03 აგვისტო, 2014
გურამ ბრეგაძე: ''მსახიობებთან მეგობრობა რთულია''
მარტო მე ხომ არ ვარ ასე? ლევან წულაძე ცოლს აკავებს თავის სპექტაკლებში გორში გიორგი ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გორის თეატრში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული თეატრები საკუთარ სპექტაკლებს წარმოადგენდნენ. კომედიის ფესტივალი 17 ივლისს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა და გამარჯვებულები დასახელდნენ. კომედიური ჟანრის ნამუშევრებს შორის, რეჟისორ გურამ ბრეგაძის სპექტაკლი ''სამეფო ძროხა'', რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარშია, საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად დასახელდა. როგორც გურამთან შეხვედრისას შევიტყვეთ, იგივე პიესა მან რუსთავის თეატრისთვისაც დადგა...

- ახლახან რუსთავის თეატრში
''სამეფო ძროხის''სახეცვლილი ვერსია დავდგით, სახელწოდებით ''სამეფო ზღაპარი'', სექტემბრიდან რეპერტუარში იქნება. რუსთავის თეატრში ცვლილებებია, ახალი სა-მხატვრო ხელმძღვანელია ლევან სვანაძე, ხოლო დირექტორი - ლალი თაბაგარი. სიტუაცია კარგისკენ დაიძრა და ამ ადამიანებს სწორად მიჰყავთ თეატრის პოლიტიკა. მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ ჩემი სპექტაკლების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სამ ადამიანს, მხატვარ ლომგულ მურუსიძეს, მუსიკალურ გამფორმებელ ზურა ინგოროყვას, ხოლო ქორეოგრაფია გია მარღანიას ეკუთვნის.
- როგორც ვიცი, ''სამეფო ძროხა''ჩვენთან პირველად დაიდგა...
- დიახ, ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა. რუსული პიესაა, თანამედროვე ზღაპარი თანამედროვე ბავშვებისთვის. ის დადგმულია მოსკოვის თეატრ ''ეტ სეტერაში'', დრამატურგები ცოლ-ქმარი არიან, რომლებმაც ეს პიესა გამომიგზავნეს. ეს ისეთი პიესაა, სადაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც ''დისნეის''მულტფილმებში. უყურებ და ბავშვზე მეტად შენ გიხარია. ძალიან მაგრად და ორი თაობის მაყურებლისთვის არის დადგმული. თავისი უხამსობებით, რომელსაც ბავშვი ვერ იგებს, მაგრამ ხვდება უფროსი.
- თანამედროვე ბავშვებისათვის ცოტა რთულია რამის დადგმა, კომპიუტერს უსხედან, მეტი იციან, მეტი სურთ და განვითარებულები არიან...
- რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები ცვლიან მოზარდებს, ახლახან 7 წლის ბავშვი მოვიდა ჩემთან სახლში და ''ვინდოუსი''გადამიყენა. ახალ თაობას ნახუცრიშვილის ''ნაცარქექია''რომ ანახვო, არა მგონია, დააინტერესოს და მოეწონოს. ამიტომ ვფიქრობ, საჭიროა ნაბიჯი წინ და ცვლილებები რეპერტუარში. ბავშვი სპექტაკლის სანახავად რომ მოდის, მთლად ''დისნეის''თუ ვერ ანახვებ, რაღაც ისეთი მაინც უნდა შესთავაზო, რომ მიეჯაჭვოს, არ გაგექცეს და კმაყოფილი დარჩეს, თუმცა, რასაკვირველია, ეს რთულია.
- სპექტაკლის ხანგრძლივობაც რთული თემაა. თქვენი აზრით, რამდენ ხანს უნდა გრ-ძელდებოდეს საბავშვო სპექტაკლები?
- თუ ორაქტიანია, ალბათ, კარგი იქნება, პირველი მოქმედების ხანგრძლივობა 45 წუთი იყოს და მეორე ამდენივე ან ცოტა ნაკლები.
- როგორ დაიწყეთ თანამშრომლობა მოზარდ მაყურებელთა თეატრთან?
- ამ თეატრის ერთ-ერთი განთქმული მსახიობია დათო ხახიძე, რომელმაც დიმა ხვთისიაშვილთან მიმიყვანა. როცა მას პიესა გავაცანი, მალევე შევთანხმდით.
- თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობოზე ბატონი შალვა გაწერელიას ჯგუფში სწავ-ლობდით...
- დიახ, სამსახიობო დავამთავრე, რადგან იმ წელს, როცა ვაბარებდი, სარეჟისორო ჯგუფი არავის აჰყავდა. როცა ბატონ შალვასთან მოვხვდი, ოთხი წელი ბოლომდე დავრჩი. როგორც მსახიობს, ლევან წულაძესთან ნათამაშები მაქვს თეატრალურ სარდაფში ორ სპექტაკლში. შემდეგ კიდევ ოთხი წელი სარეჟისოროზე ვსწავლობდი გიზო ჟორდანიასთან. ბედისწერის წყალობით, ბატონ რობერტ სტურუასთან მოვხვდი, მასთან ვმუშაობდი ასისტენტად, თანარეჟისორად. ბატონი რობერტი ჩემი პედაგოგია, პროფესიაში რეალური გამოცდილება მისგან მივიღე. ის და ბესო ზანგური ჩემი შვილის, ვაჟიკოს, ნათლიები არიან, რომელიც მალე ორი წლის გახდება.
- კომედიის შემდეგ ხშირად ირჩევენ ტრაგედიას ან სხვა ჟანრს დასადგმელად...
- ამ ეტაპზე მარჯანიშვილის თეატრში შექსპირის ''შეცდომების კომედიის''დადგმას ვგეგმავ. ბატონ ლევან წულაძესთან ვისაუბრე და თუ რამე არ შეიცვალა, მუშაობას სექტემბრიდან დავიწყებთ.
- ისევ ''სამეფო ძროხას''მივუბრუნდები, რომელშიც პრინცესას როლს თქვენი მეუღლე ასრულებს...
- დიახ, ჩემი მეუღლე, მარიამ კვიტაიშვილი, რუსთავის თეატრის მსახიობია. ის და ნათია არბოლიშვილი, ასევე რუსთავის თეატრის მსახიობი, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ამ სპექტაკლში სათამაშოდ მივიწვიე. ''სამეფო ძროხა''პირველად ამავე თეატრის რუსულ დასთან დავდგი. მინდა ვთქვა, რომ გენიალური დასია, შრომისმოყვარე და უნიჭიერესი და მათთან მუშაობა ძალიან გამიადვილდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მეფის როლის შემსრულებელი სერგეი შვეტკოვი, განცვიფრებული დავრჩი, რომ ამ დონის მსახიობი საქართველოში არსებობს. სპექტაკლში მისმა ყოფნამ მეც დიდი სტიმული მომცა.
- რეჟისურაში გადანაცვლებულს, მსახიობობა გენატრებათ?
- კი, როგორ არა. ალბათ, ყველა რეჟისორის ოცნებაა რამე ითამაშოს. მსახიობობა ძალიან რთულია. ბევრი მხოლოდ ვიღაცის იმიტირებას აკეთებს, ასეა 90% და ეს მსახიობობა ჰგონია, არადა, პროფესიონალი სხვის სულში აღწევს და ამას უნარი უნდა. და ეს უნარი კი ძირითადად 100 კაციდან 90-ს არ აქვს.
- რაზეა ეს დამოკიდებული?
- არ ვიცი, ალბათ, სექსის შემდეგ სწორად რომ გაჩნდები (იღიმის). დედაზე და მამაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ნიჭი ჩაიდება ადამიანში. სწავლა თითქმის შეუძლებელია, თუ ნიჭი არსებობს, მაგარი პედაგოგები მხოლოდ მის წამოწევაში დაგეხმარებიან.
- რამდენიმე წლის წინ მაშინდელ ვაკის სარდაფში და ახლა ილიაუნის თეატრში ''რომეო და ჯულიეტა''დადგით. მას შემდეგ იმ თეატრთან კიდევ თანაშრომლობთ?
- ''რომეო და ჯულიეტას''შემდეგ იქვე ''როგორც გენებოთ''დავდგი და მას შემდეგ ილიაუნის თეატრთან ურთიერთობა დასრულდა. ჯულიეტას მაშინ ჩემი მომავალი მეუღლე თამაშობდა (იღიმის).
- თქვენი სტუდენტი იყო, მგონი...
- დიახ, ჩემი სტუდენტი იყო, მაგრამ რომ დაამთავრა, მერე მოვიყვანე ცოლად (იღიმის). ამბობენ, ეს არ შეიძლებაო, რატომ არ ვიცი, მაგრამ საერთოდ, ''არ შეიძლება''ჩემთვის არ არსებობს, ჩემთვის ყველაფერი შეიძლება.
- რეჟისორები დასადგმელად ისევ და ისევ შექსპირს ირჩევთ...
- ალბათ, ყველაზე მაგარია და იმიტომ, ამდენი საუკუნე გავიდა და მაინც აქტუალურია. ვთქვათ, ''ჰამლეტი''. კაცი ბრუნდება შინ, იგებს, რომ მამა მკვდარია, დედა გათხოვილია ბიძაზე, გამოეცხადება მამის აჩრდილი, რომელიც ეუბნება, ჩემმა ძმამ მომკლა და მერე დედაშენი ცოლად მოიყვანაო. ''ხერხი''დღეს პოპულარული ''უჟასია''და ასეთი თრილერი ამ ფილმშიც არ არის. დღეს დრამატურგია კრიზისშია, შეხედეთ, კაცი რას წერდა და ახლა რა იწერება.
- თანამედროვე ქართულ ავტორებს ''არ სწყალობთ''?
- კი, როგორ არა. ლაშა ბუღაძის ერთი პიესა მაქვს დადგმული და მიხო მოსულიშვილის ''საშობაო ბატი კომშით''. თუმცა ახლა ისევ შექსპირს მინდა მივუბრუნდე, რადგან ძალიან მოვიხიბლე ''შეცდომების კომედიით''. როგორც ვიცი, ეს პიესა საქართველოში არ დადგმულა.
- მსახიობების დიდი ნაწილი თქვენი თაობაა და მეგობრები არიან. ეს გიადვილებთ მუშაობას თუ პირიქით?
- საერთოდ, მსახიობებთან მეგობრობა რთულია. როცა შენ რამდენიმე სპექტაკლზე აკავებ და შემდეგზე აღარ, გადის და გაგინებს (იღიმის). შეიძლება ვაზვიადებ, მაგრამ ასეთი რამეებიც ხდება. ეს თეატრებისთვის არაა უცხო და არა მხოლოდ საქართველოში. მეგობრობას ყველა სფეროში თავისი ადგილი აქვს.
- რთულია მაშინ, როცა მეუღლეა სცენაზე?..
- არის მეუღლე სცენაზე და მერე რა მოხდა?! ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერს პროფესიული კუთხით მივუდგეთ. თან, მარტო მე ხომ არ ვარ ასე? ლევან წულაძე ცოლს აკავებს თავის სპექტაკლებში. ეს ჩვეულებრივი ფაქტია...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS