30 აგვისტო, 2014
პაატა მხეიძის ბოროტმოქმედების როლები და ერთადერთი გამონაკლისი დადებითი პერსონაჟი
სულ ვიღაც უნდა მოვკლა, ვცემო, ვესროლო და გადავამტვრიო მსახიობ პაატა მხეიძეს მხოლოდ ქუჩის გადაკვეთა უწევს იმისთვის, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრში მივიდეს, სადაც დაახლოებით 20 წელია მოღვაწეობს. საკმაოდ ბევრ სპექტაკლშია დაკავებული, რაც შეეხება კინოს, ისტორიული ჟანრის ფილმები მოსწონს და ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაშიც სწორედ ამგვარი კინოს გადაღებაზე იმუშავებდა...

- თბილისში, პლეხანოვზე დავიბადე და გავიზარდე. აქ გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება და იმედია, ისე მოვკვდები, რომ აქედან გამასვენებენ, თუ მანამდე საქართველოდან არ წავედი (იღიმის). ძალიან დამღალა ყველაფერმა,
ვერაფრით ვერ დალაგდა ჩვენი ქვეყანა და ჩემი დიდი სურვილია აქედან ოჯახით წავიდე. უბრალოდ, დღეს რა პოზიციაზეც ვარ, სხვაგან შეიძლება, იქამდე მისაღწევად სიცოცხლე აღარ მეყოს. ვნახოთ, ჯერ არ ვიცი...
ბავშვობაში კალათბურთზე დავდიოდი, მომწონდა სამხედრო სამსახურიც, მინდოდა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი ვყოფილიყავი, მაგრამ დედას გავლენით სხვაგვარად მოხდა. ის მსახიობი იყო, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სოხუმის თეატრში გაანაწილეს, მაგრამ როცა ამქვეყნად უნდა გავჩენილიყავი, მამამ უთხრა, აბა, ახლა შვილს მიხედეო და დედა თავის პროფესიას ჩამოშორდა. მთელი ცხოვრება მე შემომწირა. დედას ბავშვობიდან დავყავდი სპექტაკლებზე, ზოგიერთი ოთხჯერ-ხუთჯერ მქონდა ნანახი. ''შთამომავლობა'' რამდენჯერ ვნახეთ, ზუსტად ვერც გეტყვით. მამა მოცეკვავე იყო, უმაღლესი განათლება ჯერ აქ მიიღო, მერე - რუსეთში. გამგზავრებამდე ილიკო სუხიშვილთან ცეკვავდა, რუსეთიდან რამდენიმე წლის შემდეგ რომ დაბრუნდა, ანსამბლში აღარ მისულა. მსახიობობა მაინცდამაინც არ მიზიდავდა, მაგრამ ეს პროფესია დედამ იმდენად შემაყვარა, რომ ''ქრონიკულში გადამივიდა'' (იღიმის). ძალიან მაგარი დედაშვილობა გვქონდა.
- ალბათ დედამ საკუთარი ოცნება თქვენში განახორციელა...
- ჰო, სულ ენატრებოდა. თან, ისე მოხდა, როცა ვიბადებოდი, ან ერთი უნდა გადავრჩენილიყავით, ან მეორე. დედას ჯანმრთელობაც ხელს არ უწყობდა და მისთვის უდიდესი ბედნიერება იყო, როცა თეატრში ჩემს სპექტაკლებზე მოდიოდა ან ფილმში, სერიალში მხედავდა. ორი წელია, რაც დედა გარდაიცვალა და მართალი გითხრათ, დღესდღეობით რაღაც რომ მიხარია, ეს ისეთივე სიხარული აღარაა, როგორც უწინ, როცა დედა ცოცხალი იყო.
დედისერთა ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ საშუალება ჰქონდათ, არ მანებივრებდნენ. როცა ოჯახში ბავშვს სიყვარულით აღზრდი, თავხედი არ იქნება და ცხოვრებაში რაღაც-რაღაცები არ შეეშლება. უბრალოდ, შეიძლება მერე დაიჩაგროს, რადგან არ შეიძლება ყველაფერს ვარდისფერი სათვალით უყურებდე. მოტყუვდები და გაგაცურებენ, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება. ახლა ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, ზოგადად ვამბობ.
- მესმის, ასეთ ბავშვებს უჭირთ შემდეგ სამყაროსთან ადაპტაცია. თეატრალურში ვის ჯგუფში მოხვდით?
- კოტე სურმავასთან, პარალელურად პანტომიმის თეატრში გავიარე ერთი კურსი. ის დრო დღემდე დადებითად მომყვება. ერთი პერიოდი მეც და ჩემი მეუღლეც თეატრალურში ვმუშაობდით. თეატრალურ უნივერსიტეტსა და კულტურის ინსტიტუტში სასცენო მოძრაობას, ფარიკაობასა და კასკადებს ვასწავლიდი. თუმცა იქ იმდენად სასაცილო ხელფასი მქონდა, დიდხანს ვერ დავრჩი. ვფიქრობ, მსახიობები აუცილებლად უნდა გადიოდნენ ამ კურსს. სპექტაკლებსა თუ გადაღებებზე ხშირად ვაწყდებოდი ისეთ ფაქტებს, რომ ადამიანებს ელემენტარული რამის გაკეთება არ შეეძლოთ.
- ფარიკაობას დღემდე ხომ შოთა სხირტლაძე ასწავლის...
- შოთა სხირტლაძე და შოთა გეგიაძე, რომლებთანაც დიდი მეგობრობა მაკავშირებს. ჩემს დროს ამ საგანს კახა ხოშტარია ასწავლიდა. ამ ადამიანების ძალიან მადლიერი ვარ.
- მსახიობების მონაცემთა ბაზებში ფიზიკურ აღწერილობასთან ერთად წერია, რომელ ენებს ფლობს და იცის თუ არა მანქანის მართვა, ფარიკაობა, ცხენოსნობა და ა.შ. თქვენთან როგორაა ეს გრაფა შევსებული?
- კარგად (იღიმის). მანქანის მართვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ცხენზე ჯდომა ჩემთვის ბედნიერებაა. ახლაც გადაღებებზე ორი დღე ჩოხით ცხენზე მომიწია ჯდომამ. ცხენი, იარაღი და ხმალი, ჩემთვის სულ სხვა განცდაა. ცხენზე რომ ვჯდები, მეტყველება მეცვლება. ამას რომ ვაფიქსირებ, საკუთარ თავზე მეცინება.
- ეს როგორ?
- არ ვიცი, ცხენზე რომ ავმხედრდები, თითქოს სხვა საუკუნეში ვინაცვლებ. ბიჭებთან ერთად მერე ბევრს ვღადაობთ ამ თემაზე.
- რა გადაღებებზე იყავით, ვინ და რას იღებს?
- ეს ''ჯიდიესის'' პროექტია. ჯერ მხოლოდ პირველი სერიის გადაღებებია დასრულებული. არ ვიცი, თქმის უფლება მაქვს თუ არა და ამიტომ ვერ დავაკონკრეტებ.
- ლევან დაბრუნდაშვილი რომ სერიალს იღებს, ეს გაქვთ მხედველობაში?
- არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი. არ ვიცი, რა ძალა და ენერგია აქვს ლევანს, ყველა იღლება მის გარდა.
- ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია და მაშინ მე ვიტყვი, რომ დაბრუნდაშვილის სერიალის სიუჟეტი არ წარიმართება თანამედროვე დროის საქართველოში, შემოდგომიდან გავა ეთერში... და აქ გავჩერდები. თეატრზე გკითხავთ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლები ხშირად ბავშვების რეპლიკების თანხლებით მიმდინარეობს. სცენაზე გესმით ეს ხმები?
- (იღიმის). წლების წინ რკინიგზელთა სახლში ერთ-ერთი სპექტაკლის დროს გამოვდიოდით სცენაზე და ვიწყებდით, ''ჩვენ დამნაშავეებად არ დავბადებულვართ'', რასაც შემდეგი ტექსტი მოჰყვებოდა. ყველა სპექტაკლი ისეთ ყიჟინასა და ხმაურში იწყებოდა, სიტყვას ვერ იტყოდი. მერე ნელ-ნელა ჩუმდებოდნენ და ''მოგვყვებოდნენ'' ბავშვები. ერთხელაც გამოვედით სცენაზე, ერთმა მსახიობმა უნდა თქვას რეპლიკა და ვერ ამბობს. გადავხედეთ-გადმოვხედეთ ერთმანეთს და გვიან მივხვდით რა ხდებოდა, დარბაზში არ ისმოდა ყიჟინა, ბავშვები გასუსულიყვნენ, რამაც ძალიან გაგვაკვირვა. კარგახნიანი პაუზის შემდეგ როგორღაც დავიწყეთ სპექტაკლი. მერე ვიკითხე, რომელი სკოლის მოსწავლეები ისხდნენ დარბაზში, ვინ იყვნენ, საიდან. თურმე, ჩემი მეგობრის სკოლის მოსწავლეები ყოფილან და დირექტორს ბავშვები გაუფრთხილებია, სპექტაკლის მსვლელობისას ხმა არ ამოეღოთ (იღიმის). ეს პირველი და მგონი ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა დარბაზში.
- ფილმებსა და სერიალებში ბევრი როლი გაქვთ შესრულებული. რა ფილმით დაიწყო?
- ყველაფერი დაიწყო მერაბ კოკოჩაშვილის ''ნუცას სკოლით'', სადაც თამაშთან ერთად დადგმით სცენებზე ვიმუშავე. მუშაობა შოთა სხირტლაძემ დაიწყო, შემდეგ მე გავაგრძელე და ბოლოს ისევ მან ჩაიბარა ჩემი ნამუშევარი. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ ყოველთვის მომწონდა ამგვარი სცენების დადგმა. რამდენიმე წლის განმავლობაში მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც ვდგამდი სასცენო მოძრაობებს, ჯერ კიდევ გია კიტიას დროს და წელიწადში 7-8 სპექტაკლის გაფორმება მიწევდა. ბოლოს მარჯანიშვილისა და მუსკომედიის თეატრებში ვიმუშავე სასცენო მოძრაობების დამდგმელად. ზოგჯერ წერენ სასცენო მოძრაობების ავტორს, ზოგჯერ ბატალური სცენების ავტორს. ერთხელ ერთ-ერთი სპექტაკლის გაშუქებისას ტიტრებში ეწერა: ''ჯოხებით ბრძოლა - პაატა მხეიძე'' (იცინის). რას იზამ, ამაზე მხოლოდ უნდა იცინო.
რაც შეეხება ფილმებს, იქ არის ფარიკაობის, ჩხუბის სცენები, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დადგმა, მითითება გადაადგილებასა და მოძრაობაზე. არ შეიძლება ქუჩის ჩხუბი, ანუ ის, რაც ცხოვრებისეულია, კინოსა და თეატრში ანალოგიურად გაიმეორო. მარტივად რომ ვთქვათ, დადგმის დროს გიწევს მოძრაობის გაწელვა. ქუჩაში კი ხელის ერთი მოძრაობით შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს ასფალტზე და ვერაფერი დაინახო. ასეთ ჭუჭყს ვერ აჩვენებ ეკრანზე. საერთოდ, ფილმის ამგვარ სცენებში სულ რამდენჯერმე მაქვს ჰონორარი აღებული, დანარჩენი მეგობრობით ან ისე მაქვს გაკეთებული, რადგან მინდა ხალხმა იცოდეს, რომ ამ სცენებს აუცილებლად სჭირდება დადგმა, რომ ვიღაცამ ხელი არ მოიტეხოს და არ დარჩეს ნეკნის ან თვალის გარეშე. არ შეიძლება დილეტანტის დონეზე მოქმედება.
ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა, ერთ-ერთი სერიალის გარკვეულ ნაწილში დავდგი ჩხუბის სცენები, მაგრამ ეტყობა მერე იფიქრეს, რატომ უნდა გადაეხადათ ჩემთვის ფული და თავად გადაწყვიტეს მოქმედება. სპეცრაზმის ბიჭები მოდიან და ისინი გააკეთებენ კაცის აყვანის სცენასო. რასაკვირველია, ის ბიჭები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ ფილმში გადაღებისას თუ არ მიუთითე, რა და როგორ, შეუძლებელია მიიღო ის შედეგი, რაც გინდა. ჩემი აზრი ვუთხარი, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვალეს. გაისმა ''მატორ'' და სპეცრაზმის ბიჭები დაეშვნენ მთებიდან. ამ ეპიზოდში მეც უნდა დავეჭირეთ. იმ ორ ბიჭთან ერთად, ვისაც ეს უნდა გაეკეთებინა, გავიარე და დავდგი სცენა, მაგრამ ვისთანაც მსგავსი რამ არ მომხდარა - ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს თავი მიარტყმევინეს ხეზე და ჩემ წინ დაეცა. ამას ვიღაც კურიოზად ჩათვლის, გადაღებები ერთი-ორი კვირა შეჩერდა, მაგრამ შეიძლება ყველაფერი უფრო სავალალო შედეგითაც დასრულდეს.
- მითხარით, რომ მეუღლე თეატრალურში ასწავლის. მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიცანით?
- ჩემი მეუღლე, ანა სამსონაძე, ქორეოგრაფია. თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლის. ცეკვა მისთვის ყველაფერია. რაც ძალიან მომწონს ისაა, რომ არ შეუძლია ცალყბად ჩაატაროს ლექცია, თავიდან ბოლომდე იხარჯება, მაგრამ ზუსტად იმავეს ითხოვს თავისი სტუდენტებისგანაც (იღიმის). მასთან არ არსებობს თხოვნა და შეფასების რამე შეღავათის გამო დაწერა. ანა მოზარდ მაყურებელთა თეატრში მთავარი ქორეოგრაფი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალი მმართველობა მოვიდა, აქ აღარ მუშაობს მთავარ მხატვრად, თუმცა სპექტაკლებდ აფორმებს. ერთმანეთი სამეფო უბნის თეატრში გავიცანით, სადაც ცოტნე ნაკაშიძე ვაჟა-ფშაველას პიესების მიხედვით დგამდა სპექტაკლს ''ნანგრევთა შორის''. ანა მაშინ სპექტაკლის ქორეოგრაფი იყო და მას შემდეგ ერთად მოვდივართ. სამი შვილი გვყავს: ნუცა, რატი და ლიზი.
- თავიდან თქვით, რომ საქართველოდან წასვლა გინდათ. საზღვარგარეთ თქვენი და ნებისმიერი პროფესიით თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. რა გეგმები გაქვთ Yამ კუთხით, თუ ეს მხოლოდ სურვილია?
- სურვილია, მაგრამ რაღაც ვარიანტი რომ გამოჩნდეს, ისე წავალ, გული არაფერზე დამწყდება. ჩემთვის ყველაზე კარგი მაგალითია ხათუნა იოსელიანი, რომელიც საქართველოდან წავიდა და ნიუ-იორკში ცხოვრობს. ხათუნა ''მოკვეთილში'' დედაჩემის როლს ასრულებდა და დღემდე ვმეგობრობთ. აქ რომ იყო ჩამოსული, ამბობდა, სახლში მინდაო. ყველას უკვირდა მისი ეს სიტყვები, მაგრამ მისთვის ასეა. გაუმართლა, რომ ხათუნა ამერიკაში თავის საქმეს აკეთებს და სპექტაკლებს დგამს.
- თუ დავაკვირდებით, ხშირად გაქვთ ბოროტმოქმედის როლი...
- პრინციპში სულ ბოროტმოქმედი ვარ. მარტო ''ყავა და ლუდში'' შევასრულე გამომძიებლის როლი. სულ ვიღაც უნდა მოვკლა, ვცემო, ვესროლო და გადავამტვრიო. პრინციპში ასეცაა, შემომხედეთ, შეიძლება ახლა მე რომეო მათამაშოთ?! (იცინის).
- ჰო, მაგრამ ახლა რომ გისმენთ, აბსოლუტურად განსხვავდებით იმ გმირებისგან, რომლებსაც სერიალებში, ფილმებსა და სპექტაკლებში განასახიერებთ ხოლმე...
- როგორ მინდა ერთხელ მაინც სუფთად ვიყო ჩაცმული, ერთი საათის განმავლობაში არ მიკეთებდნენ იარებს, სისხლით არ ''მსვრიდნენ'', რომ მერე წავიდე და ვიღაც ვცემო. რამდენიმე წლის წინ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ''წეროს ფრთები'' დაიდგა. ძალიან მსიამოვნებდა მასში თამაში, მიუხედავად იმისა, რომ იქაც უარყოფითი პერსონაჟი ვიყავი, სპექტაკლს იმდენად ბევრის მთქმელი ფინალი ჰქონდა, რომ ის როლი მენატრება.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS