22 ივნისი, 2013
ვინ დაპატიჟა დიანა ტრაპაიძე მოსკოვის სტრი პტიზკლუბში

მამაჩემი საექსკურსიო ბიუროში გიდად მუშაობდა, ჯერ საქართველო შემოგვატარა, შემდეგ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში დავდიოდით, ყოველ ზამთარს ან რიგაში ვიყავით, ან ტალინში, ან მოსკოვში, ან ლენინგრადში. ტელეჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ მოგზაურობა ადრეულ ასაკში დაიწყო. მამა გიდი გახლდათ და შვილებთან ერთად საბჭოთა კავშირის უამრავი ქალაქი მოიარა. დიანას იმდროინდელი ბევრი ფოტო შემორჩა და რამდენიმე ჩვენც გადმოგვცა სანახავად. როდესაც გაიზარდა და ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა, ჩვენს რესპონდენტს ასევე ბევრ ქვეყანაში მოუწია ყოფნამ, ოღონდ ამას მოგზაურობით ტკბობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. დანარჩენს თავად გვიამბობს.

- მოგზაურობა ბავშვობიდან მიყვარდა. თავიდან წიგნებით დავიწყე ქვეყნებში მოგზაურობა, ძალიან მდიდარი წარმოსახვის წყალობით, მქონდა შეგრძნება, რომ ყველა იმ ქვეყანაში ვყოფილვარ, რომელზეც წამიკითხავს. სულ მეგონა, ყველა ქვეყანა იმიტომ არსებობს, რომ მე, ქობულეთში მცხოვრებს, გამეგო მათი არსებობა (იცინის).
მამაჩემი საექსკურსიო ბიუროში გიდად მუშაობდა, ჯერ საქართველო შემოგვატარა, შემდეგ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში დავდიოდით, ყოველ ზამთარს ან რიგაში ვიყავით, ან ტალინში, ან მოსკოვში, ან ლენინგრადში. ერთი ტურნე ასეთი გახლდათ, საბჭოთა კავშირის გმირი ქალაქები და ამ ტურნეს ფარგლებში საბჭოთა კავშირის 15 ქალაქი მოვიარეთ. ყველა ადგილი და ღირსშესა-ნიშნაობა კარგად მახსოვს, რამდენჯერ მინახავს წლების შემდეგ ფოტოსურათი და გამხსენებია, რომ წლების წინ მეც ვყოფილვარ იმ ადგილზე.
ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ სივრციდან ნამყოფი არ ვიყავი, იყო აზერბაიჯანი. ტელეკომპანია „იმედში“ რომ მოვხვდი და გაიხსნა, ასე ვთქვათ, სამუშაო ვიზიტების პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა ხელმძღვანელებმა, მაია თაბაგარმა და მათე კირვალიძემ დამიძახეს და ასეთი ტესტი ჩამიტარეს - „პაპრიგუნია სტრეკაზა, ლეტო კრასნოე პრაპელა...“ დაგვისრულეო. მეც ბოლომდე ვთქვი და გაეცინათ, იმდენი რუსული კი გცოდნია, ბაქოში რომ პრემიერს გაჰყვე ვიზიტზეო (იღიმება). ასეთი მოკლე ტესტით მოვხვდი ბაქოში ზურაბ ჟვანიასთან ერთად. შემდეგ ასევე მასთან ერთად მომიწია ბრიუსელში გამგზავრებამ. ერთ-ერთ ფოტოზე ბრიუსელში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვართ გადაღებული მე, ზურაბ ჟვანია და კახა ბენდუქიძე. კამერითა და მიკროფონით დავბოდიალებდი ქალაქში, ვიფიქრე, რაიმე საინტერესოს წავაწყდები-მეთქი და მოვხვდი იმ სასტუმროსთან, სადაც უამრავი მანქანა იყო გაჩერებული და ერთ-ერთი მანქანიდან ზურაბ ჟვანია გადმოვიდა. ეს შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, მე კი სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ეს მოთელვითი შეხვედრა გახლდათ ოფიციალურ შეხვედრამდე. ასევე შემთხვევითობა იყო, უკრაინაში იულია ტიმოშენკო რომ ჩავწერე. არ ვიცოდი, მას როგორ შევხვედროდი. უკრაინის პარლამენტის წინ დავდექი, იქნებ, ვინმემ ჩამოიაროს-მეთქი. ტიმოშენკო კომიტეტის შეხვედრაზე ყოფილა დაბარებული, გაჩერდა რამდენიმე მანქანა, გაიღო კარი და ერთ-ერთიდან იულია ტიმოშენკო გადმოვიდა. ჩემი და მისი ურთიერთობა ცნობილია. ნარინჯისფერი უკრაინული რევოლუციის დროიდან ვახსოვდი და შემდეგ, სადაც მხვდებოდა, ჩამიხუტებდა და იხსენებდა, როგორი წვლილი მაქვს შეტანილი უკრაინულ რევოლუციაში (იცინის). მოკლედ, მითხრა, ახლა არ მცალია და ორ საათზე ჩემს ოფისში მოდიო. იმდენად აქტუალური ინტერვიუ ჩავწერე, რომ ჩემი მასალა „როიტერმაც“ გადაიწერა. შრომაში უმართლებს ადამიანს და მე არასდროს ვჩერდებოდი.

- როგორც მივხვდი, საზღვრებს გარეთ ყოფნისას არასდროს იბნევი...
- საერთოდ, კარგი ორიენტაციის უნარი მაქვს და არსად დავკარგულვარ, თუმცა ჟურნალისტებისთვის ადრე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ტელეპუნქტისა თუ სტუდიის მიგნება, საიდანაც გადაღებულ მასალას თბილისში ვაგზავნიდით, ახლა ეს ყველაფერი ინტერნეტით ადვილად ხერხდება. ამას ჩვენს ენაზე „პერეგონი“ ჰქვია, ორი საათით ადრე მივდიოდი დანიშნულების ადგილზე და ეს იყო ჩვენი მთავარი სატანჯველი. მახსოვს, ბრიუსელში „პერეგონზე“ ერთ-ერთ ქუჩაზე, „ღიუ დე ლალუაზე“ მივდიოდი. ფრანგულად „ღიუ“ ქუჩას ნიშნავს, ტაქსიდან სადაც ამ სიტყვას დავინახავდი, ლალუას აღარ ვკითხულობდი და ტაქსისტს ვეუბნებოდი, აქ გამიჩერეთ-მეთქი (იცინის). ბოლოს მივხვდი, რომ ყველა ქუჩაზე წინ ეს სიტყვა ეწერა და ქუჩას ნიშნავდა. ერთი შემთხვევა მქონდა ჰოლანდიაში. ადგილობრივ რედაქტორს აერია და ქალაქის ცენტრში გამიშვეს ოფისში, რომელიც სადღეღამისო არ გახლდათ, მეორეც არსებობდა კუნძულზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. უნდა გენახათ, ღამის სამ საათზე რომ მივადექი ცენტრში მდებარე სტუდიას, საცვლების ამარა გოგო-ბიჭმა გამიღეს კარი და გაოცებული სახით მითხრეს, უკვე დახურულია ჩვენი ცენტრიო (იცინის). მახსოვს, როგორ ვდარდობდი „იმედის“ ამბავს, 1000 დოლარი ჰქონდათ გადახდილი ამ „პერეგონში“ , თანაც, იმ დროს ტე ლეკომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს. ჩემს მასალასაც დავტიროდი და ცრემლმორეული დავდიოდი ამსტერდამის ქუჩებში (იღიმება). თუმცა მაინც ვიპოვე გამოსავალი. რვის ათ წუთზე ჩამოვფრინდი, რვის ნახევარზე მივედი ტელევიზიაში და „ლინეიკაზე“ , ლაივ-რეჟიმში დავამონტაჟე სიუჟეტი 20 წუთში. რასაკვირველია, ეს სიუჟეტი უფრო კარგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მასალა მაინც მოხვდა ეთერში.
- თუ გაქვს შემთხვევა, როცა უბრალოდ, დასასვენებლად მიდიხარ?
- სულ სამუშაოდ დავდივარ, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში სემინარები ტარდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის დასვენება, მაგრამ არც ის ავადმყოფური შრომაა, რომელიც ჟურნალისტის მოვალეობის შესრულებისას მიწევდა უცხოეთში. მაგალითად, როგორც კი ჩავფრინდებოდით, სასტუმრომდე მისვლასაც ვერ ვახერხებდით, ბარგაკიდებულები პირდაპირ შეხვედრებზე დავრბოდით, მერე მასალის გადასაგორებლად და ყველაფერი რომ დამთავრდებოდა, ღამის ორ საათზე ვიწყებდით ჩვენი სასტუმროს ძებნას. მახსოვს, პრეზიდენტს ვახლდი მოსკოვში, თვითმფრინავში მივირთვით და მეორედ ისევ უკან დაბრუნებისას - თვითმფრინავში ვჭამეთ. შუალედში საერთოდ არაფერი გვიჭამია. ზემოხსენებულ სემინარებზე რომ ვიყავი, იქაც ვერ მოვისვენე, მაშინ „პალიტრაში“ ვმუშაობდი და ნიუსს ნიუსზე ვაგზავნიდი, „პალიტრა ტევესთვის“ სიუჟეტიც მოვამზადე. ჯერ ბრიუსელში ვიყავი, შემდეგ პოლონეთში. შემეძლო, არ მემუშავა, რადგან სიტუაციის გასაცნობად ვიყავით მიწვეულები.
- დათვალიერება ვერ მოახერხე?
- ძირითადად ღამის კლუბები მაქვს ნანახი (იცინის). რაც ღია იყო მუშაობის დასრულებისას, იქ მივდიოდით ქართველი ჟურნალისტები. მახსოვს, მოსკოვში დაგვხვდა ოთარ კუშანაშვილი, გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის პატივი ეცა, ჯერ „მეტელიცაში“ დაგვპატიჟა, შემდეგ კი ახალგახსნილ კლუბში, რომელიც სტრიპტიზკლუბი აღმოჩნდა. ისე შემრცხვა, დაცვასაც კი ვუხსნიდი, პრეზიდენტის დელე-გაციის წევრები ვართ და უბრალოდ, დასათვალიერებლად მოვედით-მეთქი.
- ოთარს კარგად იცნობ?
- ახლოს არა, უბრალოდ, ის საღამო მასთან ერთად გავატარეთ.
- თავისუფალი დრო არ გქონია, რომ რაიმე ღირსშესანიშნაობები გენახა?
- საუკეთესო შთაბეჭდილებები დამრჩა მაშინ, როდესაც ექვსი დღით ჩრდილოეთ იტალიაში, ლაგო მაჯორეს ტბის ნაპირას მოვხვდი. იქ იტალიური სოფლები და დასახლებებია, ისტორიული ადგილები. ფორე მოსულიშვილის შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად ვიყავი. მას უყვარდა იქაური ქალი, რომელიც ცოცხალი დაგვხდა და გულისამაჩუყებელი სიყვარულის ამბავი მოგვითხრო. სამ დღეში მოვრჩით გადაღებებს და სამი დღე კიდევ დაგვრჩა. ვიყავით მილანში, ვენეციაში და ძალიან დიდი შთაბეჭდილებები მივიღეთ. ზოგადად, მე მომწონს პატარა ევროპული დასახლებები. ის ადგილები, სადაც ბევრი ტურისტი არ არის. ასეთი ადგილები განსაკუთრებულად მამახსოვრდება.
Rating
- სუვენირების, საჩუქრების ჩამოტანა თუ გჩვევია?
- სულ ჩამომაქვს საჩუქრები და ამით ვარ ცნობილი. ვინც ამ დროს დამყვება, ყველა დამცინის, კიდევ ვინმე ხომ არ დაგრჩა, ვისაც საჩუქარი უნდა უყიდოო. სულ მინდა, ოთახში მქონდეს კუთხე, სადაც სუვენირებს დავაწყობდი, მაგრამ ცნობილი „მეჭინჭე“ ვარ და სუვენირების ჩამოტანის მაგივრად, სამოსის შეძენა უფრო მსიამოვნებს. შოპინგი მიყვარს, მაგრამ როცა ვმუშაობ, არავინ და არაფერი მახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე ვიყავი და ახლა რომ რეპორტაჟის გასაკეთებლად გამგზავნონ, არ ვიცი, როგორ მოვიქცევი. ალბათ ყველაფერს თავისი ასაკი აქვს.
- ცოტა შოპინგზეც ვილაპარაკოთ, სულ ფერად ტანსაცმელს ატარებ...
- ვგიჟდები ფერად სამოსზე. მთელ თბილისს რომ შავები ეცვა, მე მაშინაც ფერად სამოსს ვანიჭებდი უპირატესობას. როცა საზღვარგარეთ ვარ, სულ ფერად ტანსაცმელს ვეძებ. დიდი ხნის წინ, როდესაც ბრიუსელში მოვხვდი და მოლში შევედი, გაოცებული დავრჩი, რამდენი ტანსაცმელი ეკიდა ზომების მიხედვით.
სინგაპურშიც ვყოფილვარ, მსოფლიო ეკონომიკური სამიტი ტარდებოდა. ერთი დღე-ღამით ვიყავით და მეორე დილას უნდა გამოვფრენილიყავით. მე და დათო ნიკურაძე ვმუშაობდით. მთელი დღე ვიმუშავე, არა მხოლოდ ეკონომიკურ სამიტზე, არამედ ყველაზე წყალუხვ შადრევანზეც. შემოგვაღამდა და ვიკითხე, ხომ არ გვეშოპინგა-მეთქი. მიგვასწავლეს მუსტაფა-ცენტრი, რომელიც თურმე 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. მე და დათო ნიკურაძემ იმდენი ვიარეთ, რომ გამყიდველმა საათის შეძენისას მითხრა, დილა მშვიდობისაო, თურმე, უკვე გათენებულიყო, ჩვენ კი ვერ მივხვდით. ერთ-ერთ მაღაზიაში რომ შევედით, ხალხით იყო გადაჭედილი და დიდი ვაჭრობა მიმდინარეობდა. „ნაიკის“ კედები მომეწონა და ვიკითხე, არ დამიკლებთ-მეთქი? გამყიდველმა მიპა-სუხა, დაგიკლებდი, მაგრამ მუსტაფა მიყვირებსო. აღმოჩნდა, რომ რეალური მუსტაფა არსებობდა, რომლისაც იყო ის სავაჭრო ცენტრი.
- საოცნებო ქვეყანა თუ გაქვს?
- ოცნება დიდად არ მიყვარს. ისეთ სურვილს ჩავიფიქრებ ხოლმე, რომელიც ჩემს შესაძლებლობებს არ სცდება. მაგალითად, ახლა მაქვს ოცნება, ჩემს შვილთან, ელენესთან ერთად მოვხვდე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. ელენე უკვე 11 წლისაა და ის მეტად გაიგებს, ვიდრე ნიკოლოზი. მაგალითად, პრაღაში სიამოვნებით ჩავიდოდი. არ ვყოფილვარ იქ და მინდა, მხოლოდ ელენესთან ერთად წავიდე. რამდენიმე წლის წინ აუსრულებელი ოცნება მეგონა, რომ ჩემი ხარჯებით გავმგზავრებულიყავი სადმე.
- ახლა შეაგროვებ თანხას?
- პირველად მომინდა შეგროვება, ზოგადად არასდროს არაფერი მომიგროვებია. როგორც ჩემი ოჯახის წევრები ამბობენ, ფულის ხარჯვისთვის ვარ გაჩენილი. ამას ნაკლად მითვლიან, მაგრამ რა ვქნა, ჩემი ოჯახის წევრების გარდა, კიდევ მყავს რამდენიმე ადამიანი, ვისთვისაც მიყვარს ფულის ხარჯვა (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ბაბო
ქალმა საკუტარი ენა არ იცის და მას ქვია ჟურნალისტი?
06:27 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
დიანა, ქართული ენა ისწავლე, ჯობია. ისეთ ფრაზებს ამბობ, ხანდახან ყური აეწვება კაცს. ენის გაუბედურების უფლება არავის არ აქვს!
19:11 / 24-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მდაა ნი გუსტო
წარსულში არ ვიცი, მაგრამ ახლა რომ გიყურებ ეთერში ვერ გარჩევ ქალი ხარ თუ მამაკაცი, ხელებს ისე საშინლად იქნევ კაი მოჭიდავესავით თან კითხვა დასმული არა გაქვს თვითონვე აკეთებ კომენტარს და რესპოდენტს აღარ უტოვებ სალაპარაკოს, თითქოს მასზე მეტი იცი და ამის დემონსტრირებას აკეთებ, რავი რაღაცა გაკლია აშკარად...
21:13 / 23-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ტსიური ხოჯანასჰვილი
ცჰკვიანი და საკვარელი ჯურნალისტი ხარ მიხარია და მომტსონს სჰენი კურება ეტერსჰი გაიხარე ტსარმატებებს გისურვებ
16:30 / 23-06-2013
გამოხმაურება / 0 /
gogita
არჩევნებამდე სულ გიყურებდი რაც ლგბტ აქციის ჩაშლის შემდეგ შანსს არ უშვებ ბნელებად და გოიმებად წარმოგვაჩინო შენი გადაცემა და შენი პერსონა მზარავვს და სხვა არხზე ვრთავ
13:40 / 23-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS