24 აგვისტო, 2014
''ჩემს ოჯახში ერთი კაცია და ისიც გალიაში გვყავს''
მოსკოვში, ცხოველების ბაზარში ვიყიდეთ პეკინესი, მიკი დავარქვით. ისეთი პატარა იყო, მამაჩემის ჩუსტებში ეძინა თუთიყუში, ზაზუნა, კუ, ციყვი, ღამურა, შველი, ქვეწარმავალი, ძაღლების ნაირსახეობა, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ცხოველების, ფრინველების, ქვეწარმავლების, რომლებიც მსახიობსა და ტელეწამყვან ნატუკა გულისაშვილს სახლში ჰყოლია. დღეს თუთიყუში ''ბეჰემოთის'' და 11 თვის პუდელი ''დაფნას'' გარემოცვაშია და ძალიან კარგად გრძნობს თავს.

- რაც თავი მახსოვს, სახლში ცხოველი და ფრინველი სულ გვყავდა. ქვეწარმავალიც კი გვყოლია. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მამაჩემმა კახეთში ვოლიერები ამიშენა. მომიყვანა ორი
შველი, ჯერო და მარდი დავარქვი. მყავდა თუთიყუშები, ხოხობი, ''იაპონკა'' ქათმები, კურდღლები. და არ მყავდა, ძმა ბევრად უფროსი იყო ჩემზე და ცხოველებსა და ფრინველებთან უკეთ ვერთობოდი, თავად ვუვლიდი. ჩემი მშობლების მადლობელი ვარ, რომ თავიდანვე გააღვიძეს ჩემში ეს გრძნობა. მე მინახავს მშობლები, რომლებიც ძაღლით, ზოგადად ცხოველით აშინებენ ბავშვებს, ჭამე, თორემ მგელი წაგიყვანსო, ეუბნებიან. ასე არ შეიძლება, ბავშვში სიძულვილი ინერგება. თბილისში ციყვიც კი მყავდა სახლში.
რამდენიმე წლის წინ ''ანო და ვანოს'' ვიღებდით. გადაღებაზე მორიელი ნახეს. ატყდა ყვირილი, ჩოჩქოლი, ქვას ეძებდნენ, უნდა მოეკლათ. ჩავსვი პოლიეთილენის ბოთლში და წამოვიყვანე სახლში. შეიძლება, ცოტათი ვაფრენ, მაგრამ ძალიან მიყვარს ცხოველები და ფრინველები. ჩემი შვილიც ზუსტად ჩემნაირია, იმდენად უყვარს ცხოველები, რომ ვეგე-ტარიანელია.
- შენს სახლში ციყვი როგორ მოხვდა?
- მე და დედაჩემი ბაზარში ვიყავით, ერთი ლოთი კაცი დადიოდა, ციყვი ფეხსაცმლის ყუთში ეჯდა და ფულს ითხოვდა. ხუთი მანეთი გადავუხადეთ და წამოვიყვანე. დამიღრღნა სახლში სარკის კიდე, მაგიდის ფეხები, მაგრამ ჩემი ტოტოშა ძალიან მიყვარდა. მერე კახეთში წავედით და წავიყვანეთ. ხეებზე დახტოდა, მაგრამ დავუძახებდი თუ არა, მოდიოდა და მხარზე მა-ჯდებოდა. ერთ-ერთ დაძახებაზე აღარ მოვიდა. დროის გასვლის შემდეგ ერთმა მეზობელმა მეო-რეზე გვითხრა, იმას სახლში ციყვის ფიტული აქვსო. ამ ამბავს მძიმედ ვიხსენებ. მას მერე იმ მეზობელს გამარჯობას აღარ ვეუბნებოდი. ღამურაც მყავდა სახლში.
კახეთში ფარეხში ვიპოვე, გალიაში ჩავსვი, უნდა წამომეყვანა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არსებობს ცხოველი, ფრინველი, რომელსაც შენ ვერ გამოკვებავ და აღარ წამოვიყვანე.
- რომელი იყო პირველი ძაღლი, რომელიც შენს სახლში დაბინავდა?
- მოსკოვში, ცხოველების ბაზარში ვიყიდეთ პეკინესი, მიკი დავარქვით. ისეთი პატარა იყო, მამაჩემის ჩუსტებში ეძინა. მამა რომ გარდაიცვალა, მის ფოტოებთან იწვა იქ, სადაც მამაჩემს სანთელს ვუნთებდით ორმოცი დღის განმავლობაში. მამას დაკრძალვის მერე ხშირად გარბოდა სახლიდან. ერთხელაც გაიქცა და აღარ მოვიდა. ის არ იყო ცხოველი, ადამიანი იყო. ხუთი წელი ცხოვრობდა ჩვენთან. სასაფლაოზე ვეძებეთ, მაგრამ იქ არ დაგვხვდა.
მეორეც პეკინესი მოვიყვანე, ოღონდ ალბინოსი. იმასაც მიკი დავარქვი. აქ, მელიქიშვილზე, მოდიოდა ქალი, რომელსაც კალათით მოჰყავდა ლეკვები, მათი დედა - საყელურით. მაშინ ანკა უკვე მყავდა. ყველაზე უშნო წამოვიყვანე - თეთრი წითელი თვალებით. შემეცოდა. ცოტა ხანს მყავდა, მაგრამ ძალიან სცვიოდა ბეწვი, თან თეთრი ბეწვი ჰქონდა, არ ჩანდა და გავაჩუქე. ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, სულ ვკითხულობდი, ვნახულობდი.
მყავდა ავღანური მწევარი, ირლანდიური სეტერი, კავკასიური ნაგაზი. ეს უკანასკნელი მამაჩემის ღვინის ქარხანაში გვყავდა. იმხელა იყო, ყველა ამბობდა, დათვიაო. მერე ქარხანაში ქურდი შე-მოძვრა, ამან დაგლიჯა და მოკლეს ჩემი ბასარა...
- პუდელი ადვილი მოსავლელია?
- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბეწვი საერთოდ არ სცვივა, კი. გოგოა ჩემი დაფნა, ეს სახელი ანკამ დაარქვა. ჩემს სახლში სულ გოგონები ვართ. ერთი კაცია ოჯახში, თუთიყუში, და ისიც გალიაში გვყავს (იცინის). ანკამ ბეჰემოთი დაარქვა, ''ოსტატი და მარგარიტა'' წაიკითხა მაშინ. იქ ეს სახელი კატას ჰქვია და ამან იქონია გავლენა. ჩემი თუთიყუში ცოტა უზრდელია. ყველას ''ბიჭოთი'' მიმართავს. მკაფიოდ გამოთქვამს ასო ბგერებს ''ტ'', ''კ'', ''ყ''... კუც გვყავდა სახლში. დედალი იყო და ძუკუ დავარქვით.
- კუ საიდანღა მოიყვანე?
- ბაზარში ვიყიდე. ვიღაც კაცი დაატარებდა ყუთით, შემეცოდა და წამოვიყვანე. ერთი ზაფხული მე და ჩემი შვილი ძუკუსთან ერთად ვისვენებდით ზღვაზე.
- გამოდის, რომ ცხოველების ბაზრობაზე ფულით შენი გაშვება არ შეიძლება, თორემ სახლში ზოოპარკს მოაწყობ.
- (იცინის) აბსოლუტურად გეთანხმები. ზაზუნაც მყავდა. მეგონა, გამექცა. თურმე გარდერობის უკან თავისი სახლი მოიწყო და ცხოვრობდა ჩუმად თავისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ სახლში ინტერიერის შეცვლა მოვინდომე, გამოვწიე კარადა და რას ვხედავ, ამ ჩემს დაკარგულ ზაზუნას მთელი აპარტამენტები აქვს მოწყობილი. ხაოდა, არ მომეკაროთო.
- ნატუკა, იმდენი ჯიშის ძაღლი ჩამოთვალე... სად მიდიოდნენ მერე ეს ძაღლები?
- ავღანური მწევარი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიყვანე, გავაჩუქე. ამ ჯიშის ძაღლმა აუცილებლად უნდა ირბინოს თურმე, უნდა დახარჯოს ენერგია. ბეწვის ცვენა დაეწყო. მერე ექიმმა მირჩია, ვინმე ისეთს მიეცი, ვინც ნადირობს ან ეზოიანი სახლი მაინც აქვსო. ჩემს მონადირე ნათესავს ვაჩუქე. მართალია, როგორც მონადირე, უკვე გაფუჭებული იყო, რადგან თავის დროზე ვერ გავწვრთვენით, მაგრამ 12 წელი იცოცხლა. ირლანდიური სეტერი მანქანამ იმსხვერპლა. მაშინ ბოლნისში ვცხოვრობდით. ეზოში გვყავდა. მამაჩემის მანქანა ეგონა, გამოიქცა ეზოდან და დაარტყა მანქანამ. ერთი პეკინესი, როგორც გითხარით, მამაჩემის სიკვდილის მერე სახლიდან გაიქცა, მეორე ალბინოსი პეკინესი გავაჩუქე ბეწვის გამო. ნაგაზი მომიკლეს, ის, ქურდი რომ დაგლიჯა.
- დაფნა როგორ მოხვდა შენს სახლში?
- მინდა გითხრა, რომ დაფნა არ არის ძაღლი, ის ადამიანია! მეგობარმა მაჩუქა. ძალიან პატარა იყო. ტანსაცმლით დამყავდა, ''შოტლანდკა'' კაბებს ვაცმევდი, ძალიან სასაცილო იყო. ასეთი ჭკვიანი ძაღლი არ მყოლია. ყველა ძაღლის პატრონს აქვს პრობლემა, პირველ ხანებში მაინც, სად მოისაქმებს ძაღლი. ეს პირველივე დღიდან მიეჩვია თავის საფენზე მოსაქმებას. მერე თვითონ მიმანიშნა, გამიყვანე გარეთ, უკვე მრცხვენია საფენზე მოსაქმებაო. მისმა ექიმმა მითხრა, თუ სწორად გაზრდი, ჩათვალე, რომ მეორე შვილი გყავს, ოღონდ შეიძლება, ეს უფრო ჭკვიანი იყოსო. არ ვიცი, ახლა რომელი უფრო ჭკვიანია, მაგრამ დაფნას რომ უფრო ვუყვარვარ, აშკარაა.
- რაში გამოიხატება მისი სიყვარული?
- ვერ აგიხსნი. უნდა ნახო, როგორ მხვდება სამსახურიდან დაბრუნებულს. გინახავს, როგორ იცინის ძაღლი? შემიძლია გაჩვენო. ჩემი ძაღლი იცინის. მსოფლიოში ძალიან ცოტა ძაღლს შეუძლია, სიცილით გამოხატოს ემოცია. იცინის, როცა დილის ეთერის შემდეგ ვბრუნდები სახლში და ის მარტოა, ან ყველას სძინავს, როცა ვეფერები, როცა სახლში შემოსული ხელ-ფეხს ვიბან. ამ უკანასკნელის მერე იცის, ჯილდო უნდა მივცე, სპეციალური, ძაღლების შოკოლადი და მიცინის. ცოტა აფერისტიც არის მგონი (იცინის). ისე მიყვარს, რომ ზოგჯერ მრცხვენია. ხალხი თავის შვილებზე ლაპარაკს რომ იწყებს, მე ჩემს ძაღლზე ვლაპარაკობ, მერე ვაცნობიერებ რომ შვილთან ვაიგივებ.
მე და ჩემი შვილი ერთმანეთზე ვეჭვიანობთ. ვინ უფრო უყვარს დაფნას, ვის რამდენჯერ აკოცა, ვისთან წვება დასაძინებლად. თუ დამინახა, რომ ანკას ვეფერები, წინა თათით მუჯლუგუნს მკრავს, აქ ვარო, მაწვება, მიცინის, მე უკეთესი ვარო. დაფნას წარმოდგენით, მე მისი დედა ვარ და ჩემი შვილი - და. ღამე თუ ანკასთან წვება, ვამბობ, რომ ახლა უნდა ვჭამო და მოფრინავს ჩემთან. მერე ანკა ამბობს, რომ საჭმელად მიდის და იმასთან გადახტება. ასე დახტუნაობს მთელი ღამე.
- ღორმუცელაა?
- ჭამა უყვარს, მაგრამ ცოტა პრეტენზიულია. მაგალითად, გუშინ ვუყიდე ძეხვი და არ მოეწონა, არ ჭამა. თბილი სოსისი უყვარს, ცივს არ მიირთმევს. გავატუტუცე. სახლიდან რომ გავდივარ, ბავშვივით ვუბარებ, რომ მალე მოვალ. ვცდილობ, დავუტოვო რაიმე გასართობი, რომ კარს როცა ჩავკეტავ, მარტო არ დარჩეს, ამაზე გადაიტანოს ყურადღება და არ იდარდოს. სახლში რომ ვრეკავ, პირველ რიგში, დაფნას ვკითხულობ, როგორ არის. ჩემი შვილი დასასვენებლად იყო წასული და ვერ გაჩერდა. დაფნა მოენატრა და დროზე ბევრად ადრე დაბრუნდა.
- რამდენი ხნით დაგიტოვებია ძაღლი?
- ახლა ვაპირებ ხუთი დღით ქობულეთში წასვლას და არ ვიცი რა იქნება. ანკას ვუტოვებ. ჯერ ბოლომდე მაინც არ გადამიწყვეტია, შეიძლება, წავიყვანო კიდეც. ერთი რამ მაფერხებს. როცა გარეთ შედარებით დიდი ხნით გამყავს და ვიღლები, არსად არ მსვამს. ასაკი მაინც თავისას შვრება, მინდა, სადმე ჩამოვჯდე, მაგრამ ნურას უკაცრავად, ბოლო ხმაზე, მეგრელი ქალივით კივის. მრცხვენია, ყველას ჰგონია, რომ ვაწვალებ და ვდგები.
- როგორც ვიცი, ერთი პერიოდი გარეთ გასვლა საერთოდ არ უნდოდა.
- ჰო, მანქანების ეშინოდა, ძრავის ხმაზე შეშდებოდა. რომ დაინახავდა საყელურს, იწყებდა კივილს და გარბოდა, იმალებოდა, არ წამიყვანოსო (იცინის). ძლივს შევაჩვიე გარეთ გაყვანას.
- რა ასწავლე?
- დაჯექი, ადექი, დაწექი, გადახტი. მგონი, გავაფრინე, ანკა არ მიმეცადინებია ამდენი, ამას რომ ვწვრთნი.
- მანქანით ჯერ არ გაგისეირნებია?
- როგორ არა. გავაღებ თუ არა მანქანის კარს, თვითონ მასწრებს მანქანაში, მაგრამ მარტო მე და დაფნა ვერ ვსეირნობთ. უნდა, რომ კალთაში მეჯდეს და ორივე წინა თათი საჭეზე ედოს. ამიტომ ანკას ვისვამთ ხოლმე წინ, იმას უზის კალთაში და მე დროდადრო ვეფერები, რომ მშვიდად იყოს. ესმის, როცა აქებ, რომ კარგად ზის, იფერებს და იპრანჭება.
- შეყვარებული არ ჰყავს შენს დაფნას?
- ძალიან მოსწონს დიდი ძაღლები. ზურგზე ახტება. ჩემი დაფნა თანამედროვე, აქტიური ქალბა-ტონია. გაკვირვებული უყურებენ ის დიდი ძაღლები, ვერ ხვდებიან რა უნდა (იცინის). სამი თაყვანისმცემელი ჰყავს: ლაბრადორი, გერმანული ნაგაზი და კიდევ ერთი დიდი ძაღლია, დოგს ჰგავს.
- რა რჩევას მისცემ მათ, ვისაც ძაღლი ჰყავს?
- პირველ რიგში, ყველას მინდა ვუთხრა, რომ ძაღლი არ არის საშიში. ადამიანი უფრო საშიშია, მერწმუნეთ. თევზი რომ თევზია, მასაც კი სიყვარული სჭირდება. სახლში ცხოველი გასართობად არ უნდა მოიყვანო. უნდა გქონდეს გაცნობიერებული, რომ ოჯახის წევრს იმატებ და მასზე, მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა აიღო, მერე ის თავისი ერთგულებით გაგაკვირვებს. მოდისთვის, სილამაზისა და მარიაჟობისთვის ნუ იყოლიებთ ძაღლს.
კიდევ ერთი, ქუჩის ძაღლებიც არ არიან საშიშები, ნუ ჩაუნერგავთ ბავშვებს შიშს. თვალებში ჩახედეთ და მიხვდებით, როგორი ცოდოა, როგორ უნდა, მასაც ჰყავდეს პატრონი, ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებს. ჩემი ოცნებაა, ძაღლების თავშესაფარი გავაკეთო და ყველა უპატრონო ძაღლი შევიფარო.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS