29 აგვისტო, 2014
ვინ არის გოგონა, რომელიც რაგბის ყველა მატჩს იღებს

კარგად მახსოვს, პირველად თბილისის ძველ უბანში მიტოვებული ''ვოლგა'' გადავიღე ია მირიანაშვილი
ახალგაზრდა ფოტოგრაფია, მაგრამ, კოლეგებისგან განსხვავებით, ძირითად მიმართულებად სპორტი- კერძოდ კი რაგბი აირჩია. ყველაფერი რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად დაიწყო. პროფესიით დიზაინერმა დამ სპორტსმენებს ფორმა შეუკერა და ერთ დღეს ია სტადიონზე ფოტოგრაფის ამპლუაში გამოჩნდა.

''ბოლო წლებია, ყოველდღიურად ვიზრდები''

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ახლა 31 წლის ვარ. ფოტოგრაფია მოულოდნელად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ერთ დღეს ჩემს დას, რომელიც სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, გამოფენისთვის სურათები სჭირდებოდა და ''ზენიტის'' ფირმის
ფოტოაპარატი გამოვართვი და დამოუკიდებლად გადაღება დავიწყე. კარგად მახსოვს, პირველად თბილისის ძველ უბანში მიტოვებული ''ვოლგა'' გადავიღე. საოცარი შეგრძნება მქონდა, ყოველთვის იმას ვიღებდი, რაც მომეწონებოდა. რთულია, დღეს ვთქვა, რომ პროფესიონალი ფოტოგრაფი ვარ, მაგრამ ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს.

Rating

- სამუშაოდ როდის იქცა?
- ბოლო წლებია, ყოველდღიურად ვიზრდები. მქონდა ინტერვალები, მაგრამ მას შემდეგ, რაც რაგბით დავინტერესდი, ყოველდღიურობად იქცა, რადგან სხვებიც მირეკავდნენ და გადაღებას მთხოვდნენ.

Rating

- ახალგაზრდა გოგონა რაგბის სამყაროში ფოტოგრაფად როგორ მოხვდი?
- ჩემი და დიზაინერია და მორაგბეების ფორმებზე მუშაობა რომ დაიწყო, ჩავერთე. ძალიან სასაცილოდ მახსენდება გადაღების პირველი დღე. იმდენად გავერთე, რომ მოულოდნელად შუაგულ სტადიონზე აღმოვჩნდი. თამაში ეშხში იყო შესული და ერთი-ერთი მორაგბე გადამეფარა, რომ ძალიან არ დავზიანებულიყავი. შემდეგ სტადიონიდან გამიყვანა. არ ვიცოდი, მატჩის დროს გადაღება ასეთი რთული თუ იქნებოდა. მერე ყველა მოთამაშეს შევუყვარდი. ბოლო დროს გამოფენებზეც ხშირად დავდივარ გადასაღებად, მაგრამ რაგბი უფრო ჩემია. ახალი სეზონიდან ისევ დავიწყებ გადაღებას.

Rating

- რთული არ არის ქალბატონისთვის სპორტული ფოტოგრაფია?
- არა, დიდი ენერგეტიკა მოდის მოთამაშეებისგან. რთული მხოლოდ იმ კუთხით არის, რომ მათთან ერთად განვიცდი, თან ამ დროს სურათებს ვიღებ. ბევრჯერ აღმოვჩენილვარ მძიმე სიტუაციაში. საინტერესო კადრს ვიღებ და ამ დროს ვხედავ, რომ მოთამაშე ცუდად ხდება. პირველად ძალიან შემეშინდა, შემდეგ რომ დავინახე, ამხელა ვაჟკაცი ხელის ''გაყინვის'' შემდეგ როგორ დაბრუნდა სტადიონზე, გავგიჟდი. ყოველთვის ასეა, ტრავმის მიუხედავად მაინც ითხოვენ სტადიონზე დაბრუნებას და თამაშს აგრძელებენ. ეს ნამდვილი ბრძოლაა.

Rating

- ალბათ ბევრი მძიმე ისტორია გექნება ამ კუთხით მოსაყოლი...
- დიახ, ერთხელ მახსოვს, ერთმა მონაწილემ თავზე ძლიერი დაზიანება მიიღო. მალე მიბრუნდა სტადიონზე და თამაში გააგრძელა. ცოტა ხანში გაითიშა და გონდაკარგული მოედნიდან გაიყვანეს. ძალიან განვიცადე. მწვრთნელები მაწყნარებდნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და დღეს ის ბიჭი ისევ თამაშობს.

Rating

- ოჯახი როგორ შეხვდა შენს გატაცებას?
- კარგად, რადგან ჩემი დაც რაგბის ემსახურება. ამ წრეში ბევრი ადამიანი გავიცანი და უკვე ვმეგობრობთ. ერთი ოჯახივით ვართ. როგორც გითხარით, ჩემი და, ანა მირიანაშვილი, რაგბის დიზაინერია.

Rating

- ია, სპორტის გარდა სხვადასხვა ჟანრის ფოტოებიც აღმოვაჩინე შენს არქივში...
- დიახ, კარგად მახსოვს 9 მაისის გადაღება. ომის ვეტერანები ხომ თითზე ჩამოსათვლელები დაგვრჩნენ. ვერ წარმოიდგენთ მათ თვალებს, რამხელა სიამოვნებას იღებენ შენი მცირეოდენი ყურადღებით. როგორ პოზირებენ, ხალისით გიყვებიან განვლილ ცხოვრებაზე.
უკვე დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, რომელსაც ნებისმიერი მძიმე სიტუაციიდან გამოვყავარ. რა არის ჩემთვის ფოტოგრაფია? განტვირთვა- არ ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით. პერსონალური გამოფენა არასოდეს მქონია, თუმცა მიმიღია მონაწილეობა გამოფენებში. იყო ასეთი პროექტი ''წყალი - სიცოცხლე'', რომლის ფარგლებშიც ჩემი გადაღებული სურათი 15 საუკეთესო ფოტოს შორის აარჩიეს.

Rating

- შენი საოცნებო პროექტი რომელია?
- ძალიან მინდა ერთ-ერთ თემაზე მუშაობა, თუმცა მისი გადმოცემა სიტყვებით რთულია. გარდა უკეთესი ხარისხის ფოტოაპარატისა, ფინანსები სჭირდება, რადგან კომპოზიციები უნდა დავდგა. ამ ოცნებას აუცილებლად ავისრულებ და გამოფენაზე დაგპატიჟებთ (იღიმის).

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS