28 ივნისი, 2013
როგორ გადაურჩა დათო კენჭიაშვილი თურქეთში სიკვდილს
ცდუნება საკმაოდ დიდი იყო, საბედნიეროდ, არ ავყევი. ჩემთვის აკადემია ოჯახია, ოჯახის სისუფთავე, ოჯახის სახელი და ვერც ვაჟკაცობას დამიწუნებს ვინმე. სვანეთის უბანში, ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა. მამისგან ვაჟკაცობა, სამშობლოს სიყვარული და ქვეყნისთვის სამსახური ისწავლა. დედისგან - ქალის პატივისცემა და სიკეთის კეთება. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მის ბავშვობაში დაშორდნენ ერთმანეთს, დათო კენჭიაშვილს არც ერთის ნაკლებობა არ უგრძნია. სიმღერა ოჯახმა შეაყვარა. საზოგადოების სიყვარული დათომ რადიოსადგურების წყალობით მოიპოვა. დიდმა ნაწილმა ის თეონა ქუმსიაშვილთან დუეტით გაიცნო. შემდეგ იყო ''რამდენი მალოდინე'' და
დუეტები დიანა ღურწკაიასთან. ახლახან დათო თურქეთიდან დაბრუნდა, სადაც კონცერტი გამართა იქ მცხოვრები ქართველებისთვის, მასთან საუბარიც სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- დათო, რამ წაგიყვანა თურქეთში, სადაც საპროტესტო ტალღაა მოდებული?
- ბევრად ადრე დაიგეგმა კონცერტი თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის, ვიდრე საპროტესტო აქციები დაიწყებოდა. ვერაფერს შევცვლიდი, სტამბოლში მქონდა კონცერტი. რამდენჯერმე გადავურჩი სიკვდილს. კონცერტის დღეს მანქანით გადავადგილდებოდით. გვერდით აფეთქების ხმა გაისმა და ჩვენი მანქანის მინები ჩაიმსხვრა. ყურები დამიგუბდა, არაფერი მესმოდა. პოლიცია მოვიდა შემთხვევის ადგილას, ევაკუაცია მოახდინეს და მიგვიყვანეს დანიშნულების ადგილას. ეს ამბავი ჩემებმაც კი არ იციან, თქვენი ჟურნალიდან გაიგებენ და მგონი, დაიკეტება თურქეთის გზა ჩემთვის (იცინის). კონცერტმა კარგად ჩაიარა. უდიდესი სითბო ვიგრძენი მაყურებლისგან. სავსე იყო დარბაზი. იქაურ რეიტინგულ გადაცემაშიც მიმიწვიეს.
- კარგია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა... ახლა ჩვენს რუბრიკას დავუბრუნდეთ, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვისაუბროთ და იმ გამოცდილებით დავიწყოთ, რომელიც ოჯახიდან მიიღე...
- თბილისში, სვანეთის უბანში დავიბადე და გავიზარდე, მამაჩემი, თამაზ კენჭიაშვილი, სამხედრო მოსამსახურე გახლავთ, პოლკოვნიკი, თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. მრავალი ომი აქვს გამოვლილი. აგვისტოს ომი მეხუთე იყო მისთვის. სხვათა შორის, მღერის, ლექსებს წერს. ჩემი ერთ-ერთი სიმღერის ''დარიალს მთაში'' ლექსი სწორედ მამაჩემს ეკუთვნის. ადრე ანსამბლ ''ფაზისში'' მღეროდა. დედა, ლალი ასათიანი, საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა. გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი მშობლები ქარხანაში ერთად მუშაობდნენ. იქ იყო ანსამბლი, რომელშიც ორივე მღეროდა. სწორედ იქ გაუცნიათ ერთმანეთი. დედა მამაზე გაცილებით უკეთ მღერის. ფოლკლორიდან შორს არის, მაგრამ კარგად ესმის ესტრადა. ხმაც კარგი აქვს. დედა პროფესიით ეკონომისტია, ამჟამად ''წითელ ჯვარში'' მუშაობს, პრეზიდენტის თანაშემწეა. მე და მამა 24 საათს ერთად ვატარებდით. სამსახურში დავყავდი, პოლიგონებზეც მირბენია სამხედრო წვრთნებზე. კარავში მეძინა, თვითონ მინდოდა იქ ყოფნა, არავის დაუძალებია. მამას ჩემთვის არც ეცალა, რიგით ჯარისკაცებში ვიზრდებოდი.
- ჯარი მამასთან გაიარე?
- არა, სხვაგან გამაგდო (იღიმის). იცოდა ვიყალთაბანდებდი და იქ ამას მამას ხათრით მაპატიებდნენ. არ მიყვარს დილით ადრე ადგომა, რეჟიმი, ბრძანებები. ვაზიანში გამაგდო მამამ, წელიწად-ნახევარი მომიწია იქ ყოფნამ. ძალიან დიდი გამოცდილებაა ჯარი. იქ სწავლობ, როგორ უნდა შეინახო და გაიტანო გვერდით მდგომი, დამოუკიდებლობას სწავლობ, შენი ქვეყნის სიყვარულს. იქ სხვანაირად გიყვარს სამშობლო, უფრო მძაფრად, უფრო ძლიერად. დროშის ტარება მიყვარდა ძალიან. იმიტომ არა, რომ წინ მივდიოდი და სხვები უკან მომყვებოდნენ. საქართველოს, ჩემი ქვეყნის დროშა რომ მიმქონდა, ეს მხიბლავდა. იქ სხვანაირი განცდა, სხვანაირი სიყვარულია. იქ არავინ იცოდა, ვისი შვილი ვიყავი. მამის სახელით არასდროს მისარგებლია. სიცხის, შიმშილის, სიცივის დაძლევას სწავლობ ჯარში. დაღლაც აღარ არის უცხო.
- დათო, დედისგან რა გამოცდილება მიიღე?
- დედამ ქალის პატივისცემა, ქალის სიყვარული მასწავლა. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ქალი შენი პარტნიორია, მეგობარი თუ ნათესავი, ზოგადად ქალის პატივისცემა მასწავლა. სულ რომ უკანასკნელი კახპა იყოს, შეურაცხყოფას არ მივაყენებ ქალს. დიდი წვლილი მიუძღვის ლალის ჩემს მუსიკალურ განათლებაში. თავიდან ჩემს დას, თათიას ამეცადინებდა ფორტეპიანოზე. მე იატაკზე ვიჯექი და ვუსმენდი. ერთ დღესაც მე წამიმღერა ის მელოდია, რომელსაც თათიას ასწავლიდა და მომაქცია ყურადღება. მას მერე ავმღერდი. დედასი ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ძალიან გაწონასწორებულია. მისი გამოხედვა საკმარისი იყო, მივმხვდარიყავი, რა არ მოეწონა. სიმშვიდით დედას ვგავარ, მამისგან კაცთმოყვარეობა გამომყვა. უკეთილშობილესი ადამიანია, თამამად შემიძლია ვთქვა. ერთ ამბავს მოგიყვებით და თავად განსაჯეთ. აფხაზეთის ომში ტყვედ ჩაუგდიათ რუსი ჯარისკაცი. საწყალი გაასაზიზღრეს თურმე, ისე სცემეს. მამაჩემს მისთვის ხელი არ დაურტყამს, შორს გასულა და უტირია. მერე მიგდებული, დასისხლიანებული ტყვე ხელში აუყვანია და კარავში დაუწვენია. წყალი მიუწოდებია, უჭმევია. დღეს ის ადამიანი მამაჩემის მეგობარია. სხვათა შორის, ფანდური ჰქონდა წაღებული მამაჩემს ომში და მღეროდნენ, მამას საძმაკაცო ყველა მომღერალია.
- შენ არ მღეროდი ჯარში?
- როგორ არა, ჯარში ჩემი ანსამბლი მქონდა (იცინის). ფოლკლორს ვმღეროდით, ''დავითიანი'' ერქვა ანსამბლს. ჯარი დამთავრდა და დავიშალეთ კიდეც.
- ქუჩის აკადემიამ რა მოგცა გამოცდილების თვალსაზრისით?
- მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქუჩა აკადემიაა. ქუჩა ვერაფერს მომცემდა, რაც ქუჩაში უნდა მესწავლა, ჯარში ვისწავლე. გაჭირვებაც, მეგობრის გატანაც, თავის დამკვიდრებაც, თავდაცვაც. ქუჩაშიც ვმდგარვარ, ე.წ. ბირჟაზე, საქმეების გარჩევაზეც ვყოფილვარ, მაგრამ ქუჩის განათლება არ მიმიღია. ეს რომ გამეკეთებინა, შეიძლება დღეს ნარკომანი ვყოფილიყავი და სხვა გზით მევლო, აღარ მეფიქრა მუსიკაზე, ცდუნება საკმაოდ დიდი იყო, საბედნიეროდ, არ ავყევი. ჩემთვის აკადემია ოჯახია, ოჯახის სისუფთავე, ოჯახის სახელი და ვერც ვაჟკაცობას დამიწუნებს ვინმე.
- პროფესია როგორ აირჩიე?
- პროფესია მშობლების რჩევით ავირჩიე, ეკონომისტის დიპლომი მაქვს, ოღონდ დღემდე არაფერში გამომიყენებია. პარალელურად ჩემს ცხოვრებაში იყო მუსიკა, ''ლაშარში'' ვმღეროდი, ''მართვეში'' , აფხაზეთის ანსამბლში. სოლოკარიერაზე არასდროს მიფიქრია. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ჩემმა მეგობარმა მთხოვა, ერთი სიმღერა ჩამიწერე, რადიო ''არ დაიდარდოში'' კასტინგია, წამყვანობა მინდა ვცადო და შენი მუსიკა მჭირდება ფონადო. მანამდე სტუდიური ჩანაწერი არ მქონია. გავყიდე ჩემი საყვარელი მანქანა, E კლასის კუპე ''მერსედესი'' , რომლის ფულსაც დიდი ხანი ვაგროვებდი. მზე და მთვარე ამომდიოდა იმ მანქანაზე. გავყიდე და ჩავწერე ლელა თათარაიძის სიმღერა ''შენმა სურვილმა დამლია'' . ოღონდ ეს კარიერისთვის არ მქონდა განსაზღვრული. არც კი მიფიქრია, თუ ამ სიმღერით გამიცნობდა ხალხი.
- მომღერლობა არ გინდოდა თუ გეშინოდა, მიგიღებდა თუ არა მსმენელი?
- მინდოდა, მაგრამ ისეთი საშინელი სიტუაციაა ამ მხრივ ქართულ შოუბიზნესში, შემეშინდა და ამის მიზეზი მქონდა. საქართველოში რაღაცას რომ გააკეთებ, თუ არ გამოგივიდა, გაგთელავენ, გადაგივლიან, შეგარცხვენენ, სააშკარაოზე გამოგიყვანენ.
Rating
- გქონია მსგავსი მომენტი?
- საბედნიეროდ, არა.
- აბა, სხვებზე დარდობ?
- ჰო, ვდარდობ. მინახავს, როგორ ცდილობენ ბავშვები, ახალგაზრდები რაღაცის დაწყებას და იდეაშივე უკლავენ სურვილს. როგორ შეიძლება ადამიანს უთხრა, ყრუ ხარო?!. ვერ დავეხმარე მეგობარს, არც მოუსმინეს ჩემს სიმღერას, ამის გამო დეპრესია დამემართა. ცხოვრება აღარ მინდოდა. სამ დღეში დეიდაჩემმა თავის მეგობარს დაურეკა, რომელიც იმ რადიოში ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა და უთხრა ჩემი გულისტკივილი. მოისმინეს სიმღერა და იმ დღემ დიდი გადატრიალება მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. ამ სიმღერით გამიცნო ხალხმა. ამ სიმღერას მოჰყვა ანზორ ერქომაიშვილის ''თუ ასე ტურფა იყავი'' , ნუგზარ ფსუტურის ''ლალე'' , ხალხური ''ხოხბის ყელივით ლამაზი'' , მერე ჩემს დასთან, თათიასთან ჩავწერე დუეტი, ''ნუ გიყვარს, ქალაუ'' . შემდეგ იყო თეონა ქუმსიაშვილთან დუეტი მისსავე სიმღერაზე, და უდიდესი ტრაგედია, თეონას დაღუპვა. მე და თეონა ბავშვობის მეგობრები ვიყავით და კარგა ხანს ვერ გამოვედი შოკიდან...
- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?
- 13 წლის ასაკში შემიყვარდა პირველად. ქობულეთში წაგვიყვანა დედამ მე და ჩემი და დასასვენებლად და იქ მომეწონა ერთ-ერთი დამსვენებელი, ნატა მჟავანაძე. სულ ერთად დავდიოდით. ერთხელ ავად გავხდი იმის გამო, რომ არ მნახა. იმდენი ვიჩალიჩე, დედამისმა მომიყვანა თავისი ფეხით სახლში. საკურორტო რომანი მქონდა. სულ რაღაც ხუთი დღე გავატარეთ ერთად, მაგრამ ისეთი მძაფრი იყო ეს გრძნობა, სამი თვე ვტიროდი, თბილისში რომ დავბრუნდი. ნატას მერე სერიოზული გრძნობა არ მქონია. ძირითადად ფლირტით შემოვიფარგლებოდი. დღეს შეყვარებული ვარ, მის ვინაობას ვერ გაგიმხელთ. გეტყვით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში არ ცხოვრობს, პრაღაშია, დედით ქართველია.
- აქედან პრაღაში როგორ გაიცანი?
- ტურნე მქონდა პრაღაში, კონცერტზე მისმენდა. ერთ-ერთი მაყურებელი იყო, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩემი სიმღერა. მოვიდა, გამომელაპარაკა. ინტერნეტით ვურთიერთობთ. დამპირდა, ამ ზაფხულს ჩამოვალო. ''შორით ტრფობა, შორით დაგვა'' მჭირს, ჩვენს სიყვარულს მომავალს ვერ ვუწინასწარმეტყველებ. შორს არის, ყოველკვირა პრაღაში ვერ ჩავალ.
- სიყვარულს ხომ არც მანძილი უდგას წინ და არც დრო?
- ამ თემაზე არ ვფიქრობ. 28 წლის ვარ, არც ისეთი პატარა, მაგრამ ოჯახისთვის მზად არ ვარ, არც ვფიქრობ ამაზე. შეიძლება, დათო კენჭიაშვილი უცოლოდ დაბერდეს და ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან (იღიმება).
- შეცდომებზეც გკითხავ, უკან რომ დაბრუნებულიყავი, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
- ვნანობ, დღემდე ვერ მიპატიებია თავისთვის, რომ იმ დღეს, როცა ბაბუა გარდაიცვალა, სახლში არ ვიყავი. რომ ვყოფილიყავი, გადავარჩენდი. მამაჩემის მამას, ვისი მოსახელეც ვარ, გული აწუხებდა, შეტევა რომ ემართებოდა, ზურგზე მოვიკიდებდი, მეოთხე სართულიდან ჩამოვარბენინებდი, ჩავსვამდი მანქანაში და საავადმყოფოში მივარბენინებდი. მორიგი შეტევის დროს დედასთან მივდიოდი დიღმის მასივში...
- დედასთან რას ნიშნავს, ცალ-ცალკე ცხოვრობენ შენი მშობლები?
- კი, 10-11 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ. ეს იყო გარკვეულწილად სტრესი, მაგრამ არასდროს მიკითხავს არც ერთისთვის, რატომ არ ცხოვრობდნენ ერთად. ჩვენ, შვილებს, არც ერთისგან ყურადღება არ დაგვკლებია. მამამ ოჯახი შექმნა, მისი მხრიდან და მყავს, სპორტსმენი ლანა კენჭიაშვილი. მამა დღემდე მეორე ოჯახთან ცხოვრობს. ამ სახლში მე, ჩემი და და ბებია ვცხოვრობთ. ყველაზე დიდი ამაგი ჩვენს აღზრდაში ბებიას მიუძღვის... ბაბუას ამბავს ვყვებოდი, დედამ მთხოვა, დღეს ჩემთან დარჩიო. დილის ექვს საათზე ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა, სად დადიხარ, პაპა მოგიკვდაო. ეს იყო უდიდესი სტრესი. დღემდე ვნანობ, რომ იმ დროს მის გვერდით არ ვიყავი.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
TOPS