19 ოქტომბერი, 2014
ლუკას თუთიყუშს ნერვიულობისგან ბუმბული დასცვივდა
ლეკვებიც მომყავდა სახლში, რომლებსაც, რა თქმა უნდა, მშობლები უკან მატანდნენ ფრინველები მის სახლში სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებდნენ. უვლიდა ინვალიდ თუთიყუშსა და პროთეზიან ქათამს, კატამ დაუსისხლიანა მთელი ოჯახი... ერთი სიტყვით, ზოოპარკის პიარ-მენეჯერს სახლშიც ყოველთვის ზოოპარკი ჰქონდა, თუმცა ძაღლი მშობლებმა არ მოაყვანინეს. ახლა საკუთარი ოჯახი აქვს და მისი გერმანული ნაგაზი უკვე ხუთი წლისაა. ბონო 60 კილოგრამს იწონის. მზია შარაშიძე, იგივე ლუკა, ახლა ვაკეში, მეუღლესთან, 2 წლის მართასთან, ბონოსა და თევზებთან ერთად ცხოვრობს.

- ძალიან მიყვარს ცხოველები და ფრინველები,
ბავშვობიდან ყოველთვის გვყავდა შინ. თუთიყუშებთან დაკავშირებით საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ერთ-ერთი ინვალიდი იყო, პაწაწინა და სულ ტიტველი, ბუმბულები გასცვივდა. დანარჩენებს ოთახში რომ ვუშვებდით, დაფრინავდნენ, ერთობოდნენ. ეს ვერ დაფრინავდა და მოწყენილი უყურებდა ქვევიდან. მერე მამაჩემმა, სრულფასოვან ფრინველად რომ ეგრძნო თავი, ჭერამდე კიბე გაუკეთა. ადიოდა ამ კიბეზე და იჯდა ფარდის საკიდზე დანარჩენ თუთიყუშებთან ერთად. ოღონდ ჩამოსვლა არ იცოდა და ვარდებოდა.
- ბუმბული რატომ დასცვივდა?
- თავიდან ორი ერთად მოგვიყვანეს. მერე მეორე მოკვდა. ამან ინერვიულა და ნერვიულობის ნიადაგზე ბუმბული დასცვივდა. მას მერე ხან ვიტამინებს ვასმევდით, ხან მალამოებით ვმკურნალობდით. ამოუვიდოდა ერთი ბუმბული, გვიხაროდა მთელ ოჯახს, მერე მოსძვრებოდა ისევ. სხვათა შორის, ამან სხვა თუთიყუშებზე დიდხანს იცოცხლა. თუთიყუშების სასაფლაო მქონდა, რომ იხოცებოდნენ, მიმყავდა და პატივით ვკრძალავდი... წიწილებიც გვყავდა სახლში.
- სახლში ქათმები ადვილი მოსავლელი არ უნდა იყოს, მშობლებს იოლად იყოლიებდი შენს ახირებებზე?
- მთლად არ უხაროდათ, მაგრამ... მამალიც გვყავდა. ყოველ დილით აბაზანაში ყიოდა (იცინის). კიდევ ერთი ქათამი მყავდა, წიწილების გამოჩეკის შემდეგ, დიდხანს ჯდომისგან დამბლა დაეცა და ვეღარ დადიოდა. კიდევ ერთ ქათამს ფეხი არ ჰქონდა და მამაჩემმა ხის პროთეზი გაუკეთა. დადიოდა ასე ხის ფეხით. კაი ხანს იცოცხლა, კვერცხს მიდებდა ყოველდღე და იმას მაჭმევდნენ ჩემები დიდის ამბით. მერე კიკეთში ვისვენებდი და იქ ამომიყვანეს მანქანით, საბარგულში ჩასვეს და გაიგუდა.
შავი კატაც გვყავდა, ფისო დავარქვით. მაშინ ნუცუბიძეზე ვცხოვრობდით, მეექვსე სართულზე. ფანჯრის რაფაზე ნადირობდა, ბეღურებს იჭერდა და ჭამდა. ორჯერ გადავარდა. ერთხელ ორსულად იყო და მუცელი მოეშალა, მკვდარი კნუტები დაბადა. მეორედაც გადავარდა, მაგრამ გადარჩა. ასე რომ, მართალი ყოფილა, კატაზე რომ ამბობენ, რაც უფრო მაღლიდან გადავარდება, ნაკლებად ზიანდებაო.
სანამ ავად გავხდებოდი, წინა ღამით ჩემი კატა მესიზმრებოდა, ყოველთვის ასე იყო და შესაბამისად პროფილაქტიკისთვისაც მქონდა ცოტა დრო. დედაჩემს არასდროს არ უნდოდა სახლში არც კატა და არც ძაღლი, ამიტომ აპროტესტებდა ფისოს სახლში. მერე ფისომ შვილები გააჩინა. მამაჩემმა შემთხვევით ერთ-ერთი კნუტი კარში მოაყოლა. კი არაფერი მოსვლია, მაგრამ კივილი დაიწყო. ეს რომ ფისომ დაინახა, დედობრივმა ინსტინქტმა სძლია და მიახტა მამაჩემს. სახეზე დაპორჭყნა, მერე დედაჩემსაც მიახტა, ჩემს ძმას. მოკლედ, აბაზანიდან რომ გამოვედი, მთელი ოჯახი დასისხლიანებული დამხვდა. ეს იყო ბოლო წვეთი - ფისო გავაგდეთ. ფისოს პარალელურად, შინ იადონიც გვყავდა, რომელიც ფისომ შეჭამა. მოვედით სახლში და მხოლოდ ბუმბულებიღა დაგვხვდა. ასე ტრაგიკულად დაასრულა ყველა ფრინველმა ჩვენს სახლში სიცოცხლე...
- ძაღლები არ გყოლიათ?
- ლეკვებიც მომყავდა სახლში, რომლებსაც, რა თქმა უნდა, მშობლები უკან მატანდნენ. ერთხელ, ჩემს ძმას ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ზუსტად ამ დროს მოვიყვანე მორიგი ლეკვი. დედაჩემმა მითხრა, ვერ დავიტოვებთო. რატომ-მეთქი, ვკითხე. ძაღლს რწყილები ჰყავს და მალხაზს რომ შეუძვრეს, ვეღარ გამოვუღებთ თაბაშირის ქვეშიდან, სულ დაკბენენო. ვეღარ გავიმეტე ძმა, დედას არც შევკამათებივარ, დავთმე ის ქუჩის ლეკვიც. სულ მპირდებოდნენ, ჯიშიან ძაღლს გიყიდითო, მაგრამ ისე გავთხოვდი, დანაპირები არ შემისრულეს.
- ბონო შენი ინიციატივით მოიყვანე?
- ეს ძაღლი მეზობელმა გვაჩუქა. გერმანული ნაგაზია, მაგრამ სხვა ამ ჯიშის ძაღლებთან შედარებით, უბანში ყველაზე დიდია. მისმა დედამ მხოლოდ ერთი გააჩინა, ყველა ძუძუ მისი იყო და ალბათ ამის დამსახურებაა. არის შესაშური სიძე. უბანში პოპულარული ძაღლია, ყველამ იცის, ვინ არის ბონო, მის შვილებსაც კი სცნობენ. ერთი თვიდან გავზარდეთ და უკვე 5 წლისაა. ძალიან ავია და სხვა მამრ ძაღლებს არ ახარებს. უბანში ესეც იციან, რომ გაიგებენ, ბონო მოდისო, იშლებიან.
- საკმაოდ დიდია, როგორ ახერხებ მის კონტროლს საყელურით?
- მე ძალიან მიჭირს ბონოს გასეირნება. როცა ივას არ სცალია და იძულებული ვარ, მე გავიყვანო, დროშასავით დამაფრიალებს, სადაც უნდა (იცინის). ერთხელ გვქონდა ძალიან სასაცილო სცენა. მე და ჩემი მეზობელი ვასეირნებდით ძაღლებს. იმას დედალი ლაბრადო-რი ჰყავს და არ ერჩის. ზამთარია, ყინავს, მთელი ბარნოვი გაყინულია. კატები დაინახეს. გაცვივდნენ ყინულზე და რომელი რომელ ხეს შემოგვახვიეს, ვეღარ ვიგებდით. ბონო 60 კილოა, ისეთი ძალა აქვს, კიბეზე რომ ჩამყავს, ორივე ხელით მოაჯირს ვეჭიდები, რომ არ წამაქციოს.
- ძაღლები ბავშვებზე ეჭვიანობენ, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო?
- მეშინოდა, როგორ იქნებოდნენ ერთად. სხვა ძაღლებს ბავშვები თავზე ასხდებიან და რეაქცია არ აქვთ. ამას თავისებური ხასიათი აქვს. თუ თამაში არ უნდა, ვერ ეთამაშები. მართა სამშობიაროდან რომ მოვიყვანეთ, მთელი ოჯახი ეკლებზე ვისხედით. თავიდან ვერ გაიგო საერთოდ რა იყო, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რომ იყო, ამას ხვდებოდა. შორიახლო უვლიდა, არ ეკარებოდა. მერე ბავშვის პამპერსს ვუდებდი, ტანსაცმელს, რომ სუნი აეღო. ნელ-ნელა ისე მიეჩვია, სტუმრები რომ მოდიოდნენ და ბავშვს ეძინა, ეს საწოლთან ეწვა, იცავდა. ახლაც სულ იცავს. ერთადაც თამაშობენ, უბრალოდ, სულ უნდა აკონტროლო.
- რა არის მთავარი პრობლემა შენთვის ძაღლთან დაკავშირებით?
- გასეირნება და ბეწვი. სეზონურად ძალიან სცვივა და მთელი დღე მტვერსასრუტით დავრბივართ... ჩიტები გვყავდა სახლში, ავსტრალიური ამადინები. აჩენდნენ ბარტყებს და მეგობრებს ვჩუქნიდით. ამ ზაფხულს აგარაკზე ვიყავით. რაღაც შემოძვრა ღამე სახლში და შეგვიჭამა ჩიტები თავისი ბარტყებიანად. ოთახში ტრაგედია დაგვხვდა.
მოლაპარაკე თუთიყუში გვყავდა, ჟაკო. ლაპარაკობდა, ტელეფონის ხმას ბაძავდა. ერთ დღეს გარეთ გამიფრინდა. მოკლედ, ყველანაირი ცხოველის თუ ფრინველის ყოლა სახლში ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამას წინათ, ვიღაცამ მომწერა, მინდა, სახლში იგუანა მყავდესო. მწერებით იკვებება. ის რომ გყავდეს, მწერების მოსაშენებელი ადგილიც უნდა გააკეთო. ეს რომ ავუხსენი, გადაიფიქრა. ასეა, მხარზე იგუანა კაი პონტია უბანში, მაგრამ მის მოვლაზე უნდა იფიქრო ჯერ. ზუსტად იგივეა ძაღლთან მიმართებით. მოჰყავთ, ზრდიან და პრობლემები ჩნდება თუ არა, ან გააჩუქებენ, ან უბრალოდ კარს უღებენ და გარეთ უშვებენ. ეს ძალიან დიდი სტრესია ძაღლისთვის, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამენ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS