31 ოქტომბერი, 2014
''ფოტოს გადასაღებად რომ მივედი, უცებ მეუღლე მოვარდა...''
21 წლის ლუკა გვაზავა უკვე სამი წელია, ფოტოებს იღებს, მაგრამ სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, მისი მთავარი ენერგია ქუჩის ფოტოგრაფიაზე იხარჯება. ''რეიტინგის'' წინა ნომერში რუბრიკა ფოტობლოგში ახალი ''ფეისბუქ''-გვერდი წარმოგიდგინეთ. ამ გვერდზე ოთხი ახალგაზრდა მუშაობს და მათ შორის არის ლუკაც.

- კვების პროდუქტების ტექნოლოგიაზე ვსწავლობ, მაგრამ არ ვაპირებ, რომ ბოლომდე ამ პრო-ფესიას გავყვე. პოლიტიკოსობა მინდა, ოღონდ დაახლოებით თხუთმეტი წლის შემდეგ, როცა მექნება გამოცდილება და იმის უფლება, რომ მოვიდე პოლიტიკაში.
ბავშვობიდან მიყვარდა სურათების გადაღება, მაგრამ მაშინ პოლაროიდის აპარატი მქონდა,
რომე-ლიც გადაღებისთანავე ბეჭდავდა არცთუ ხარისხიან ფოტოებს. სამი წლის წინ ბებიამ ამერიკიდან კარგი ციფრული აპარატი გამომიგზავნა. თავდაპირველად ყველაფერს ვიღებდი, ქუჩაში დავდიოდი და თუ რამე საინტერესოს დავინახავდი, ვუღებდი. ახლა ვსწავლობ და ვმუშაობ, ცოტა ნაკლები დრო მრჩება გადაღებისთვის, მაგრამ ენერგიას ზაფხულისთვის ვინახავ.

Rating

- გაიხსენე პირველი გამორჩეული კადრი.
- ძალიან მიყვარს ცნობილ ადამიანებთან სურათების გადაღება. ყველაზე დიდ მიღწევად კრიშტიანუ რონალდოსთან გადაღებულ სელფი მიმაჩნია. ასევე გადავიღე მუსიკოს იური შევჩუკთან და უამრავ ცნობილ სპორტსმენთან. მსახიობებიდან - გივი ბერიკაშვილთან. ჩემი ოცნება სტივ ჯობსთან სურათის გადაღება იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხებ (იღიმის). 11 დეკემბერს ბაქოში მივდივარ, რომ ერთ-ერთ ცნობილ სპორტსმენთან სურათი გადავიღო, მანამდე კი გრეგორი ლეპსთან ვცდი ფოტოს გადაღებას.

Rating

- ლუკა, ძალიან საინტერესო პროექტის
Humans from Tbilisi

ერთ-ერთი ავტორი ხარ, გიორგი კალანდიას, გიორგი ქადაგიშვილსა და იოანე ედიშერაშვილითან ერთად...

Rating

- ეს პროექტი დაახლოებით ექვსი თვის წინ დავიწყეთ, როდესაც მისი ამერიკული ანალოგი ვნახეთ. მაშინ ვიფიქრეთ, რომ უნდა გაგვეკეთებინა ქართული გვერდი, რომლის საშუალებითაც ყველას შეუძლია ნახოს, როგორ ცხოვრობს ქართველი ხალხი. ჩვენი მთავარი გზავნილი მაინც აფხაზი და ოსი ახალგაზრდებისთვისაა. გვინდა დაინახონ, როგორი კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში.

Rating

- რა მოგიტანათ ამ პროექტმა?
- პირადად ჩვენ არაფერი, მაგრამ ერთი მოხუცი ჩავწერეთ – თამაზ ჭანტურია, რომელიც დევნილი გახლდათ და სახლი არ ჰქონდა. ჩვენი ინტერვიუს საშუალებით ამ კაცის დაბინავება დაჩქარდა, სამწუხაროდ, მასთან კონტაქტი დავკარგეთ. დევნილთა სამინისტროში შევიტანეთ განაცხადი და გვინდა, ეს პროექტი უცხოეთში გავიტანოთ.

Rating

- როგორ ითანხმებთ ხალხს ინტერვიუებზე?
- ძალიან გვიჭირს, ნახევარი არ გვთანხმდება. ლეპტოპით დავდივართ და გვერდს ვაჩვენებთ ხოლმე სოციალურ ქსელში. ამ პროექტის ფარგლებში ყველაზე კარგი ინტერვიუ გივი ბერიკაშვილთან გამოგვივიდა. შემთხვევით შევხვდით ყაზბეგის გამზირზე. დიდხანს გვესაუბრა. ინტერვიუს გარეთ დაახლოებით ორი საათი ვილაპარაკეთ. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა.

Rating

- ყველაზე დიდი წინააღმდეგობა თუ გახსენდება?
- რამდენიმე თვის წინ ალექსანდრეს ბაღში ბავშვიანი გოგონა იჯდა. ინტერვიუზე და ფოტოს გადასაღებად რომ მივედით, უცებ მეუღლე მოვარდა, რომელსაც ეგონა, რომ მასთან სხვანაირ ლაპარაკს ვაპირებდით. ძლივს დავარწმუნეთ, რომ ინტერვიუზე ვიყავით. სხვა მოძებნეთო, უხეშად მოგვიშორა.

Rating

- ლუკა, შენი საოცნებო პროექტის შესახებ მოგვიყევი, რომელი ქვეყნის მოსახლეობას გადაიღებდი სიამოვნებით?
- ჩემი მომავლის ოცნება, ჯერჯერობით, ამ პროექტის განვითარებაა, მინდა, რამდენიმე ქალაქის, ნიუ-იორკის, ამსტერდამის ანალოგიურ გვერდებს დავუმეგობრდეთ.
რაც შეეხება გადაღებას, სიამოვნებით წავიდოდი ბრიტანეთში და მათთან ჩავწერდი საინტერესო ინტერვიუებს. ძალიან გახსნილი ხალხია, ბევრი ლაპარაკი უყვართ და ძირითადად, დადებითზე საუბრობენ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS