06 დეკემბერი, 2014
როგორ შეხვდა დათო ოქიტაშვილის მეუღლე მის სხვა ქალთან ფლირტს
გაოგნებული მიყურებდა ბავშვი, მეტი არაფერი გაინტერესებსო კულტურის პალატის ხელმძღვანელ დათო ოქიტაშვილს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე სასაუბროდ სამსახურში ვეწვიეთ. ჩვენი რესპონდენტი ტრადიციებს პატივს სცემს. მოსწონს ქართული სუფრის ტრადიცია, თავადაც ხშირად თამადობს და მიიჩნევს, რომ ეს ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია.

მეუღლესთან უჩხუბია, თუმცა ისე არა, რომ რომელიმეს კარი გაეხუროს. ამბობს, რომ მისთვის არასდროს უღალატია, თუმცა ყოფილა ფლირტი...

- ჩემთვის ტრადიცია არის ოჯახი, ის, რითაც ქართველი ცხოვრობს, ასევე ტრადიციაა, როგორ გამზარდეს ჩემმა მშობლებმა და ახლა როგორ ვზრდით მე და ჩემი
მეუღლე ჩვენს შვილებს.
- არის ისეთი ტრადიცია, რომელიც ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს თქვენში?
- ყველა ადამიანს და ყველა ოჯახს თავისი ცხოვრების სტილი აქვს, საკუთარ თავს არ მივცემ იმის უფლებას, ვინმეს ვუკარნახო, გინდა თუ არა ამ ტრადიციით უნდა იცხოვრო და არა მეორითმეთქი. ქართველი ადამიანის ბუნება ძალიან განსხვავებულია, მაპატიეთ, მაგრამ ტრა-დიციის კულტურა ზოგს არ გააჩნია. ჩვენს ქვეყანაშიც არის ფაქტები, როცა შვილს ეუბნებიან, 18 წლის ხარ და ახლა როგორც გინდა ისე იცხოვრეო, ამას ჩემს შვილებს არასდროს ვეტყვი. ორი ქალიშვილი მყავს და ორივეს ვეუბნები, გათხოვდით, ჩაჰბარდით პატრონს და მერე თუ გინდათ, ღამის 5 საათზე მოდით სახლში-მეთქი. ეს შეიძლება გარკვეულწილად აზიატობაა, მაგრამ რა ვქნა. ჩემი უფროსი ქალიშვილი 19 წლისაა და იცის, რომ 12 საათამდე უნდა დაბრუნდეს სახლში, ან აუცილებლად დარეკოს, ვიცოდეთ სადაა.
- ჩვენს რეალობაში ფეხმოკიდებულ გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტზე რა აზრის ხართ?
- მე ვიცი, რომ ჩემს უფრო ქალიშვილს ჰყავს შეყვარებული, ვიცნობ ამ ბავშვს, მის ოჯახს და ბედნიერი ვარ, რომ მათ ერთმანეთი უყვართ. ჩემს შვილს ხელს არასდროს შევუშლი, მიხარია, რომ ერთმანეთს პატივს სცემენ, მიდი-მოდიან ერთმანეთის ოჯახებში. ჩემმა შვილმა რომ გამიმხილა თავისი გრძნობა, ერთი ზედმეტი კითხვაც არ დამისვამს, ვინაა, ვისი შვილია და ა.შ. გაოგნებული მიყურებდა ბავშვი, მეტი არაფერი გაინტერესებსო? მთავარია, რომ მას უყვარდეს, ჩვენ კი გვერდში დავუდგებით, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის ეს გერლფრენდ-ბოიფრენდობა მიუღებელია. ჩემი თაობა ასე გაიზარდა და მე ასე ვფიქრობ, ჩემმა მომდევნო თაობამ კი შეიძლება, ჩვეულებრივად მიიღოს.
- საყურიანი, ვიწროშარვლიანი, გრძელთმიანი ბიჭების დანახვას უფროსი თაობა ვერ ეგუება. თქვენ რას იტყვით?
- ქართველი ადამიანის ფსიქიკა რაღაც-რაღაცებს ვერ პატიობს ქართველ მამაკაცს, ან ქართველ ქალბატონს. ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მე შეიძლება, რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ არ გამოვალ, არ გავლანძღავ და არ ვეტყვი: შე, გარეწარო! თუ ადამიანი ფიქრობს, რომ 20 საყურე უნდა გაიკეთოს, მისი საქმეა, მე თუ ჩემნაირები რას ვიფიქრებთ, არ აინტერესებს, ამიტომ ყველამ უნდა მიხედოს თავის ცხოვრებას და თავის თავს, არ შეიძლება, ადამიანს შეურაცხყოფას აყენებდე და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობდე.
- სუფრის ტრადიცია, განსხვავებულები...
- ხშირად ვარ თამადა და ვსვამ უზომოდ, მაგრამ თამადა ყოველთვის უნდა აკონტროლებდეს თავის თავს. უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები გიჟდებიან ქართულ სუფრაზე, კულტურაზე, სადღეგრძელოებზე და მათ რიგითობაზე, თუმცა ყოველთვის ვამბობ, რამდენსართულიანი სუფრაც გინდა გაშალე, თუ თამადა არ ვარგა, ხიბლი არ ექნება. რამდენჯერმე ქორწილიდან სწორედ ამ მიზეზით წამოვსულვარ. ქორწილი არის ახალგაზრდების თავშეყრა, ბედნიერება, შენ უნდა აუწყო ფეხი, მათ არ სჭირდებათ გაუთავებელი ლაპარაკი და სადღეგრძელოები. ყოფილა შემთხვევა, გამიგია, რომ კონკრეტული პიროვნება უნდა იყოს იმ სუფრაზე თამადა და აღარ წავსულვარ, იმიტომ, რომ იწყება ყანწით, გრძელდება ვედროთი და აღარ სრულდება.
- ქუჩის ცხოვრება კაცმა აუცილებლად უნდა გაიაროს?
- აუცილებელია. თუ ბიჭმა ქუჩის ცხოვრება არ იცის, ის ვერასდროს ჩამოყალიბდება ვაჟკაცად. ამაში ვგულისხმობ ნორმალურ ყოფას. მე ვაკეში დავიბადე და გავიზარდე, ბარნოვის ქუჩაზე, 54-ე სკოლის წინ გვქონდა ბირჟა, იქ იყო გრძელი ბეტონის მოაჯირი, რომელზეც ვსხდებოდით და ვსაუბრობდით, ბოლოს გამგეობამ სკამი დაგვიდგა, რადგან სულ იქ ვიკრიბებოდით, დავდიოდით ვაკის პარკში ღია კინოთეატრში, ჩვენთვის მიუღებელი იყო წივილი, კივილი, ჩხუბი, დაჭრა და ა.შ. ბიჭს ცოტა განსხვავებული გაზრდა სჭირდება, ქუჩაშიც უნდა იყოს, ოღონდ გააჩნია, რა ფორმით და რა დოზით.
- დღევანდელი ცხოვრების რიტმის გამო, ხშირად ამბობენ, რომ გაუფრთხილებლად სტუმრობა ადამიანებში დისკომფორტს იწვევს.
- ეს ჩვენს ოჯახს არ ეხება.M საკმაოდ მძიმე ხასიათი მაქვს, ვიცინი, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი ტკივილი გადავიტანე, უბრალოდ, არ მინდა წარსულზე ლაპარაკი. მაგალითად, თუ ადამიანმა მომატყუა,
ერთ წამში მავიწყდება ყველაფერი და მასთან ურთიერთობას ვწყვეტ. ჩვენს სახლში ორ დღეში ერთხელ სტუმარი თუ არ მოვიდა, ჩემი ცოლის მირეკავს და უწმაწური სიტყვებით მაგინებს, კიდევ ვის ეჩხუბე, რატომ არ მოდის არავინო. მეგობრები ხშირად გვეუბნებიან, სირცხვილია, სულ თქვენთან ხომ არ ვივლით, ახლა ჩვენთან წავიდეთო. მივსულვარ ოჯახში, გაუღიათ კარი, შევსულვარ, მაგრამ ისეთი სახეები დამინახავს, მიზეზი მომიგონებია და ძალიან მალე გამოვბრუნებულვარ. ოჯახში მიპატიჟებას მაშინ აქვს აზრი, კარს რომ გაგიღებენ და მასპინძელი გაღიმებული დაგხვდება. ჩვენთან კარი საერთოდ არ იკეტება. დაიჯერებთ, რომ მე საქორწინო მოგზაურობაში ჩემს მეგობრებთან ერთად წავედი?!. ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ავთო ხვედელიანი და ეკა მოდრეკილაძე არიან ის ადამიანები, რომელთა გარეშე ვერც კი ვფიქრობთ, როგორ შეიძლება წავიდეთ დასასვენებლად.
- განსხვავებულ თემაზე, ძალადობაზე მინდა გადავინაცვლო, რაც, სამწუხაროდ, ასე აქტუალური გახდა ჩვენს ქვეყანაში.
- ამის წინააღმდეგი ვარ, არანაირი ვაჟკაცობა არაა ქალის და მით უმეტეს, ორსული ქალის ცემა, მკვლელობაზე რომ არაფერი ვთქვათ. არ მესმის, ქალს ხელი როგორ უნდა დაარტყა და მერე როგორ უნდა დაიძინო, იცხოვრო მის გვერდით. როგორ შეიძლება, ბავშვი მუცლადყოფნის დროსვე სცემო, ორსულ ცოლს რომ ურტყამ, ეს ხომ ბავშვის ცემაცაა.
- ერთხელ ღალატის გამო ოჯახი უნდა დაინგრეს?
- თუ ვაჟკაცი ხარ, ეს ისე უნდა გააკეთო, შენმა ოჯახმა, ცოლმა არ გაიგოს და გული არ ეტკინოს, მაგრამ როცა ოჯახი არ გაინტერესებს, იყურები მარჯვნივ-მარცხნივ და სხვასთან ერთად მოურიდებლად დადიხარ, სეირნობ ქუჩებში, ეს ცუდია და შენი მეორე ნახევრის შეურაცხყოფაა. მოკლედ, ფორმასაც გააჩნია.
შემიძლია ვთქვა, რომ რაც ცოლი მოვიყვანე, მისთვის არ მიღალატია, ვერც წარმომიდგენია, ხუმრობით ვეუბნები კიდეც, შენ ხომ მიშლი ნერვებს და კიდევ მეორეს ვერ დავიმატებ და ახლა იმას ვერ ჩავაბარებ ანგარიშს, სად მივდი-მოვდივარ-მეთქი. თუმცა უცოდველი არავინაა. მეც დამიშვია ამ მხრივ შეცდომა, ფლირტი მქონდა ერთ გოგონასთან და მეტი არაფერი, ჩემს ცოლს ენები არასწორად მიუტანეს, მაგრამ ჩემმა მეუღლემ ეს ყველაფერი ისე ლამაზად მოიტანა ჩემამდე და ისე მიმახვედრა, რომ გავაცნობიერე, იქ უნდა გავჩერებულიყავი. მე და ირინა 22 წლის ცოლ-ქმარი ვართ, გვიჩხუბია, მაგრამ არასდროს არ გაუხურავს კარი და არ წასულა, გაქცევა-შერიგებები ჩვენ არ გვქონია. როდესაც ირინას ხელი ვთხოვე, მისმა მშობლებმა ჩემს მეუღლეს ასეთი რამ უთხრეს, გიყვარს? გაჰყევი. იჩხუბებთ, გაუგებრობა გექნებათ, მოაგვარეთ ერთმანეთთან. როდესაც ქალმა იცის, რომ `წასასვლელი~ არ აქვს და ოჯახში მას გაღიმებული სახით არ მიიღებენ, ასეთ ნაბიჯს უფრო რთულად დგამს.
- ბოლოს, მინდა გკითხოთ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე.
- საქართველოში ასეთ ადამიანებს საზოგადოება კიდევ კარგა ხანს არ მიიღებს, თუმცა, ამ კუთხითაც ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ნატოში კი არა, სადაც გინდა შევიდეთ, ქართველი ხალხი სექსუალური უმცირესობების მიტინგებს და აქციებს არ დაუშვებს, ვისაც როგორ უნდა, იცხოვროს, მაგრამ მათაც უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოში ცხოვრობენ და ეს ქვეყანა ჯერ მზად არაა ასეთი ღონისძიებებისთვის.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ana
Chkvian kals koveltvis ekneba misasvleli magram ikamde Ar unda miikvanos Sakme.katsi kidev tu tswmsvlelia imas veraperi sheakavebs DA arts unda sheakavo magram urtiertobebi unda sheinarchuno,ra itsi rodis rashi dagchirdeba tundats bavshvis dasàtoveblad.
20:25 / 06-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
როცა ქალმა იცის,რომ წასასვლელი არ აქვს ოჯახში მას გაღიმებული სახით არ მიიღებენ,ასეთ ნაბიჯს უფრო რთულად დგამს. ყოჩაღ დავით შენც მაგარი ყოფილხარ.
21:14 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS