04 ივლისი, 2013
როგორ მოხვდა მაია ფაჩუაშვილი 14-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ''ჩემი ცოლის დაქალებში''
პირადი ცხოვრება და პოლიტიკა ის საკითხებია, რომლებზეც საჯაროდ არ ვლაპარაკობ, ყველაფერზე მაქვს ჩემი მოსაზრება, მაგრამ არ მინდა ლაპარაკი. სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'' რამდენიმე სერიის წინ ახალი გმირები - პეტრე და ელენე გამოჩნდნენ. პეტრე ერთ-ერთი მთავარი გმირის, თინას სიმპათიის ობიექტად იქცა, ელენე კი პეტრეს დაა, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, მის გამო კი ძმამ საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა. მაყურებელი ძალიან დააინტერესა ელენეს გმირის შემსრულებელმა ქალბატონმა, რომლიც მსახიობი მაია ფაჩუაშვილი გახლავთ. ქალბატონი მაიას ჯგუფი თეატრალურ ინსტიტუტში
დღეს უკვე მეტად პოპულარული მსახიობებისგან შედგებოდა. მართალია, სწავლის დასრულებისთანავე რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე განაგრძო მუშაობა, მაგრამ ამის შემდეგ ჰქონდა 14-წლიანი შემოქმედებითი პაუზა. დროთა განმავლობაში სცენას ისევ დაუბრუნდა და მიხვდა, რომ მისი ადგილი იქაა, ერთ-ერთი სპექტაკლიდან კი პირდაპირ სერიალში აღმოჩნდა.

- ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. ჩავაბარე შესაბამის ფაკულტეტზე და არაჩვეულბრივ ჯგუფში ვსწავლობდი. ისეთი ჯგუფელები მყავდნენ, რომლებმაც თავიანთ საქმეში წარმატებას მიაღწიეს და მათი გვარ-სახელებიც დღეს საზოგადოებისთვის ცნობილია: მერაბ ნინიძე, ნანუკა ხუსკივაძე, ნანა შონია, ლევან ბერიკაშვილი, გოჩა კაპანაძე, ირაკლი მაჭარაშვილი, ლევან წულაძეც ჩვენი ჯგუფელი იყო, სანამ სარეჟისოროზე გადავიდოდა. თეატრალურ ინსტიტუტში საკმაოდ პოპულარული ჯგუფი ვიყავით, სასწავლებლის დასრულებისთანავე მთელი ჯგუფი რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სათამაშოდ გადაგვიყვანეს, საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, მაგრამ შემდეგ ყველამ თავისი გზა მონახა. ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი, გვყავდა ჩვენი მაყურებელი, თაყვანისმცემლები, არავის არ უნდოდა ჩვენი დაშლა, მაგრამ 1993 წლიდან ყველაფერი აირია და ცხოვრება სხვადასხვაგვარად გავაგრძელეთ.
- როგორ წარიმართა თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?
- ძალიან დიდი პაუზა მქონდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს დრო ჩემს შვილს მოვახმარე. იმ პერიოდში თავისუფალ თეატრში დათო დოიაშვილის სპექტაკლ ''ჰენრიხ IV'' -ში ვითამაშე, თან ვმუშაობდი გახმოვანებაზე. ამჟამად კი ვთამაშობ ჭოლასთან მარჯანიშვილის თეატრში.
- ანუ მარჯანიშვილის თეატრის დასში ირიცხებით?
- არა, ლევან წულაძემ მიმიწვია მისი სტუდენტის სპექტაკლში სათამაშოდ, რომელმაც თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა ''ზვავი'' გააცოცხლა სცენაზე და უკვე ორი სეზონია მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ვთამაშობთ ამ სპექტაკლს, ამასთანავე ვმონაწილეობ სპექტაკლში ''კოტე მარჯანიშვილი'' .
- საკმაოდ გრძელვადიანი შემოქმედე ბითი პაუზის შემდეგ, სცენაზე დადგომა არ იყო რთული? ალბათ ღელავდით...
- დოისთან მუშაობამდე 4-წლიანი პაუზა მქონდა, შემდეგ კი 10 წელი ვიყავი ჩამოშორებული ამ საქმეს, 14-წლიანი შესვენების შემდეგ არანაირად არ გამჭირვებია სცენაზე დაბრუნება, პირიქით, ძალიან გამახარა ამ ფაქტმა და მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქაა, სადაც დღეს ვმუშაობ.
- რაც შეეხება ''ჩემი ცოლის დაქალებს'' , როგორ აღმოჩნდით სერიალში?
- სპექტაკლში ვთამაშობდი, როდესაც ჩემთან მოვიდა მსახიობი და სერიალის კასტინგ-მენეჯერი ეკა მჟავანაძე და მითხრა, აქედან პირდაპირ გადაღებაზე მიდიხარო, გავოცდი, ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა, მაგრამ გამარკვია სიტუაციაში და ბოლოს ისიც აღნიშნა, შენი გმირი ეტლში ზის, მასზე მუშაობა ადვილი არ იქნებაო, ალბათ ეგონა უარს ვეტყოდი, მაგრამ პირიქით, ძალიან გამიხარდა და დავთანხმდი, ან რატომ არ უნდა დავთანხმებულიყავი? ძალიან კარგი სერიალია და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი რეჟისორი, გიორგი ლიფონავა მუშაობს მასზე. სიმართლე გითხრათ, მარტივი არ იყო ეტლში ჩაჯდომა, მაგრამ დავძლიე ეს სირთულე. უნდა აღვნიშნო, რომ შემოქმედებითი ჯგუფი ყველანაირად დამეხმარა იმაში, რომ საქმისთვის კარგად გამერთმია თავი.
- ტრაგიკული ისტორია აქვს თქვენს გმირს...
- როდესაც ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობებით იბადება, ფსიქიკაც სხვანაირად აქვს მოწყობილი, მაგრამ როცა ავტოკატასტროფის შედეგად გიწევს ეტლში ჩაჯდომა, ეს ალბათ უფრო რთულია. მიუხედავად ამისა, ელენე გონიერი და ხალისიანი ქალია, აქვს იუმორის გრძნობა, უყვარს ძმა და ცდილობს, ისიც არ დაამძიმოს. მართალია, მისი ისტორია ტრაგიკულია, მაგრამ მაყურებელი ამ ყველაფერმა არ უნდა დათრგუნოს, მსუბუქი საყურებელი უნდა იყოს, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ სერიალია.
- ''ჩემი ცოლის დაქალები'' ძალიან პოპულარულია, საკმარისია, ახალი გმირი გამოჩნდეს, რომ მაყურებელს ის უყურადღებოდ არ რჩება, ალბათ თქვენ უკვე გრძნობთ ხალხისგან სითბოს...
- ხალხი მანამდეც მცნობდა, მაგრამ სერიალის შემდეგ, რასაკვირველია, ინტერესი გაიზარდა, განსაკუთრებით ბავშვები გამოხატავენ ყურადღებას, რომ დამინახავენ, ამბობენ, ნახე, თურმე დადისო.
- სანამ სერიალის გმირი გახდებოდით, უყურებდით ''ჩემი ცოლის დაქალებს'' ?
- კი, პირველივე სერიიდან ვუცქერდი, გმირების დიდი გულშემატკივარი ვიყავი, ყველა შაბათ-კვირას პერსონაჟები თითქოს ჩვენი ოჯახის წევრები ხდებოდნენ. დათოს საყვარლის თემა რომ გააქტიურდა, ჩემმა მეგობარმა დამირეკა და შემომჩივლა, როგორ დატოვა დათომ ცოლიო, თავიდან ვერ მივხვდი რაზე მელაპარაკებოდა, მაგრამ მერე გავერკვიე სიტუაციაში, თურმე ლევან ყოჩიაშვილის გმირის საქციელით იყო აღშფოთებული.
Rating
- მითხარით, რომ 15 წელია გახმოვანებაზე მუშაობთ...
- კი, 1995 წლიდან ვახმოვანებ სერიალებს, დღემდე ვარ ''იმედში'' და პლუს ამას, ცოტა ხნის წინ დამამტკიცეს ''მაესტროზე'' თურქული სერიალების გახმოვანებაზე. ცნობილ სერიალში ''სიყვარული და სასჯელი'' , რომლის მთავარმა გმირმა სავაშ ბალდარმა თითქმის მთელი საქართველო აალაპარაკა, ყველა ქალს მე ვახმოვანებდი, ახლა ''ათას ერთ ღამეზე'' დავიწყეთ მუშაობა. წლებია ამ საქმეს ვარ შეჭიდებული და მგონია, რომ ცუდად არ გამომდის (იღიმის).
- ალბათ რთულია, გაახმოვანო რამდენიმე პერსონაჟი სხვადასხვა ხმით...…
- იცით, მგონია, რომ ამ ქვეყანაზე ჭამაც არ არის იოლი, რადგან ძალიან ცოტა ჭამს სწორად და კულტურულად (იცინის). რთული არ არის, უბრალოდ, მე ნასწავლი მაქვს გახმოვანების ხელოვნება და ამას სწორად ვაკეთებ. თავიდან, როცა ამ საქმეს ვსწავლობდი, მახსოვს, პირველი სერიის გახმოვანებას ერთი კვირა მოვუნდით, მერე დავიხვეწეთ და დღეს უკვე ხმას კარგად ვფლობთ, გვაქვს ჩვენი ტექნიკა და ღვთისგან ბოძებული მონაცემები, რომლის მეშვეობითაც ვაკეთებთ ამ საქმეს.
- თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ხმით უცვნიხართ, მაგრამ ფიზიკურად ვერ გაუხსენებიხართ...…
- კი, გაზის კომპანიაში მივედი და ქალბატონს ჩემი პრობლემის შესახებ ვესაუბრებოდი, ის კი კომპიუტერში იცქირებოდა, ერთხელ ამომხედა, გაიხედა ისევ, კვლავ მომაპყრო მზერა და ბოლოს მითხრა, როგორ მეცნობითო, არ ვიცი საიდან-მეთქი, ხმა მეცნობაო, მერე თქვა, რის შემდეგაც ავუხსენი, ვინ ვიყავი, მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში ''იმედზე'' ჩემი გახმოვანებით ორი სერიალი და რამდენიმე ფილმი გადიოდა.
- რაც შეეხება თქვენს პირად ცხოვრებას..
- ამაზე საუბარი არ მიყვარს, უბრალოდ გეტყვით, რომ 16 წლის შვილი მყავს, გიორგი.
- მეუღლე?
- არ მყავს, მეტს ამაზე არაფერს ვიტყვი. პირადი ცხოვრება და პოლიტიკა ის საკითხებია, რომლებზეც საჯაროდ არ ვლაპარაკობ, ყველაფერზე მაქვს ჩემი მოსაზრება, მაგრამ არ მინდა ლაპარაკი.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ლამბდა
ძალიან, ძალიან კარგი მსახიობია!!! სერიალში არ მინახავს... მარჯანიშვილის თეატრშია ორ სპექტაკლში და არაჩვეულებრივია!!!
12:17 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მთვარე
ძალიან ნიჭიერი ქალია!
12:15 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
მაიკო წარმატებებს გისურვებ.
11:19 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გაგა
პეტრე და ელენე ყველაზე მაგარი პერსონაჟები არიან იმედია დაიტოვებს ლიფონავა კარგი მხატრვრული ფილმის დონეზე ასრულებენ როლებს ძალიან მაგრა თამაშობს ორივე ყველაზე მაგრა ამ სერიალში
10:09 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
ზალიან სიმპატიური კალია,მსჰვენივრად ტამასჰობს.ცარმატებებს ვუსურვებ.ასეტ მსახიობებს ამხელა პაუზები არ უნდა კონდეტ.ფ6ბ7
20:00 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS