18 ოქტომბერი, 2014
მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვარი ნამუშევრებში თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს
საქართველოში ყოფნისას ბევრს ვმოგზაურობ მხატვარი დევიდ დათუნა  ხელოვნების ნაწარმოებების კოლექციონერი, შთამბეჭდავი ინსტალაციებისა და მხატვრული გადაწყვეტების ოსტატია. მისი შემოქმედება კონცეპტუალური ხელოვნების სტილზეა ორიენტირებული. ხელოვანი წარმოშობით საქართველოდანაა, 1974 წელს თბილისში დაიბადა და 1999 წლიდან მუდმივად ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღესდღეობით ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მხატვარია. მათ მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებშია, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს. თავად მხატვრის თქმით, დროშები მისთვის არა მხოლოდ ქვეყნის
სიმბოლო, არამედ ერთგვარი განცალკევებული ორგანიზმია. ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი მან მშობლიურ საქართველოს მიუძღვნა.

- დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, ტიპურ მრავალეროვან ეზოში, სადაც 50-მდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. საქართველოში ბევრს ვმოგზაურობდით, მათ შორის ისეთ განსაკუთრებულ მხარეებში, როგორიცაა სვანეთი, კახეთი, ქალაქებიდან - სოხუმი, ბათუმი. ჩემი სიყვარული ამ ქვეყნისა და მისი დედაქალაქის მიმართ მამაჩემისგან მოდის. მან ზეპირად იცოდა თითოეული შენობისა და ხიდის აშენების თარიღი და ისტორია. მთელი ბავშვობა ვუსმენდი მის მონაყოლს საქართველოზე, მის ქალაქებზე, თბილისის განსაკუთრებით ლამაზ ადგილებზე. ასე რომ, შთაბეჭდილებებით სავსე ბავშვობა მქონდა.
- რამდენიმე პროფესია გაქვთ. საინტერესოა ისიც, როდის გადაწყვიტეთ ხატვა?
- ბავშვობიდან ვცდილობდი, აზრი არასტანდარტული გზებით გამომეხატა. რამდენიმე პროფესია მაქვს, ვარ ჟურნალისტი, იურისტი, მენეჯერი და სხვა. ვსწავლობდი საქართველოში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროფესიებს ცხოვრებისეულ მოთხოვნილებათა შესაბამისად დავეუფლე, მხატვარი კი, ალბათ, დაბადებიდანვე ვიყავი.
- ერთგან ამბობთ, პირველი ნამუშევარი დედისადმი პროტესტის ნიშნად დავხატეო?
- ნამდვილად ასე იყო. პირველი სურათი ექვსი წლის ასაკში დავხატე. როგორი შეიძლება იყოს ბავშვის ნახატი? რა თქმა უნდა, ბავშვური, მაგრამ ფერთა გამით შევეცადე, გამომეხატა მთელი ჩემი პროტესტი და ემოციები იმის გამო, რომ შინ მარტო დამტოვეს. ამან დედაჩემის შოკი გამოიწვია.
- 1999 წლიდან ამერიკაში ცხოვრობთ. როგორ გაემგზავრეთ უცხო ქვეყანაში?
- აშშ-ში ტურისტად გავემგზავრე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ოცნების ქვეყანა, ჩემი ახალი სამშობლო, სადაც შემეძლო, მთელი ცხოვრება გამეტარებინა. მოგატყუებთ, თუკი ვიტყვი, რომ ყველაფერს სწრაფად მივაღწიე. თავდაპირველად სხვადასხვა მიმართულებით მომიხდა მუშაობა. რაც შეეხება ჩემი ნაწარმოებების კონცეფციას, ისინი თავად ცხოვრებამ მიკარნახა. ჩემი შემოქმედების მიმართულებად ჩამოყალიბდა გარემო და მასთან ურთიერთობა, ჩემი სურვილი - გამოვხატო და მოვახდინო გავლენა მასზე, შევცვალო და შევქმნა ახალი. ასე დაიბადა კონცეპტუალური მხატვარი დათუნა.

Rating

- რომელია ყველაზე წარმატებული ნამუშევარი?
- სავარაუდოდ, ამერიკის დროშა. აშშ-ში ამ პატრიოტულ სიმბოლოს უდიდესი სიფრთხილითა და გულდასმით ეკიდებიან. ეს იყო ჩემი პირველი დროშა, რომელიც 8 წელზე მეტი ხნის წინ შევქმენი და გადა-ვწყვიტე, საკუთარი თავი წარმედგინა Art Basel Miami Beach-ის ყოველწლიურ გამოფენაზე. გამოფენის გახსნის პირველივე წუთებიდან დამთვალიერებლების რიგი დადგა, რომელთაც ჩემს "ამერიკის დროშასთან" უნდოდათ სურათის გადაღება. ეს იყო ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც ჩემთვის საკმაოდ მაღალ ფასად გაიყიდა.
- ამჟამად რა ძირითადი თემატიკის არის თქვენი ნამუშევრები?
- თანამედროვე მხატვარი ძალიან მრავალმხრივი უნდა იყოს. მე, როგორც კონცეპტუალური მხატვარი, გამოვხატავ ჩემს აზრს, ვაწვდი ადამიანებს გარკვეულ გზავნილს. განხორციელების ფორმის მიუხედავად - ფერწერით, სკულპტურით, ინსტალაციით, გრაფიკით, პორტრეტით თუ დროშით - მთავარია, ადამიანებს და-ვეხმარო რაიმე ახლისა და განსაკუთრებულის დანახვაში, დავაფიქრო და შესაძლოა, შევცვალო მისი მსოფლმხედველობა და ცნობიერება. მინდა, ნებისმიერი ასაკის ადამიანს ვასწავლო ოცნება.
- თქვენთვის რთულია ნამუშევრის დათმობა?
- კი, საკმაოდ რთულია, დაემშვიდობო შენს ქმნილებას. არის რამდენიმე ნამუშევარი, რომელსაც არასოდეს გავყიდი. მაგალითად, ფეხმძიმე ამერიკის დროშას...
- როგორია თქვენი სამუშაო რეჟიმი? გაქვთ თუ არა შემოქმედებითი პაუზები?
- ჩემი სამუშაო რეჟიმი ჩვეულებრივი და მისაღებია ჩემთვის, მაგრამ არა ჩემი ოჯახის წევრებისთვის. დღე-ღამეში 3-4 საათს მძინავს. ფრაზა "შემოქმედებითი პაუზა" ჩემთვის სრულიად უცნობია. ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ მას პაუზებზე ვერ გავფლანგავ.
- გაგვაცანით თქვენი მეუღლეც...
- ჩემი მეუღლე ელიზაბეტ დათუნა არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც საყვარელი ქალი იმავდროულად მუზა და საუკეთესო მეგობარია. ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ და სიამოვნებით ვაგრძელებთ ერთობლივ გზას. რამდენიმე თვის წინ საგანგებოდ ჩამოვედით საქართველოში და ჯვარი დავიწერეთ სვეტიცხოველში, რითაც კიდევ უფრო გავამყარეთ ჩვენი თანაცხოვრება და საერთო მომავალი.
- საერთოდ, რა სიხშირით ჩამოდიხართ საქართველოში?
- ბოლო დროს ხშირად ჩამოვდივარ და ალბათ, უფრო ხშირი სტუმარი ვიქნები, რადგან ამ ქვეყანასთან შემოქმედებითი და ცხოვრებისეული ინტერესები მაკავშირებს.
საქართველოში ყოფნისას ბევრს ვმოგზაურობ. ბოლო დროს ვიყავი ბევრ სოფელსა თუ ქალაქში, იმდენ ხალხს შევხვდი, რომ უცხო თვალს საარჩევნო კამპანია ეგონებოდა (იცინის). ზოგი ხელისუფლებით კმაყო-ფილია, ზოგი - საყვედურობს, ზოგს მოსწონს ამჟამინდელი, ზოგს კი - ყოფილი პრეზიდენტი. ადამიანი მილიონობითაა, მოსაზრება - კიდევ უფრო მეტი.

Rating

ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი პიროვნების შესახებ აქვთ თითქმის ერთსულოვანი მოსაზრება - პატივისცემა, უსაზღვრო სიყვარული და განსაკუთრებულად ღვთისმოშიში, გუ-ლისხმიერი დამოკიდებულება. ეს ადამიანი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ მხოლოდ ილია II-სა და სარწმუნოების მიმართ არ არსებობს შეკითხვები, თითქმის არ არის ეჭვები და აზრთა სხვადასხვაობა. პატრიარქთან პირადად შეხვედრის შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ იგი მართლაც განსაკუთრებული ადამიანია, რომელიც ასხივებს სიკეთეს, რწმენასა და ჭეშმარიტებას. მასთან ახლოს ყოფნისას თავადაც ბედნიერ და განსაკუთრებულ ადამიანად გრძნობ თავს.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მისი პორტრეტი ჩავრთო პროექტში "ჭეშმარიტება". დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი იქნება, რადგან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა. მუზეუმში გამოფენის შემდეგ პორტრეტს თბილისში ჩამოვიტან, რათა ვაჩვენო ხალხს და შემდეგ პირადად გადავცე ილია II-ს, რადგან სწორედ ამ არაჩვეულებრივმა და წმინდა ადამიანმა მასწავლა განსაკუთრებული საქართველო.
მინდა, ჩემი შემოქმედებით მოკრძალებული წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში და ხელი შევუწყო მის სწრაფვას ევროპისაკენ, რაც საქართველოსათვის ერთადერთ სწორ მიმართულებად მიმაჩნია.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


ბეჭდვა