21 სექტემბერი, 2014
„მეგობრები მეუბნებიან, რომ გამოსწორების გზაზე ვდგავარ...“
გადავახვიოთ უკან დრო, არ წავიდეს და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს ''ჩვენ, ადამიანები, არაფერსა და ყველაფერს შორის ვდგავართ. მარჯვნივ ყველაფერია, მარცხნივ - არაფერი. ჯერჯერობით, სანამ ცოცხალი ვარ, შუაში ვდგავარ, მერე არ ვიცი, რა იქნება'', - გვითხრა ''X ფაქტორის'' გამარჯვებულმა თორნიკე ყიფიანმა , რომელსაც ორი ტატუ აქვს: მარჯვენა ხელის მაჯაზე ''ყველაფერი'' უწერია, მარცხენაზე - ''არაფერი''. თორნიკემ პროექტში გაიმარჯვა, მაგრამ მიღწეულით არ კმაყოფილდება და უამრავი გეგმა აქვს.

- თორნიკე, ამბობენ, მუსიკალურ პროექტებში გამარჯვების შემდეგ პირველადგილოსნებს ივიწყებენო. შენს შემთხვევაში როგორ
მოხდა?
- სამწუხაროდ, საქართველოში შოუბიზნესი განვითარებული არ არის, მაგრამ პირადად მე გამარჯვების შემდეგ შესაძლებლობა მაქვს, მუსიკა თავისუფლად და ხარისხიანად გავაკეთო. მონაწილეობა მივიღე რამდენიმე კონცერტში. მიმიწვიეს ბორჯომობაზე და თიანეთობაზე. თვის ბოლოს ალბომზე მუშაობას დავიწყებთ.
- ეს ყველაფერი ისაა, რაც გინდოდა?
- მგონია, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, თავის თავს უნდა მოსთხოვოს უფრო მეტის გაკეთება. თუ უკან არ დაიხევს და მოინდომებს, ყველაფერი გამოვა. ვფიქრობ, უფრო მეტსაც მივაღწევ. არ ვაპირებ გაჩერებას. ჩემი ბენდიც გვერდში მიდგას. ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც მინდა იყოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება, ორ და სამ თვეში არ მოხდეს.
- ერთ-ერთი მუსიკალური კონკურსის ფინალისტიც იყავი, მაგრამ იქ ჩამოყალიბებულმა ბენდმა არსებობა არ განაგრძო.
- კარგი პროექტი იყო, მაგრამ პოპულარული ვერ გახდა. იმ პერიოდში ''მაესტრო'' არ იყო სატელიტური არხი, მხოლოდ რამდენიმე ქალაქში იყო შესაძლებელი ჩვენი ყურება. ამის გამო დიდი დაინტერესება არ მოჰყვა იმ ადამიანებისგან, რომელთაც ასეთი პროექტის მერე მუსიკოსს ხელი უნდა მოჰკიდონ. მარტო მუსიკოსი კი ვერაფერს გახდება. ჩვენი ბენდი ძალიან წვალობდა. კონცერტებსაც ჩვენით ვგეგმავდით, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მარტო ვე-რაფერს გახდები.
- რომ გქონდეს შესაძლებლობა, კიდევ მიიღებდი მსგავს პროექტში მონაწილეობას?
- სიმართლე გითხრათ, ჩემი ინიციატივით არც ერთ მუსიკალურ კონკურსზე არ მივსულვარ. ორივე პროექტში ჩემი მეუღლის თხოვნით მივედი. ვფიქრობ, მუსიკალურ პროექტში მონაწილეობას აღარ მივიღებ. ყველგან მე ხომ არ ვიქნები (იცინის).
- როგორ ფიქრობ, ამ პროექტით თქვი შენი სათქმელი?
- მონაწილეები, ძირითადად, ქავერებს ვმღეროდით. ახლა საჭიროა, რომ ბენდთან ერთად შევქმნა ისეთი სიმღერები, რომლებითაც ჩემს სათქმელს ბოლომდე და ისე ვიტყვი, როგორც მინდა. მსურს, ჩემი ნამღერი მსმენელამდე კარგად მივიტანო და დიდი იმედი მაქვს, რომ გამომივა.
- ამბობენ, პროექტებში კონკურენციის გამო მეგობრის შეძენა ძნელია...
- პირადად მე ორივე პროექტში დავუმეგობრდი კონკურსანტებს. სიმართლე გითხრა, ძმაკაცები ვერ გავხდით, მაგრამ ბევრთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თიანეთობაზეც ერთად ვიყავით მე, სალომე ტეტიაშვილი და მებო ნუცუბიძე.
- მებო პროექტიდან განაწყენებული წავიდა. ზოგი მას გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებდა. ახლა გული ხომ არ სწყდება?
- მსგავსი არაფერი უთქვამს, მისი გადაწყვეტილება იყო. ალბათ, გააზრებული ჰქონდა, რასაც აკეთებდა.
- როგორ ფიქრობ, რომ არ წასულიყო პროექტიდან, გამარჯვება ხომ არ გაგიჭირდებოდა?
- არ ვიცი. გადავახვიოთ უკან დრო, არ წავიდეს და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს (იცინის).
- თამთა გოდუაძე ძალიან კარგი მენტორი იყო. შენზე ზრუნავდა. ახლა მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- მართლა ძალიან ზრუნავდა და მთელი პროექტის განმავლობაში გვერდში მედგა. ახლა საქართველოში არ არის. ''ფეისბუქის'' საშუალებით ხშირად ვლაპარაკობთ და ერთმანეთს მოვიკითხავთ ხოლმე. თუ საქართველოში ჩამოვა, აუცილებლად ვნახავ და მე თუ ჩავედი საბერძნეთში, მოვინახულებ.
- იმასაც ამბობდნენ, თამთა ისე ზრუნავს თორნიკეზე, მათ შორის მეგობრობაზე მეტი გრძნობა ხომ არ გაჩნდაო. პოპულარობას მსგავსი ჭორები რომ მოჰყვა, ამ ამბავს როგორ შეხვდი?
- არა უშავს. მსგავსი რამ ყოველთვის ხდება. ჭორები დიდად არ მაღელვებს. მთავარია, საკუთარ თავთან ვიყო მართალი.
- შენ არ გაღელვებს, მაგრამ შენს მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა, ჭორი რომ გავრცელდა?
- ჩემს მეუღლესაც ზუსტად ისეთი დამოკიდებულება აქვს ჭორების მიმართ, როგორიც მე. ეჭვიანობის სცენები ჩვენს ოჯახში არ ყოფილა. თამთა არის ძალიან თბილი და კარგი ადამიანი. ბოლომდე ცდილობდა, გვერდში დამდგომოდა და ერთად გვებრძოლა გამარ-ჯვებისთვის.
- ორი ბავშვი გყავს, როგორ ფიქრობ, ისინი შენს გზას გააგრძელებენ?
- ერთი ხუთი წლისაა, მეორე _სამის. ორივე ჯერ ბაღში დადის. რაღაცებს თავისთვის მღერიან ხოლმე, მაგრამ მათ ასაკში ყველა ბავშვი მღერის.
- მათ ასაკში შენ უკვე კარგად მღეროდი?
- მშობლები მეუბნებიან, შენთვის რაღაცებს ღიღინებდიო. ჩემს შვილებზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. არ მიყვარს, მშობლები შვილზე რომ ამბობენ, ფენომენური ნიჭი აქვსო.
- შენზე პროექტის განმავლობაში სულ ამბობდნენ, ასეთ გამხდარ ბიჭს ასეთი ძლიერი ხმა როგორ აქვსო. ხმას როგორ უფრთხილდები?
- მუსიკის პედაგოგთან არასდროს მივლია. სიმღერა ჩემით ვისწავლე. პროექტში მანანა მორჩილაძემ მასწავლა ბევრი რამ, რისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. სიგარეტს ადრე უფრო ვეწეოდი. დალევითაც ადრე უფრო ვსვამდი. ახლა ვცდილობ, ნაკლები მოვწიო. მეგობრები კაიფით მეუბნებიან, გამოსწორების გზაზე დგახარო. ამბობენ, კვერცხი უნდა გადაყლაპო, კარგი ხმა რომ გქონდესო, ასეთი რამ არასდროს გამიკე-თებია. მთავარია, არ გავცივდე და გრიპი არ დამემართოს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS