20 დეკემბერი, 2014
ვინ დაალურჯა ''ფსიქოპათთა თამაშების'' მსახიობი ანი ბებია
იყო წასული საზღვარგარეთ, შეეძლო, იქ გაეგრძელებინა კარიერა, მაგრამ მაინც საქართველოში დაბრუნდა წლის მსახიობმა ანი ბებიამ თეატრალური უნივერსიტეტი წელს დაამთავრა, მაყურებელმა კი ის სერიალ ''ფსიქოპათთა თამაშებიდან'' გაიცნო, სადაც ჟურნალისტს ასახიერებს. ეს მისი პირველი სერიოზული როლია, მანამდე მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სტუდენტურ ნამუშევრებში მონაწილეობდა. ჩვენი რესპონდენტი ამ პროფესიის გარდა, სხვაგან საკუთარ თავს ვერ ხედავს.

- ბავშვობიდან მომწონდა მსახიობობა, მაგრამ სერიოზულად ამ პროფესიაზე არასდროს მიფიქრია, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვაპირებდი ჩაბარებას. მისაღებ გამოცდებამდე ორი თვით ადრე თავში რაღაც გადამიტრიალდა, მოვემზადე და
თეატრალურში ჩავაბარე, სახლში არავის არ ჰქონდა იმედი. მანამდე არც არავინ არაფერი იცოდა, ორი თვით ადრე განვაცხადე, რომ სამსახიობოზე მინდოდა სწავლა. ვერ ვიტყვი, რატომ შევიცვალე აზრი, ეტყობა დავფიქრდი და გავაცნობიერე, რომ მსახიობობა უფრო მინდოდა. რაც მთავარია, დღეს ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ. ყველა ადამიანი იმას უნდა აკეთებდეს, რაც მას უნდა, გამოუვა თუ არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ უნდა სცადოს, რომ სანანებლად არ დარჩეს.
- ახლა ის გვითხარი, სერიალში როგორ მოხვდი?
- სერიალში კასტინგის მეშვეობით მოვხვდი, რომელიც ბატონმა ოთარ შამათავამ ჩაატარა. ვიცოდი, როგორი და რა ჟანრის უნდა ყოფილიყო სერიალი, ასევე გავეცანი ჩემს გმირს და მას შემდეგ დავთანხმდი. ეს ჩემთვის პირველი სერიოზული როლია, აქამდე მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სტუდენტურ ნამუშევრებში ვმონაწილეობდი. ''ფსიქოპათთა თამაშები'' ჩემთვის პირველი სერიოზული ნაბიჯი გახლავთ.
- რაც შეეხება შენს გმირს...
- ჩემი გმირი თავისებური, თითქოს მარტოსული ადამიანია, რომელიც ცოტა ''ვერ არის'', მთლად დალაგებული არაა. ჰყავდა შეყვარებული, რომელიც დაიღუპა და ეს გოგონა მის სახლში ცხოვრობს, რაც ერთგვარი სიგიჟეა. იყო წასული საზღვარგარეთ, შეეძლო, იქ გაეგრძელებინა კარიერა, მაგრამ მაინც საქართველოში დაბრუნდა. ჩემი გმირი მე იმით მგავს, რომ აკეთებს იმას, რაც უნდა. არის პირდაპირი, ჩუმ-ჩუმად არ მოქმედებს. შეიძლება, ვიღაცას გული პირდაპირობით ატკინოს, მაგრამ თავისი მაინც ბოლომდე გააქვს.
- ჟურნალისტობას აპირებდი, გახდი მსახიობი, სერიალში კი ჟურნალისტს თამაშობ.
- ნაწილობრივ ახდა ცხოვრების მიზანი, რაღაცნაირი დამთხვევაა.
- სერიალში მონაწილე სხვა მსახიობებს მანამდე იცნობდი? მაგალითად, დათო ქაცარავას, შენს უშუალო პარტნიორს.
- დათო ქაცარავა გადაღების მსვლელობისას გავიცანი, მშვენიერი პარტნიორია. ყველაზე მეტად ვღელავდი მაშინ, როცა უხუცეს მსახიობთან, თამარ სხირტლაძესთან ერთად მქონდა გადაღება, მეშინოდა, რამე არასწორად არ გამეკეთებინა, რომ მას არ ეფიქრა, ეს რა თაობა მოდისო. გარდა ამისა, ვღელავდი იმაზე, თუ როგორ დავიმახსოვრებდი ტექსტებს, მაგრამ გადაღების დაწყებიდან ერთი-ორი კვირის შემდეგ ყველაფერი წყალივით წავიდა (იცინის)….
- დათო ქაცარავას გმირთან აბამ ფლირტს, გაქვთ სასიყვარულო, მაგრამ არა ინტიმური სცენები. ეს დამწყები მსახიობისთვის რთული არ იყო?
- არა, ვერ ვიტყვი, რომ რამე გამიჭირდა, ერთადერთი ის მიქმნის დისკომფორტს, რომ გადაღებები ზაფხულში დაიწყო, ახლა კი უკვე ძალიან ცივა და გარე გადაღებებზე ვიყინები, ტვინიც მეთიშება და ვეღარ ვაზროვნებ. სხვათა შორის, მეოთხე სერიაში მირიან ჯეჯელავასთან ერთად მქონდა სცენა, სადაც მისი გმირი ჩემს მოკვლას ცდილობს. ბევრი დუბლი გადავიღეთ, შესაბამისად, ბევრჯერ მომიწია დაცემამ, რის გამოც დალურჯებული დავდიოდი. მეორე დღეს სხვა გადაღებაზე მივდიოდი და იმაზეც ვღელავდი, რომ ეს სილურჯეები არ გამოჩენილიყო და ჩემთვის საყვედური არ ეთქვათ.
- ანი, გიფიქრია იმაზე, ვის როლს არ განასახიერებ? ან რას არ გააკეთებ მაყურებლის წინაშე?
- თუ ჩავთვლი, რომ ჩემი თამაში იქნება არაესთეტიკური, უარს ვიტყვი. ინტიმურ სცენაში თამაშს საჭიროდ არ მივიჩნევ, მით უმეტეს ჯერ პატარა ვარ. პირველივე თამამი როლი რომ შემესრულებინა, ამით მოვიპოვებდი პოპულარობას, რაც არ მინდა. მინდა, ცნობილი გავხდე ჩემი ნიჭიერებით და არა ასეთი სცენებით.
- როგორ შეაფასეს შენი ნამუშევარი ახლობლებმა და ზოგადად, როგორი გამოხმაურება მოჰყვა?
- დადებითი, ერთადერთი ის არ მომეწონა, რომ ინტერნეტში დევს ჩემი გმირის უწმაწური ფრაზები, რომლებსაც კომენტარებს უწერენ - სად მუშაობს ეს ჟურნალისტი, ლაპარაკი ვინ ასწავლა, რესპონდენტს როგორ უნდა ელაპარაკოს, არ უნდა იცოდესო? თავიდან ამის გამო ავნერვიულდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს კარგიცაა, რადგან ჩემი გმირი რეალისტურად აღიქვეს. საერთოდ, ჩემი შეყვარებულის შეფასებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, სულ ვფიქრობ, ამა თუ იმ სერიას რომ ნახავს, რას იტყვის, მაგრამ დღემდე არაფერი უთქვამს.
- ეს კარგია თუ ცუდი?
- მაგასაც ვერ ვხვდები, ალბათ, კარგი (იცინის).
- შეყვარებულის ვინაობას გაგვიმხელ?
- დამწყები რეჟისორია, დაახ­ლო­ებით ორი წელია, ურთიერთობა გვაქვს. მის აზრსა და ხედვას პატივს ვცემ და მნიშვნელოვანია ჩემთვის, მისგან გამომდინარე ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ.
- ანი, რამდენადაც ვიცი, ცეკვავ კიდეც.
- ახლა აღარ, ბავშვობიდან ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი. მას შემდეგ, რაც თეატრალურში ჩავაბარე და სტუდენტი გავხდი, თავი დავანებე, რადგან დღედაღამ უნივერსიტეტში ვიყავი და ფიზიკურად ვეღარ ვასწრებდი. ახლა ძალიან კი მენატრება, მუსიკის გაგონებაზე ჟრუანტელი მივლის და ცუდად ვხდები, მაგრამ იმად მიღირს, რა საქმესაც ახლა ვაკეთებ.
- პოპულარობა იგრძენი უკვე?
- ქუჩაში, ძირითადად, ყურსასმენებით დავდივარ, ამიტომ ბევრი არაფერი მესმის. მიუხედავად ამისა, ერთი-ორჯერ იყო შემთხვევა, როცა ჩემს დანახვაზე ჩურჩული დაიწყეს, ალბათ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მართლა ის ვიყავი თუ არა, ვისზეც ფიქრობდნენ.
- სოციალურ ქსელში იმატა წერილებმა, თაყვანისმცემლების კომენტარებმა?
- ''ფეისბუქზე'' დამეგობრების უამრავი თხოვნა მომდის, სხვა მხრივ კი ვცხოვრობ ისე, როგორც აქამდე.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დონი დონი
ძალიან მომწონს სერიალი და ეს გოგონაც მაგრად ასრულებს თავის როლს.წარმატებებიიიი
18:02 / 22-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS