12 აგვისტო, 2014
ვის მოიაზრებდა გიორგი ლიფონავა ცოტნე ცოტაშვილის როლზე - მსახიობის სკანდალური ინტერვიუ
ორი საათი ვიჯექი, ვთვლიდი და 2000-მდე ავედი. რახან თავში კითხვით არ შევიდა, ახლა ბგერა-ბგერა უნდა აგათვისებინოთო ზურა ავსაჯანიშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. მიწვევით თამაშობს ახმეტელის თეატრშიც. როცა სასაუბროდ შევხვდით, მოზარდ მაყურებელთა თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადებოდა, ეს იყო დიმიტრი ხვთისიაშვილის ''ხუთკუნჭულა'', სადაც ზურა ცათა მეფეს განასახიერებს.
მეუღლე, ანი მღებრიშვილი, იმავე თეატრის მსახიობია. ჰყავთ ორი შვილი - 11 წლის ლიზი და 9 წლის მათე. ''22 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ გვეყოლა. მაშინვე უკვე ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება და
იცვლება, ცხოვრებას აზრი ეძლევა. უყურებ, შენ თვალწინ როგორ იზრდება და ვითარდება, როგორ იწყებს ლაპარაკს, აზრებს აყალიბებს... ამაზე საინტერესო არაფერია. ალბათ, ღმერთმა ამიტომ გაგვაჩინა, რომ ჩვენ კიდევ ვიღაცას ვაჩუქოთ სიცოცხლე და ამის ყურებით დავტკბეთ. ლიზი ბალერინაა და როგორც ამბობენ, ძალიან კარგი, მათეს ჯერჯერობით წყალბურთელობა უნდა, ამ თვალსაზრისით გვაქვს მიღწევები და ვნახოთ...'' - გვითხრა ოჯახზე საუბრისას მსახიობმა.

- დედა კინომცოდნეა, მამა - ეკონომისტი. ჩემს მშობლებს უნდოდათ, რომ საქართველოში ყველაზე ცნობილი გინეკოლოგი ვყოფილიყავი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ექიმობა არ მიზიდავდა და იმ პერიოდში, როცა უკვე საკუთარი აზრი ჩამომიყალიბდა, მსახიობობა გადავწყვიტე. პროფესიული არჩევანი ჩემს ცხოვრებაში სამმა სპექტაკლმა განსაზღვრა: რუსთაველის თეატრში ეს იყო ''კავკასიური ცარცის წრე'', თუმანიშვილში - ''ჩემი პატარა ქალაქი'' და ''ჯაყოს ხიზნები'' - მარჯანიშვილში. შემდეგ იყო თეატრალური უნივერსიტეტი, სადაც შალვა გაწერელიას ჯგუფში ვსწავლობდი. ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ნათელი ''ამბავია''.
- ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მისი მოსწავლეები ყველაზე წარმატებულები არიან ეკრანსა და სცენაზე.
- ძალიან მაგარი პედაგოგი იყო. სრულ თავისუფლებას გაძლევდა. შენში ახალ-ახალ აღმოჩენებს აკე-თებდა, მაგრამ უფრო მეტ აღმოჩენას შენ აკეთებდი საკუთარ თავში და ის ცდილობდა, უბრალოდ, ამისათვის ხელი შეეწყო. მას შემდეგ ძალიან ბევრი რეჟისორი მინახავს, მაგრამ მისნაირი ადამიანი არავინ შემხვედრია. ჯგუფიდან ყველა ამ სფეროში დარჩა: მაკა შალიკაშვილი, მაიკო დობორჯგინიძე, თიკო კორძაძე, ზუკა ლატარია, ზაზა ჭანტურია, რომელიც ახლა უკრაინაში მოღვაწეობს. მოზარდ მაყურებელთა თეატრში ერთად მოვედით დათო ხახიძე, გიორგი ჩიქობავა, გურამ ბრეგაძე, რომელმაც ახლახან ჩვენთან ''სამეფო ძროხა'' დადგა და მე. ამ სფეროში რომ ვართ, ეს მუმუშას დამსახურებაა. ის ისეთ გარემოს ქმნიდა, რომ დღეს თეატრის გარეშე ცხოვრება ჩვენთვის წარმოუდგენელია.
რთული პერიოდი გამოვიარეთ, ხელფასი 30 თუ 35 ლარი გვქონდა - ამით დავიწყეთ. ასე ვთქვათ, ცხოვრების ქარ-ცეცხლში გამობრძმედილი მსახიობები ვართ, თუმცა ასაკის გამო მატერიალურ მდგომარეობაზე ისე არ ვღელავდით, როგორც შემდგომ, როცა უკვე ოჯახია და პასუხისმგებლობა გემატება. ოჯახი რომ შევქმენი, თეატრის გარდა, პარალელურად სხვა სამსახურებშიც ვმუშაობდი, მაგრამ ამ სფეროსთვის არასოდეს მიღალატია.
აღიარება მიყვარს და ახლაც, არ დაგიმალავთ, მსახიობი სხვაგან რომ მიდიხარ და იმ დროს შენ ვერ ხვდები რომელიმე როლზე, იბოღმები. შეიძლება, ვიღაცამ იუაროს, მაგრამ ყველა მსახიობს რეალიზაციის სურვილი აქვს.
- პარალელურად სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდიო და კონკრეტულად?
- რა ვიცი, ბევრგან... ბარებში, სადაც ხელს ძალიან მიწყობდნენ, რადგან, ეტყობა, ცუდი ბიჭი არ ვიყავი (იღიმის). მიმუშავია ფოტოგრაფადაც. წელიწადზე მეტხანს ბავშვებს ტელეფონით ზღაპრებსაც ვუკითხავდი.
- არ ვიცოდი, თუ ეს სერვისი საქართველოში არსებობდა...
- ექსკლუზივი ერთ ქალბატონს ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შემდეგ ეს პროექტი შეჩერდა. მშობლები ირჩევდნენ, რა ზღაპარი უნდა წაგვეკითხა მათი შვილებისათვის, მუდმივი მსმენელიც გვყავდა. ძირითადად, მოთხოვნა ქართულ ზღაპრებზე იყო და მათ პარტნიორთან ერთად ვკითხულობდი. ვერთობოდი, ინტერესიც გვქონდა, ყველაფერს შემოქმედებითი კუთხით ვუდგებოდი და თან, ფინანსურადაც ცუდი არ იყო.
- მოზარდ მაყურებელთა თეატრში დღეს რამდენ სპექტაკლში ხართ დაკავებული?
- ჩემს თავზე ლაპარაკი მერიდება, მაგრამ ძალიან ბევრში. როგორც ამბობენ, მამაკაც მსახიობთა შორის პირველ ადგილზე ვარ და წელს 186 სპექტაკლი ვითამაშე. ეს თეატრი ძალიან მიყვარს. ალბათ, იცით, ერთი პერიოდი მსახიობები პოლიტიკური ნიშნით თეატრიდან დაგვითხოვეს. ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს ოჯახს ვკარგავდით.
- მკითხველისთვის დავაკონკრეტოთ, იმ პერიოდს გულისხმობთ, როცა, მიშა ანთაძის მმართველობის დროს, თეატრიდან 60-მდე მსახიობი დაითხოვეს...
- დიახ, ეს ის დროა, როცა მთავრობა იცვლებოდა. გარკვეულ ჯგუფს გვქონდა პროტესტი არსებული სიტუაციისადმი, ვგულისხმობ რეპერტუარს - მდარე ხარისხის სპექტაკლები წამოვიდა და თეატრი შემოქმედებითად ძალიან დაბალ საფეხურზე დავიდა, აქაურობა ერთგვარად დაბადების დღის ცენტრს დაემსგავსა.
იმ პერიოდში ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი როლი იყო გიორგი ქანთარიას სპექტაკლ ''მეფე ირემში'' შესრულებული ტარტარია. იმ დროს ჩვენ ვიღებდით ბიძინა ივანიშვილის დახმარებასაც, რაზეც უარის თქმა მოგვთხოვეს. თუმცა, ეს არაფერ შუაში იყო. მხოლოდ ეს არ იყო ჩვენი პრო-ტესტის მიზეზი. თავი თავმდაბალი კაცი მგონია, მაგრამ ასე ვიტყვი, ხალხს და მათ შორის მეც, რომელზეც რეპერტუარი იდგა, დაუკეტეს კარი და აღარ შემოუშვეს. ასე გაგრძელდა მთელი წელი, სანამ მთავრობა არ შეიცვალა. ხელოვან ხალხს არ გვიყვარს ამაზე ლაპარაკი, გვირჩევნია, საქმე თეა-ტრში ვაკეთოთ, მაგრამ მაშინ ბევრ რამეს მივხვდი, თუ რა ხდებოდა. მე და უახლოესი ძმაკაცი და თანამშრომელი ვახო ნოზაძე დაგვიბარეს და სამი დღე ვიყავით სადღაც, ''რატომ ებრძვით სახელმწიფოსო''.
- ''სადღაც'', ანუ სად და ვინ წაგიყვანათ?
- ერთ-ერთ ორგანიზაციაში, პოლიცია ერქვა, ''კუდი'', ''შმუდი'', თუ რაღაც ოხრობა (იღიმის). ერთ გაზეთს ინტერვიუ მივეცით, სადაც ვწერდით, რახან თეატრში ასეთი სიტუაციაა, გამოდის, რომ ჩვენ სახელმწიფო გვებრძვის. ეს ფრაზა შეგვახსენეს, ჩვენ სახელმწიფო ვართ, გვითხარით, რა გინდათ და დაგეხმარებითო. ასეთ ვითარებაში პირველად მოვხვდი, სიტუაციიდან რომ გამოვმძვრალიყავი, დავიწყე საუბარი შრომის კოდექსის არარსებობაზე, მაგრამ შემოაქვს ადამიანს წიგნი - შრომის კოდექსი და მეუბნება, დათვალე, აქ რამდენი ასოაო. არ მინდა ვთქვა, იქ რა საშინელი რაღაცები ხდებოდა, უბრალოდ, გეტყვით, რომ ისეთი სიტუაცია იყო, ასე უნდა მოვქცეულიყავი. ორი საათი ვიჯექი, ვთვლიდი და 2000-მდე ავედი. რახან თავში კითხვით არ შევიდა, ახლა ბგერა-ბგერა უნდა აგათვისებინოთო და წავიდა იქ მთელი ამბავი. ასე რომ, მსახიობები ნაცემებიც არიან. დაძაბული და საშინელი სიტუაცია იყო. იმ პერიოდში სხვა სამსახურშიც ვმუშაობდი, სადაც მითხრეს, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი არ სჭირდებოდათ და გამათავისუფლეს. ამის შემდეგ შემიკედლა ახმეტელის თეატრმა, სადაც გოგა თავაძემ მიმიყვანა და ამისთვის მადლობელი ვარ.
- შემდეგ დაბრუნდით მოზარდში...
- გაგვიმართლა და სიტუაცია შეიცვალა, მმართველად მოვიდა დიმა ხვთისიაშვილი. მას დიდ პატივს ვცემ, როგორც რეჟისორს, სამხატვრო ხელმძღვანელსა და მმართველს. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, ამას იმიტომ ვამბობ, რომ დიმა მმართველია, მაგრამ მას მანამდეც ვიცნობდი, კარგად იცის თეატრი, მსახიობი და საერთოდ, ეს სფერო. კარგ რელსებზე ვდგავართ და წინ მივიწევთ. დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი გვიკავია ამ სფეროში.
- ხშირად გიწევთ ცხოველების განსახიერება?
- სხვათა შორის, თეატრში სტაჟიანი მგელი ვარ (იღიმის). პიესა რომ ნაწილდება, თუ სადმე ამ ცხოველის როლია, ვიცი, რომ ის აუცილებლად მე შემხვდება. თეატრში ჩემი ერთ-ერთი პირველი როლიც მგელი იყო. როგორ გითხრათ?! ყვავიც, კატაც და სხვა ცხოველიც ვყოფილვარ, ვერ ვეტყვი, რომ სპეციალურად ვუყურებ ასეთ კადრებს და მათ ცხოვრებას. დღეს ჩემთვის ეს მარტივად ხდება.
- კამერასთან მუშაობის გამოცდილებაზეც გკითხავთ, ფილმებსა და სერიალებიდან მიწვევები თუ გქონიათ?
- რამდენიმე ფილმზეც მიმუშავია და სერიალზეც, მაგრამ ვაღიარებ, კინო არ მწყალობს. ''შუა ქალაქის'' შემადგენლობამ ''რუსთავი 2'' -ზე რომ სერიალი ''ალუბლების ქუჩა'' გააკეთა, იქ ვთამაშობდი. მერე იყო დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი ''დამოუკიდებლობის 105 დღე'', ''პირველი არხის'' პროექტი იყო - რუსი კომუნისტის როლი მქონდა. შემოთავაზება მქონდა ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'', სადაც პოლიტიკოსის როლზე ვიყავი მიწვეული.
- ცოტნე ცოტაშვილის როლზე....
- დიახ, ცოტნე ცოტაშვილის როლზე. სხვათა შორის, ძალიან მომწონს, ახლა ვინც თამაშობს, ძალიან მაგარია.
- გიორგი ბახუტაშვილი...
- დიახ. მე რომ გიორგი ლიფონავას შევხვდი, მაშინ ''ბაბულიკების'' თემის ამ პერსონაჟითა და მისი ცხოვრებით ჩანაცვლება უნდოდა. მე არ მაქვს დიდი გამოცდილება ეკრანთან და მერთულა. სინჯი გავიარე, მაგრამ მაშინ არ მეცალა, თეატრში ძალიან დატვირთული ვიყავი. მერე რომ ვნახე ამ ბიჭის მიერ განსახიერებული პერსონაჟი, ძალიან მომეწონა. ეტყობა, რომ კარგი მსახიობია. ფაქტია, რომ მთელი სერიალი მის ზურგზე დგას.
- თუმცა, ამავე სერიალში ასრულებთ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის, დათო ბუკიას როლს...
- დიახ, ვთამაშობ პერსონაჟს, რომელსაც რუსეთში აქვს ბიზნესი. თბილისში ლამინატის ქარხანა გავაკეთე და მეგობრები დავასაქმე. მგონი, ჩემს გმირს განვითარება ექნება. თუ ასე მოხდა, გპირდებით, რომ საინტერესო სახეს შევქმნი.
- დღეს რომ სერიალს უყურებთ, გული არ გწყდებათ, რომ უარი თქვით ფაქტობრივად სერიალის წამყვან როლზე?
- არა. გიორგის ლიფონავას დიდ პატივს ვცემ, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ. დღესდღეობით ერთ-ერთი კარგი რეჟისორია და ის არჩევანში არასდროს ცდება. სრული გულწრფელობით ვამბობ, გული არ მწყდება. პირიქით, მიხარია, რომ რაღაც კარგი შეიქმნა. მე თუ არ ვარ, ეს არ არის პრობლემა, სადღაც სხვაგან გავაკეთებ რამეს. იმ ადამიანმა ძალიან, ძალიან საინტერესო პერსონაჟი შექმნა და მომწონს.
- დაბოლოს, ზურა, დედ-მამის მსგავსად, თქვენმა შვილებმა მსახიობობა რომ ისურვონ, რას ეტყვით?
- არ მინდა, მაგრამ ხელს არ შევუშლი. მსახიობობა რთული და დაუფასებელი პროფესიაა. თუმცა ახლა ნელ-ნელა წინ მივდივართ და ვნახოთ. ჩვენ გარდამტეხ პერიოდში მოვხვდით, ვნახეთ ომი, პურის რიგში ვიდექით, ნავთის საშოვნელად დავრბოდით. მახსოვს, ხელფასების ნაცვლად თეატრში ერთხელ ბრინჯი და ვერმიშელი მოგვიტანეს. იმ დროს თეატრს გარეთ რაღაც პროექტი გავაკეთეთ, რომელსაც რომელიღაც ალკოჰოლური სასმელების ორგანიზაცია აფინანსებდა. 15-მდე მსახიობმა ერთი კვირა ვიშრომეთ, ანაზღაურებას შეგვპირდნენ, მაგრამ ფული არ გადაგვიხადეს და მის ნაცვლად მოგვიტანეს 5-5 ყუთი არაყი. მაგათ გაალოთეს მსახიობები. ამ მსახიობებიდან ექვსი ორი წლის მერე გარდაიცვალა, მგონი, იმ არაყმა მოწამლა (იღიმის).
ისიც მახსოვს, ერთხელ რაიონში წავედით და დაბრუნებისას ვბჭობდით, კონვერტით მოგვცემდნენ ფულს, თუ უკვე თბილისში ჩასულები მივიღებდით. ავტობუსში რომ ვსხდებოდით, მოვიდა დიდი მანქანა, საიდანაც ტომრების ჩამოცლა დაიწყეს და ეს თქვენი ხელფასიაო, გამოგვიცხადეს. თურმე კარტოფილია. ორ-ორი შეგვხვდა ყველას. ერთ-ერთმა ქალბატონმა დაიწყო, მე მთავარი როლი მქონდა და ოთხი ტომარა მეკუთვნისო. ატყდა ჩხუბი, არ აძლევდნენ, მაგრამ ბოლოს, მოლაპარაკების შედეგად, სამი ტომარა გადასცეს.
კიდევ ერთს გეტყვით, 1999 თუ 2000 წელს, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა, პრემია მივიღე. უფრო სწორად, დამიბარეს ერთ-ერთ ორგანიზაციაში და დამხვდა გაშლილი სუფრა, ისმოდა სიმღერები. ვფიქრობდი, ჯერ არ დამიწყია ჩემი კარიერა და თურმე როგორ ვუყვარვარ ხალხს, რამხელა აჟიოტაჟი გამომიწვევია, როგორ შეწუხდნენ-მეთქი (იცინის). ისმის სადღეგრძელოები, მაგრამ სხვას უფრო ლოცავენ, ვიდრე მე. ბოლოს მოწიწებით ვიკითხე, ჩემთვის რაღაც ჰონორარი უნდა იყოს-მეთქი და ასეთი პასუხი გამცეს, აი, შენი ჰონორარი ეს არისო. თურმე, ის სუფრა ჩემი ფულით გაიშალა. დაგიფასდებაო, კი მითხრეს, მაგრამ დღემდე ველოდები იმ ''დაფასებას'' (იღიმის).
- ასეთი ფაქტები ალბათ მხოლოდ საქართველოში ხდება...
- ჰო, ასეა... აი, ასეთი პერიოდებიც გამოგვივლია (იღიმის).

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მანანა
ზურა შენ ხარ იშვიათი ადამიანი , უსაყვარლესი, უერთგულესი, უაღრესად ღვთისნიერი და თავმდაბალი ადამიანი. რომ არაფერი ვთქვათ შენს ნიჭიერებაზე. მიყვარხარ ძალიან. შენნაირი ადამიანები იშვიათობაა
22:03 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
Inga
Romeli sakitxia aq skandali gapicebt ra
02:01 / 14-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰმ
სკანდალი დამანახეთ,სკანდალი.
16:39 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS