ სოფელში ძაღლი შეჭამა და პატრონმა თურმე ტყვია დაახალა... საერთოდ, თუკი მშიერი არ არის, საშიშიც არ გახლავთ. ზოგადად, ნიანგისთვის ადამიანი საჭმელი არ არის. რა თქმა უნდა, ავსტრალიურ უზარმაზარ 10-12 მეტრიან ნიანგებს არ ვგულისხმობ.
Rating
- მექსიკამ არ მოგხიბლათ?
- მექსიკა უზომოდ მიყვარს. შვიდჯერ ვიყავით უკვე. 2012 წლის 21 დეკემბერს გახლდით მექსიკაში, ზუსტად მაიას ცივილიზაციის ცენტრში - ტულუმში, იმ პირამიდაზე ვიდექი, სადაც ''დიდი ამბავი'' უნდა მომხდარიყო. სხვათა შორის, იქიდან ტელეკომპანია ''დოჟდს'' ჩავერთე და პირდაპირ რეპორტაჟში ყველას ვუამბე, გადასარევი ამინდია და სამყაროს დასასრულის არაფერი ეტყობა აქაურობას, მაიას ტომები მთელ ქვეყნიერებას გაეხუმრნენ-მეთქი (იღიმება). მექსიკა ძალიან დიდი და განსხვავებული ქვეყანაა. აცტეკები ძალიან განსხვავდებიან მაიასგან და იქ არ უყვართ შედარებები. ჩრდილომექსიკელები მაღლები არიან, სამხრეთში, იუკატანში, განსაკუთრებით ჩემს საყვარელ მერიდაში, მეტრ-ნახევარი სიმაღლის ხალხია. ვხუმრობ ხოლმე, რა კარგია, რომ სადღაც მაღალ და თეთრ ქალად მიმიჩნევენ-მეთქი (იღიმის). მე და ჩემს მეუღლეს ბევრი გვიმოგზაურია ამ ქვეყანაში მანქანით. იქ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს და მათგან უდიდესი სითბო და ენერგია მოდის. ჩვენ ნაკლებად გვგვანან. მათ რაღაცნაირი მორიდებული ტემპერამენტი აქვთ, რომელსაც თავს არ მოგახვევენ. ისეთი დელიკატური და ეშხიანი ხალხია, რომ ვერ აგიწერთ. ჩემს ქმარს იქ პარტნიორები ჰყავს, ''ჯენერალ მოტორსის'' წარმომადგენლები, ისინი მეხიკოელი ებრაელები არიან. ებრაელების საკმაოდ დიდი და ძლიერი დიასპორაა მეხიკოში. სხვათა შორის, მაისში, როცა დაითქვა მათი შეხვედრა, სიამოვნებით გავეშურეთ ჩვენს საყვარელ მეხიკოში.
- ასეთ ეგზოტიკურ ქვეყნებში ღირსშესანიშნაობების ნახვის გარდა ნაციონალური კერძებით თუ ინტერესდებით?
- რასაკვირველია. ლათინურ ამერიკაში ჩემი გემოვნების სამზარეულოა. სხვათა შორის, ქართულს ჰგავს. აქვთ მჭადისმაგვარი სიმინდის პური, ოღონდ უფრო თხელი. წითელი ლობიო თითქმის ჩვენნაირია. მაქვს ჩემი საყვარელი ადგილები, სადაც სიამოვნებით დავდივართ სადილ-ვახშამზე. აი, პერუში ყოველდღიურად ძროხის ხორცის ნაცვლად ალპაკის ხორცს მიირთმევენ, ეს ლამას გარკვეული ნაირსახეობაა. ასეთი ნაზი ხორცი არასდროს გამისინჯავს. ძალიან ჰგავს კურდღლის ხორცს, მაგრამ ბევრად რბილი და გემრიელია. ასევე ძალიან პოპულარულია შემწვარი ზღვის გოჭი. ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამია, ყველაზე გემრიელ გოჭის ხორცს ჰგავს. ალპაკის ხორცი კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ ქოლესტერინს საერთოდ არ შეიცავს. სხვათა შორის, მისი მატყლი ქაშიმირზე ძვირად ფასობს და ''ჰერმესი'' ყიდულობს იქ ნაწარმოებ ქსოვილებს. უთბილესია და ურბილესი მატყლი აქვს. ბევრი საჩუქრად ჩამოვიტანე და ჩემთვისაც შევიძინე. ზოგადად, სადაც დავდივარ, იქიდან აუცილებლად ჩამომაქვს საინტერესო ნივთები.
- პირველი სად მიდიხართ ხოლმე?
- თანამედროვე ხელოვნების გალერეებში. ვერ წარმოიდგენთ, რა მაღალი დონის ხელოვნება აქვთ განსაკუთრებით ამერიკის ქვეყნებში. კოლუმბიაში ისეთი გალერეებია, რომ ნიუ-იორკს შეშურდებოდა. 5-6 მსოფლიო დონის გალერეა მოქმედებს. ბოგოტაში ძალიან მომეწონა კუბელი მხატვრის სკულპტურა. სხვათა შორის, კუბაშიც ნამყოფი ვარ რამდენჯერმე და იქ შარშან ბიენალეს გახსნაზე ვიმღერე კიდეც. ბოგოტას ერთი საინტერესო შემთხვევა უკავშირდება, ორი დღე დაცვა მყავდა და მესამე დღეს სასტუმროს უკანა გასასვლელიდან გავეპარე (იცინის). ქალაქში მარტო დავდიოდი და მარტომაც კი ვისადილე, არანაირი საფრთხე არ დამმუქრებია. ჩემმა მეუღლემ, რომელიც დილიდან დაღამებამდე შეხვედრებზე იყო, ამ შემთხვევაზე ძალიან იცინა, თუმცა დაცვა ძალიან ვანერვიულე.
- ვიცი, რომ სამხრეთ კორეაშიც ხართ ნამყოფი.
- სეული ძალიან მოგეწონებათ. ქვეყნის შეფასების ჩემი კრიტერიუმები მაქვს და, პირველ რიგში, მაინტერესებს, როგორი ხალხია. მე, როგორც მოგზაურობის მოყვარულ ადამიანს, შემიძლია ვთქვა, რომ მაინცდამაინც ვერ ვენდობი ხალხს ინდოეთში, იოჰანესბურგში, ჰონგ-კონგში. მაგალითად, სეულში ძალიან კარგი ხალხია. არავის მოვუტყუებივარ არც იქ და არც არსად ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა. ჩემი ქმრის პარტნიორია ''სამსუნგი'' . მათი მიწვევით გახლდით სეულში. ამ კომპანიას თანამედროვე ხელოვნების ფანტასტიკური ფონდი აქვს. გალერეები რომ მოიაროთ, გაგიჟდებით, იცით, რა სკულპტურები ჩამოვიტანე იქიდან?!. მაჩვენე შენი თანამედროვე ხელოვნება და მე გეტყვი, სად ვართ!..
პირველ რიგში, როდესაც ახალ ქვეყანაში ჩავდივარ, აუცილებლად ვსტუმრობ ბაზარს, რომელიც განსაკუთრებული სუნთქვით სუნთქავს...
Rating
- მირანდა, დასვენებისას კომფორტს მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, მაგალითად, სასტუმროს როგორ არჩევთ?
- რასაკვირველია, აქვს მნიშვნელობა. ეს სპეციფიკა უკვე ძალიან კარგად ვიცი, ამიტომ მირჩევნია ბუტიკი-სასტუმროები, რომლებიც ბევრად ექსკლუზიურია და არ მიყვარს 500-ნომრიანი სასტუმროები. ყოველთვის ვეძებ რაღაც განსაკუთრებულს, თუმცა არის ისეთი ადგილები, მაგალითად, კუსკო პერუში, სადაც კეთილი უნდა ინებო და ყველასთვის ცნობილი ''ორიენტ ექსპრესი'' დაჯავშნო. მარაკეშში აუცილებლად ''მამუნიაში'' უნდა გაჩერდეთ, თუკი, რასაკვირველია, ფინანსებიც გიწყობთ ხელს. ვენეციაში არასდროს არ წავალ ''დანიელში'' და ''ბაუერში'' , მრავალი წელი ''ჩიპრიანიში'' ვჩერდებით, მაგრამ, თუკი კლუბის წევრი არ ხართ, ამ სასტუმროში ვერ მოხვდებით, როტშილდიც რომ იყოთ. სამაგიეროდ, არასდროს მომინდება ლას-ვეგასში წასვლა, სადაც გრანდიოზული სასტუმროებია. ახლა მოდური გახდა პატარა და ელეგანტური ეკო-სასტუმროები, სადაც გარემოს არ აბინძურებენ, შამპუნიდან დაწყებული, საპნით დასრულებული, ყველაფერი ნატურალური დევს. ვერ აგიწერთ, როგორ ეპყრობიან ბუნებას კოსტა რიკაში ჩვეულებრივი მებადურებიც კი, აქ კი, ჩემს საყვარელ თბილისში, ორი დღეა ჩამოვედი და მანქანიდან ისვრიან ნაგავს, გული მიკვდება.
- მოგზაურობისას თქვენთვის სასურველი კომპანია რომელია?
- ჩემი მეუღლე და მისთვის - მე. ხშირად დავდივარ მეგობრებთან ერთად და ჩემს აქაურ მეგობრებთან ერთადაც ხშირად ვმოგზაურობ, რუსეთშიც უამრავი მეგობარი მყავს, ძალიან შეძლებული ხალხი, ხან თავიანთ გემზე გვეპატიჟებიან, ხან ვილაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში აქვთ. იმდენად ბევრ დროს ვატარებთ ამგვარ კომპანიებში, რომ გვენატრება მარტო სადმე წასვლა. ერთადერთი დრო, როდესაც ჩემს მეუღლეს შეუძლია, დიდი ხნით მოსწყდეს სამსახურს, დეკემბერია, რუსეთში საახალწლო პერიოდში ოფიციალური დასვენებაა, ამიტომაც ისე ვგეგმავთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან მივფრინავთ და იანვრის შუა რიცხვებამდე ვართ მხოლოდ ჩვენ ორნი. ეს ჩვენთვის ფუფუნებაა და ამ დროს არავინ გვინდა (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


ბეჭდვა