21 ოქტომბერი, 2014
მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე სამი წელია, ქართველ მოდელზეა შეყვარებული
ამ დროისთვის მთელი არსებით ჩემს სპორტულ კარიერაზეა გადმორთული, ასევეა დედაჩემი ირაკლი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ავსტრიაში ემზადება. კარგი შედეგის მისაღწვად ყველაფერს აკეთებს. დღის განმავლობაში ბევრს ვარჯიშობს. სხვა პროფესიაზე არ ფიქრობს, მთლიანად ცურვაზეა გადართული. ირაკლის ინტერნეტით დავუკავშირდით.

- ირაკლი, ბავშვობა როგორ გახსენდება?
- დედა და მამა საქართველოდან გასული საუკუნის 90-იან წლებში არეულობის პერიოდში გაემგზავრნენ. დავიბადე კუნძულ კვიპროსზე, სადაც 3 წლამდე ვცხოვრობდი. თუმცა, რა თქმა უნდა, სულით, გულით, სისხლითა და ხორცით ქართველი ვარ.
- მშობლები რას საქმიანობენ?
-
მამაჩემი პროფესიით ინჟინერია, მაგრამ ამ დროისთვის მთელი არსებით ჩემს სპორტულ კარიერაზეა გადმორთული, ასევეა დედაჩემი.
- დედმამიშვილი გყავს?
- ძმა მყავს - 13 წლის სანდრო.
- ისიც მომავალი მოცურავეა?
- არა, ის საქართველოს მომავალი პრეზიდენტია.
- წყალი და ცურვა როდის შეგიყვარდა?
- ბავშვობიდან ვგიჟდებოდი წყალსა და ცურვაზე. კუნძულზე დავიბადე და ბავშვობიდან მშობლებს ზღვაზე დავყავდი. ცურვა და სიარული, ფაქტობრივად, ერთდროულად ვისწავლე.
- სამი წლის ასაკში საქართველოში ჩამოსვლა და თბილისთან შეგუება ხომ არ გაგიჭირდა?
- გამიჭირდა. ცოტა ენა ამერია და რამდენიმე კვირა საერთოდ ვეღარ ვლაპარაკობდი. თბილისს მალევე შევეგუე. კვიპროსიდან სამუდამოდ გადმოვედი საქართველოში.
- იმ ადგილის მონახულების სურვილი, სადაც დაიბადე, არ გიჩნდება?
- რამდენჯერმე ვიყავი დასასვენებლად. ბებიაჩემი დღემდე კვიპროსზე ცხოვრობს.
- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდება? კარგი მოსწავლე იყავი?
- სკოლის პერიოდი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მახსენდება. საუკეთესო წლებია, იმ დროს ვერ ვაფასებდი. სწავლით დიდად არ გამოვირჩეოდი. 11 წლიდან ცურვას სერიოზულად მოვეკიდე. ყოველდღე დილის 6 საათზე ვიღვიძებდი, 7 საათზე აუზზე ვიყავი და ვვარჯიშობ-დი, ამიტომ სკოლაში პირველი გაკვეთილის გაცდენა მიწევდა და თან, ძალიან დაღლილი მივდიოდი. სკოლის შემდეგ ისევ მეორე ვარჯიშზე მიწევდა წასვლა, ამიტომ სკოლაში დიდად არ გამოვირჩეოდი, თუმცა მყავდა კერძო მასწავლებელი, რომელიც თავისუფალ დროს მამეცადინებდა.
- ცურვის კარგად ცოდნა ცხოვრებაში გამოგიყენებია? ვინმე გადაგირჩენია?
- რა თქმა უნდა, გამომიყენებია. კარგად ცურვის გამო მოვხვდი ინგლისის ოლიმპიადაზე და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალიც ავიღე (იცინის), მაგრამ არავინ გადამირჩენია.
- ახლა რა შეჯიბრებისთვის ემზადები?
- მსოფლიო ჩემპიონატისთვის 25-მეტრიან აუზზე, რომელიც 3 დეკემბერს იწყება.
- საქართველოს სახელით არ გამოდიხარ? უცხოეთში რატომ ემზადები?
- საქართველოს სახელით გამოვდივარ. უბრალოდ, ერთი წელია, უკვე საზღვარგარეთ ვვარჯიშობ. ახლა ავსტრიაში ვარ. აქ არის კლუბი, სადაც ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან და ვარჯიშობენ.
- მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მხოლოდ შენ გამოხვალ?
- მსოფლიო ჩემპიონატზე სამი სპორტსმენი - მე, ირაკლი რევიშვილი და თემურ კობახიძე მივემგზავრებით.
- სამივე ავსტრიაში ერთად ვარჯიშობთ?
- არა, ისინი თბილისში ვარჯიშობენ.
- როგორ ფიქრობ, რა შედეგით დაბრუნდები?
- წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს და თავს შევიკავებ პროგნოზებისგან. მაქსიმალურად ვეცდები, საქართველო ვასახელო და ჩემი გულშემატკივრები გავახარო.
- ერთ-ერთ რეკლამაში, სადაც მონაწილეობ, ჩანს, რომ ბევრი სვირინგი გაქვს. აპირებ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ახალი სვირინგის გაკეთებას?
- სხეულზე მახატია პოსეიდონის სამკაპი და ოლიმპიური რგოლები საქართველოს რუკით. ახალი სვირინგის გაკეთებას ჯერჯერობით არ ვგეგმავ.
- შეყვარებული გყავს?
- დიახ მყავს, უკვე მესამე წელია, მიყვარს ელენე მახარაშვილი, ერთ-ერთი წამყვანი მოდელი საქართველოში.
- როგორ გაიცანი?
- ტელევიზორში ვნახე. მოდასთან დაკავშირებით მომზადებულ გადაცემაში, ამის მერე გამოვნახე საერთო კონტაქტები და შევხვდი.
- უახლოეს მომავალში აპირებთ დაოჯახებას?
- რიოს ოლიმპიადამდე დაოჯახებას არ ვაპირებთ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS