14 ოქტომბერი, 2014
ირინა ონაშვილი: ''მე და ლადო და-ძმასავით ვართ''
მენატრება სცენა, მიკროფონი, მაყურებელი, აპლოდისმენტები ''ორი ვარსკვლავის'' გამარჯვებული ირინა ონაშვილი ამ პროექტის შემდეგ ეკრანზე აქტიურად აღარ ჩანს. მოდელი მოგებული მანქანით დადის და თავის სააგენტოში ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება. პარალელურად ირინამ სილამაზის სალონი შეიძინა და ეს საქმეც დაემატა. ახლა ოჯახში მთავარი ფინანსისტი თავადაა.

- ირინა, მოგებული ''კია'' მოგწონს?
- მომწონს, მშვენიერია. თან იმ პერიოდში მანქანა არ მყავდა, ოჯახს დასჭირდა და გავყიდე. ნახევარ წელზე მეტი უმანქანოდ ვიყავი, ოღონდ ამას ჟურნალისტებთან არ ვამბობდი. არ მინდოდა, ისე გამოსულიყო,
ხალხს ეფიქრა, მანქანა არ ჰყავს და დამესიჯებას იმიტომ გვთხოვსო. თუმცა პროექტში ყველამ იცოდა, სხვადასხვა მანქანით რომ დავდიოდი.
- დიდი ხნის წინ სილამაზის კონკურსში ბინა და მანქანა მოიგე. იღბლიანი ხარ?
- კი, მართლა იღბლიანი ვარ. მიზანდასახულობის ან სხვა რომელიმე თვისების ხარჯზე არაფერი მომიგია. ზოგადად მიზანდასახული არ ვარ. მიზნის მისაღწევად ყველა წინააღმდეგობას რომ გადალახავენ, ამ კატეგორიის ადამიანებს არ მივეკუთვნები. გარშემო მყოფებისგან ყოველთვის ბიძგი მჭირდება, რომ რაღაც გავაკეთო. ზარმაცი ვარ. შრომისმოყვარე არ ვარ, რისკზეც არასდროს მივდივარ. თუმცა, თუ მომწონს ის, რასაც ვაკეთებ, იმაში მართლა ყველაფერს ვდებ. ასე ვიყავი ''ორ ვარსკვლავში''. რუსა მორჩილაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს გამარჯვებაში, იმაში, რასაც თითოეულ კონცერტზე ვაკეთებდი. არ მჯეროდა, რომ ამას შევძლებდი.
- სიმღერა არ გენატრება?
- ძალიან. სიმღერა მიყვარს, ამიტომაც დავთანხმდი ამ ასაკში ამ პროექტს. მენატრება სცენა, მიკროფონი, მაყურებელი, აპლოდისმენტები. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სცენაზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. ეს ჩემთვის კომფორტი არ არის. ყოველ ჯერზე ვნერვიულობდი.
- ანუ სასიმღერო კარიერაზე არასდროს იფიქრებ?
- ამას მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნა. ამისთვის უკვე დაგვიანებულია, ასე მგონია.
- რამდენი წლის ხარ?
- 29-ის.
- ამბობ, რომ გვიანია სიმღერისთვის, მოდელობისთვის. ასე ჩრდილში ყოფნა მოგწონს?
- მოდელობის კუთხით მომწონს. დამწყებ მოდელებს ვასწავლი, გამოცდილებას ვუზიარებ. რაც შეეხება სიმღერას, ბავშვობიდან მინდოდა. ადრეულ ასაკში მიკროფონი მეჭირა ხელში და ჩემთვის სახლში ვმღეროდი. ჯერ ეს მიკროფონი ზონრიანი იყო, მერე მოვაჭერი ზონარი, ტექნოლოგია დავხვეწე (იცინის). გული მწყდება, რომ სცენაზე არ ვდგავარ. მოდელობა ჩემი არასდროს ყოფილა, ამ სფეროში შემთხვევით მოვხვდი. სკოლაში მოვიდნენ და აგვარჩიეს გოგონები, როგორც ხდება ხოლმე. მერე კი მომწონდა ლამაზი ფოტოები, პოდიუმი, მაგრამ ეს ასაკობრივი იყო, ამ ეიფორიამ მალე გაიარა.
- პროფესიით იურისტი ხარ, ამ სფეროში გიმუშავია?
- იურისტი ირინა წარმოუდგენელია ჩემთვის. ჩემი და იყო იურისტი და ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ამ პროფესიით. დადიოდა სხდომებზე, სასამართლო დარბაზებში, სახლში უამრავი საბუთი მოჰქონდა. მაშინ ეს ყველაფერი მომწონდა, ეტყობა, ამან იქონია გავლენა და მივბაძე მარის, ამ სპეციალობაზე ჩავაბარე. მერე მივხვდი, რომ ჩემი არ იყო და გადავწყვიტე, სხვა მიმართულებით წავსულიყავი. უნივერსიტეტში ჩავაბარე მაგისტრატურაში, სტრატეგიული კომუნიკაციების, ანუ პიარის განხრით. ბოლოსკენ ვარ უკვე.
- ჟურნალის რედაქტორიც იყავი...
- ჟურნალი, სამწუხაროდ, დაიხურა. ძალიან მცირე სეგმენტზე იყო გათვლილი და კომერციულად არ გაამართლა. ორი წელი ვიმუშავეთ.
- როგორია რედაქტორი ირინა?
- მკაცრი არა. არსად არ ვარ მკაცრი, ყოველთვის ყველასთან მეგობრულ და უშუალო ურთიერთობებს ვამჯობინებ. ძალიანაც რომ მოვინდომო, სიმკაცრე არ გამომივა. სხვათა შორის, რაღაცებს მეც იმ პერიოდში ვსწავლობდი. საინტერესო პროცესია. ვწერდი რედაქტორის სვეტს. მომწონდა ეს ყველაფერი, ეს პერიოდი დამეხმარება ცხოვრებაში. ეს საქმე უფრო ახლოს იყო ჩემთან, ვიდრე იურისტობა.
- დღეს რა არის შენი სამსახური?
- სამოდელო სააგენტო და სალონი, რომელიც კრედიტით შევიძინე და მთელი ცხოვრება მომიწევს ალბათ ამ თანხის გადახდა. მეგობრები და ოჯახის წევრები დამცინიან, ჯოხით მოგიწევს ბანკში მისვლა კრედიტის დასაფარადო. 2026 წლამდე მაქვს სესხი გაკეთებული. მიხარია, რომ ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს. ეს ახლოს არის ჩემს სფეროსთან, სილამაზეს ვემსახურებით.
- ე.ი. ახლა ოჯახში მთავარი შემომტანი შენ ხარ?
- (იცინის) ჰო, თუ შემომტანი ჰქვია ამას, ასე გამოდის. ლადო უმუშევარია, თუმცა მოტივირებულია, რომ რამე გააკეთოს, დეპრესიაში არ ჩავარდნილა, რაღაც გეგმები აქვს.
- საბა რამდენი წლის არის?
- სამის გახდება თებერვალში.
- დამხმარე გყავს?
- კი, ძიძა გვყავს. საბა სამი კვირის იყო, რომ ავიყვანეთ და დღემდე ის გვყავს.
- ლადოს რა ევალება ბავშვთან მიმართებით?
- ძირითადად, მამა-შვილი ერთად თამაშობს. საბა არ დასვამს მამამისს, სულ თამაშს სთხოვს.
- წელს დასვენება თუ მოახერხეთ?
- კი, წელს საბა ზღვაზე პირველად მყავდა. ურეკში გახლდით. საბას ისე უყვარს წყალი, აბაზანიდან რომ გამომყავს, იმ წუთის დაბანილი მეკითხება, როდის ვიბანაოთო. გადაირია, ზღვა ისე მოეწონა. ახლა საგულდაგულოდ დავმალე სახლში საცურაო რგოლები. რომ ნახულობდა, მოარბენინებდა, გავბეროთ, ზღვაზე წავიდეთო, მთხოვდა (იცინის). მთაშიც ვიყავით. იქ ცოტა გამოვყრუვდი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ საბამ ბაკურიანის ჰაერი ისუნთქა. მე, ლადო, საბა, ჩემი და და დისშვილი გახლდით ერთად.
- ირინა, აზრთა სხვადასხვაობა ყველა ოჯახშია, შენ და ლადო რაზე კამათობთ?
- საწყის ეტაპზე უფრო ვკამათობდით, ალბათ, ორივე თვითდამკვიდრებას ვცდილობდით. ახლა და-ძმასავით ვართ, თითქოს ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ.
- და-ძმაც ჩხუბობს, ხშირად.
- ჩვენ, რომ არ ჩხუბობენ, იმ და-ძმასავით ვართ. ლადო არ არის პრეტენზიული, გაწონასწორებულია და იშვიათად ბრაზდება. წყენის გულში ჩადება საერთოდ არ იცის. ვიღაცას ძალიან სერიოზულად რომ გაუბრაზებია, იმაზეც არ იტყვის ცუდს. მასში ეს თვისება მომწონს. არიან ადამიანები, რომლებიც უმიზეზოდ ლანძღავენ ნაცნობებს, მეგობრებს. ბევრისთვის მითქვამს, არაფერი დაუშავებია შენთვის და რისთვის ლანძღავ-მეთქი. მოკლედ, მარტივია ლადო ძალიან.
მომზადებული კერძებით ვერ ვანებივრებ. არ ვარ მზარეული. იმიტომ კი არა, რომ კარგი ტიპი ვარ, არ გამომდის, არც მიყვარს ამის კეთება, არ არის სამზარეულო ჩემი ადგილი. ერთადერთი, საბას თუ მოვუმზადებ საჭმელს. ლადოს კარგი ხელი აქვს. როცა სახლში საჭმელი არ ყოფილა, წასულა, მოუტანია და მოუმზადებია. მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი ხელი აქვს.
- შვილთან რა დროს ატარებ?
- დღის განმავლობაში საბასთან არ ვარ. საღამოობით ძიძა რომ მიდის, ბავშვს ვიბარებ. ძირითადად, წიგნებს ვუკითხავ, ვარიგებ, წიგნი თუ მოგვიძველდა, ახალს ვყიდულობთ. ოღონდ ამას კი არ ვაძალებ, ვცდილობ, საინტერესო ამბების მოსმენა თამაშით შევაყვარო. ლექსებს არ ვაზეპირებინებ. ვცდილობ, კომპიუტერთან დიდხანს არ იყოს. თვითონ ჯდება, შედის ''იუთუბზე'', მულტფილმებს უყურებს. ზოგჯერ მოგონილ ამბებს ვუყვები, ისეთს, რომ მისთვის სამაგალითო იყოს. ბოლო ისტორია იყო ღამურა ღუღუზე, რომელიც დედას გაეპარა და დაიკარგა. საბამ იპოვა, დედას მიუყვანა და ამის გამო შეაქეს. ასეთი ამბები მოსწონს. მეუბნება, წავედით, ილინა, ღუღუზე მომიყევი ზღაპარიო.
- გეგმებში რა გაქვს?
- ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო სახე ვხდები, ხელშეკრულება გავაფორმე და მალე მნახავთ ბილბორდებზე. ასე რომ, მთლად ჩრდილში არ ვიქნები. მალე მაგისტრატურას დავამთავრებ და სტაბილურ სამსახურზეც ვიფიქრებთ.
- მეორე შვილს ხომ არ გეგმავთ?
- რა თქმა უნდა, ეს ღვთის ნებაა, თუ საშუალება მომეცემა, აუცილებლად გავაჩენ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS