17 აგვისტო, 2014
როგორ ''გახდა'' ლელა ნიკა გრიგოლია
დავთანხმდი იმიტომ, რომ მგონია, ამ გადაცემის წამყვანობას კარგად შევძლებ. ნიკა გრიგოლია ბევრი წელია, პოპულარობას ინარჩუნებს. მისთვის ყოველი ახალი საქმე, რომელსაც ეჭიდება, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, გამოცდილების მიღებასაც უკავშირდება და, რასაკვირველია, ცნობადობის შენარჩუნებასაც. პოპულარობას იუმორისტისა და ტელეწამყვანისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ეფექტებსაც შეიცავს, თუმცა არ ესმის იმ პოპულარული ხალხის, რომლებიც თაყვანისმცემლებთან ფოტოს გადაღებაზე უარს ამბობენ და მათ მიერ ყურადღების ყოველ გამოვლენას უარყოფითად აფასებენ.
ნიკასთან საუბარი ''ეკი-ვოკით'' დავიწყეთ, რომელსაც ახლა ლელა მებურიშვილის მაგივრად თავად
უძღვება.

- ''ეკი-ვოკის'' წამყვანობას ადვილად დათანხმდი?
- დავთანხმდი იმიტომ, რომ მგონია, ამ გადაცემის წამყვანობას კარგად შევძლებ.
- ლელა მებურიშვილი ჩაანაცვლე.
- მგონია, რომ ეს არ იყო ჩანაცვლება. ლელა, როგორც ვიცი, აღარ იყო ამ გადაცემის წამყვანი და მე მითხრეს, ახლა შენ უნდა იყო ლელაო და მეც გავხდი ლელა (იცინის). გადაცემის ფორმატი შეიცვალა, შესაძლოა, ცნობილ სტუმართან ერთად ნახონ სრულიად უცნობი მონაწილეც, რომელიც მისი მეგობარია. გარდა ამისა, დაემატა ახალი რუბრიკები, მაგალითად, მონაწილეებიც აუხსნიან ერთმა-ნეთს სიტყვებს. კიდევ შევმატებთ ახალ-ახალ რაღაცებს. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, თუმცა მაინც ახალი საქმეა. მსგავსი ტიპის ფორმატი სიახლეა, ჩემი მხრიდან განახლებული ენერგია დასჭირდა.
- ალბათ, ხუმრობების მოზომვაც გიწევს.
- ბუნებრივია. უნდა იყოს ისეთი ხუმრობები, რომლებიც საბავშვო გადაცემის ფორმატს შეესაბამება. გადაცემები ჩაწერილია და უკვე გავიდა ეთერში, მთელი აგვისტოს განმავლობაში ყოველ კვირას იქნება ეთერში.
- დასვენებას მოახერხებ?
- ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დამპატიჟეს, ძირითადად, ჩემმა მეგობრებმა და ნათესავებმა. სწორედ ახლა ვაწყობ გეგმებს. ცდუნება დიდია, როცა მეგობარი გეპატიჟება, ეს თავისთავად ნაკლებ ხარჯებს უკავშირდება. თანაც, როცა ახლობლების გარემოცვაში ისვენებ, ესეც ძალიან კარგია.
- ჩვენი რუბრიკის თემას რომ მივუახლოვდეთ, რაში გეხმარება პოპულარობა?
- საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც პოპულარობას კარგად იყენებენ და ცხოვრების დონეს იუმჯობესებენ. ბევრ რამეში პოპულარობა არ დამეხმარა. ერთხელ მოტოციკლის ზეთის საყიდლად დავდიოდი, ყველგან 15 ლარი ღირდა, ერთგან მიცნეს, შენ ნიკა გრიგოლია არა ხარო და 25 ლარი დამიფასეს. რომ ვკითხე, ფასი რატომ გამიზარდე-მეთქი, შენ ცნობილი კაცი ხარ და ფული როგორ არ გექნებაო. რატომ ჰგონიათ, რომ რომელიმე უცნობ ადამიანზე მეტი ფული მაქვს, ვერ გეტყვი.
პოპულარული ადამიანი სულ ყურადღების ცენტრშია, რაც მე კომფორტს ნამდვილად არ მიქმნის. ძალიან მომწონს, როცა მას მოვწონვარ, ვინც მიცნობს, მადლობას ვეუბნები მათ, ვინც მხოლოდ ტელევიზიიდან მიცნობს და სიმპათიით არის განწყობილი, მაგრამ მათთან ურთიერთობისას ზედმეტი ეტიკეტია საჭირო.
- პოპულარობა პირველად როდის იგრძენი?
- ქუჩაში ადამიანმა პირველად რუსეთში მიცნო. პარკში ერთ-ერთ გოგონასთან ვსეირნობდი. ''კავეენს'' ვთამაშობდი და იქიდან მიცნო ერთმა წყვილმა. მაშინ ძალიან მესიამოვნა. ასევე ესიამოვნა იმ გოგონას, რომელიც ჩემთან ერთად სეირნობდა. მაშინ გავაცნობიერე, რომ შენი საქმით შეიძლება, ხალხმა გაგიცნოს. რაღაც პერიოდი ძალიანაც მიხაროდა, ასევე მომწონდა ინტერვიუების მიცემა, შემდეგ, როცა ჭკუაც მომემატა, ასეთი აღფრთოვანებული აღარ ვარ (იღიმის).
- ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობით გამოირჩევი. შენთან დარეკვა და ინტერვიუს ჩაწერა პრობლემა არ არის.
- ერთი და იგივე ნომერი მაქვს და ყველას, ვინც ხელს ჩამომართმევს, ნომერს ვაძლევ. ჟურნალისტი რომ გირეკავს, ვინმე ჯიგარი ხომ არ არის, ხინკალზე რომ გეპატიჟება? პირიქით, მას მადლობა უნდა უთხრა, რომ შენით დაინტერესდა. ახლა რომ ინტერვიუს ვწერთ, ესეც ზრდის ჩემს პოპულარობას. მყავს პოპულარული მეგობრები, რომლებიც ცოტა სხვანაირად უყურებენ ამას. ვიცნობ ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც თავს უბრალო მოკვდავად არ მიიჩნევს. ჩემი აზრით, ეს არის ყლ...ობა. ეს არ არის არც კომპლექსი და არც პოპულარობის მანია.
არიან ბუმბერაზი ადამიანები, რომლებსაც დიდი რაღაცები შეუქმნიათ და ისინი არ დადიან თავაწეულები. ამის გამო ჟურნალისტებსაც არ უთიშავენ ტელეფონებს. ზოგზე პოპულარობა ცუდად მოქმედებს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ისეთ ვინმეს წარმოვადგენ, ჟურნალისტს ტელეფონზე არ ვუპასუხო და უკანალში მარაოგაჩრილმა ვიარო ფარშავანგივით. გინდა თუ არა, როცა უცნობი ადამიანი მოგესალმება, გამარჯობით უნდა უპასუხო, თუმცა ვიცნობ ისეთ პოპულარულ ადამიანებსაც, რომლებიც არ ესალმებიან მათთვის უცნობ ხალხს. მერე რა, რომ მისალმება გიწევს მეასე ადამიანთან ან ფოტოს გადაღება? უნდა იცოდე, რომ პოპულარობა შენგანაც მოითხოვს რაღაცას. შესაძლოა, მე სულაც არ მიხარია, ბათუმის პლაჟზე მაიმუნივით ვიდგე და ფოტოები გადავიღო, მაგრამ ამას ვაკეთებ. თუ არადა, საერთოდ არ წავალ პლაჟზე ან ტელევიზიით აღარ გამოვჩნდები. რელობას მშვენივრად ვარ შეგუებული.
- შენს პირად ცხოვრებას ცუდად თუ შეხებია პოპულარობა?
- არც დავფიქრდები, ისე გეტყვი, რომ ყოველთვის შეხებია. არ დავაკონკრეტებ, მაგრამ არ არსებობს, რომ არ შეეხოს, რადგან ყველა ადამიანი გიცნობს. როცა პოპულარული სახე ხარ, ყველა ინტერესდება შენი პირადულითაც. შვილი რომ შემეძინა, ყველა მირეკავდა და მეუბნებოდა, გადაგიღებთო. სიმართლე გითხრა, ზედმეტი ყურადღება მაინც დისკომფორტია, თავს კარგად ვგრძნობ მაშინ, როცა ჩემს პირადში არავინ ერევა.
- რისგან შეგიკავებია თავი იმის გამო, რომ ცნობილი სახე ხარ?
- ბევრი რამისგან. უღირს საქციელს არ ვგულისხმობ, მაგრამ უფრო თავისუფლად მოვიქცეოდი, რიგითი ადამიანი რომ ვიყო. ყოველთვის იცი, რომ ყველა შენ გიყურებს და შენი ეს საქციელი სხ-ვანაირად აღიქმება, მოვა ვიღაც, გადაგეკიდება, გადმოგეკიდება. როცა სადმე მივდივარ, რაიმე ღონისძიებაზე, ფესტივალზე, საღამოზე - ბევრი დადებითი ადამიანი მოდის, მაგრამ ბევრიც - უზრდელი. კარგი ადამიანისთვისაც პოპულარული ხარ და ცუდისთვისაც. კარგის ყურადღება სასიამოვნოა, უზრდელის - არა, მაგრამ ვინც ზღვარი არ იცის, მათთანაც კი არასდროს მქონია კონფლიქტი, ყველანაირ, უკიდურესად გონიდან გადასულ ტიპთანაც კი მომიგვარებია საქმე. ერთხელ ძალიან საინტერესო ფრაზა მითხრა ერთმა ბიჭმა - ჩემთან მოვიდა და მეუბნება - ''ნიკუშ, სიფხიზლე კლავს, გაჩხერილი ვარ ჯორივით''. შოკში ვიყავი. რატომ მოუნდა მაინცდამაინც ჩემთან მოსულიყო და ეს ფრაზა ეთქვა.
კიდევ გავიხსენებ ამბავს - ქუთაისში შემემთხვა, სადაც მეგობართან ერთად მოტოთი ვიყავი. გზის მეორე მხრიდან გადმოვიდა იქაური ტიპი, შენ ხომ ნიკა გრიგოლია ხარო, დადებითად რომ ვუპასუხე, ფოტოს გადაღება უნდათ ჯიგრებს შენთან და წამოდიო. გზის მეორე მხარეს სამი ჯიგარი იჯდა და მელოდებოდნენ, როდის მივიდოდი მათთან ფოტოს გადასაღებად. რასაკვირველია, არ მივსულვარ. მასაც მეგობრულად დავშორდი.
ნებისმიერ პოპულარულ ადამიანს აქვს ასეთი ამბები, მით უმეტეს, მე, რადგან ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით და ერთ ადგილას დიდხანს არ ვჩერდები, ერთგან არ ვარ გამოკეტილი და არ ''ვს-ვეცკაობ''. შემიძლია მოვყვე, როგორ ვიყავი ევროპაში და აეროპორტიდან გასული როგორ მიცნეს უცბად ან ეგვიპტეში რომ გავიცანი ვიღაც შეიხი, რომელმაც ორმოცი აქლემი მაჩუქა, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს ამბები სიმართლე არ არის (იცინის)?
- ნიკა, ფასდაკლებები არ გაქვს, როგორც ცნობილ სახეს?
- რა თქმა უნდა. ძალიან ბევრ რამეში მეხმარება პოპულარობა. შეღავათიც ხშირად გაუწევიათ, დრო არ დამიკარგავს, მაგალითად, საელჩოში, სადაც ცნობადობა დამეხმარა.
- ფული მოაქვს პოპულარობას?
- შესაბამისი ფული საქართველოში არც ერთ საქმეს არ მოაქვს, მაგრამ ჩემი ხელფასით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, ჩემი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, ძალიან კარგი ხელფასი მაქვს. რა რესურსსაც ხალხი ხარჯავს მუშაობაში, იმ ანაზღაურებას ვერ იღებს, ეს პოპულარულ ხალხსაც ეხება და არაპოპულარულსაც. ყველაფერი შედარებითია, სომალიში რომ ვიყო, ალბათ, მატლების ჭამითაც დავკმაყოფილდებოდი...
არიან ადამიანები, რომლებიც პოპულარობით უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე თავიანთი საქმით. მე ჯერ ეს ნიჭი არ მაქვს. ეს ცუდი არ არის, ადამიანმა ნებისმიერი შანსით უნდა ისარგებლოს.

ნინო მურღულია
ჟურნალი 'რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS