20 ივნისი, 2013
''ჩემი ქმარი ამტკიცებდა, მსახიობს ცოლად არ მოვიყვანო''
გიორგი ზაზასგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია და რაც მთავარია, მისგან განსხვავებული ქმარია. ზაზა ძალიან მაღიზიანებს და არც მსიამოვნებს მისი ყურება სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'' მთავარი გმირების, დაქალების ბავშვობის მეგობარი ნატაშკა გამოჩნდა, რომლის მეუღლეც რესტორანში ჩხუბისთვის დააკავეს, თავად ნატაშკა კი ამ ფაქტის გამო დედასთან დაბრუნდა და მეგობრებთან ერთად ბიზნესის აწყობას მიჰყო ხელი.
ნატაშკას როლის შემსრულებელი ეკა დემეტრაძე ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობთა დასში, თუმცა მანამდე სხვადასხვა თეატრში მიწვევით თამაშობდა. ეკას მეუღლე ასევე მსახიობი გიორგი
ბოჭორიშვილია, რომელიც სერიალში ზაზას როლს ასრულებს.

- ალბათ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით გოგონებს, რაღაც ეტაპზე სურთ მსახიობობა. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ და შეიძლება ითქვას, რომ ოცნების დონეზე, რომანტიკული განწყობით ჩავაბარე ამ ფაკულტეტზე, მაგრამ რომ გავიზარდე, მერე მივხვდი, ჩემთვის რამდენად სასურველი და საყვარელი პროფესია ამირჩევია. მსახიობობას პროფესიას ვერ დაარქმევ, ეს უფრო ცხოვრების წესია. თუ გინდა იყო მართლა წარმატებული, ცხოვრების წესად უნდა გაიხადო საქმე, რომელიც ძალიან დიდ შრომას და ამასთანავე მსხვერპლს მოითხოვს. გარდა ამისა, ეს პროფესია მოქმედებს შენზე, როგორც პიროვნებაზე, თითოეული როლის შესრულებისას ვითარდები როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად.
- მსახიობები პირველ როლს განსაკუთრებულად იხსენებენ ხოლმე. თქვენ ვინ განასახიერეთ პირველად?
- პირველი როლი სადიპლომო სპექტაკლში შევასრულე, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ლალი კეკელიძის სპექტაკლში ''პუნქტი ნომერი ნოლი'' შესრულებული უსიტყვო როლი.ერთი სეზონი ვითამაშეთ ეს სპექტაკლი და შემდეგ რეპერტუარიდან მოიხსნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემთვის ის მაინც განსაკუთრებულად რჩება. ალბათ იმიტომ, რომ ვერ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები ამ გმირზე მუშაობისას.
- ''ჩემი ცოლის დაქალებამდე'' სხვა სერიალებშიც მონაწილეობდით...
- კი, ჯერ იყო ''ჟამი ყვავილობისა'' , შემდეგ - ''დეტექტივები'' , სადაც ერთ ეპიზოდში მივიღე მონაწილეობა, მერე - ''შუა ქალაქში'' და ბოლოს - ''გოგონა გარეუბნიდან'' . საერთოდ, როცა ახალ პროექტზე ვიწყებ მუშობას, მასზე ვარ გადართული და წინა ყველაფერი მავიწყდება, ამიტომ ბევრის გახსენება ამ სერიალებზე მიჭირს. ''ჟამი ყვავილობისა'' დიდი ხნის წინ იყო და სხვადასხვა პრობლემის გამო შეწყდა. რაც შეეხება სერიალს ''გოგონა გარეუბნიდან'' , მასზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. თეთრი ხალათი რომ ჩამაცვეს და საოპერაციოში შემიყვანეს, თავი უცნაურად ვიგრძენი, მიწევდა სამედიცინო ხელსაწყოებთან ურთიერთობა, სასწრაფოს მანქანით გადაადგილება, რაც ნამდვილად საინტერესო გამოცდილება გახლდათ. მაგრამ ეს სერიალიც შუა გზაში გაჩერდა ისე, რომ სეზონი ბოლომდე ვერ მივიდა.
- რაც შეეხება ''ჩემი ცოლის დაქალებს'' , როგორ მოხვდით ამ სერიალში?
- აქაც შერჩევის წესით მოვხვდი, მაგრამ თავიდან სულ სხვა პერსონაჟზე იყო კასტინგი გამოცხადებული. საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ სხვა როლზე დამიძახეს.
Rating
- რომელი პერსონაჟი უნდა გეთამაშათ?
- მაგას ვერ ვიტყვი.
- მაშინ ის გვითხარით, რა მსგავსება და განსხვავებაა ეკასა და ნატაშკას შორის?
- რადგან ამ გმირს მე ვასახიერებ, მსგავსება ბევრი იქნება, განსხვავება კი ის გახლავთ, რომ ნატაშკას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, თუმცა რეალურად ბევრი ადამიანია მის მდგომარეობაში. პირადად ჩემთვის მისი ოჯახური გარემო, ქმართან ურთიერთობა და დამოკიდებულება ცოტა უცნაურია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ნატაშკასნაირი ცხოვრებით ცხოვრობენ.
- ალბათ არ არსებობს წყვილი, რომელიც არ კამათობს, მაგრამ რეალურად ნატაშკასნაირად სერიოზულად თუ გიჩხუბიათ ქმართან?
- ნატაშკასნაირად თუ უფრო ნაკლებად, არ ვიცი, მაგრამ მეუღლესთან არ მიჩხუბია-მეთქი, ვერ ვიტყვი. იმდენად მაქსიმალისტი ვარ ურთიერთობებში, რომ შეუძლებელია, ამან კონფლიქტამდე არ მიგვიყვანოს. შეიძლება ამაზე გავლენას ისიც ახდენს, რომ ორივე მსახიობი ვართ და რთულ პროფესიას ვემსახურებით. დიდი დროის გარდა, არტისტობა ემოციების ხარჯვასაც მოითხოვს, რაც გარკვეულწილად პირად ცხოვრებაზეც აისახება. ამის გამო ხშირად მქონია კამათი ქმართან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ჩემი აზრით, ეს ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია.
- ალბათ მკითხველმა უკვე იცის, რომ თქვენი მეუღლე მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილია, რომელიც ზაზას როლს ასრულებს სერიალში. გვიამბეთ თქვენი სიყვარულის ამბავი...
- მიუხედავად იმისა, რომ მე და გიორგი კურსელები ვიყავით და მის ჯგუფელებთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა, ინსტიტუტში მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდით ერთმანეთს. თეატრალურის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პროექტზე მუშაობისას შევხვდით, მაგრამ იმ პერიოდში მეც შეყვარებული მყავდა, გიორგისაც და ჩვეულებრივი, საქმიანი ურთიერთობით შემოვიფარგლებოდით.
გარკვეული დროის შემდეგ, როცა ორივე უკვე დაშორებულები ვიყავით შეყვარებულებს, სრულიად შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს ბათუმში. აღდგომის დღესასწაულზე უმიზეზოდ, ისე, რომ არაფერი ხდებოდა, მეგობრებთან ერთად წავედით ბათუმში, ჩვენს იმ მეგობართან, რომელიც იმავდროულად გიორგის ჯგუფელი იყო, თურმე გიორგიც ჩვენსავით უმიზეზოდ იყო სტუმრად ჩასული და... სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა...
- ალბათ ამას შეიძლება საბედისწერო შეხვედრა დავარქვათ?! შეყვარებული გიორგი როგორი იყო, რომანტიკულობით გამოირჩეოდა?
- მე და გიორგის სტანდარტული და სტერეოტიპული ურთიერთობა ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ გვქონია. გიორგი ძალიან რომანტიკული იყო ჩემთვის მაშინაც და დღემდე ასეა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი შეყვარებულობის პერიოდი მანქანაში გვაქვს გატარებული, ბევრს დავდიოდით ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. როგორ უცნაურადაც შევხვდით ერთმანეთს ბათუმში, ისევე უცნაურად გრძელდებოდა ჩვენი ისტორია, მუდმივად სიურპრიზებით სავსე, ფილმის სცენარის მსგავსი ურთიერთობა გვაქვს.
- გიორგის გმირი ზაზა ნამდვილად არ არის სანატრელი მეუღლე, უხეშად ელაპარაკება ცოლს, არ უნდა რომ იმუშაოს და ზოგადად არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს მეუღლესთან. რეალურად როგორი ქმარია გიორგი?
- გიორგი ზაზასგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია და რაც მთავარია, მისგან განსხვავებული ქმარია. ზაზა ძალიან მაღიზიანებს და არც მსიამოვნებს მისი ყურება (იღიმის), ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ზაზასნაირ ქმარს გაუძლო.
- ქალისთვის მსახიობობა ორმაგად რთულია. იქიდან გამომდინარე, რომ მსახიობი ქმარი გყავთ, ალბათ ის უფრო კარგად იგებს თქვენს პრობლემებს, თუნდაც სახლში გვიან დაბრუნებას...
- ბევრი მსახიობი ვიცი, ვინც ამბობს, რომ მსახიობს ცოლად არ მოიყვანს და სხვათა შორის, თურმე გიორგიც მათ რიგებს მიეკუთვნებოდა, მყარად ამტკიცებდა, მსახიობ ქალს ცოლად არ მოვიყვანო, მაგრამ, როგორც ხედავთ, მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. ადვილი არ არის ჩვენი პროფესიის ადამიანის გვერდით ცხოვრება, არის მომენტები, როცა მსახიობ მეუღლეებს უწევთ რაღაცებისთვის ანგარიშის გაწევა, მაგრამ, საბედნიეროდ, ორივე დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთის საქმეს და ესაა მთავარი.
- მსახიობს შეიძლება ინტიმურ ან სასიყვარულო სცენაში მოუხდეს თამაში, ამას როგორ ეგუებით? მგონი, არ არის სასიამოვნო, როცა შენს ცოლს ან ქმარს უყურებ სხვა ადამიანთან სასიყვარულო გარემოში...
- ისეთი ინტიმური სცენა არ ჰქონია გიორგის, რომ ჩემზე ემოქმედა, თუმცა სერიალში ''გოგონა გარეუბნიდან'' ანი ალადაშვილთან ჰქონდა კოცნის ეპიზოდები. ასეთი რაღაცები ჩემთვის მარტივი აღსაქმელია და მეტად საქმიანად ვუდგები ამ საკითხს, ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ თვითონ სცენა ბუნებრივი ყოფილიყო, ვიდრე ჩემი გრძნობები, ალბათ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ფაქტს ჩემზე საერთოდ არ უმოქმედია. ამბობენ, რომ ეს კაცისთვის უფრო რთულია, მაგრამ გიორგისაც იგივე დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ, როგორიც მე და მეუბნება, რომ მთავარია როლი კარგად შევასრულო და რაც გასაკეთებელია, კარგად გავაკეთო. ჩემი გადმოსახედიდან, მსგავსი სცენები ურთიერთობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ვერანაირი სასიყვარულო სცენა ვერ შემიშლის ხელს იმაში, რომ გიორგი იმავენაირად, ან უფრო მძაფრად მიყვარდეს.
Rating
- ერთმანეთისთვის როგორი შემფასებლები ხართ?
- გიორგი ჩემ მიმართ ობიექტური და იმავდროულად კრიტიკულია, რაც ძალიან მახარებს. ყველაზე მეტად გიორგის ვენდობი, რადგან ყველაზე სწორად ყოველთვის ის მაფასებს. მეც ასე ვარ, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთისთვის საშიშად კარგი შემფასებლები ვართ.
- ხშირად ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი ერთად არ უნდა მუშაობდეს, ეს ურთიერთობისთვის სასარგებლო არ არისო, არადა თქვენთან საქმე სხვაგვარადაა. როგორც ვხვდები, საკმაოდ ბევრ პროექტში ხართ ერთდროულად დაკავებული...
- სანამ მე და გიორგის რაიმე ურთიერთობა გვექნებოდა, მანამდე მოგვიწია ერთ სპექტაკლში თამაშმა, შეიძლება ამის გამოა, რომ ერთად მუშაობა ჩვენთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. როდესაც ერთსა და იმავე პროექტზე ვმუშაობთ, ჩვეულებრივი კოლეგები ვართ, სანამ სახლში დავბრუნდებით, ერთმანეთს შენიშვნებსაც კი არ ვაძლევთ. რეპეტიციის დროს მე რომ იმაზე ვიფიქრო, ვაიმე, ჩემი ქმარი მიყურებს და მერე რას მეტყვის-მეთქი, ჩემს საქმეს კარგად კი არა, საერთოდ ვერ გავაკეთებ. იმ მომენტში მხოლოდ საქმეზე უნდა იყო კონცენტრირებული.
Rating
- რაც შეეხება შვილს, რამდენი წლისაა თქვენი პატარა?
- თომა 4 წლის გახლავთ, ძალიან ცელქი ბავშვია და ხშირად გამოთქვამს ბრძნულ აზრებს. იქიდან გამომდინარე, რომ მეც და ჩემი მეუღლეც ძალიან დაკავებულები ვართ, თომას მუდმივად ვენატრებით. ამას წინათ ტელეფონზე ველაპარაკებოდი გიორგის, ყურმილი გამოართვა და მითხრა, მე არ მიყვარს შენი სამსახურიო. სხვათა შორის, საკმაოდ რთულად გასაზრდელი იყო თომა, არ ეძინა არც დღე და არც ღამე, ამიტომ ის პერიოდი ცუდად მახსენდება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გიორგიმაც ჩემთან ერთად გაირა ის სირთულეები.
- მეორე შვილის გაჩენაზე არ ფიქრობთ?
- ვიცი, რომ აუცილებლია მეორე შვილი და თავად თომაც ხშირად მეუბნება ძმა მინდა, ოღონდ ტყუპისცალიო (იცინის), მაგრამ ჯერ გეგმაში არ მაქვს შვილის გაჩენა, სხვა რაღაცებით მაქვს გონება დაკავებული.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
578
ლიმონი რა შურიანია?
15:31 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მე ძალიან მომწონს
20:24 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
.............
საშინელი ცხვირი აქვს და ბებერს გავს...
12:34 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიმონი
ძალიან კარგები ხართ.მაგრამ კარგი იქნება თუ ეკა გაიხდის იმ ფოფოდია კაბებს არაჩვეულებრივი ფეხები აქვს და რატომ მალავს
02:28 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარია
გაიხარეტ ტკვენი პატარიტ.გადასარევი სკვილი ხარტ....
19:29 / 21-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS