31 ივლისი, 2014
ნანა ნებიერიძე ოქროს თევზს ელაპარაკება
გადაცემაში სიუჟეტი გავიდა, რომ ჩემი მაილო ფეხმძიმედ იყო მოცურავე ნანა ნებიერიძე ქართველმა საზოგადოებამ პროექტიდან ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' გაიცნო. მას მერე ეს მშვენიერი ქალბატონი არაერთ ტელეშოუში მიიწვიეს. გავიცანით მისი ქალიშვილი ნინა, მისი ძაღლი მაილოც. მაილო ახლა უკვე სამი შვილის დედაა. ნანა ჩვენთან ინტერვიუში კატაზე, ზღვის გოჭსა და მაილოზე დაწვრილებით გიამბობთ.

- ბავშვობიდან ცხოველებთან ერთად ვიზრდებოდი. მგონი, ყველა ცხოველი და ფრინველი მყავდა სახლში: კუ, კატა, თევზები, დეკორატიული ქათმები, ჩიტები, ზღვის გოჭი. ძალიან მიყვარს ცხოველები. ეზოიანი სახლი გვაქვს და
იყო ამის შესაძლებლობა. ჩვენს მშობლებს ოთხი შვილი ჰყავდათ მუდმივად: მე, ჩემი და, ჩემი ძმა და ძაღლი. მამაჩემი ძაღლების ფანია. მთელი ჩემი ბავშვობა სახლში გერმანული ნაგაზები გვყავდა. მერე ზოგი სიბერით მოკვდა, ზოგი - ავადმყოფობით. ძაღლი ჩვენს სახლში ჩვეულებრივი ოჯახის წევრია, ოჯახის დანარჩენი წევრებისგან არაფრით გამოვარჩევთ.
- სულ რამდენი ძაღლი გყავდა?
- უი, არ ვიცი, ბევრი, არც დამითვლია. ერთი ''ტიგროვი ბოქსიორი'' მყავდა, დანარჩენი - სულ გერმანული ნაგაზები. ორი წლის წინ მაილო მაჩუქეს. მას მერე ერთად ვართ და მასზე ვგიჟდები. მას უფრო დედაჩემი უყვარს, რადგან მეტი დრო აქვს მოსავლელად. დედაჩემიც გიჟდება მაილოზე. ახლა, რომ მომყავდა, მეხვეწებოდა, მალე მომიყვანეო.
- რა ჯიშია?
- ''ჯეკ-რასერ-ტერიერი''. მილიონპროცენტიანი პოზიტივი მოაქვს ოჯახში. როგორი პრობლემაც უნდა გქონდეს, ყველაფერს გავიწყებს.
- მაილო ფილმიდან ''ნიღაბი'' დაარქვი?
- ჰო, მიუხედავად იმისა, რომ იმ ფილმში მაილო ცოტა დიდია და თან ბიჭია, მაინც ეს სახელი დავარქვი ჩემს გოგოს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ''ჯეკ-რასერ-ტეიერი''P ყველა მაილოა (იღიმება).
- ვინ გაჩუქა მაილო?
- ახლობელმა მაჩუქა დაბადების დღეზე. მაშინ უკვე არ გვყავდა ძაღლი. თან ჩემი და იმ პერიოდში ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად და ოჯახში დავცოტავდით. თუმცა, მაილო ჩემი და კი არა, ჩემი შვილია. ვცდილობ, თავისუფალი დრო რომ მაქვს, მასთან ერთად გავატარო. თვალებში რომ შევხედავ, ვიცი, რა აწუხებს, რა სტკივა, რატომ არ არის ხასიათზე. გამოუძინებელია თუ არა. ამას წინათ შევატყვე, ვერ იყო ხასიათზე, დედაჩემს ვკითხე, წუხელ ცუდად ეძინა-მეთქი და დამეთანხმა, გვიანობამდე კომპიუტერთან ვიჯექი და უჩემოდ არ დაიძინაო. მაილოს დედაჩემის საწოლში სძინავს. დედას თუ ღვიძავს, არც ეს იძინებს.
- გამოდის, რომ მისი ექიმიც ხარ?
- მეტ-ნაკლებად. თუმცა მაილოს არაჩვეულებრივი ექიმი ჰყავს, ივეტა, საუკეთესო სპეციალისტია, ოცი წლის განმავლობაში აფრიკაში მუშაობდა ცხოველებთან.
ძაღლს ძირითადად რუსულად ველაპარაკები და რომ ვეტყვი, ''გულიაწ'', ჯერ დამთავრებული არ მაქვს სიტყვა, რომ გარბის და კართან დგება. რა სასაცილოა, მისი კუდი კარის სახელურს მაგონებს. სხვათა შორის, მონადირე ჯიშია. მელიასა და დათვზე ნადირობს.
- ეს პატარა ნადირობს დათვზე?
- ჰო, სასაცილოა, მაგრამ ასეა. საოცარი ყნოსვა აქვს, პოულობს დათვის ბუნაგს, შედის ბუნაგში და ისე კივის, ისე აწუხებს დათვს, ეღვიძება, დგება და გამოდის ბუნაგიდან. ამ დროს მონადირეს აქვს შანსი, ესროლოს.
- პირად საუბარში მითხარი, მაილო კატებთან მეგობრობსო…...
- ჰო, ჩვენი კატა, თათულია, მაილოს დაქალია. ჩემმა ძმამ ამას წინათ ორი კვირით წაიყვანა აგარაკზე და რომ ჩამოვიდა, ისეთი შეხვედრა ჰქონდათ,… დედაჩემი გაგიჟდა. ერთმანეთს კოცნიდნენ. კატას მამაჩემთან სძინავს, ძაღლს - დედაჩემთან.
- კიდევ რა გყავს სახლში?
- ორი კვირის წინ ვიყიდე ოქროს თევზი, კიკი დავარქვი. არ ვიცი, ბიჭია თუ გოგო. აკვარიუმის ნაცვლად დიდ ლარნაკში მყავს. სახლს ვალაგებდი. უცებ ამოხტა თევზი ლარნაკიდან, გაიფართხალა, გამწუწა და ჩახტა. შოკში ვიყავი. საოცრება იყო, თითქოს განგებ გააკეთა, ყურადღება მომაქციეო. მივედი, ველაპარაკებოდი. არ ვიცი, ან მე გავგიჟდი, ან თევზი, ან ჩემს სახლში სასწაულები ხდება (იცინის).
- რას ჭამს შენი მაილო?
- სპეციალურ საკვებს, თუმცა, როცა ოჯახის წევრები ვჭამთ, ისეთი თვალებით გვემათხოვრება, შანსი არ არის, ვერ გაუძლებ და ბოლო ლუკმას გაუყოფ. ზოგადად, არაფრით არ უნდა აჭამოთ ძაღლს ტკბილი და შემწვარი. საერთოდ, თუ თავისი საკვების გარდა არაფერს აჭმევთ, გაუძლე-ბთ მისი სევდიანი და საწყალი თვალების მზერას, ნაკლები პრობლემა შეგექმნებათ. ეს არ არის ღორმუცელა ჯიში. თავის ჯამში საჭმელი უყრია და მთელი დღის განმავლობაში ჭამს იმდენს, რამდენიც უნდა. ზღვის გოჭი გვყავდა ღორმუცელა, რომელიც ოთახში, თავის ყუთში ცხოვრობდა. გამოაღებდი თუ არა მაცივრის კარს, არ ვიცი, როგორ იგებდა, მძინარეც რომ ყოფილიყო, იღვიძებდა, თავქუდმოგლეჯილი მორბოდა და მაცივრის კართან ჯდებოდა.
- შენი მაილო უკვე სამი შვილის დედაა, როგორ გადაიტანეთ ეს ამბავი?
- ძალიან რთული მშობიარობა ჰქონდა. ჩემი ძაღლი ძალიან ენერგიულია, ფეხმძიმობის პერიოდში დარბოდა, ხტუნაობდა და ამიტომაც შეექმნა პრობლემები. სამი დღე რომ გადაუცდა, საავადმყოფოში გადავიყვანეთ. საკეისრო გავუკეთეთ, ჩვეულებრივად, ნარკოზით. ვერ აგიხსნით, რა გადავიტანე. ზოგადად, მშიშარა ვარ იმ კუთხით, რომ ექიმები, საავადმყოფო, სისხლი… არ შემიძლია. ამ შემთხვევამ გამაძლიერა. თვითონ ვეხმარებოდი ექიმებს და ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვუყურებდი. მე და ნინა მთელი ღამე იქ ვიყავით. ძლივს გადავარჩინეთ.
- ლეკვები როგორ არიან?
- გავაჩუქე. ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' რომ ვცეკვავდი, გადაცემაში სიუჟეტი გავიდა, რომ ჩემი მაილო ფეხმძიმედ იყო. მეორე დღეს ყველა მირეკავდა, მოგვყიდე ლეკვიო. რომ დავფიქრდი, გავგიჟდი, ჩემი შვილიშვილი როგორ გავყიდო-მეთქი. ყველა გავაჩუქე.
- მათი შეყვარებაც მოასწარი?
- აბა, რა, თვე-ნახევარი ჩვენთან იყვნენ, ორი ბიჭი და ერთი გოგო. დღესაც რომ მომე-ნატრებიან, მივდივარ და ვნახულობ.
- რამდენ ხანს ცოცხლობს ეს ჯიში?
- აუ, მაგას ნუ მეკითხები, წარმოდგენაც არ მინდა.
- იმდენი ძაღლი გყოლია, შეგუებულიც იქნები ამ ამბავს.
- კი, მაგრამ ეს ძალიან მიყვარს, ზუსტად ასეთი მინდოდა და ალბათ ამიტომ.
- შენს ქალიშვილს, ნინას, როგორი დამოკიდებულება აქვს ცხოველებთან?
- ჩემზე უარესი. წლების განმავლობაში უპატრონო, მაწანწალა ძაღლები მოჰყავდა სახლში, უმასპინძლდებოდა და უშვებდა. მერე თვითონ აკითხავდნენ. ნინა ქუჩაში რომ მიდის, ყველა ძაღლი მისკენ მორბის, გრძნობენ ალბათ, რომ ნინა მათი ფანია.
- როგორ სჯი მაილოს, თუკი რაიმეს აშავებს?
- ხმის ტონზე ხვდება, რომ გაბრაზებული ვარ, ყურები უკან მიაქვს და მალევე თვითონაც გარბის. რომ ვეტყვი, წადი აქედან-მეთქი, იმალება.
- ნანა, შენ რას აპირებ, რჩები საქართველოში?
- ჰო, ასე გამოვიდა. რაღაც შემოთავაზებები მაქვს, ჯერ ზაფხულია, სექტემბერში გაირკვევა, სად გამოვჩნდები.
- სფეროსაც არ გაგვიმხელ, რომელ სფეროში აპირებ ძალების მოსინჯვას?
- არა, მირჩევნია, სიურპრიზი იყოს.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS