10 ივნისი, 2013
როდის იცვლის ეკო ფანგანი სამოსს მანქანაში
ისეთ ასაკში არ ვარ, ვინმემ ძალით მომიწყოს ისეთი ქორწილი, როგორიც არ მომწონს, ან კიდევ სადედამთილომ ჩამაცვას ისეთი კაბა, როგორიც მე არ მომეწონება, აქედან გამომდინარე, როდესაც ეს თემა დადგება დღის წესრიგში, მერე უფრო ვიფიქრებ ამაზე. რამდენიმე კვირის წინ ''მაესტროს'' ეთერში ახალი რეალური შოუ ''ჩემი ქორწილი'' გამოჩნდა, რომელშიც ტელევიზია შეყვარებულ წყვილს, მათი ოჯახის წევრებს, სიყვარულის ისტორიას გვაცნობს, ბოლოს კი ქორწილშიც გვეპატიჟება და მაყურებელს მათ ბედნიერებას უზიარებს. იმისთვის, რომ ''ჩემი ქორწილი'' საინტერესო გამოვიდეს, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ძალ-ღონეს არ იშურებს.
გადაცემის წამყვანი ეკო ფანგანი ყოველკვირა სხვადასხვა წყვილს აბედნიერებს, თუმცა საკუთარ ქორწილზე ჯერ არ ფიქრობს. ეკოს და ანსამბლ ''ალილოს'' ერთ-ერთ წევრს, ბექა ჩხაიძეს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, ბოლო დროს კი ქალაქში აქტიურად ლაპარაკობენ მათ დაშორებაზე...
ტელევიზიაში გაუჩნდათ ამ გადაცემის გაკეთების იდეა, ''პილოტები'' უკვე ჩაწერილი ჰქონდათ, როცა დამირეკეს და წამყვანობა შემომთავაზეს, იქიდან გამომდინარე, რომ ''ჩემი ქროწილი'' კარგ საქმეს ემსახურება, დავთანხმდი.
- გმირებს როგორ არჩევთ?
- ინტერნეტში ჩვენს სპეციალურ გვერდზე დაქორწინების მსურველი წყვილები აპლიკაციებს აგზავნიან, შემდეგ მიმდინარეობს განხილვა, ვცდილობთ ისეთი პერსონაჟები შევარჩიოთ, რომლებიც მაყურებლისთვის საინტერესონი იქნებიან. შემდეგ ვუკავშირდებით, პირადად ვეცნობით მთავარ გმირებს, მათი ოჯახის წევრებს, ვიგებთ მათი სიყვარულის ისტორიებს და დაწვრილებით ვესაუბრებით იმაზე, თუ როგორი ქორწილი უნდათ და როგორი არ უნდათ, რათა რამე ისე არ გამოვიდეს, რაც მათ არ ესიამოვნებათ. ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს მეტად საპასუხისმგებლო საქმე აქვს აღებული, ეს დღე დაუვიწყარი უნდა იყოს წყვილისთვის და ამისთვის დიდი შრომაა საჭირო, ყველა ვემსახურებით მათ ბედნიერებას. ქორწილი რომ სრულდება და ყველაფერი კარგად ჩაივლის, მერე შემოქმედებითი ჯგუფი ვსხდებით და მათ ბედნიერებას აღვნიშნავთ.
Rating
- ვინ ზრუნავს პატარძლის იმიჯზე?

- გვყავს ივენთმენეჯერები, რომლებიც ზრუნავენ, რომ ქორწილი ისეთი გამოვიდეს, როგორიც წყვილს უნდა, დიზაინერები გვეხმარებიან კაბის შერჩევაში, პარტნიორი სალონი პატარძლის მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე ზრუნავს, ჩვენი სპონსორი საიუველირო მაღაზია კი წყვილს ბეჭდებს ჩუქნის. სანამ კონკრეტულ ქმედებაზე გადავალთ, მანამდე ბევრს ვსაუბრობთ ნეფე-პატარძალთან დეტალებზე, ვეკითხებით, როგორი ქორწილი სურთ. აი, მაგალითად, წინა კვირას განსხვავებული შემთხვევა გვქონდა. ჯგუფ ''ფრანის'' სოლისტ გაგა ჩიხლაძეს ექვსი წელია ცოლი ჰყავს, მაგრამ ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, ჰოდა, გაგას სურვილით გადავწყვიტეთ, ქორწილი მათთვის გაგვეკეთებინა, თუმცა მისი მეუღლე ამ აზრით დიდად აღფრთოვანებული არ დარჩა და არც უნდოდა ეს იდეა განხორციელებულიყო, რადგან ორსულადაა და ალბათ ფიქრობდა, რომ სათანადოდ ვერ გამოეწყობოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ისე ჩავრთეთ ანუშკა პროექტში, რომ არ იცოდა, რა ხდებოდა, საბოლოოდ დაგვთანხმდა და დიზაინერმა ისეთი კაბა შეურჩია, რომლითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა, ქორწილიც არაჩვეულებრივი გამოვიდა.
Rating
- ფინანსურად ვინ უზრუნველყოფს ქორწილს?

- წყვილს, რომელიც დაქორწინებას აპირებს, აქვს გარკვეული თანხა, ჩვენც ვცდილობთ, იმ თანხაში ჩავეტიოთ და მაქსიმალურად კარგი ქორწილი გავუკეთოთ, თუმცა ჩვენი პარტნიორები და ტელევიზია ბევრ საჩუქარს უკეთებს და საბოლოოდ გულდაწყვეტილი არავინ რჩება.
- შენს იმიჯზე ვინ ზრუნავს?
- ჩაცმულობაზე ჯერჯერობით თავად ვზრუნავ, თუმცა უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შეიძლება ამ თვალსაზრისით რამე შეიცვალოს, მაკიაჟს ''მაესტროს'' ვიზაჟისტები მიკეთებენ, ვარცხნილობაზე კი ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი სილამაზის სალონი ზრუნავს.
- ყოველკვირა ქორწილების ორგანიზებაში ხარ ჩართული, გვითხარი, შენი საოცნებო ქორწილი როგორია?
- პატარა რომ ვიყავი, როგორც ყველა გოგონას, მეც მინდოდა გრანდიოზული ქორწილი, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად შეხედულებები მეცვლება. სიმართლე გითხრათ, ჩამოყალიბებული არ ვარ, როგორი ქორწილი მინდა, ამაზე ნაკლებად ვფიქრობ, ალბათ ასეთი ოცნებებისთვის უკვე დიდი ვარ, გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკული ვარ, ოცნებები ჩემგან შორსაა. ერთი ვიცი, რომ ძალიან ტრადიციული ქორწილი არ მექნება, რადგან არ მოწონს დიდი ქორწილი მთვრალი თამადით. საერთოდ, თამადობა ყველაზე აფერისტული პროფესიაა, ყველამ კარგად ვიცით პირველი, მეორე, მესამე სადღეგრძელო ვის ეძღვნება, მაგრამ მაინც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გადმოგვცემს სათქმელს თამადა. ჩემი ეს დამოკიდებულება იმას არ ნიშნავს, რომ პატივს არ ვცემ რომელიმე ქართულ ტრადიციას, უბრალოდ, არ მინდა ჩემს ქორწილში ასეთი სიტუაცია იყოს, თან ისეთ ასაკში არ ვარ, ვინმემ ძალით მომიწყოს ისეთი ქორწილი, როგორიც არ მომწონს, ან კიდევ სადედამთილომ ჩამაცვას ისეთი კაბა, როგორიც მე არ მომეწონება, აქედან გამომდინარე, როდესაც ეს თემა დადგება დღის წესრიგში, მერე უფრო ვიფიქრებ ამაზე.
- ამბობენ, რომ ყველა გოგონა ოცნებობს თეთრი კაბის ჩაცმაზე, შენ არ მიეკუთვნები მათ რიგებს?
- ალბათ კი, მაგრამ თეთრი კაბა უკვე ბევრჯერ მცმია გადაღებებზე თუ სხვადასხვა პროექტში (იცინის).
- დასასრულ, მინდა პირად ცხოვრებაზე გკითხო, როგორც ვიცით, შენ და ბექა დაშორდით...
- ჩემს პირად ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ. თქვენს ჟურნალს არაფერს ვერჩი, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ვამბობ ერთს და იბეჭდება მეორე, ამიტომ გადავწყვიტე, საერთოდ არაფერი ვთქვა.
- მიპასუხე ''კი'' ან ''არა'' და ასე დავწერ...
- იქნებ შევრიგდით და ვმალავ ან იქნებ დაშორებას ვმალავ?.. არ მინდა ამ თემაზე რამეს თქმა.
Rating
- ის მაინც გვითხარი, ''ალილოს'' პროდიუსერად რჩები?

- კი, რასაკვირველია. ცოტა ხნით პაუზა ჰქონდათ ბიჭებს, რადგან ქვეყნის ფარგლებს გარეთ იყვნენ გასული, მაგრამ მალე ისევ იგეგმება კონცერტები და მუშაობას ვაგრძელებთ. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, ხან გადაღებები ისე მიეწყობა ხოლმე ერთმანეთს, რომ ტანსაცმელს მანქანაში ვიცვლი. მიუხედავად ამისა, ახალი გატაცება მაქვს - ჩემი სიყვარული XXI საუკუნის მუსიკასთან არ წყდება და დიჯეი რემბოსთან ერთად ვაკეთებ ივენთებს, რემბო უკრავს, მე კი ''ემსის'' როლში ვარ, ანუ საღამოს რიტმში მოყვანას ვუწყობ ხელს. გარდა ამისა, ვცდილობ, საკუთარ თავსაც დავუთმო დრო, ყოველთვის მინდოდა მევარჯიშა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, ახლა კი იოგას მივდევ და ვვარჯიშობ, ძალიან მინდა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი დავიცვა, არ ვეწევი და ძალიან იშვიათად ვსვამ, ამ გზითაც მინდა გავჯანსაღდე.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ვაიმე
ხალხო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ქარტულ ენას აღარ ასწავლიან?მარტლაც ვაიმე უბედურო ქარტულო ენავ!
08:44 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგი
ეკო ძალიან მომხიბვლელი, ელეგანტური ,საყვარელი და ნიჭიერი გოგო ხარ.წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებ.
15:55 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS