13 იანვარი, 2015
ბერა ივანიშვილის დაუვიწყარი საახალწლო საჩუქარი: ''გოგონამ, რომელიც მომწონდა, სიყვარული ამიხსნა''
მამა ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი გმირია გასულ კვირას ბერა ივანიშვილმა კინო ''რუსთაველში'' ფანებსა და ჟურნალისტებს ახალი კლიპი წარმოგვიდგინა. ბერასთან შეხვედრას მის შემოქმედებაზე შეყვარებული უამრავი გოგონა ელოდა. პრეზენტაციის ბოლოს გათამაშება გაიმართა და ზოგიერთმა მათგანმა ''აიპოდები'' მიიღო საჩუქრად, ზოგიც მხოლოდ დისკით და ბერასთან ფოტოს გადაღებით იყო ძალიან ბედნიერი. ჟურნალისტებს კი რეპერმა რამდენიმე წუთი დაგვითმო.

- სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად ვარ. სიმღერის შექმნაში ჩემი მეგობარი სენ ჰუკი მეხმარებოდა. მისი სახელწოდებაა ''ბილეთები კინოთეატრში'' და გადმოცემულია სხვადასხვა სიყვარულის
ამბავი. ნაჩვენებია, თუ როგორ ინახავენ შეყვარებული წყვილები მათი პირველი პაემნის კინოს ბილეთებს.
- კლიპში მსახიობი ერეკლე გეწაძე და ნინი ნებიერიძეც არიან დაკავებული. მონაწილეები როგორ შეირჩა, ისინი შენი მეგობრები არიან?
- მონაწილეები ამ კლიპზე მომუშავე გუნდმა შეარჩია. სამწუხაროდ, მსახიობების სცენების გადაღებებისას ამერიკაში ვიყავი. ჩემი სინქრონები ჩაწერეს და შემდეგ მსახიობები ცალკე გადაიღეს.
- როგორია შენი ამერიკული და თბილისური ცხოვრება?
- ყველაზე კარგად თავს საქართველოში ვგრძნობ, ერთი სული მაქვს ხოლმე, თბილისში როდის ჩამოვალ. ჩემი მომავლისთვის და კარიერისთვის ამერიკაში საუკეთესო გარემო მაქვს.
- ''ლავსთორი'' კლიპშია და რა ხდება პირად ცხოვრებაში?
- რეალურ ცხოვრებაში არავინ მიყვარს. ჯერ სხვა გეგმები მაქვს. ჯერჯერობით ცხოვრებაში ამ მხრივ პასიურ რეჟიმში ვმუშაობ.
- საქართველოში დარჩენას რამდენ ხანს გეგმავ?
- სამწუხაროდ, თბილისში ძალიან ცოტა ხნით ვარ. დაახლოებით ერთ კვირაში უკან უნდა დავბრუნდე. ახალ ალბომზე ვმუშაობ და მთლიანად მასზე ვარ გადართული.
- ვინ არის შენი სიმღერის შემფასებელი და ვის ასმენინებ ხოლმე?
- ჩემს სიმღერებს პირველად ყოველთვის დედას ვასმენინებ. ჩემი ოჯახის წევრების აზრი ჩემს სიმღერებზე ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ შემოქმედება იყო თავისუფლების სიმბოლო. ცხოვრებაში ვიქნებოდი თავისუფალი და ბედნიერი, თუ გამოვიდოდი შემოქმედი და აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.
- როგორ ფიქრობ, აქვს საქართველოში შოუბიზნესს განვითარების საშუალება?
- სოციალური ქსელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წარმოდგენა გვქონდეს, ვინ რა სიმღერას ქმნის. ინტერნეტმა გაართულა და იმავდროულად გააადვილა შოუბიზნესის საქმე. შეიძლება, აბსოლუტურად უბიუჯეტო კლიპი ''იუთუბზე'' ძალიან პოპულარული გახდეს და დამწყებმა მომღერალმა კარიერა გაიკეთოს.
- როგორი გოგონები იქცევენ ყურადღებას და რას ნიშნავს შენთვის სიყვარული?
- სიყვარული ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. სიყვარულის გარეშე ვერ ვიცოცხლებდით. მჯერა, რომ ის ცხოვრებაში ერთხელ მოდის და მგონია, რომ ჯერ არ გამომიცდია. ჩემს წარსულ ურთიერთობებს მხოლოდ გატაცებებს დავარქმევ. თუ როგორი გოგონები მომწონს, ამას ვერ დავაკონკრეტებ. ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული.
- რას ნიშნავს შენთვის, იყო ბიძინა ივანიშვილის შვილი? მომავალში ბიზნესში ხომ არ გადაინაცვლებ?
- რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხიმგებლობაა და მეამაყება. მამა ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი გმირია. ჩემთვის ყველაზე სამაგალითო პიროვნებაა. ვერ გეტყვით, მომავალში რა მოხდება. მთლიანად ჩემს საქმეზე ვარ გადართული. ვცდილობ, რაც შეიძლება წარმატებული ვიყო ამ სფეროში, სამომავლოდ კი არაფერია გამორიცხული. ზუსტად ვიცი, რომ სიმღერის შექმნასა და ჩაწერას ვერასოდეს შეველევი. არ ვიცი, სცენაზე გამოსვლის სურვილი სამოცი წლის ასაკში რამდენად მექნება, მაგრამ სიმღერებს ყოველთვის ჩავწერ.
- ოჯახი როდის გაკრიტიკებს?
- ამას კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მშობლებს ჩემი წარმატება ჩემზე მეტად გაუხარდებათ და ჩემზე მეტად ეწყინებათ, თუ რაიმე არ გამომივა.
- შენს და-ძმას საზოგადოება ნაკლებად იცნობს. გვიამბე, როგორები არიან ისინი.
- ჩემი უფროსი ძმა საფრანგეთში სწავლობს. ის ჩემი პირველი მეგობარია. რთულია, რომ ერთმანეთს დიდი მანძილი გვაშორებს. ყველაზე იშვიათად მე და ჩემი უფროსი ძმა ვხედავთ ერთმანეთს, მე ამერიკაში ვარ ხოლმე, ის - საფრანგეთშია. საქართველოში როცა ვართ, ერთად ხშირად არც ვიკვეთებით. ჩემს უმცროს დას რაც შეეხება, საზოგადოებამ არ იცის, რომ კარგად მღერის და ჩემთვის ყველაზე საყვარელი მომღერალი ჩემი პატარა დაა.
- ხომ არ იგეგმება, რომ ფართო მაყურებელმა ისიც იხილოს?
- აუცილებლად იხილავს.
- შენთან დუეტის სახით?
- ესეც შესაძლებელია.
- პატარა ძმაზე რას იტყვი?
- ჩემი პატარა, თეთრი დათვია (იცინის).
- ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებთან თუ მეგობრობ, ვინმეს რჩევებს ითვალისწინებ?
- ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. კოლეგიალური ურთიერთობა აბსოლუტურად ყველასთან კარგი მაქვს.
- ახალ წელს საქართველოში შეხვდი?
- ტრადიცია გვაქვს, სადაც უნდა ვიყოთ მე და ჩემი და-ძმა, ყოველთვის ოჯახში ვიკრიბებით ახალ წელს.
- მეკვლე ვინ გყავთ?
- წინასწარ არ ვგეგმავთ, წელს მე ვიყავი ოჯახის მეკვლე.
- თოვლის ბაბუს ფუნქციას ვინ ითავსებს?
- მე ვითავსებდი. ჩემი პატარა ძმის თოვლის ბაბუა ვიყავი. რამდენიმე წლის წინ პატარა იყო და ვერ მცნობდა, ახლა ხვდება, რომ მე ვარ და უკვე პროფესიონალი გვჭირდება.
- შენ გჯეროდა თოვლის ბაბუის?
- მჯეროდა, დედა ზრუნავდა იმაზე, რომ ჩემთვის ყველაზე ლამაზი და ფერადი ბავშვობა ეჩუქებინა.
- რაზე ოცნებობ?
- ძალიან ბევრი რამ მაქვს ჩემს პროფესიაში გასაკეთებელი, არ მიმაჩნია, რომ რეალიზებული ვარ. ჩემი ოცნებაა, მშობლები ჩემით ამაყობდნენ და ოჯახი არ შევარცხვინო.
- ახალ წელს ყველაზე მაგარი საჩუქარი რა მიგიღია?
- 14-15 წლის ვიყავი. ერთი გოგონა მომწონდა რამდენიმე თვის განმავლობაში და სიყვარული ამიხსნა ახალ წელს.
- ახლა იმ გოგონასთან მეგობრობ?
- არა.
- სევდიანი სიყვარულის ამბავი გქონია.
- კი, ძალიან. ცრემლი მომადგა თვალზე (იცინის).
- საზოგადოების ნაწილი, იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც საქართველოსთვის გააკეთა, მაინც უკმაყოფილოა მამის საქმიანობით.
- როდესაც პოლიტიკაში ჩავერთე, არ იყო სიტყვის თავისუფლება. ჩემი თაობის გამოფხიზლება აუცილებელი იყო. ახლა კი სიმართლის დამტკიცება ყველას შეუძლია. მამაჩემი ჩემთვის სამაგალითო ადამიანია.
- ამის მიუხედავად, რაიმე თუ არ მოგეწონა ქართულ პოლიტიკაში, შესაძლებელია, მამას შენიშვნა მისცე?
- გამორიცხულია, მამაჩემს შენიშვნა მივცე. ოჯახში დემოკრატია გვაქვს და საკუთარ აზრს ყოველთვის გამოვთქვამთ, მაგრამ მამაჩემისგან ბევრი რამ მაქვს სასწავლი.
- შენი მეორე ნახევარი ქართველი იქნება?
- ერთაზროვნად ქართველი იქნება. სიყვარულს ვერასოდეს დაგეგმავ, მაგრამ როდესაც საქმე ოჯახს ეხება, შენ გვერდითYუნდა იდგეს ადამიანი, რომელსაც შენნაირი მენტალიტეტი აქვს. არ მგონია, რომ გრძელვადიან ურთიერთობაში არაქართველს შევეგუო და შევეწყო.
- სიმღერის გარდა, კიდევ რა გატაცება გაქვს?
- სპორტით ვარ დაკავებული. ყოველდღე ვვარჯიშობ. ბოდიბილდინგით ვარ დაკავებული და კარდიოვარჯიშებს ვაკეთებ.
- მავნე ჩვევები გაქვს?
- სიგარეტი ცხოვრებაში არ მომიწევია. ჩემი მეგობრებიდან ვინც ეწევა, ვცდილობ, თავი დავანებებინო, მით უფრო გოგონებს. არც ალკოჰოლს არ ვსვამ. მეც მაქვს მავნე ჩვევა. თუ თავისუფალი ვარ, დილით ადრე ადგომა მეზარება. დილის ძილი მიყვარს ძალიან…

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
თამუნა
ნონასნაირები უარესის ღირსები ხართ
10:32 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ბედნიერი ერი!
ქართველები "პადხალიმობაში" პირველები ხართ! მიდით გული მოიოხეთ მლიქვნელობაში ბადალი არ გყავთ! აბა არ იყოს მისი მამა ფულიანი როგორ მოიქცეოდით? დაფიქრებულხართ თქვე ფარისევლებო?
14:38 / 20-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ამათ ბედნიერებას გადააყოლეს ქართული სახემწიფოებრიობა!
14:35 / 20-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
თქვენმა ოჯახმა გაიხაროს და გამრავლდით.
17:00 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
,,,,,,,,,
შენც შვილო???? ჩემი შვილი ნატალია მტანჯავს დილაობით 9 საათზე რომ ლექციაზე უნდა იყოს და 7 სთ-ზე ვიწყებ გაღვიძებას ის დილის ძილზე გიჟდება მე მის ძილისგუდობაზე :)))))
23:25 / 16-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS