30 ოქტომბერი, 2014
ოთო ფოლადაშვილი პაემნებისთვის მხოლოდ ღამით იცლის - ''13 წლის ასაკში საცოლე მყავდა...''
ქალაქის მერობის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს ოთო ფოლადაშვილმა სახელი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობით გაითქვა. მისი ყველა ბიჭს შურს, რადგან სხვადასხვა სეზონზე სულ ცნობილ გოგონებს უწევს პარტნიორობას - ნუკი კოშკელიშვილს, რუსკა მაყაშვილს, იულია ქავთარაძეს, ნინი ნებიერიძეს, და ბოლოს მისი მეწყვილე ნინი ბადურაშვილი იყო. ეს უკანასკნელი ოთოს ახალი გადაცემა ''რეიტინგის'' პირველ სიაშიც მოხვდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საპატარძლო. ოთომ ტელეწამყვანის ამპლუა ''მარაო რუსთავი 2''-ზე მოირგო, მანამდე მეტყველების გაკვეთილებზე სიარულიც დაიწყო და მოკლედ, ყოველმხრივ მოემზადა, სანამ ამ თავისთვის საოცნებო
საქმეს შეუდგებოდა. სხვათა შორის, კიდევ ერთი პროფესია ეოცნებება - მსახიობობა და უკვე გადაუღიათ კიდევაც მოკლემეტრაჟიან ფილმში.

- ოთო, ინტერვიუს დაწყებამდე შენს მეგობარს ტელეფონზე ასე უპასუხე: ''ქალაქის მერი გისმენთ''. ახლა არ მითხრა, რომ ამის ამბიციაც გაქვს.
- (იცინის) არაა!.. ქალაქის მერობის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს. ამბიციური ვარ ჩემს საქმეში, ცეკვაში.
- ტელეწამყვანობის ამბიცია ხომ გაქვს. როგორ მოირგე ეს ამპლუა? სახელი კი ჩვენი ჟურნალის დაგირქმევია.
- თქვენ ხართ აქ ყველაზე მთავარი და მთავარი. ძალიან მაგარია. სულ მინდოდა, წამყვანი ვყოფილიყავი და ფილმებშიც მეთამაშა. ნელ-ნელა ოცნებები მიხდება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაია ასათიანს, პროდიუსერ ნიკა ხაჩიძეს ამ შესაძლებლობისთვის, ''მარაოს'' მთელ შემადგენლობას და მინდა აღვნიშნო, რომ დიდი სიამოვნებაა მათთან ერთად მუშაობა, მათ გვერდით ყოფნა. ხელს მიწყობენ და არაფერში მზღუდავენ. რაც შემიძლია, იქიდან მაქსიმუმს აკეთებენ. მეც ძალიან მონდომებული ვარ და მინდა, იმედები არ გავუცრუო.
- რა სირთულეები შეგხვდა ტელეწამყვანობისას?
- საერთოდ, არანაირი სირთულე არ ყოფილა ერთადერთის გარდა - მეტყველებასთან დაკავშირებით. წამყვანს სულ სხვანაირი მეტყველება სჭირდება. რომ დავიწყე გაკვეთილებზე სიარული ქალბატონ მანანა ითონიშვილთან, მითხრა, რომ პირის აპარატი გაზარმაცებული მქონდა. ამაზე დავიწყეთ მუშაობა და ახლაც ვმუშაობთ. ჩემებურად აღარ უნდა ვილაპარაკო. როგორც ცეკვისას ამუშავებ ფეხის ტერფს, ისე ვავარჯიშებ ენას, ხახას, პირის აპარატს. ჩემი აზრით, ძალიან მოკლე დროში კარგი შედეგი დადო და ჩემგან სულ სხვა ოთო დააყენა. ახლა ვხვდები კიდევაც, რა უნდა მეთქვა და რა - არა, სად რა ''მოვარტყი'' და სად - არა. თუმცა, ზოგადად, ლაპარაკი არ მიჭირს, რადგან საერთოდ არ მაქვს კომპლექსები.
- დავუბრუნდეთ გადაცემას და მის თემას, სასურველი საპატარძლოები. შენთვისაც აქტუალურია ეს თემა. თანაც, სულ ცნობილ ქალებთან გიწევს ურთიერთობა.
- ცნობილი ქალი ჩემ გვერდით წარმომიდგენია. ყველას უნდა, რომ მის გვერდით იყოს წარმატებული ქალი, არ მინდა, ჩემი მეორე ნახევარი რამით დავჩრდილო. მსურს, თავის საქმეში ძალიან მაგარი იყოს და არა აქვს მნიშვნელობა, მოცეკვავე იქნება, მომღერალი თუ მსახიობი. ''სახლში დაჯექი, ქალო, და ხაჭაპური გამიკეთე'', - ეს ჩემი სტილი არ არის. მინდა, ორივეს ჩვენ-ჩვენი საქმე გვქონდეს და იმას ვაწვებოდეთ.
- გარეგნულ ფაქტორს რა მნიშვნელობა აქვს?
- ჩემი აზრით, პირველი შეხედვიდან უნდა წამოვიდეს ყველაფერი, ჩემთვის გარეგნობა ძალიან ბევრს წყვეტს.
- ყველას აინტერესებს, რატომ არის ოთო მარტო.
- რა ვიცი, რა უნდა ამ ბიჭს, ვერ გავიგე. ალბათ, ჯერ არ დადგა ის პერიოდი, რომ ძალიან სერიოზულ ურთიერთობაზე ვიფიქრო. 20 წლის ვარ. ზოგადად, ალბათ, ჯერ არ ვარ მზად, რომ ვიღაცამ რაღაც მიკონტროლოს.
- სერიოზულად შეყვარებული ყოფილხარ?
- შეყვარებული კი არა, 13 წლის ასაკში მყავდა საცოლე. მასზე დაქორწინებას სერიოზულად ვფიქრობ-დი. არ ვხუმრობ. ყველამ იცოდა, მისმა და ჩემმა ოჯახებმაც. 16 წლის ასაკში გავაცნობიერეთ, რომ დაქორწინება აღარ გვინდოდა. თქვენ გჯერათ, რომ ამ ასაკში სერიოზული ურთიერთობა მექნებოდა? მას შემდეგ არავინ მყვარებია.
- საპატარძლოებიდან, ახლა რომ გადაცემაში დაასახელე, ვის წარმოიდგენდი ყველაზე მეტად შენ გვერდით?
- არ მინდა, რომელიმეს ვაწყენინო. ყველას გვერდით სიამოვნებით ვიქნებოდი.
- და გააკონტროლებინებდი თავს?
- გავაკონტროლებინებდი კი არა, ყველაფერს გავაკეთებინებდი (იცინის).
- ამ ათეულში მოხვდნენ შორენა ბეგაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი და კიდევ ბევრი სხვა. სხვადასხვანაირი ქალები...
- მერე ვინ გითხრა, რომ მე ერთფეროვნება მიზიდავს? ორი წლის წინ რომ გეკითხა, დანამდვილებით გეტყოდი, რომ უფრო მეტად მომწონს ქერა გოგონა, ის იყო ჩემთვის ღვთაებაც და ყველაზე სასურველი ქალიც. დღეს ასე აღარ ვფიქრობ. მივხვდი, რომ ბევრი შავგვრემანი ქალიც ლამაზია და ქერებზე მაგრებიც არიან. ახლა უპირატესობას არ ვანიჭებ ქერას თუ წითურს, მთავარია, თავად როგორ გამოიყურება.
- გოგონებს შორის ბევრი თაყვანისმცემელი გყავს.
- ძალიან სასიამოვნო თემაა. ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ ხალხში დადებით ემოციას ვიწვევ. ყველა სითბოთი და გაღიმებული მიყურებს. მეც ანალოგიურად ვპასუხობ და ეს ყურადღება კარგია. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც აჭარბებენ, მაგალითად მირეკავენ დღეში 56 ათასჯერ. ერთი და იგივე გირეკავს, გირეკავს და ასეთი არის დაახლოებით 15 გოგონა. არც ერთს არ ვიცნობ. ზოგი საერთოდ არაფერს მეუბნება და მისმენს. არის შეხვედრები, საჩუქრები, სახლში მოკითხვები. დიდ ფანტაზიას იჩენენ.
- საკუთარი თავი თუ შემოუთავაზებიათ?
- როგორ არა, მაგრამ იშვიათად. მოუწერიათ, შენგან ბავშვი მინდაო.
- ანუ პირდაპირ ბავშვამდე მიდიოდნენ?
- (იცინის) ეგრევე ბავშვი, განა, სექსი უნდა? შეიძლება, სექსი არც უნდოდა. ლამის სახლში მოვიდა, გადაზომა, აქ ჩემი ოთახი იქნებაო (იღიმის). ამ ყველაფერს ძალიან საღად ვუყურებ. სხვადასხვა კატეგორიის გოგონა არსებობს.
- დიდი ასაკის ქალებს თუ მოსწონხარ?
- ალბათ, უფრო სასიძოდ (იღიმის), როგორც კარგი ბიჭი და წარმატებული მოცეკვავე. არა მგონია, სხვანაირად მოვწონდე უფროსი ასაკის ქალებს. მე თვითონ არასდროს მომწონებია 35 წლის ზემოთ ქალი. ჩემს კვადრატში ვტრიალებ (იცინის).
- როგორ ფიქრობ, როგორც ტელეწამყვანს, შეგემატება თაყვანისმცემლები?
- ახლა ისეთ ეტაპზე ვარ, რომ ამ მხრივ ყველას რჩევებს ვეკითხები. პირველად ვარ ამ სფეროში. ჯერჯერობით რჩევა არავის მოუცია, ყველა მეუბნება, რომ ძალიან კარგი იყო პირველი გადაცემა. პატარა წვლილი ამ რეიტინგების შედგენაში მეც შემაქვს.
- საუკეთესო უკანალის ექსპერტი ნამდვილად იქნები. რაც შენ ნახევრად შიშველი ქალები გყავს პარკეტზე დაბზრიალებული.
- (იცინის) შეძლებისდაგვარად, კი.
- ''ცეკვებზეც'' გკითხავ. ნინის სულ დასცინოდი რეპეტიციებზე.
- ბიჭების უმრავლესობას ჩემი შურს, რადგან ვინც კი გოგონა მოსწონდათ, ყველა ჩემი პარტნიორი გახდა ცეკვებში. ნინი არის კარგი მეწყვილე, რაც მთავარია, მშრომელია. აქვს ნიჭი, რომ იყოს ძალიან მაგარი, უბრალოდ, რაღაცები ხელს უშლის, მცირე კომპლექსები ან შესაძლოა, არ არის იმ დონეზე გაწელილი, რაც ამ ცეკვებს სჭირდება. მონდომებული ადამიანი ნამდვილად იყო. თავიდან ცოტა მაგიჟებდა, მაგრამ შემდეგ ერთ თქმაზეც იჭერდა ყველაფერს. 
- სულ აქტუალური შეკითხვაა, ამ ცეკვებში მამაკაცები ქალებს ხან თავზე შემოისვამენ, ხან ხელს სტაცებენ უკანალზე. არანაირი გრძნობა არ გიჩნდება?
- სულ მეკითხებიან, ნახევრად გახდილ გოგონებს რომ ეცეკვები, არაფერს არ გრძნობო? როცა ჩამოყალიბდები მოცეკვავედ და ხარ პროფესიონალი, ცეკვის დროს მის უკანალზე აღარ ფიქრობ და არც იმას, აუ, არ ტანი აქვსო. ფიქრობ, რომ აწევის დროს ძირს არ ჩამოგივარდეს, რომ ტერფი სწორად დადგა, ხელი ლამაზად დაიჭირო, გოგონასთან ცეკვის დროს ურთიერთობა გამოხატო. ამიტომაც ამდენი წვრილმანის ფონზე, აღარ გრჩება სხვა რამეებზე საფიქრალი დრო.
- სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძეს ერთმანეთი ხომ შეუყვარდათ?
- მათ ცეკვების მერე დაიწყეს ურთიერთობა. თუმცა, მეორე მხრივ, რომ დაუკვირდეთ, წყვილების უმრავლესობა დაოჯახებულია, რადგან მაინც, ეს ცეკვები ქალისა და კაცის ურთიერთობაა. ძალიან რთულია, შეეგუო და შეეწყო შენს მეწყვილეს. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ხასიათს, ენერგეტიკას. თუ მცირე ბზარი გაჩნდა, ის წყვილი აუცილებლად დაიშლება. იმიტომ ვიცეკვოთ ერთად, რომ ჩემპიონები ვართ, მოვალეობის გამო, ასე არასდროს გრძელდება. ეს ოჯახივითაა, რომელიც ბავშვის გამო ცდილობს ურთიერთობის შენარჩუნებას.
- როგორც მსახიობს, შემოთავაზება გქონდა?
- მოკლემეტრაჟიან ფილმში გადამიღეს, მაგრამ ჯერ არ შეიძლება არაფრის თქმა. კიდევ ველოდები შემოთავაზებებს. ზოგადად, სამეჯლისო ცეკვები მინისპექტაკლებია. ყველა ცეკვის მორგებისას განსხვავებულ ხასიათს ირგებ, შესაბამისად, მსახიობი გამოდიხარ. ამიტომაც მაინტერესებს ეს სფეროც. ბავშვობიდან მინდოდა სიმღერა, მაგრამ მონაცემები არ მაქვს.
- კიდევ გაქვს რაიმე გატაცება?
- მეტს არაფერს ვაკეთებ. ძილის დრო არ მრჩება, მთელი დღე ჭამას ვერ ვასწრებ. კიდევ რომ რაიმე ჰობით ან წიგნის კითხვით დავკავდე, გავგიჟდები.
- პაემნებზე როდის დადიხარ?
- ღამე (იცინის). დღე ამისთვის ვერანაირად ვერ ვიცლი.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა