01 ოქტომბერი, 2014
როგორ აღვადგინოთ მოსწავლის სამგზავრო ბარათი - საოცარი ისტორია, რომელიც ჟურნალისტს გადახდა
ავტობუსში ასვლა ვეღარ გავბედე. ვინ იცის რა მიმართულებით გამიტაცებდა
რამდენიმე თვის წინ ჩემ შვილს მოსწავლის სამგზავრო ბარათი გაუტყდა და აღდგენა გადავწყვიტე. არც ისე იოლი აღმოჩნდა გზა სასურველი ბარათის მოსაპოვებლად. ამისთვის პირველ რიგში სკოლაში უნდა მიხვიდეთ, სადაც დაწერთ განცხადებას დირექტორის სახელზე, რათა მოგცენ ცნობა, რომ თქვენი შვილი ნამდვილად სწავლობს ამ სკოლაში. თუ გაგიმართლათ, განცადებიდან რამოდენიმე დღეში დაგირეკავენ და გეტყვიან, რომ ცნობა მზად არის.

თუ კიდევ უფრო გაგიმართლათ და დირექციაში ვინმე ამ საკითხში ინფორმირებული შეგხვდათ, აგიხსნით, რომ
ცნობა და ჯარიმის ქვითარი უნდა წაიღოთ ვაჟა- ფშაველას ბოლოში, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში და მხოლოდ ამის მერე მიიღებთ ნანატრ ბარათს. თუ ნამდვილად იღბლიანი ხართ და დირექციაში ანგარიშის ნომერიც მოგცეს, სადაც თანხა უნდა ჩარიცხოთ, ბანკიდან მეორედ სკოლაში მისვლა აღარ მოგიწევთ. და თუ ბედი იმიტომ გწყალობთ, რომ თქვენი დაბადების დროს მთვარე მარსის ეტლში იყო შესული, შვილის პირადობაც აღმოგაჩნდებათ ჩანთაში და ჯარიმას ბანკში სწორედ კონკრეტული გვარ- სახელის სასარგებლოდ გადაიხადით.

მე უიღბლო აღმოვჩნდი და ამ ბიუროკრატიული საკითხების მოსაგვარებლად ერთი კვირა დამჭირდა. ერთი სიტყვით, ყველა ეს პროცედურა რომ გავიარე და ნანატრი ცნობა და ქვითარი ჩავიდე ჩანთაში, გავემართე ბიბლიოთეკისკენ. სამწუხაროდ, ზუსტად დღეს გაგვითავდა მოსწავლის ბარათებიო, - მომახარა ქალბატონმა. ამას მერჩივნა ცხელი წყალი გადაესხათ თავზე, პრინციპში ცივზეც თანახმა ვიყავი, ოღონდ ბარათი მოეცათ.

გამახსენდა ჩემი ფუჭად დაკარგული ერთი კვირა და შეშფოთება ვცადე, - კი, მაგრამ რას ნიშნავს გაგითავდათ, აბა რისთვის მოვაგროვე ეს საბუთები, ჯარიმა რისთვის გადავიხადე?! ცხელი ხაზის ნომერს მოგცემთ, დაგვირეკეთ ხოლმე, რომ მივიღებთ, გამოარეთ და მოგცემთო, დამამშვიდეს. ამ ხნის განმავლობაში როგორ იაროს ბავშვმა სკოლაში, ცეკვაზე, ვაგრძელებ აღშფოთებას.

იქნებ ეს ბარათები გამოგადგეთ, გამოაღო უჯრა ერთ- ერთმა ქალბატონმა, - ეს დაბრუნებული ბარათებია, ხან ატარებს, ხან - არა. ამოგირჩევთ ერთ- ერთს, შეამოწმეთ, იქნებ მუშაობს.
- მე როგორ შევამოწმო?

- ქალბატონო, აქვეა ავტობუსის გაჩერება, ადით, დაადეთ სალაროს და თუ მოგცემთ ქვითარს, ე.ი. გამოდგება. ჩვენ ექვსის ნახევრამდე ვართ, იჩქარეთ, თუ გამოუსადეგარია, სხვას მოგცემთ.

საათს დავხედე 6- ის 20 წუთია. უნდა მოვასწრო, გავიფიქრე და გამოვედი შენობიდან. ვდგავარ გაჩერებაზე და ვფიქრობ. ესენი მაგოიმებენ თუ თვითონ ვგოიმდები. პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი საკუთარ შეკითხვაზე, რომ მოვიდა ავტობუსი, გაიღო კარი და ავვარდი. დავადე ბარათი ბილეთის ასაღებ აპარატს, მაგრამ სად არის ბილეთი? ამ დროს დაიხურა კარი და დაიძრა ავტობუსი. 
- ერთი წუთით, არ წახვიდეთ, ბარათს ვამოწმებ, შევყვირე და კარისკენ გავიქეცი. კიბიდან მძღოლის გაოგნებულ თვალებსღა მოვკარი თვალი მისსავე სარკეში, მაგრამ გადავრჩი, არ უგინებია. მივბრუნდი ბიბლიოთეკაში ნაცნობ ქალბატონთან და სევდიანად გავუქნიე თავი, არ ვარგა- მეთქი. გამომართვა და ნაგვის ურნაში ჩაუძახა. თან ქურთუკი ჩაუცვამს, ჩანთა გადაუკიდია. აბა, ეს ნახეთ, გამომიწოდა მეორე. მივხვდი, ისევ ავტობუსში მაგზავნიდა თვითონ კი წასვლას აპირებდა. მორიგი ავტობუსის მძღოლის გაბრაზებული სახე და უკვე გაქცეული ავტობუსის კიბის საფეხურთან მოსალოდნელი საფრთხე რომ წარმოვიდგინე, თმები ყალყზე დამიდგა.

- ერთი წუთით ქალბატონო, თქვენ მე კონტროლიორი ხომ არ გგონივართ, ასე ხომ ვერ ვივლი მთელი დღე?!
- მაშ, ორ ცალს გაგატანთ, იქნებ რომელიმე გამოგადგეთ. ჩვენი სამუშაო საათები დამთავრდა, ვწუხვარ.
- კი მაგრამ, ეს საბუთები ამდენი რომ ვიარე და მოვაგროვე, არც გინახავთ...
- ვნახავთ. ახალ ბარათებს რომ მოგვიტანენ, მობრძანდით ეს ბარათები დაგვიბრუნეთ და იმ საბუთების საფუძველზე მიიღებთ ახალ ბარათს, რომელიც ნამდვილად არ იქნება გამოუსადეგარი.

წამოვიღე ის ორი ბარათი. ავტობუსში ასვლა ვეღარ გავბედე. ვინ იცის რა მიმართულებით გამიტაცებდა. ახლა ჩანთაში მიდევს ორი მოსწავლის ბარათი და მნიშვნელობა არ აქვს გამოუსადეგარია თუ ვარგისიანია, ჩემთვის მაინც ''მწვანე ბარათის'' ფასი აქვს.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ზური
სად უნდა ავიგო ბარატი ახალი ? მისამარტი ტუ იციტ სადა ?
21:57 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
კარგი იყო, თუმცა ცხელი ხაზის ნომერიც რომ მიგეწერათ, კიდევ უფრო სასარგებლო იქნებოდა
23:16 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
სალ
კარგად აღწერე, ვიცინე)) ეგ ბიბლიოთეკა როგორ მიყვაააარს
14:43 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, თქვენი კარგად მესმის. სამწუხაროდ, ბიუროკრატიას ჩვენთან ბოლო არ უჩანს
13:56 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS