21 ნოემბერი, 2014
''მე და ნუკი კოშკელიშვილმა დავხოცეთ ერთმანეთი...''
დარწმუნებული ვარ, მოთამაშეებიც და მაყურებლებიც ძალიან გაერთობიან ალბათ, გახსოვთ ჩვენი ბავშვობის თამაში ''ნამიოკობანა'', რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გექნებათ ნათამაშები, ყოველ შემთხვევაში შედარებით ახალი თაობის წარმომადგენლებს. ''პალიტრა TV''-ზე მალე სწორედ ამ ტიპისა და შინაარსის გადაცემას შემოგთავაზებენ, სახელად ''მიმიხვდი''. გადაცემაში მონაწილეობას ორ-ორი პოპულარული მონაწილისგან დაკომპლექტე-ბული სამი წყვილი მიიღებს, გაიმართება ფინალიც, სადაც საუკეთესო ''ამხსნელები'' მოიყრიან თავს. დავალება კი არც ისე მარტივია, თქვენს მეწყვილეს უნდა აუხსნათ სიტყვა, რომელიც შეგხვდებათ. გა
დაცემის წამყვანი თამთა ასათიანი გახლავთ, პირველ ჩაწერაზე თავადაც ძალიან იხალისა და გამშველებლის ფუნქციას იკისრა.

თამთა:

- ახალ გადაცემას გთავაზობთ, ახალსა და სახალისოს სახელად ''მიმიხვდი''. დარწმუნებული ვარ, მოთამაშეებიც და მაყურებლებიც ძალიან გაერთობიან. კალათაში მოთავსებული გვაქვს ცნობილი ადამიანების, პერსონაჟების, გმირების სახელები და მონაწილეებმა ერთმანეთს უნდა აუხსნან. პირველ ტურში შეუძლიათ სიტყვებით, სიმღერით აუხსნან, მეორე ტურში მხოლოდ ერთი სიტყვით უნდა მიახვედრონ, მესამეში კი - ხელებით, ფეხებით, ცეკვით ან მიმიკით. ირგებენ როგორც გამომცნობის, ისე ამხსნელის როლს. სწორი პასუხისთვის თითო ქულას იღებენ. გამოვლინდება სეზონის გამარჯვებული, რომელიც პრიზად მოგზაურობას მიიღებს.
- ვიცი, რომ ძალიან აზარტული იყო პირველივე გადაცემის ჩაწერა.
- გადაცემას რომ ვწერდით და ვუყურებდი, რა დღეში იყვნენ კონკურსანტები, მეც გამიჩნდა მონაწილეობის სურვილი. იყო კურიოზული მომენტებიც. ონისე ონიანი და ეკა ნიჟარაძე, თამუნა მუსერიძე და მარკუს მეტრეველი, ნუკი კოშკელიშვილი და ნიკა ვადაჭკორია ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ნუკის მოუწია ოთხით სიარული, რომ მეწყვილისთვის მიეხვედრებინა, კენტავრს განვასახიერებო. ძალიან მონდომებულად უხსნიდა. მიახვედრა თუ არა, გადაცემაში ნახავთ. ონისე ონიანს მოუწია შალვა ნათელაშვილის განსახიერება. მიუხედავად ხალისისა, იმდენად შევიდნენ ეშხში, რომ ცოტა ბრაზდებოდნენ. თამუნა ეკამათა ნუკის საჯარიმო ქულებზე. ბოლოს ქართულის სპეციალისტთანაც კი დავრეკეთ კონსულტაციისთვის (იღიმის).
ერთი გამარჯვებული უკვე გადავიდა ნახევარფინალში და ამას გადაცემაში ნახავთ, რომელიც 21 ნოემბერს საღამოს 21 საათსა და 45 წუთზე გავა ''პალიტრა TV''-ს ეთერში.

ნუკი კოშკელიშვილი:

- კიდევ თუ იქნება მსგავსი გადაცემის ჩაწერა, იმედია, ისევ დამპატიჟებენ. ბავშვობაშიც მითამაშია. აზარტულთან ერთად, ძალიან სასაცილოც არის. მომიწია კენტავრის განსახიერებამ და ოთხზე სიარულმა და მივახვედრე (იღიმის). საერთოდ, აზარტული საერთოდ არ ვარ, მაგრამ ამ გადაცემის ჩაწერაზე არ მოვიწყინე. ეს უწყინარი აზარტია.
- ვიცი, რომ შენ და თამუნამ იკამათეთ.
- ცოტა შევკამათდით, რადგან თამუნამ ძალიან სერიოზულად აღიქვა ეს ამბავი, მე უფრო მსუბუქად. ეტყობა, ჩემზე გაცილებით აზარტულია. ხომ იცი, სამართლიანი სულისკვეთება რომ აქვთ ხოლმე.

თამუნა მუსერიძე:

- საშინლად აზარტული ვარ. სწორედ ჩემი ამ თვისების გამო არასდროს ვთამაშობ ნარდს, კარტს, დომინოს, მოკლედ, ასეთ თამაშებს არ ვეტანები. რომ წავაგო, შეიძლება, სახეში შემოვცხო ის ნარდი ვიღაცას (იცინის). ზუსტად ვიცი, რომ აზარტულობის გამო ძალიან დიდი პრობლემები შემექმნება, ერთხელ რომ შევიდე კაზინოში, ალბათ, შევრჩები იქაურობას და ვეღარ გამოვალ. როდესაც ''პალიტრა თV''-ს გადაცემაში მიმიპატიჟეს, ისეთ აზარტში შევედი, რომ მე და ნუკიმ ლამის დავხოცეთ ერთმანეთი.
- ნუკიმაც მითხრა, ძალიან სერიოზულად მიიღოო.
- ამაზე არ იყო საუბარი, უბრალოდ, მე რაღაც არ ჩამითვალეს და ნუკის ჩაუთვალეს. მას არაფერს ვერჩოდი, მაგრამ პროდიუსერს ვთხოვე, რომ ჩემთვის ქულა მოემატებინათ ან ნუკისთვისაც დაეკლოთ. საბოლოოდ, გადაახვიეს და ყველაფერი სამართლიანად გადაწყდა. ძალიან გამიჭირდა ჩე გევარას მხოლოდ მიმიკით ახსნა მეწყვილისთვის, მარკუს მეტრეველისთვის. ვერაფრით ავუხსენი. ყველაზე მარტივი იყო სტას პიეხას გამოცნობა. მარკუსმა მიმანიშნა, რომ საუბარი იყო რუს მომღერალზე, რომლის სახელი ძალიან ჰგავდა სიტყვა ''სტოპ''-ს (იღიმის). ვინაიდან რადიოში ვმუშაობ და რუსულ ესტრადასთან მეტ-ნაკლებად ვმეგობრობ, ადვილად გამოვიცანი.
- ხომ გაერთე საბოლოოდ?
- ვერა, ნერვები დამწყდა (იცინის).

ნინო მურღულია 
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS