თენგიზ ჩანტლაძემ 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1957 წლიდან, მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადაზე კონფერანსიედ. 1960-1961 წლებში ჩანტლაძე კოტე მარჯანიშვილის
მისი გარდასახვის დიდ უნარსა და სამსახიობო ტექნიკას არაერთი თეატრმცოდნე უსვამდა ხაზს. თენგიზ ჩანტლაძის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ლუარსაბ თათქარიძე, ანატოლი ნოვოსელცევი, ალფონსო, დონ ჟუანი, ვანო ხიმშიაშვილი, მილიციის უფროსი გვარამია, რომლის ფრაზები დღემდე ღიმილს იწვევს - თენგიზ ჩანტლაძის მეგრული აქცენტითა და ინტონაციით ალაპარაკებული მილიციელი ყველა დროში აქტუალურია და იმ ჩანაწერს მაყურებელი დღესაც ვერ ადევნებს ღიმილის გარეშე თვალს...
თენგიზ ჩანტლაძის დაბადების დღის მეორე დღეს, მის მეუღლეს, ზაირა ჩანტლაძეს შინ ვესტუმრე. დიასახლისთან ერთად მისი და და მეგობარი - დალი კალატოზიშვილი დამხვდნენ. ''თენგიზის გარდაცვალების ერთი წლისთავზე თეატრმცოდნე ვახტანგ ქართველიშვილმა თეატრში მოიყვანა დალი კალატოზიშვილი, რომელიც დღემდე ჩემი ოჯახის წევრია. იმ შავ-ბნელ წლებში, რომელიც ქვეყანაში იდგა და შესაბამისად თეატრშიც სუფევდა, მან ყველაფერს გაუძლო და თეატრისთვის ყველაფერს აკეთებდა'' , - მითხრა მან. ამის შემდეგ ქალბატონ ზაირას ვთხოვე, ბატონ თენგიზთან თანაცხოვრება და სცენაზე პარტნიორობა გაეხსენებინა. თენგიზ ჩანტლაძის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა, მაგრამ ემოციის გარეშე ლაპარაკი ახლაც უჭირს. ამ შემთხვევაში დრო სულაც არ არის ტკივილის მკურნალი...
- თენგიზის მშობლები ძალიან საინტერესო პიროვნებები იყვნენ. ორივეს გასაოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. დედა დიასახლისი გახლდათ, გარეგნობით სიმპათიური ქალბატონი. თეატრში ახალი მსახიობი რომ მოვიდოდა, აათვალ-ჩაათვალიერებდა და იტყოდა, ეს სად იშოვეთო?! (იღიმის) თენგოს მამა ფინანსისტი იყო, აკადემიკოსი, პროფესორი, უნივერსიტეტის კათედრის გამგე, მრავალმხრივი განათლების ადამიანი. ის მუსიკის მოტრფიალე იყო და მხატვრობაშიც მოსინჯა ძალები. საოცრად უყვარდა ტრადიციული ქართული სუფრები, მაგრამ თავად ერთ ჭიქა ღვინოზე მეტს არასოდეს სვამდა. სტუმართმოყვარე ოჯახი იყო და მეც ასეთი ვიყავი. თენგიზის დედ-მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა.
- რა ასაკში შეხვედით ჩანტლაძეების ოჯახში?
- თენგო რომ გავიცანი, 23 წლის ვიყავი. ის ჩემზე ხუთი წლით იყო უფროსი. თეატრალური უნივერსიტეტი 1961 წელს დავამთავრე. მსახიობობაზე 3 წლიდან ვოცნებობდი. მსახიობის ოსტატობას საოცარი პიროვნება, ანტონ თავზარაშვილი მასწავლიდა. ის არაჩვეულებრივი პედაგოგი გახლდათ, ძალიან მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. სოხუმში გამანაწილეს, იქ დედამ წამიყვანა, მაგრამ არ დამტოვა. ჩათვალა, რომ პატარა ვიყავი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, თან უცხო ქალაქში. ამიტომ ისევ თბილისში დავბრუნდი. სოხუმში ვასო ყუშიტაშვილმა მიმიწვია. ჩემთვის დიდი პატივი იყო, მას რომ მოვწონდი. მან ჩვენი სადიპლომო სპექტაკლები რომ ნახა, სოხუმში წასაყვანად რამდენიმე მსახიობი შეგვარჩია. იქ რომ არ დავრჩი, მან სამჯერ თუ ოთხჯერ მომაკითხა და მითხრა, სოხუმში დავბრუნებულიყავი. თან იცოდა, რომ ბავშვობიდან კარგი კერვა მეხერხებოდა და ბატონმა ვასომ ისიც მისაყვედურა, მე უკვე ნაჭრები მაქვს ნაყიდი, რომ სამოსი შემიკერო და ამ დროს შენ რას აკეთებო?! (იღიმის). მაინც არ დავბრუნდი. ერთი წელი არ მიმუშავია. იმ დროს თენგიზი პროფესიონალი მსახიობების შეკრებას და ჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავდა. ეს ამბავი ჩემმა მეგობარმა მითხრა და მასთან რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ. იმ ოჯახში შევხვდი თენგიზს და ერთმანეთი გავიცანით. მას უკვე დაწერილი ჰქონდა პროგრამა, რომელიც მის მეგობარ ნოდარ ჩხეიძეს, თემურ ჩხეიძის მამას უნდა დაედგა. წავიკითხეთ, პროგრამა მომეწონა, მაგრამ თენგიზი უფრო (იღიმის).
- მისგან თუ იგრძენით სიმპათია?
- რა თქმა უნდა. იმ საღამოს ყველამ ერთად ვივახშმეთ. კლასიკისა და ბლუზის დიდი ტრფიალი ვარ. ჩართეს ბლუზი და მე და თენგომ ვიცეკვეთ. თურმე ცეკვისას მასთან ახლოს ვიდექი და შემდეგში ამას სულ მაყვედრიდა, თითქოს მე ვიაქტიურე. ერთ კვირაში რეპეტიციები დაიწყო და ჩვენი ურთიერთობაც აეწყო. ამას მოჰყვა გასტროლები საქართველოს მასშტაბით. გამოვიარე იმ თეატრის ყველა წარმატება თუ წარუმატებლობა და ბოლოს - გაქრობა, ეს ყველაფერი ჩემს გაუსაძლის მდგომარეობას უტოლდება. ფაქტობრივად, 50 წლის ასაკში დამთავრდა ყველაფერი...
- თუ უთქვამს, როდის გადაწყვიტა თეატრის დაარსება?
- თეატრისადმი ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა. პატარაობაში სპექტაკლებს რომ დგამდა, ფარდის მაგივრობას ზეწარი უწევდა. მაშინ ის ბარნოვზე, დღევანდელ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობდა. მე იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი და ჩვენც ასეთივე საბავშო თეატრი გვქონდა. თურმე ბავშვობაში ორივე ერთსა და იმავე საქმეს ვემსახურებოდით. ბებიაჩემი, ნატალია ჯავახიშვილი, სოლოლაკში გაზრდილი ქალაქელი ქალი იყო. მოგეხსენებათ, უწინ ქალბატონები ჩიხტიკოპს ატარებდნენ და ის ბებიაჩემსაც ჰქონდა. როცა წამოვიზარდე, უკვე დაუძლურებული იყო და არ მინახავს ჩიხტიკოპით. მეზობლებთან ერთად სპექტაკლებს რომ ვდგამდით, დიდი გარდერობი არ მქონდა და ყველა როლის განსახიერებისას სულ იმ ჩიხტიკოპს ვიყენებდი. შემდეგში, უკვე თეატრში, ხორეშანიც რომ ვითამაშე, მაშინაც თავზე ჩიხტიკოპი მეფარა. გამოდის, რომ ჩემი ცხოვრება, თეატრით გატაცება დაიწყო შეროზიას 9 ნომრიდან ჩიხტიკოპით და თეატრშიც ამავე თავსაბურავით დამთავრდა.
- ხორეშანი თქვენი ბოლო როლი იყო?
- დიახ, ასე დავასრულე ჩემი შემოქმედება. მართალია, მერე სულ რამდენიმე სპექტაკლი ვითამაშე, მაგრამ, ფაქტობრივად, თენგიზთან ერთად ეს ჩემი ბოლო სპექტაკლი იყო.
- გაცნობიდან რამდენ ხანში დაოჯახდით?
- ოფიციალურად ხუთი წლის შემდეგ და არაოფიციალურად ერთ თვეში (იღიმის). თეატრი, რეპეტიცია, გასტროლი, სულ ერთად ვიყავით. ერთმანეთი 5 მარტს გავიცანით და ხუთი წლის შემდეგ, 11 მარტს ქორწილი გვქონდა.
- თუ გამოარჩევდა თავის სპექტაკლებს, ყველაზე მეტად რომელი უყვარდა?
- ასე თქმა რთულია. მას იმიტაციისა და იმპროვიზაციის საოცარი ნიჭი ჰქონდა. თავად წერდა, თავად დგამდა და თავადვე თამაშობდა. სულ პარტნიორები ვიყავით და როცა სპექტაკლზე მუშაობდა, იჯდა პარტერში, ისე, როგორც წესია, სადაც რეჟისორი ზის, მე კი ვიდექი სცენაზე და დავალებებს მაძლევდა. მიზანსცენის მარტო გაკეთება ხომ რთულია, არა?! მაგრამ სულ ასე იყო და მხოლოდ პრემიერის დღეს ამოდიოდა სცენაზე. წარმოგიდგენიათ, როგორი უნდა იყოს, როცა არ იცი, შენი პარტნიორი რომელი კულისიდან ''დაგესხმება'' თავს. მისი გამოჩენა ყოველთვის მაყურებლის აჟიოტაჟს იწვევდა და აპლოდისმენტები მოჰყვებოდა.
- მუშაობის დროს, სხვა მსახიობებისაგან განსხვავებით, თქვენ მიმართ უფრო მკაცრი ხომ არ იყო?
- დიახ, მე ხშირად ვისჯებოდი, რადგან ყველას დამცველი ვიყავი. მგონია, რომ თეატრში ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ყველას ვუყვარდი და ამიტომ მათი ქომაგობის გამო ვისჯებოდი.
- საინტერესოა, როგორი იყო ყოფით ცხოვრებაში...
- სახლში, კედელში, ერთი ლურსმანი ზუსტად ვიცი, რომ თენგოს დაჭედებულია. ცხრა ადგილას იყო მოღუნულ-გაღუნული (იღიმის). სახლის საქმე არ ეხერხებოდა, თუმცა უყვარდა სახლის ლამაზად მოწყობა, კომფორტი, ეზოში ფაცხაც გავაკეთეთ, მაგრამ თავად ამაში მხოლოდ ხელმძღვანელისა და ზედამხედველის სტუტუსით მონაწილეობდა.
მასზე ემოციის გარეშე საუბარი არ შემიძლია. 75 წლის ვარ, ძალიან ცოტა მძინავს და ღამით ხშირად ვიღვიძებ, ლოგინიდან ვდგები და მის ფოტოებს ხშირად ვესაუბრები, ზოგჯერ - ხმამაღლა. ხან ვსაყვედურობ, ხან ვტირი, ზოგჯერ ვიცინი კიდეც. 7 სექტემბერს 25 წელი გახდება, რაც ის გარდაიცვალა და ტკივილი არ განელებულა. ეს ყოფა საშინელებაა...
- ხალხს ის მოღიმარი ახსოვს, სხვებს კარგ განწყობას უქმნიდა. თავად როგორი იყო?

- დიდ სევდას ატარებდა. ხშირად ევსებოდა თვალები ცრემლით. თუმცა კიდევ ერთი საოცარი ნიჭი ჰქონდა. ყოველთვის ცდილობდა დაძაბული ან მძიმე წუთების დროს სიტუაციის განმუხტვას. ისეთ რამეს იტყოდა ან გააკეთებდა, რომ ყურადღება სხვა თემაზე გადაგქონდა.
- შვილები არ გყოლიათ...
- არა, და, სხვათა შორის, ამაზე არ წუხდა, თავის დროზე არ მოვინდომეთ და როცა მოვინდომეთ, უკვე გვიანი იყო. ვცხოვრობდი მისთვის და მისი სამეგობროსთვის. ჩვენს ოჯახში ხშირად იშლებოდა სუფრა. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო. ბოლო ხანებში სულ ვფიქრობდი, ამდენი შრომა რომ ვეღარ შევძლო, რაღა მეშველება-მეთქი.
- ქალბატონო ზაირა, მისი 80 წლის იუბილეს აღნიშვნას ხომ არ აპირებდით, ან რამე ხომ არ იგეგმება?
- როცა ეს თარიღი ახლოვდებოდა, შესაბამის ინსტანციებს შევატყობინე. მის დაბადების დღეს ტელევიზიები, რადიოც გამოეხმაურა. ასევე პრესა, ახლაც თქვენ მობრძანდით. რაც შეეხება საღამოს, რომლის მოწყობაც მსურდა, არ მოხერხდებოდა, რადგან ამისთვის მიზერული თანხა განისაზღვრა. შესაბამისად, თენგიზის 80 წლის იუბილეს აღნიშვნა არ მოხერხდა, თუმცა მაინც დიდი მადლობა ყველას. შინ მოკრძალებული შეკრება გვქონდა, მისი მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ.
- თვითონ თუ უყვარდა დაბადების დღის აღნიშვნა?
- ძალიან. ჩემი და თავისი დაბადების დღეც ძალიან უყვარდა. ერთი პერიოდი ლენინის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პრესაში ასე წერდნენ: ''ლენინიანა'' . იბეჭდებოდა ფოტოები, უამრავს წერდნენ მასზე. შემდეგ ჩემი დაბადების დღე რომ მოვიდა, თენგომ იმ ერთ კვირას, როცა ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდით, ''ზაირიანა'' დაარქვა. მთელი კვირა იშლებოდა სუფრა და დაბადების დღეები ზეიმად იქცეოდა ხოლმე. ის სულ ეძებდა მიზეზს, რომ მეგობრები გვერდით ჰყოლოდა.
- დაბადების დღეს მოძღვნილი განსაკუთრებით ძვირფასი საჩუქარიც გექნებათ...
- იცოდა, რომ სამკაული მიყვარდა, მაგრამ თავად არ ყიდულობდა, ფულს მაძლევდა და ვარჩევდი. სულ სამკაულს ვიძენდი. 25 წელია მარტო ვცხოვრობ, ბინის პრობლემაც შემექმნა და, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დავრჩი. სამწუხაროდ, იძულებული გავხდი, არაერთ სამკაულს შევლეოდი. ალბათ მაპატიებს თენგიზი, რადგან ხომ უნდა იარსებოს ადამიანმა...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''