03 ივლისი, 2013
''როდესაც ივანიშვილი ფინანსურად თუ ინტელექტუალურად ამყარებდა სააკაშვილის რეჟიმს, ჩვენ ქარსა და წვიმაში ქუჩაში ვიდექით''
ბოდიშებს იხდიან მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და გიგა ბოკერიაც... მაგრამ, აბა, გამოვიდნენ ქუჩაში და გამვლელ-გამომვლელებს მოუხადონ ბოდიში ''ახალი მემარჯვენეების'' ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გარდაუვალს უწოდებს, ამბობს, რომ პარტიის აქტიურ პოლიტიკაში დასაბრუნებლად მზად არის.

- რაც უნდა ამტკიცონ ნაციონალებმა, რომ ეს ამაზრზენი ფაქტები შევარდნაძის ხელისუფლების დროიდან გადმოპარული ერთი-ორი კადრის ავტორობით ხდებოდა, ეს არის ზღაპარი და თავიანთ მხარდამჭერებს მოუყვნენ, თუ ვინმე შემორჩათ. ეს იყო სისტემური დანაშაული. ''ნაციონალური
მოძრაობა'' ძალაუფლების გამტკიცებასა და მტკივნეული რეფორმების გატარებას ძალადობრივად, ადამიანების წამებითა და დაშინების გზით ცდილობდა. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ როგორც გაირკვა, ჩვენ სხვებზე კარგად გვცოდნია ''ნაციონალების'' ანატომია, ამიტომაც მუდმივად ოპოზიციაში ვედექით და პრაქტიკულად, ერთადერთი ძალა ვიყავით, რომელსაც ამ რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლისთვის მხარი არ დაგვიჭერია. ეს მაშინ ძალიან არაპოპულარულ ნაბიჯად მიიჩნეოდა... მათი მოსვლის შემდეგ მალევე გვქონდა ინფორმაცია, როგორ ექცეოდნენ ციხეში მყოფ ადამიანებს, ე.წ. კანონიერ ქურდებს და ზოგადად, იმ ადამიანებს, რომელთაც მათი საწინააღმდეგო აზრი ჰქონდათ. სანდრო გირგვლიანის მსგავსი ტრაგედიის შესახებ არაერთხელ გვსმენია...
- მაშინ რატომ არ ლაპარაკობდით ამაზე?
- ძალიან ხშირად ვსაუბრობდით და კონკრეტული მაგალითებიც მოგვყავდა, როგორც ჩვენი გუნდის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის, ისე სხვების შესახებ. ყოველთვის კარგად ვხედავდით, როგორ ექცეოდნენ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს. მაშინ ამის გაკეთება ადვილი არ იყო, რადგან შსს ქვეყნის ხერხემლად იყო აღიარებული.
- პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა ბოდიში მოიხადა...
- კი ბატონო, ბოდიშის მოხდის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ ამ დღეებში ძალიან ბევრი ბოდიში მოვისმინეთ, ბოდიშებს იხდიან მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და გიგა ბოკერიაც... მაგრამ, აბა, გამოვიდნენ ქუჩაში და გამვლელ-გამომვლელებს მოუხადონ ბოდიში. იმის თქმა არ მინდა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ასეთ საზიზღრობას აკეთებდა, მაგრამ ცხადია, რომ ხელისუფლებას შემუშავებული სტრატეგია და ტაქტიკა ჰქონდა, რათა საზოგადოებაზე განეხორციელებინა ზეწოლა და ამისთვის ჰყავდა სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომელიც ამ საზიზღრობას სჩადიოდა. ამაზე ყველა პოლიციელი პასუხს ვერ აგებს და არც უნდა აგებინო, თუმცა ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და სხვა ლიდერების ბოდიში საქმეს ვეღარ გამოასწორებს, რადგან ქართველი ერის წინაშე უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ''ნაციონალური მოძრაობა'' , რომელმაც მსგავსი ქმედებები დანერგა, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, ან ამ პარტიის რიგებში უნდა დარჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კი არ დაიცავენ, არამედ გაემიჯნებიან ამ ყველაფერს, ან სულ სხვა პოლიტიკური ძალა უნდა შექმნან.
- როგორ ფიქრობთ, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა მსგავსი ქმედებების შესახებ არაფერი იცოდნენ?
- ლიდერებმა ყველაფერი იცოდნენ და ამაზე კამათი ბავშვურია, მაგრამ ყველამ ალბათ მართლა არ იცოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რას აკეთებდა ხელისუფლება, რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ, პარტია უნდა დატოვონ... ასე მოხდებოდა ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, უბრალოდ, საქართველოში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცუდად ესმით, არ იციან, ან არ უნდათ იცოდნენ, რომ ნებისმიერ კადრზე, რომელიც შენი გუნდის სახელით ხელისუფლებაში მუშაობს, პასუხისმგებელი ხარ და მნიშვნელობა არა აქვს, წინა ხელისუფლებიდან არის გადმოყოლილი თუ ციდან ჩამოფრინდა. გარდა ამისა, ალბათ გვსმენია, როგორ ხუმრობდნენ, მერაბიშვილმა პუტინის მიერ გაგზავნილი აგენტი-ბუზი გაზეთით მოკლაო და ასეთი რამეები გამორჩებოდათ?.. თუ ასეთ ამაზრზენ საქმეს ვიღაც მათი ნებართვის გარეშე ბედავდა, მით უარესი მათთვის...
- უკვე ლაპარაკია პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემაზეც. როგორ ფიქრობთ, დასავლეთის მუდმივი კრიტიკის ფონზე ეს შესაძლებელია?
- პრეზიდენტის დაკავება საკმაოდ რთული პროცედურაა, ამას მთელი რიგი პროცესები სჭირდება და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ მოესწრება, თუმცა თუ არსებობს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, ქვეყნის პირველი პირის სტატუსი ალიბი არ უნდა იყოს, ის უნდა დაისაჯოს. ახლა საქმე პროკურატურაზეა, როგორ მოაგროვებს საჭირო მტკიცებულებებს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი და საერთოდ, ''ნაციონალური მოძრაობა'' დამთავრებულია და ამ პროცესს საბოლოო წერტილი ოქტომბრის არჩევნებზე დაესმება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი დაუსჯელი უნდა დარჩეს.
- რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აქტუალური თემაა, როგორი იქნება ''ახალი მემარჯვენეების'' როლი ამ პროცესში?
- რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გაზეთს განუცხადა, არჩევნებიდან ორ-სამ დღეში პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებო და ამ შემთხვევაში ბუნებრივად დგება ამის საჭიროება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ''ქართული ოცნება'' ხელისუფლებაში მოვიდა იმ დაპირებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკას ააშენებდნენ. საპარლამენტო რესპუბლიკა კი იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი ერთ პოლიტიკურ ძალას ირჩევს, მათი ლიდერი კი ავტომატურად ხდება პრემიერ-მინისტრი. თუ ბიძინა ივანიშვილი წავა, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება, რომელმაც ივანიშვილი ოქტომბერში აირჩია, ხელახალი არჩევნების წინაშე უნდა დადგეს, სწორედ ამას გულისხმობს საპარლამენტო რესპუბლიკა და არა იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს: შემცვლელი უკვე შერჩეული მყავს და ჩემი წასვლის შემდეგ, ამ პოსტზე იქნება წარმოდგენილიო. უკაცრავად, მაგრამ ტაჯიკეთია თუ რომელიმე შუააზიური რესპუბლიკა?.. სამწუხაროა, რომ ბატონი ივანიშვილი ვერ ხედავს თუ არ იცის, რომ შემცვლელებს არჩევენ ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმის სახელმწიფოებში და შემდეგ მემკვიდრეებად ტოვებენ. ეს არ არის დემოკრატია. გამაოცა კოალიციის წევრების განცხადებებმა, რომლებიც ცდილობენ, გაამართლონ მისი პრემიერ-მინისტრობიდან წასვლა. ვერც ერთმა ვერ გაბედა თქმა, ჯერ წასვლის უფლება არ გაქვთო.
- ამ ფორმით, არა, მაგრამ თეა წულუკიანმა განაცხადა, ჩემი სურვილია, ივანიშვილი ამ პოსტზე დარჩესო...
- დიახ, მაგრამ ვისურვებდიო, ის არ უთქვამს, რომ ეს არასწორი ნაბიჯია. რას ვიზამთ, ეს სენია, რომელიც ''ნაციონალებსაც'' სჭირდათ და არც ''ოცნებაა'' გამონაკლისი... და მაინც, როდესაც სავარაუდო შემცვლელის ვინაობაზე დავობენ, ჩემი აზრით, ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს გულისხმობს, რადგან ის ყველაზე მეტად ირაკლის ენდობა, დანარჩენები შემდეგ მივიდნენ მასთან.
- როგორ წარმოგიდგენიათ კოალიცია მინუს ბიძინა ივანიშვილი?
- სიმართლე გითხრათ, ივანიშვილის პოსტზე ყოფნის პირობებშიც წარმოუდგენლად მიმაჩნდა კოალიციის ერთიანობის ბოლომდე შენარჩუნება. მათი ერთად ყოფნა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საერთოდ წარმოუდგენელია. ისე კი, მისი სამოქალაქო სექტორში წასვლა საერთოდ გაუგებარია. თუ ხელისუფალს სამოქალაქო სექტორის გაძლიერება უნდა, რა უშლის ხელს, ყველა მექანიზმი მის ხელში არ არის? ამისთვის ყველანაირი ბერკეტი აქვს და ამის გაკეთებას პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლა სულაც არ სჭირდება... რაც შეეხება ''ქართულ ოცნებას'' , ბიძინა ივანიშვილის გარეშე ის გახდება პოლიტიკური ძალა, სადაც ნებისმიერი ცალკეული პოლიტიკოსი და ჯგუფი ივანიშვილის დანატოვარის მითვისებასა და კაპიტალიზაციას შეეცდება, რათა ეს ყველაფერი მიიწეროს და დანარჩენები ჩაძიროს. კოალიცია იმდენად ჭრელია, მათი თანაცხოვრება ძალიან ძნელი იქნებოდა. კობა დავითაშვილს უკვე არ მოსწონს პროკურატურის მუშაობის რეჟიმი და ამბობს, რომ ამ უწყებაში დოყლაპიობის მეტს არაფერს აკეთებენ. რომელიღაც პოლიტიკური ძალები, კონკრეტულად ''მრეწველები'' , რუსეთისკენ იხრებიან, ალასანია და რესპუბლიკელები აშკარად გამოკვეთილი პროდასავლური კურსის მატარებლები არიან. განსხვავებული პოზიციები იმდენად აშკარაა, რომ მათი თანაცხოვრებისა და საქმიანობის გაგრძელება წარმოუდგენლად მიმაჩნია.
- თუმცა სერიოზული განხეთქილება ჯერჯერობით არ შეინიშნება...
- დიახ, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: ბიძინა ივანიშვილის გვერდით ყოფნა დღეს ძალიან მიმზიდველი და პოპულარულია, რადგან ამ ადამიანს საზოგადოებაში ჯერ კიდევ მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ პოლიტიკის წესია ასეთი. ივანიშვილის კი არა, ბევრად უფრო მაღალი ავტორიტეტის მქონე ადამიანის რეიტინგი ეცემა არჩევნების შემდეგ, რადგან საზოგადოების მოლოდინი ძალიან დიდია და სამწუხაროდ, ბევრად ნაკლები სრულდება. ასე რომ, როგორც კი რეიტინგი ვარდნას დაიწყებს, კოალიციის წევრები თვითგარდაჩენისთვის დაიწყებენ ბრძოლას. თუ ამას ივანიშვილის წასვლაც დაემატება, ეს შიდა დაპირისპირებას დააჩქარებს. ეს არ არის ცუდი პროცესი, რადგან პოლიტიკა ცოცხალი ორგანიზმივით არის. ჩვენ, ''ახალი მემარჯვენეები'' , კოალიციას თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდით და ვამბობდით, რომ ამის დადებითი მხარე ის არის, თუ ამ გაერთიანებამ პოლიტიკიდან გაუშვა ''ნაციონალები'' და მათი ლიდერი სააკაშვილი. თუ კოალიციას ამ კუთხით შევაფასებთ, ერთჯერადი ერთიანობის კვალობაზე, საკმაოდ კარგი შედეგია... რაც შეეხება მრავალპარტიულ არჩევნებს, ''ახალი მემარჯვენები'' თავიდანვე ვითხოვდით ამას, მაგრამ ივანიშვილმა მოსვლისთანავე პოლიტიკურ გუნდებს მისთვის სასურველი და არასასურველი ''იარლიყები'' დაგვკიდა. როდესაც ივანიშვილი ფინანსურად თუ ინტელექტუალურად ამყარებდა სააკაშვილის რეჟიმს, ჩვენ ქარსა და წვიმაში ქუჩაში ვიდექით. პირადად მე ასი დღე ვიდექი აქციებზე და ცემა და ხელკეტი საკუთარ თავზე გამოვცადე. ერთ-ერთი ყველაზე წონადი პოლიტიკური ფიგურა, ჩვენი ლიდერი, დავით გამყრელიძე თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ მოღვაწეობას ვაგრძელებთ. აუცილებელია ისეთი ტიპის კოალიცია მივიღოთ, რომელიც ერთ ადამიანზე არ იქნება დაფუძნებული. პარლამენტში უნდა არსებობდეს მრავალფეროვანი კოალიცია ან კოალიციები.
- მიგაჩნიათ, რომ დღეს ერთპიროვნული მმართველობაა?
- რა თქმა უნდა, ყველა თვალებში შესცქერის ბიძინა ივანიშვილს. ის ძირითადი პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებიც კოალიციის მთავარ ძალას წარმოადგენენ, კომენტარების გაკეთების დროსაც კი ფრთხილობენ, რათა ისეთი არაფერი წამოსცდეთ. მაგალითად, ''რესპუბლიკელებს'' , ''ფორუმს'' ... როდესაც ივანიშვილმა თქვა, ერთ-ერთი მინისტრის მიმართ შეკითხვები გვაქვსო, ყველა მინისტრი პატარა ბავშვივით დაიბნა, არ იცოდნენ, რომელზე იყო საუბარი და საერთოდ, რა უნდა ეთქვათ. ყველანი უმწეოდ გამოიყურებოდნენ, იმედია, ეს მე არ ვარო... ეს არ არის კოლეგიალური ორგანო, იქ თავიდან ბოლომდე ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. დიახ, ბევრად ლიბერალმა ივანიშვილმა ავტორიტარი სააკაშვილი შეცვალა, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
- დავით გამყრელიძე რას საქმიანობს ამჟამად და თუ გაქვთ მასთან ურთიერთობა?
- ის ბინზესსაქმიანობას აგრძელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ მეგობრები ვართ და მეგობრული, ადამიანური ურთიერთობა გვაქვს.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS