18 დეკემბერი, 2014
რა აკავშირებს ''ნიჭიერის'' მოცეკვავეს სანდრა რულოვსთან
ავშვობაში სამეჯლისო და სპორტული ცეკვები დიდად არ მიზიდავდა 24 წლის თემურ არაბიძე თერჯოლიდან გახლავთ. 9 წლის განმავლობაში ცეკვავდა რაიონის ქორეოგრაფიულ ანსამბლში ''იმერეთი''. მსახიობობა სურდა, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა - თემური შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა ეტლს მიაჯაჭვა. ცეკვისადმი სიყვარულის გამო თემურმა ყველაფერი გააკეთა სცენაზე დასაბრუნებლად.

''ნიჭიერში'' მისი და ქეთი ზაზანაშვილის დუეტმა მაყურებელი შოკში ჩააგდო. ნომერი იმდენად ეფექტური და იმავდროულად გულისამაჩუყებელი გამოდგა, ქეთი და თემური მაყურებლის ფავორიტები გახდნენ და ფინალში საპატიო ადგილები დაიკავეს. ჩვენ წყვილს სარეპეტიციო
დარბაზში ვესტუმრეთ.

თემო:
- სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში სამეჯლისო და სპორტული ცეკვები დიდად არ მიზიდავდა, ქართულ ქორეოგრაფიას ვეუფლებოდი, 9 წლის განმავლობაში ვცეკვავდი ანსამბლ ''იმერეთში''. მიყვარს ცეკვა. მსახიობობა მინდოდა, მაგრამ 19 წლის ასაკში ავარიაში მოვყევი და ყველაფერი თავდაყირა დადგა. 30 მეტრის სიმაღლიდან მდინარეში გადავცვივდით. მახსოვს სიბნელე. თურმე ჩვეულებრივად ვლაპარაკობდი, მაგრამ მე არაფერი მახსოვს. ყბა-სახისა და ხერხემლის მრავალმხრივი მოტეხილობა მქონდა. ექიმების დაუდევრობის გამო, სისხლი ფილტვებში გადამივიდა და კომაში ჩავვარდი. 15 დღის განმავლობაში ამ მდგომარეობაში ვიყავი. ჩემი გადარჩენის მხოლოდ ერთი პროცენტი არსებობდა. კომიდან გამოვედი. სამი ოპერაცია გავიკეთე. ერთი - ყბა-სახეზე ქუთაისში, რომელიც სწორად არ გაკეთდა და ორი თბილისში, ყბა-სახესა და ხერხემალზე. ორი თვის განმავლობაში საჭმელი არ მიჭამია. თხევად საკვებს ვიღებდი. 2010 წელს თბილისში, სახელმწიფო დაფინანსებით გავიარე რეაბილიტაცია, სახელმწიფომვე დამიფინანსა რეაბილიტაცია ყირიმში. იქ მკურნალობის შედეგად ფეხებში გრძნობა დამიბრუნდა, მოძრაობაც შევძელი.
- ალბათ, ეს შენთვის ფსიქოლოგიური ტრავმაც იყო, ყველაზე მძიმედ რა გახსენდება ამ წლებიდან?
- ფსიქოლოგიური ტრავმა, რა თქმა უნდა, იყო. ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ შენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ყველაზე მძიმე დედაჩემის გარდაცვალება იყო. დედამ ძალიან განიცადა ჩემი ამბავი, ავარიიდან წელიწად-ნახევარში გარდაიცვალა. მამაჩემს ნერვიულობისგან მხედველობა დააკლდა.
- დედმამიშვილები გყავს?
- ერთი და მყავს, რომელსაც დენმა დაარტყა და ოთხი დღე კომაში იყო. ახლა გამოკეთდა, კარგადაა.
- თბილისში ვისთან ცხოვრობ?
- ვცხოვრობ ბინაში, რომელიც ქალბატონმა სანდრა რულოვსმა მიქირავა. ყოფილ პირველ ლედის დედაჩემმა გარდაცვალებამდე წერილი მისწერა. მაშინ იმდენად მქონდა გული აცრუებული ყველაფერზე, ნამდვილად არ მჯეროდა, რომ რაიმე სასწაული მოხდებოდა. ქალბატონი სანდრა თვითონ გვესტუმრა სახლში, თერჯოლაში. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ღმერთმა ანგელოზი მომივლინა ქალბატონი სანდრას სახით.
- რა გააკეთა მან შენთვის?
- ყველაფერი, რასაც დედა გაუკეთებდა საკუთარ შვილს.
- ქეთი როგორ გაიცანი?
ქეთი:
- მე დიდი ხნის განმავლობაში პოლონეთში ვცხოვრობდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მინდოდა, ჩვენს ქვეყანაში დამენერგა სპორტული ცეკვები, რაც მოვახერხე კიდეც, გავხსენი სტუდია. პირველი ჩემი მეწყვილეც ეტლით სარგებლობდა. შემდეგ ჩემი მეწყვილე რატი იოთამაშვილი პოლიტიკაში წავიდა, დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამცველი გახლავთ, ცეკვას თავი დაანება. სწორედ რატიმ დაგვაკავშირა მე და თემო ერთმანეთს. თემოს მანამდე ნანახი ვყავდი და ყოველთვის უნდოდა ჩემთან ცეკვა. საქართველოში ჩატარდა პოლონეთის მიერ ორგანიზებული საინტეგრაციო ცეკვების ღონისძიება, რაც გულისხმობს წყვილში მოცეკვავე შშმ და შეუზღუდავი შესაძლებლობის მქონე პირების გამოსვლას. იქ მე და თემომ ერთად ვიცეკვეთ.
თემო:
- ქეთი არაჩვეულებრივი გოგოა, ძალიან საყვარელი, ქართველი ევროპელია... 7 თვის განმავლობაში საწოლში ვიწექი. იმ პერიოდში ''ნიჭიერი'' გადიოდა. ვუყურებდი ამ პროექტს და ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რომ ''ნიჭიერის'' სცენაზე გამოვსულიყავი. მაშინ ქეთის არც ვიცნობდი. როცა რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჯობია, რამე გააკეთო და შეცდე, ვიდრე არ გააკეთო და მერე ინანო.
- შენ რას ნანობ?
- იმას, რომ ჩემი ავარიის გამო დედაჩემს სიცოცხლე მოვუსწრაფე.
- მაგრამ ეს ხომ შენი ბრალი არ იყო.
- მართალია, ჩემი ბრალი არ იყო, მაგრამ ის შემთხვევა რომ არა, დედა ახლა ცოცხალი იქნებოდა.
- ისეთი ლამაზი ნომერი წარმოადგინეთ, ისე თამაშობდით შეყვარებულ წყვილს, მაყურებელს გაუჩნდა კითხვა, რა ხდება თქვენ შორის?
- (იცინიან) ქეთი, შენ თქვი, მე უკვე ენაზე ტყავი გადამძვრა. არ არის ქეთი ჩემი შეყვარებული, არა, მაგრამ მგონი, ისე მიდის საქმე, იმდენჯერ დაისვა ეს კითხვა, დავფიქრდებით (იცინის).
ქეთი:
- მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეს კითხვა გაუჩნდა. ალბათ, კარგად ვითამაშეთ. ასეც რომ ყოფილიყო, ცუდი არ იქნებოდა. ყოველთვის ვამბობ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მაგრამ ჩემსა და თემოს შორის, მართლა არაფერი არ ხდება. რომ ხდებოდეს, ხმამაღლა ვიტყოდი, დასამალი რა არის. ფიზიკური ლტოლვა არ არსებობს ჩვენ შორის, მაგრამ თემური ჩემთვის მეგობარზე მეტია.
- თემო, შენს ცხოვრებაში არის ქა­ლ­ი, რომელმაც დაიკავა შენი გული?
- იყო ასეთი, ორი წლის განმავლობაში ბევრი სიგიჟე ჩაგვიდენია, ოღონდ ფარულად. მისი ოჯახის წევრებს, ნათესავებს არ მოვწონდი. ვერ იმუშავებს, ვერ გადაადგილდება, ზედმეტი ტვირთია, შვილი არ გაუჩნდებაო - იყო ასეთი საუბრები. ისიც დაიღალა, შეეშინდა და... არ მიყვარს დაძალება, მით უმეტეს სიყვარულში.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ხუცო
წარმატებები არ მოგკლებოდეს..ეხლა რატომ არ ეწევა სანდრა ქველმოქმედებას? მაშინ საქართველოს ბიუჯეტი საკუთრებაში ქონდა და დიდი საქმე ცოტას თუ გაიმეტებდა...
02:57 / 23-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო-ს
მგონი ცოტა გიჭირს აზროვნებაში
18:32 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გიოო11
მართალი ხარ მაიკო. სანდრა არის სისხლისმსმელი, ჩუმჩუმად დადიოდა საავადმყოფოებში და მიშას დავალებიტ ბავშვებს ხოცავდა, მერე დეზერტირების ბაზარში მიქონდა ორგანოები და იაფად აბარებდა :):):)
17:13 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო-ს
წადი გენაცვალე კარგი ნევროპათოლოგი ნახე, შენთვის იქნება უკეთესი,ან ნაღველი ამოიჭერი,ბოღმამ არ დაგახრჩოს...
15:35 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
წარმატებას და გამოჯამრთელებას გისურვებთ მთელი გულით.
15:13 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS