02 ნოემბერი, 2014
ნიკა ქავთარაძე ყოფილ ქალებს ბოდიშს უხდის
მეც დამიდგამს დრამატული სცენები ეჭვიანობის გამო ბოლო პერიოდში მამაკაცების მიერ ცოლებზე გახშირებულმა ძალადობამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სოციალურ ქსელში თემას გამოეხმაურა იუმორისტი ნიკა ქავთარაძეც. ''დღეს ერთმა ჩემმა ყოფილმა გოგომ შემიქო საჯარო განცხადებები მოძალადე ქმრებზე და ქალების უფლებებზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ განცხადებებს არ აქვთ მაქსიმალური თანხვედრა ჩემს ნამდვილ სახესთან, ამიტომ საჭიროდ ვთვლი განვმარტო:
1. ჩემს ცხოვრებას მხოლოდ ბულბულების ჭიკჭიკით შესრულებული კლასიკური მუსიკა არ სდებია ფონად.
2. მეც მიყვირია.
3. მეც გამიტეხია ტელევიზორის პულტი, მობილური, ჭიქა,
გაბრაზებულს.
3. მეც მიმიყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა.
4. მეც დამიდგამს დრამატული სცენები ეჭვიანობის გამო.
ამიტომ მეც ვარ მოძალადე და ამ მოძალადეს ვებრძვი მთელი ცხოვრება. და ზუსტად ვიცი, რომ თუ გავიაზრებთ, რაც გვჭირს, მაშინ პრობლემის მოგვარება ბევრად ადვილია.
ბოდიშს ვუხდი ყველა ქალს, ვისთვისაც გული მიტკენია და შეურაცხყოფა მიმიყენებია.
მე ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ქალებზე!!!
პ.ს.
ყველა მათგანი ცოცხალია, ჯანმრთელია და ბევრად ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ჩვენი ერთად ყოფნისას", წერს ნიკა საკუთარ ''ფეისბუქზე''. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ნიკას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ნიკა, შენი სტატუსი ერთგვარი მონანიებაცაა. შეგიძლია, დანამდვილებით თქვა, რომ მსგავსი რამ არასდროს აღარ განმეორდება შენს ცხოვრებაში?
- ადამიანი ვითარდები და უნდა ეცადო, რომ შეცდომები მეორედ არ დაუშვა. სულ ვცდილობ, საკუთარ თავზე ვიმუშაო და დავიხვეწო. ბოლო პერიოდი ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ვაპოვნინო ჩემთან საერთო და მეტ ადამიანთან ვიპოვო საერთო, რომ სოლიდარობა გაგვიჩნდეს. ძალადობა არაა მხოლოდ ცემა. როდესაც ადამიანი გამწარებული ამტვრევს ჭიქას, ამ დროს იმ ჭიქის შენთვის თავში დარტყმა უნდა და ის ჭიქა შენ გეკუთვნის. ვთქვი, რომ ასეთი საქციელი ჩამიდენია და ცუდია. და თუ ვინმეს მსგავი რამ გაუკეთებია, ეგებ ისიც დაფიქრდეს, რომ ეს ცუდია.
- შენი აზრით, რატომ იმატა საქართველოში ქალზე ძალადობის რიცხვმა?
- პირველ რიგში იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ქალზე ძალადობა საშინელებაა. რისი ბრალია ეს, გაუნათლებლობის, თუ კიდევ სხვა რამის, ეს უკვე დისკუსიის თემაა. მთავარი ისაა, რომ ჯერჯერობით საზოგადოება ვერ თანხმდება, რომ ეს ცუდია. ასეთი ამბების გავრცელებისას პირ-ველი რეაქციაა, ალბათ ღირსია, როგორც ჩანს, ისეთი რამ ჩაიდინა, რომ მოძალადე წყობიდან გამოვიდაო. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ძალადობის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა. მსხვერპლი ცალსახად ცოდო არაა. ჩვენ ყოველთვის მოძალადეს ვამართლებთ და არ ვიცავთ მსხვერპლს. ძალადობის ფაქტების მომრავლების მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ახლა უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეწოდება. არსებობს უამრავი ინსტიტუტი და ორგანიზაცია, რომელიც ასეთ ფაქტებს იკვლევს.
- ადრე შესაძლოა, ამდენი ინფორმაცია არ ვრცელებოდა, თუმცა ქმრების დიდი რაოდენობა ცოლებზე ძალადობდა?
- ჩვენი საზოგადოების ქალები ფიქრობდნენ, რომ როდესაც მათზე ძალადობდნენ, არ უნდა ეთქვათ. ქალებს დღემდე ეშინიათ, თუ ისინი იტყვიან, რომ ძალადობის მსხვერპლნი არიან, საზოგადოება მათ მიმართ არასოლიდარული იქნება და იმ მიზეზების ძებნას დაიწყებენ, რის გამოც ქალი მსხვერპლი გახდა. ჯერჯერობით ეს ყველაზე დიდი პრობლემაა.
ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც რამდენიმე ინსტიტუტი ხმამაღლა ქადაგებს, რომ ქალი და კაცი თანაბარი არაა. ჩვენ ბავშვობიდან არავინ გვიჩიჩინებს იმას, რომ ქალებზე ძალადობა ცუდია. გვასწავლიან, რომ შენ უნდა იყო მგელი და თავზე არავინ უნდა დაგაჯდეს. უცნაური ტონით ამბობენ ხოლმე, ქმრები ცოლებს უცხოეთშიც კლავენო. ადამიანი ყველგან შეიძლება იყოს ცუდი, მაგრამ მთავარია, საზოგადოება რას ამბობს მოძალადეზე. საზღვარგარეთ როდესაც მეზობელი სახლიდან ცოლ-ქმრის ჩხუბის ხმა ისმის, მაშინვე პოლიციას იძახებენ. ჩვენთან პოლიციელს იძახებენ, თუ ქეიფისა და სიმღერის ხმა ისმის ოჯახიდან. თუ ადამიანს კლავენ, ამბობენ, რა შენი საქმეა, კარი დაკეტეო.
- დღევანდელი გადასახედიდან, ფიქრობ, რომ როდესაც მეუღლეს ეჭვიანობის სცენებს უწყობდი, მას პატრულში უნდა დაერეკა?
- რა თქმა უნდა. როდესაც წყვილს შორის მსგავსი პრობლემაა, დახმარებისთვის მინიმუმ ფსიქოლოგს უნდა მიმართონ. როდესაც რაღაც ტიპის ჩხუბი და მუქარა არსებობს, უნდა გავაგებინოთ ჩვენს ახლობელ ადამიანებს, რომ მერე არ გაუკვირდეთ, რომ ქმარი გცემს ან მო-გკლავს. ვიღაცების შესახებ ვიცით, რომ იდეალურები არიან, მერე კი ვიგებთ, რომ მეუღლეს კლავენ და გვიკვირს, როდესაც ადამიანი სიკვდილით გემუქრება ან ხელს აწევს შენზე. ღმერთმა დამიფაროს, მე ეს ცხოვრებაში არ გამიკეთებია, ის ადამიანი საშიშია. მინიმუმ უნდა იმკურნალოს და მაქსიმუმ უნდა ეცადო, რომ მასთან გაწყვიტო კონტაქტი.
საქართველოში კიდევ ერთი პრობლემაა, ცოლის და ქმრის ჩხუბს სერიოზულად არავინ აღიქვამს. სულელური ანდაზა გვაქვს, ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს ნამდვილი ეგონაო. ქალებმა, რა თქმა უნდა, რაღაცებზე თვალი უნდა დახუჭონ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მსხვერპლშეწირვა. თუ გინდა, რომ შვილი გყავდეს და ვიღაცის ცოლი გერქვას, ამის გამო ცემას და შეურაცხყოფას არ უნდა იტანდე. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში კაცებიც ცუდად ვიქცევით. ქალს, რომელიც ქმარს ეყრება, სხვა თვალით ვუყურებთ. მაგრამ მაინც ადამიანის შეგნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. მე, მაგალითად, ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომლის ქმარსაც მასზე ადრე ვიცნობდი, მითხრა, რომ ქმარს დაშორდა იმიტომ, რომ ურტყამდა. შოკში ვიყავი. ვუთხარი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის გვერდით ვიქნებოდი. მითხრა, რომ ერთ მეგობარს უთქვამს, ქმარი თუ გინდა, ცემა უნდა აიტანოო. ისეთი მეგობარი არც უნდა გყავდეს, რომელიც ასეთ რჩევას მოგცემს. ცემა მოკვლის წინა ეტაპია.
ნებისმიერი რამ, რაც ხელს გიშლის განვითარებისთვის, უნდა გააპროტესტო.
- სოციალურ ქსელში დაწერე, ''ქალი ვიცი მე კუბოშიო'', სამწუხაროდ, ეს შავი იუმორი დღევანდელ რეალობას ასახავს.
- სამწუხაროდ, ეს ხუმრობაც აღარაა.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
nika
Amas ki akvs saechvianod saqme namdvilad.
03:01 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
იაპონელებმა მოძალადე მამაკაცებზე იზრუნეს,დაამზადეს რეზინის თოჯინები,საკმაოდ ლამაზები,რომლებიც არც ძალადობას გააპროტესტებენ და არც მათზე ძალადობისთვის მოგთხოვთ ვინმე პასუხს.შეიძინეთ და იყავით მოძალადეები და ბედნიერები.
11:53 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
?
როგორ უნდა იყო ამის ქალი ან ყოფილი?
10:05 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS