21 ივნისი, 2013
როდის გაიტაცა თამრი ფხაკაძე სასულიერო ლიტერატურამ
იმ დროს გამომცემლობა ''პალიტრაში L'' -ში ვმუშაობდი. რედაქტორი და შემდგენელი ვიყავი სამიჯნურო პოეზიის კრებულისა ''მიყვარხარ'' , იმავდროულად ''ჩვენ სამნი და ანგელოზს'' ვწერდი. ფილოლოგი მშობლების გარემოცვაში გაიზარდა, ამიტომ ალბათ ზედმეტი იქნება იმის თქმა, რომ წიგნი ბავშვობიდან შეიყვარა. ერთხანს დედა ბიბლიოთეკაში მუშაობდა და შვილიც დიდ დროს ატარებდა კატალოგებს შორის სირბილში. სანამ თავად ისწავლიდა კითხვას, წიგნებს ბებია-ბაბუა უკითხავდა. ბებია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ზაფხულობით საჩხერეში, სოფელ ჩიხაში ჩასულ შვილიშვილს ლამაზად წერას აჩვევდა. როცა არ ჩქარობს, ლამაზი კალიგრაფია
აქვს, ეს ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობაში რვეულში ნაწერს ყოველთვის უმოწმებდა ბებია და თუ რამე არ მოეწონებოდა, შენიშვნასაც აძლევდა.
თამრი ფხაკაძე პატარებისთვისაც წერს და უფროსი თაობის მკითხველისთვისაც. რამდენიმე მოთხრობაზე, რომანსა და პიესაზე ერთდროულად მუშაობა შეუძლია და თემატიკის ასეთი ცვლილებისას ისვენებს. დაახლოებით 2005 წლამდე თავის ნაწარმოებებს ხელით ქმნიდა, შემდეგ კალამი კომპიუტერმა ჩაანაცვლა. თამრი ფხაკაძის შემოქმედებაში ერთ-ერთი წარმატება 2002 წლის ''პენ მარათონი'' იყო. ფრაზაზე: ''რამდენიმე გაკვეთილი საკმარისი აღმოჩნდა, რომ...'' - მოთხრობა უნდა აეგო. დაწერა მოთხრობა ''გაკვეთილი'' , რომლისთვისაც კონკურსის მესამე პრემია გადასცეს. კიდევ რამდენიმე სხვა პრემიის მფლობელია. მათ შორისაა ''საბა'' და ''ოქროს ფრთა'' ...
აუცილებლად უნდა წაიკითხო ''ჯეინ ეარი'' , ''ჯენი გერჰარტი'' , ''კერი'' . ალბათ მათ გარეშე მკითხველი ქალის ცხოვრება ვერ ჩაივლის

- ბავშვობაში ბებია ''ვეფხისტყაოსანს'' მასწავლიდა. სკოლაში ჯერ კიდევ არ ვსწავლობდი, როცა ამ პოემის პირველი თავი უკვე ზეპირად ვიცოდი. ბებია ყოველდღიურად თითო-თითო სტროფს მაზეპირებინებდა, თან თავისი განმარტებებით, ყველა სიტყვას მიხსნიდა. იმავდროულად ვიცოდი მთელი პოემის ქარგა. პოემა იმდენად მელოდიურია და ისეთი ანბანური განლაგებაა, მის სტროფებს ბავშვი იოლად სწავლობს.
- შემდეგ ამას ალბათ მოჰყვებოდა ''ტომ სოიერის თავგადასავალი'' და სხვა წიგნები...
- მანამდე ვკითხულობდი ნინო ნაკაშიძის მოთხრობებს, განსაკუთრებით მიყვარდა მისი ''უღუ და თეთ'' . შემდეგ ჩემს ცნობიერებაში წარუშლელი ნაკადივით შემოვიდა მარკ ტვენის შემოქმედება. იმავდროულად ''ტომ სოიერის თავგადასავალი'' , ''ჰეკლბერი ფინი'' , ''უფლისწული და მათხოვარი'' . ამ სამიდან ჰეკი ყველაზე მეტად მიყვარდა, ის ყოველთვის ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟი იყო. ალბათ იმიტომ, რომ თავისუფალი სული ჰქონდა. პატარა ბავშვს და, საერთოდ, ადამიანს შეცნობილად და შეუცნობლად ხიბლავს თავისუფლება. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა წაიკითხო ''ჯეინ ეარი'' , ''ჯენი გერჰარტი'', ''კერი'' . ალბათ მათ გარეშე მკითხველი ქალის ცხოვრება ვერ ჩაივლის.
- დღეს როგორი მკითხველი ხართ?
- ვერ ვიტყვი, რომ დღეს კითხვას მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე წერას. კარგა ხანია გატაცებული ვარ სასულიერო ლიტერატურით. ახლაც წიგნის ფესტივალზე შევიძინე ძალიან საინტერესო წიგნი ''სარწმუნოების საიდუმლოება'' , რომელიც მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს ეკუთვნის. კარგი საკითხავია და ძალიან საინტერესო, ვინ როგორ მიდის ღმერთამდე... ხშირად ვკითხულობ წმინდა მამების ნაწერებს, იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურელის, ნეტარი ავგუსტინეს აღსარებანს. ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი ქართული ლიტერატურის განხრით დავამთავრე. ყოველთვის მიზიდავდა ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია. 26 წელი გავატარე ლიტერატურის მუზეუმში ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში. ანბანთქებაზე, თეიმურაზ I-ზე, ჰაგიოგრაფ ავტორებსა და სხვებზე ვწერდი წლიურ თემებსაც. რა თქმა უნდა, სასულიერო ლიტერატურის პარალელურად, ვკითხულობ სხვა ჟანრსაც და მყავს ''ჩემი'' ავტორებიც.
- ვინ არიან ისინი?
- ''ჩემს'' ავტორს ცოტა იუმორი უნდა ჰქონდეს, თუნდაც შავი. ასეთი ავტორები არიან კამილო ხოსე სელა და ბერჰარდ ვერბერი.
- თანამედროვე ქართველ ავტორებზეც გკითხავთ, ბევრი თქვენი მეგობარი და კოლეგაა. მათგან ყველაზე ხშირად ვის კითხულობთ?
- ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გამოვარჩევ აკა მორჩილაძეს.
- ნებისმიერი თაობის წარმომადგენელი ამ ავტორს ასახელებს....
- არ ვიცი, რატომ, მაგრამ ალბათ ამ მწერალს ყველა თავისებურად ხედავს. ზოგს მოსწონს იმიტომ, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე წერს, ზოგს - მისი ისტორიული ქარგის გამო. აკა მორჩილაძის სამწერლო ტექნიკა მომწონს. აკა მოუხელთებელს მოიხელთებს ხოლმე და დაწერს. მას ძალიან სერიოზულ მწერლად ვთვლი. როცა გეჩვენება, რომ რომელიმე ავტორის მსგავსად წერა შეგიძლია, ეს დიდი მწერლობის ნიშანია. სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ დაწერდი ისე, უბრალოდ, გეჩვენება და სწორედ ეს არის დიდოსტატობა (იღიმის).
- პოეზიიდან რომელ ავტორებს დამისახელებთ?
- რატი ამაღლობელის პოეზია მომწონს.
- ბავშვებისთვისაც წერთ, მათთვის წერა უფრო რთულია თუ პირიქით? ხვდებით ხოლმე მათ?
- ისე მოხდა, რომ ახლახან წიგნის ფესტივალზე ჩემს წიგნებთან აღმოჩნდნენ რუსთავის ''კარცერ ლუქსელები'' თავიანთ პედაგოგთან ერთად. ისინი ჩემს წიგნებს იძენდნენ. გოგონამ, რომელიც მათ წიგნებს უფუთავდა, უთხრა, რომ მე იმ წიგნების ავტორი ვიყავი, თუ გნებავთ, ავტოგრაფით გაგატანთო. ეს რომ გაიგეს, საოცარი ამბავი ატყდა (იღიმის). შემდგომ მათ შეხვედრაზე უარი ვეღარ ვუთხარი. ამას არ ვნანობ, უბრალოდ, საკუთარი თავით ვარ გაკვირვებული. არსად დავდივარ, მაქსიმალურად ვარიდებ თავს ინტერვიუებს, ტელევიზიას, შეხვედრებს. რატომღაც არ მიმაჩნია ეს საჭიროდ, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ვმუშაობ გამომცემლობაში, რომელსაც წინა პლანზე აქვს წამოწეული საბავშვო ლიტერატურა. მათ ჩემი ოთხი წიგნი დაბეჭდეს და ოთხი კიდევ ''გზაშია'' . როცა მკითხველს შენ მიმართ ინტერესი აქვს, უნდა შეხვდე. ასე რომ, გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. თან მივხვდი, რომ არ მაქვს შეხვედრებზე უარის თქმის უფლება.
- ერთი ქალიშვილის დედა ხართ. თქვენ რას უკითხავდით ნინოს ბავშვობაში?
- ფაქტობრივად, იგივე, კლასიკური გზა გავიარეთ, რაც მე ჩემს ბავშვობაში. ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს ქართული ხალხური ზღაპრები, უნდა იცოდეს ''ვეფხისტყაოსნის'' ქარგა, შემდეგ უნდა წაიკითხოს ''პინოქიო'' , ''ბურატინო'' , ''ტომ სოიერი'' და სხვა წიგნები. ეს უცვლელი გზაა. იმ გზიდან ვერაფერი ''ამოხტება'' და ვეღარც ''ჩახტება'' . მაგრამ შემდეგ წლებში გაჩნდნენ სხვა პერსონაჟებიც. მე რომ პატარა ვიყავი, არ იყვნენ პეპი და კარლსონი, ისინი შემდეგ შეემატნენ ლიტერატურას. საბავშვო ლიტერატურა დღესაც მდიდრდება სხვადასხვა ავტორის შემოქმედებით. ბოლო წლებში გაჩნდა ''ჰარი პოტერი'' . ასე იზრდება ის ნუსხა, რომელსაც ბავშვები აუცილებლად უნდა ეცნობოდნენ.
- რომელიმე ავტორები ხომ არ წაგიკითხავთ ნინოს რჩევით?
- ნინჩომ ძალიან შეიყვარა ''ალი და ნინო'' . შემდეგ ორჰან ფამუქის შემოქმედება, რომელიც მეც ძალიან მიყვარს. მისი თხოვნით რაღაც-რაღაცები წამიკითხავს. ნინჩო ყველაფერს კითხულობდა ეგვიპტისა და კლეოპატრას შესახებ, რაც კი ხელში მოხვდებოდა. ახლა პატარა ჰყავს და მაინცდამაინც ვერ იცლის კითხვისთვის, მაგრამ მაინც ცდილობს.
- იმ ოთხი საბავშვო წიგნის გარდა, რაც უკვე ახსენეთ, უახლოეს მომავალში თქვენი კიდევ რა გამოვა?
- ''სადიდო'' წიგნებიდან ერთბაშად წამოწყებული მაქვს ოთხი მოთხრობისა და რომანის წერა.
- თქვენ გახასიათებთ რამდენიმე ნაწარმოებზე ერთდროულად მუშაობა...
- დიახ. მე რომ ვწერდი, ''ჩვენ სამნი და ანგელოზი'', იმ დროს გამომცემლობა ''პალიტრაში L'' -ში ვმუშაობდი. რედაქტორი და შემდგენელი ვიყავი სამიჯნურო პოეზიის კრებულისა ''მიყვარხარ'' , იმავდროულად ''ჩვენ სამნი და ანგელოზს'' ვწერდი. ერთხელაც მუშაობის პროცესში ვიყავი. ჩემს წინ მხატვარი მანანა ზარიძე იჯდა, ის კრებულისთვის მინიატიურებს ხატავდა. რაღაცას მელაპარაკებოდა, უცბად გავაჩერე, გავხსენი ''ვორდის'' ახალი ფურცელი და დავიწყე პიესა ''გაფრენის'' წერა. ვერ ვასწრებდი კლავიატურის ტკაცა-ტკუცს. მანანა ვერ მიხვდა, რა ხდებოდა და მერე ავუხსენი, რომ უცებ პიესა მომაფიქრდა და მაშინვე უნდა ჩამეწერა. მიკვირს ხოლმე, ასეთი ამბები რომ ხდება (იღიმის). სხვათა შორის, საინტერესოა რამდენიმე მოთხრობაზე ან რომანზე ერთად მუშაობა. ერთიდან მეორეზე რომ ხტები, ერთმანეთისგან გასვენებს და ერთს არ ეჯაჭვები. ეს იმას ჰგავს, როცა ბევრი სტუმარი მოგივა და ყურადღება ყველას უნდა გაუნაწილო.
- თუ არსებობს წიგნი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ხასიათზე მყოფმა იკითხოთ?
- ასეთია ბავშვობის, სიყრმის წიგნები. ხანდახან, უბრალოდ, გადაიღლები, გამოაღებ კარადას და ისინი ტრანკვილიზატორებივით იმოქმედებენ. მათი კითხვისას უზრუნველ დროში გადავარდები. ეს ის წიგნებია და ისეთივე ძვირფასი, როგორიც ბავშვობის მეგობარი, რომლის გვერდით ჯდომა ხმის ამოღების გარეშე შეგიძლია და მის გვერდით თავს, უბრალოდ, ბედნიერად გრძნობ.
- თქვენს ნაწერებს, წიგნის სახით გამოსულს თუ კითხულობთ ხოლმე?
- ჩემი მოთხრობის დაბეჭდვას ყოველთვის ველი, თან ვღელავ. სრულიად სხვანაირად აღვიქვამ ქაღალდზე დაბეჭდილს. რასაკვირველია, მანამდე ფურცლებზე ამობეჭდილ მოთხრობას ვკითხულობ, მაგრამ წიგნის ფორმით მაინც სულ სხვაა. ჩემს მოთხრობებს ყოველთვის ისე ვკითხულობ, როგორც უცხო მკითხველი.
- ღილაკ ''დილეითის'' გამოყენებას და ნაწარმოებების წაშლას არ გაურბოდით, მახსოვს...
- დიახ, დღემდე ასე ვარ. ნაწარმოები მე თვითონ თუ გადამირჩა, ჩემზე საშინელი ცენზორი მას წინ აღარასდროს დახვდება. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ვიცი ხოლმე დაწერილის წაკითხვა და ყველაფერს დაუნანებლად ვფილტრავ. თუ მეყალბა, ის ნაწარმოები განწირულია, ვანადგურებ. ასე წავშალე დასრულებული რომანის სამი მეოთხედი, რომელსაც ''ის მაინც ბრუნავს'' ერქვა. ასევე გავანადგურე რამდენიმე მოთხრობაც.
- არ გიცდიათ, იმ მომენტში გაერიდოთ, იქნებ მოგვიანებით ნაწარმოებს ''სხვა თვალით'' შეხედოთ?
- ''სხვა თვალით'' არ შევხედავ. დარწმუნებული ვარ, ყველა წაშლილი მოთხრობა და რომანი რომ აღდგეს და ფურცელზე ''გაჩნდეს'' , ისევ ძველებურად წავშლი. ვიცი, რომ ტყუილად არასოდეს ვიღებ ასეთ გადაწყვეტილებას (იღიმის).

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ქეთი
ძალიან მიყვარს ამ ადამიანის შემოქმედება, არაჩვეულებრივი მოთხრპბები აქვს, სულში რომ ჩაგწვდება ისეთი, დიდი მადლობა ამისთვის...
10:14 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მესხი მელექსე
გამომცემლობის ხემძღვანელთან მარინე ცხადაიასთან ალბათ მაგასაც დიდი ნიჯი და მშვიდი ნერვები ჯირდება რომ ურთიერთობა და თანამშრომლობა წყნარ ვითარებაში შენარჩუნებული იყოს მსგავს ამბიციურ ადამიანთან ამპარტავანთან როგორიც მარინე ცხადაიაა
12:43 / 22-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS