23 ნოემბერი, 2014
პავლე მგოსანს შალვა ნათელაშვილსა და რეზო ამაშუკელს ამსგავსებენ - ინციდენტი ''ჩემი ცოლის დაქალების'' გადაღებებიდან
ადრე გიორგი ლიფონავასთან ნამუშევარი მაქვს ფილმზე ''ნაფიცი მსაჯულები'' ''ჩემი ცოლის დაქალებში'' პავლე მგოსანი ერთ-ერთი ექსცენტრიკული პერსონაჟია, რომელიც სერიალის მაყურებელში არაერთგვაროვან ემოციებს იწვევს. ზოგს მის გამოჩენაზე ეცინება, ზოგსაც აღიზიანებს და ზოგიც სოციალურ ქსელში უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს. მსახიობი კახა გაბელია, რომელმაც იუბილარი პოეტის პავლე მგოსანის პერსონაჟი განასახიერა, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია და დღესდღეობით რამდენიმე სპექტაკლშია დაკავებული. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ...

- მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1994 წელს მივედი. მანამდე მარჯანიშვილის თეატრში ორი სეზონი ვმუშაობდი. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების
შემდეგ კი ახმეტელის თეატრში, სადაც ნუკრი ქანთარიამ მიმიყვანა.
თეატრალურში მიშა თუმანიშვილის ჯგუფში ვსწავლობდი. ბატონ მიშასთან მუშაობა დიდი ბედნიერება იყო. ყველაფერი, რაც კი ვიცი, მისი დამსახურებაა. მაგრამ მსახიობობა ისეთი პროფესიაა, ნიჭი თუ არ გაქვს, ვინც უნდა იყოს შენი პედაგოგი, ვერაფერს ისწავლი. მსახიობობის სწავლა შეუძლებელია. ნიჭიერი ადამიანი, თუ ამას შრომისმოყვარეობაც ერთვის, თუ კარგი პედაგოგი შეხვდა, აუცილებლად მიაღწევს თავი პროფესიაში დაოსტატებას. ბატონი მიშა უნიკალური ადამიანი იყო, ჩემს თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ვიტყვი, მისი სტუდენტები ყოველთვის პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩევიან. ის სულ გვასწავლიდა, რომ სცენაზე საკუთარი თავის თამაში არ შეიძლება. ადამიანი სპექტაკლზე რომ მოდის, პერსონაჟის გრძნობათა ბუნება, ჟესტები, მანერები, მეტყველება აინტერესებს და გმირის სრულყოფილების მიღწევას სკრუპულოზურად გვასწავლიდა.
- ხშირად პროფესია ხდება ოჯახური ტრადიციის მაგვარი. თქვენი მშობლები რა პროფესიის იყვნენ?
- ფიზიკურად სცენაზე არ დავბადებულვარ, თორემ (იცინის). დედაჩემი, აზა ნუცუბიძე, ჩემზე ორსულად რომ იყო, ხატიას თამაშობდა. მამაც ცნობილი მსახიობი იყო, შოთა გაბელაია. გაგახსენდებათ, ალბათ, ელდარ შენგელაიას ''არაჩვეულებრივი გამოფენიდან'' ვალოდია ჯინჭარაძის პერსონაჟი. არისტო - ''სამანიშვილის დედინაცვალში'', ქუცარა ''ყვარყვარეში'' და სხვა. ის 20-მდე ფილმშია გადაღებული, მაგრამ, სამწუხაროდ, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მამა სოხუმელი იყო, დედ-მამამ ერთმანეთი იქვე გაიცნეს. დედას პედაგოგი, დიდი ვასო ყუშიტაშვილი, სოხუმში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რომ გახდა, დედაჩემი თან წაიყვანა. მამა უკვე მუშაობდა სოხუმის თეატრში. 1968 წელს ჩემი მშობლები თბილისში გადმოვიდნენ, დედამ მუშაობა დაიწყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში და მამამ - მარჯანიშვილში. ჩემი ცხოვრება ამ თეატრების გარეშე არ მახსოვს. ჩემი ერთი შვილიც, შოთა გაბელაია, მსახიობი გახდა და გოგონა, ანა, კი წელს აბარებს, მაგრამ სულ სხვა პროფესია აირჩია.
- მეუღლე რა პროფესიისაა?
- ფილოლოგია, ''რუსთავი 2''-ის გახმოვანების სტუდიის მთავარი რედაქტორი.
- თქვენ როდის მოგეცათ კამერასთან მუშაობის პირველი შანსი?
- პირველი შეხება კამერასთანო, როცა მეკითხებიან, ვამბობ, რომ ეს იყო ბატონი ელდარ შენგელაიას ''სამანიშვილის დედინაცვალი'', სადაც მამა არისტოს თამაშობდა, დედა მის ცოლს და მე მათ შვილს. იმ დროს დაახლოებით 10 წლის ვიყავი. შემდეგ უკვე სერიოზული ნამუშევარი მქონდა ალეკო ცაბაძესთან ფილმში ''ღამის ცეკვა'', რომელშიც ივერი ზანდუკელის როლი შევასრულე. გადაღებები 1992 წელს მიმდინარეობდა, მერე დაემთხვა არაულობა ჩვენ ქვეყანაში და იმ პერიოდში მოკვდა საქართველოში კინოინდუსტრია. სერიალების გადაღებები რომ დაიწყო, მონაწილეობა მივიღე ''ცხელ ძაღლში'', ''დეტექტივებში'' და ა.შ. ახლახან მოხსენ მაჰმალბაფთან გადამიღეს ფილმში ''პრეზიდენტი'', რომელშიც პოლიტპატიმარს ვთამაშობ. ჩვენთან მისი პრემიერა ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ვენეციის ფესტივალზე საკმაოდ წარმატებული ჩვენება ჰქონდა.
- უნდა ვისაუბროთ ''ჩემი ცოლის დაქალებზე'', რომელიც ერთ-ერთი პოპულარული სერიალია ჩვენში და მისი ყოველი ახალი პერსონაჟიც მალე ხდება განხილვის ობიექტი...
- კი, ნამდვილად პოპულარული სერიალია. ადრე გიორგი ლიფონავასთან ნამუშავარი მაქვს ფილმზე ''ნაფიცი მსაჯულები''. ახლა ეკა მჟავანაძემ დამირეკა, რომელიც ''ჩემი ცოლის დაქალებში'' კასტინგის მენეჯერია და მითხრა, შენთვის მაგარი როლი მაქვსო. როცა სცენარი წავიკითხე, გმირი მომეწონა. მუშაობის დროს პერსონაჟს კიდევ შევმატე ''ფერები'' და გამოვიყვანე ის სახე, რაც მინდოდა. საშიშროება იყო, რომ პერსონაჟი არ ყოფილიყო კომიკური, ან კარიკატურული, მოკლედ, ბეწვის ხიდზე იყო გასასვლელი. ეს უნდა ყოფილიყო კომპლექსიანი ადამიანი თავის ბუნებით, რომელსაც სხვების შეწუხებით, სამინისტროებში სირბილით სურს შეიქმნას ის გარემო, რომ საზოგადოების ზედაპირზე წამოტივტივდეს. ამ დროს სრული უნიჭოა. ინტერნეტში სერიალის გვერდზე ამ პერსონაჟს გამოხმაურება ჰქონდა და მეცინება იმაზე, რომ ადამიანები ხშირად ამა თუ იმ გმირს მსახიობთან აიგივებენ.
- ყველა თავის თავს თამაშობსო, ხშირად ამბობენ...
- კი, ვიღაცას ჩემზე ეწერა, ეს ცხოვრებაშიც ასეთიაო. აბა, მე ახლა ვგავარ პავლე მგოსანს?! ხომ არ ვგავარ, არა?! მაყურებელი მე ხომ არ მიცნობს. ის აბსოლუტურად სხვა ადამიანია, მე რადიკალურად სხვა შინაგანი ბუნების ვარ. ზოგი რას წერს და ზოგი რას, ზოგს ეცინება, ზოგი აგინებს, ზოგიც აქებს. ზოგმა დაწერა, ნათელაშვილს მაგონებსო და ზოგმაც რეზო ამაშუკელს შემადარა. პერსონაჟი მაყურებელზე დადებითად მოქმედებს თუ უარყოფითად, მთავარია, ყურადღებას იქცევს და გამოდის, რომ შედეგი მიღწეულია.
- პავლე მგოსანი საკუთარ შემოქმედებაზე შეყვარებულია ადამიანია. ვინ არის მისი ლექსების ავტორი, ირაკლი საღინაძე, ქეთი დევდარიანი. თუ?
- 4000 ლექსი მაქვს დაწერილიო, მგოსანი ამბობს. ''ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ'', ''ლექსი გამზრდელ ბიცოლაზე'', ''დაბერებული გული'', ''როდემდე უნდა ვითმინო, ღმერთო'', ''ქალი თივაში'', მაგრამ ''ქალი თივაში'' ამოიღეთ, სხვაზეა, ჩემ ცოლს ეწყინება (იცინის). სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, ვინ წერს, მგონი, ქეთია ავტორი. პავლე მგოსანი თავისი შემოქმედებიდან მხოლოდ ორ სტროფს ამბობს ზეპირად, თუმცა მის მორიგ ლექსს ღორჯოზე სამინისტროს თანამშრომელი ბიჭი სერიოზული სახით კითხულობს სასადილოში და ამ ფორმით აშარჟებს.
საერთოდ, არ შეიძლება, ცოცხალი ადამიანი, ვისაც იცნობ, თეატრსა და კინოში განასახიერო, რადგან ის უკვე აღარ იქნება საინტერესო. კრებითი სახე უნდა შექმნა და ესაა მთავარი. სხვათა შორის, მგოსნის იუბილეს რომ ვიღებდით, კურიოზი შეგვემთხვა. ქუჩის სცენაში, სადაც ცოტნე ცოტაშვილი ტროტუარებზე მანქანების დაყენებას აპროტესტებდა, გამოვვარდი დარბაზიდან, იუბილეს ნუ მიშლი-მეთქი, ვეცი ცოტნეს და ატყდა ჩხუბი. რამდენიმე ადამიანს ეს მართალი ეგონა და კარში შემოგვიცვივდნენ. უცხო ქალები გვაშველებდნენ და იყო ერთი ამბავი (იღიმის).
- ბევრი უწოდებს თავს პოეტს, სურვილი აქვს, წიგნი გამოსცენ, იუბილე გადაუხადონ. პირადად თუ იცნობთ ასეთებს?
- პოეტს არ ვცნობ-მეთქი, რომ ვთქვა, მოვიტყუები. პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ჩემი სიმამრი უნიჭიერესი პოეტია, მურმან ჯგუბურია. ახლახან გამოიცა მისი კრებული ასი ლექსი. სამწუხაროდ, მისნაირი ფანტასტიკური პოეტები ცნობილი არ არიან და ყოველთვის ჩრდილში დგანან.
- მგოსანი სულ კოსტიუმია გამოწყობილი და ქუდები უყვარს...
- მიახლოებით ვიცოდი, რა უნდა სცმოდა ჩემს გმირს. ჩვენი კოსტიუმების მხატვარს მე შევთავაზე წავსულიყავით მოზარდ მაყურებელთა თეატრში და ერთად შეგვერჩია სამოსი. ასე შევარჩიეთ სამივე კოსტუმი. სულ პირველად ეკრანზე რომ გამოვჩნდი, მამაჩემის ზოლიანი კოსტიუმი მეცვა. ძველმოდურია, ასეთებს გასული საუკუნის 70-იან წლებში ატარებდნენ, ადრე ერთ-ერთ სპექტაკლში დამჭირდა და თეატრში წავიერ, ახლა კი გადაღებებზე. მგოსნის საიუბილეო საღამოსთვის ცოტა უფრო თეატრალური, ასე ვთქვათ, გამოსასვლელი კოსტიუმი შევარჩიეთ. რაც შეეხება ქუდებს, მიყვარს და ისინი საკუთარი გარდერობიდან გამოვიყენე. მგონია, ამ ყველაფრისგან გამომდინარე, პოეტი ტიპაჟი იყო.
- მგოსანს ქუჩაში ცნობენ?
- კი, ამას წინათ თეატრში ლევან წულაძის ''რომეო და ჯულიეტას'' ვთამაშობდით, მონტეგი ვარ და ამ დროს სცენაზე გამოსულს მომესმა დარბაზიდან: პავლე მგოსანი, პავლე მგოსანი. მანქანა არ მყავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმოძრაობ, ავტობუსში ავედი და იქ ბავშვებმა ატეხეს ხარხარი. იდიოტივით ვიცინოდი მათთან ერთად და მერე ყველა აგვყვა (იცინის).
- პოეტმა სიმამარმა როგორ შეაფასა თქვენი პერსონაჟი?
- წყნეთში ცხოვრობს და კარგა ხანია არ მინახავს, ალბათ, შეხვედრისას მეტყვის თავის კომპეტენტურ აზრს. დარწმუნებული ვარ, მოეწონებოდა, რადგან ეს როლი სწორად ''გაკეთებული'' მგონია.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა