25 ოქტომბერი, 2014
5 საუკეთესო ფილმი ცეკვის შესახებ
ყოველთვის სასიამოვნოა კარგად მოცეკვავე ადამიანის ყურება სცენაზე ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ცეკვა არ უყვარს. შესაძლოა, თავად ვერ ცეკვავდეთ, მაგრამ მუსიკის გაგონებისას აუცილებლად შეათამაშებთ მხრებს, ეს ხომ ძალიან სახალისო საქმეა, თანაც, თუკი ბახუსის ზემოქმედების ქვეშ ხართ... მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა კარგად მოცეკვავე ადამიანის ყურება სცენაზე თუ მის მიღმა და აქ ჟანრსაც არა აქვს დიდი მნიშვნელობა - ბალეტია ეს თუ ქუჩის ცეკვები.

ცეკვისას ყველაზე მნიშვნელოვანი ამა თუ იმ ილეთის ზედმიწევნით შესრულება არაა, რა თქმა უნდა, ესეც
საჭიროა, თუმცა ყველა მოცეკვავეს საკუთარი სტილი გამოარჩევს და კიდევ გიჟური ვნება ცეკვის მიმართ.

ფილმებში ამის წარმოჩენა საკმაოდ კარგადაა შესაძლებელი. მაგალითად, გინახავთ, ჟღალთმიანი კარმენი სურათში სახელად ''კარმენის ვნებები''?! მას გასული საუკუნის 50-იანი წლების სექსსიმბოლო რიტა ჰეივორტი განასახიერებს და ერთ-ერთ ეპიზოდში, უბრალოდ, ბრწყინვალედ ასრულებს კარმენის მომნუსხველ ცეკვას. თუკი ცოტა აქეთ გადმოვინაცვლებთ, აუცილებლად გაგახსენდებათ მოცეკვავე პრემიერ-მინისტრი ფილმიდან ''რეალური სიყვარული'', ამ პერსონაჟს ჰიუ გრანტი ასახიერებს და არ არსებობს, მისი მხრების აცანცარება თქვენი ღიმილის პირდაპირპროპორციული არ აღმოჩნდეს, როცა თავის კაბინეტში თავს მარტო დაიგულებს და ბრიტანული ჰიტის ჰანგებზე აცეკვდება. მაგრამ არსებობს არა მხოლოდ კარგი საცეკვაო მომენტები ფილმებიდან, ისეთი, როგორიცაა ალ პაჩინოსა და მისი მშვენიერი პარტნიორის ტანგო შეუდარებელი ''ქალის სურნელიდან'', არამედ თავად ფილმები ცეკვების შესახებ. დღეს სწორედ საუკეთესო ხუთეული შეგირჩიეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი ძალიან კარგი ფილმი ამ სიის მიღმა დარჩა...

''ხომ არ ვიცეკვოთ?'' - 1937 წლის სურათმა კინომაყურებელთა გულები დაიპყრო. ფრედ ასტერისა და ჯინჯერ როჯერსის საცეკვაო შესაძლებლობები ყველამ შეაფასა და დააფასა. ფრედი თამაშობს ბალერონს, რომელსაც ჯინჯერის მოცეკვავე პერსონაჟი შეუყვარდება. ერთი სიამოვნებაა ამ შესანიშნავი წყვილის ყურება, მაყურებელს უჩნდება შეგრძნება, რომ მოძრაობები, რომელთაც ისინი ასრულებენ, ძალიან მარტივია, თუმცა, რასაკვირველია, ასე არ არის. უბრალოდ, მათ გამოსდით ასე კარგად ცეკვა.

''ადამიანი-ორკესტრი'' - 1970 წლის ფილმმა ლუი დე ფიუნესის მონაწილეობით კინომაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. შეუძლებელია, მეხსიერებას არ შემორჩეს ქორეოგრაფი, რომელიც საკუთარ დასს ხელმძღვანელობს და ცეკვის გარდა, დასის წევრების პირად ცხოვრებაშიც აქტიურად ერევა.

Rating

''ბინძური ცეკვები'' - 1987 წელს გამოსული ეს კინოსურათი, ალბათ, მკითხველს აუცილებლად გაახსენდებოდა, როდესაც სტატიის სათაურს წაიკითხავდა. პატრიკ სიუეზისა და ჯენიფერ გრეის დუეტი, უბრალოდ, არაჩვეულებრივია და პირველივე წამიდან თვალს მოგტაცებთ. კი-ნოსურათს უდიდესი წარმატება ხვდა წილად, მდიდარი ოჯახიშვილის ბეიბისა და უბრალო მოცეკვავე ჯონის სასიყვარულო ამბავი ძალიან საინტერესო სანახავია და რაც მთავარია, შესანიშნავია ფილმის ქორეოგრაფიაც. აღარაფერს ვიტყვით პატრიკ სუეიზიზე, რომელიც, უბრალოდ, ცეკვისთვის დაიბადა.

Rating

''ავანსცენა'' - 2000 წელს გამოსული დრამის ერთ-ერთ საუკეთესო მისი ბოლო ეპიზოდია. ქორეოგრაფებმა მის დადგმაში აშკარად ძალიან დიდი შრომა ჩადეს. ბალერინა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საცეკვაო სასწავლებლის სტუდენტია, საწადელს ისრულებს და საფინალო დადგმის მთავარი მონაწილე ხდება. შეუძლებელია, თვალი მოაშოროთ ბალეტისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის ნაზავს, რომელიც ფილმის ბოლო მომენტში მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

Rating

''ნაბიჯი წინ'' - 2006 წელს ჩენინგ ტატუმმა სწორედ ამ ფილმით მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში და თავისი საცეკვაო შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა. მისი პარტნიორი ამ ფილმში, ჯენა დიუვანი, შემდგომში ჩენინგის რეალურ პარტნიორადაც იქცა, ის ცოლად შეირთო და პირადი ბედნიერებაც იპოვა.

Rating

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნანიკო
სიაში ყველა ფილმს ვერ შეიყვანდნენ.
15:17 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი დუნდუა
ამ ჩამონათვალს აკლია ფილმები "კორდობალეტი", "ცეკვები წვიმის ქვეშ", "კოტონ კლუბი", "შვიდი ძმის შვიდი საცოლე", "ვესტსაიდის ისტორია" და კიდევ მრავალი სხვა.
14:04 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS