18 ივლისი, 2014
რისთვის ანდობდა თამუნა მუსერიძე საკუთარ სხეულს გიორგი ლიფონავას
''პლეიბოისთვის'' გავიხდიდი. ალბათ, კინოსთვისაც, მაგრამ ფილმსაც გააჩნია ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე პოპულარობის დადებით და უარყოფით მხარეებზე გვესაუბრება. მისთვის ცნობადობას უფრო მეტი ნეგატივი მოუტანია, თუმცა მიიჩნევს, რომ ამას ალბათ იმ შემთხვევაშიც ვერ ასცდებოდა, პოპულარული სახე რომ არ ყოფილიყო.

- ბავშვობიდან ოცნებობდი პოპულარობაზე?
- სიმართლე გითხრა, ამაზე ბავშვობაში არ მიფიქრია. ვოცნებობდი მსახიობობაზე, მაგრამ მამამ სამსახიობო ფაკულტეტზე არ ჩამაბარებინა. ვეცადე, მომეძებნა ამასთან დაახლოებული პროფესია, სადაც ჩემს შესაძლებლობებს გამოვავლენდი და ეს იყო ჟურნალისტობა. პოპულარობა ჩემი იდეფიქსი არასდროს ყოფილა, მსახიობობაც არ
მინდოდა ამის გამო, მსურდა, კინოში გადავეღე, მქონოდა მრავალფეროვანი ცხოვრება, მემუშავა კამერების წინ და არა - ავმდგარიყავი ცხრა საათზე და ექვსზე სახლში ვყოფილიყავი.
- თუ გაიხსენებ მომენტს, როცა იგრძენი, რომ ქუჩაში გიცნეს?
- ეს იყო მაშინ, როცა ''პირველ სტერეოში'' დავიწყე მუშაობა, მანამდეც ვმუშაობდი ტელევიზიაში, მაგრამ ჩემს პოპულარობაზე გავლენა სწორედ ზემოხსენებულმა არხმა იქონია. მახსოვს, რომ დიდი აჟიოტაჟი იყო ჩემ ირგვლივ. მაშინ არხზე რეორგანიზაცია მიდიოდა და ვიყავით ორი წამყვანი, უფრო სწორად, სხვებიც იყვნენ, მაგრამ ალბათ, არა იმდენად აქტუალურები. თუმცა ისიც მახსოვს, ჟურნალისტები ჩემთან ინტერვიუზე იმის გამო მოდიოდნენ, რომ აჩი ფურცელაძის ყოფილი ცოლი ვიყავი და ასე იწყებოდა ყველა ინტერვიუ. აჩის ვეუბნებოდი, დადგება დრო და პირიქით დაწერენ-მეთქი. მართლაც ასე მოხდა - რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა საიტმა დაწერა, თამუნა მუსერიძის ყოფილი ქმარი, აჩი ფურცელაძე... დავუკოპირე ეს ნაწილი და გადავუგზავნე (იღიმის).
- თვითტკბობამ მოგიცვა?
- თავისთავად. აჩიმ ძალიან იხალისა. ორივემ ვიცინეთ ამ თემაზე. მითხრა, იმიტომ არ ვახსოვარ ხალხს, რომ საქართველოდან დიდი ხნის წასული ვარო.
- პოპულარობის მოპოვების შემდეგ ბევრი საუბრობს ამ ყველაფრის უარყოფით მხარეებზე.
- შესაძლოა, უფრო მეტი უარყოფითიც აქვს, ვიდრე დადებითი. რამდენიმეს ჩამოთვლა შემიძლია - მაგალითად, ყოველთვის უნდა იყო ფორმაში, ვიღაც რომ დაგინახავს, არ თქვას, ვაიმე, რას ჰგავსო. რადგან ყურადღების ცენტრში ხარ, ვალდებულება გაქვს, მოიქცე ისე, როგორც ხალხი ითხოვს და არა შენი სურვილისამებრ. გარდა ამისა, ურეკავენ ოჯახს და ათას სისულელეს ეუბნებიან. პირად ცხოვრებაზე კი, ფაქტობრივად, ხაზი გაქვს გადასმული. უმეტეს შემთხვევაში ასეა, ალბათ, 80%-ის შემთხვევაში. მგონია, რომ ბევრი პოპულარული გოგონა დამეთანხმება.
- და რა არის ამის მიზეზი?
- ძალიან ძნელია კაცისთვის ამ ყველაფრის ატანა. რთულია იმიტომ, რომ შენ გვერდით მყოფ გოგონას ბევრი მამაკაცი ურეკავს, სწერს და შეიძლება, რაღაც უთხრას. გარდა ამისა, აქვს გადაღებები, კონცერტები და ხშირად არ არის შენ გვერდით. თანაც, მამაკაცებს უჭირთ იმასთან შეგუებაც, რომ გოგო მათზე ერთი ნაბიჯით წინ არის.
- შენი ოჯახის წევრებს რას ეუბნებიან, როდესაც რეკავენ?
- რომ სადღაც მნახეს, ან ჩემზე რაღაც დაიწერა. მე არ მინდა, რომ დედამ წაიკითხოს, ამ დროს კი ვიღაც ურეკავს და ეუბნება, ნახე, საიტზე ვიღაც ბიჭთან ერთად ფოტო რომ არის დადებული? არადა, შეიძლება, ის ბიჭი სულაც ჩემი თანამშრომელია და არაფერი ხდება. არ მინდა, დედაჩემმა ინერვიულოს, მაგრამ დედაა და ნერვიულობს.
- თუმცა შენ ალბათ იმ მცირე კატეგორიიდან ხარ, რომელიც არ მალავს საკუთარ პირად ამბებს. ანდა იმას, რომ მკერდი გაიდიდე.
- მკერდის გადიდების შესახებ ლაპარაკი ჩემთვის პრიორიტეტული არ ყოფილა, მაგრამ იმიტომ გამიკეთეს ოპერაცია უფასოდ, რომ საჯაროდ მელაპარაკა, ეს აუცილებელი იყო, თორემ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მესიამოვნა ამაზე საუბარი.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვფიქრობ, ჯობს, თავად ილაპარაკო და მოჰყვე, როგორც სინამდვილეში არის, ვიდრე დაწერონ ის, რაც რეალობას არ შეესაბამება. მგონია, რომ ასე პრობლემებსაც ვირიდებ და იმ ადამიანებსაც, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, რომლებიც, ასე ვთქვათ, ''მაწუხე-ბენ''. ზარები ასეც და ისეც არის, თუმცა არსებობს შეგნებული ადამიანების კატეგორია, რომელიც ითვალისწინებს, რომ შენ გვერდით ვიღაც არის. მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, ვისაც ეს საერთოდ არ აინტერესებს. მაგალითად, ერთი ადამიანი მირეკავდა ერთი წელი, თვეში ერთხელ, ყველა დაელაპარაკა, ჩემი ძმიდან დაწყებული, თანამშრომლით დამთავრებული, მაგრამ ამბობდა, არ მაინტერესებსო. რამდენიმე თვეა, არ გამოჩენილა (იცინის).
- ეს არ გსიამოვნებდა ალბათ.
- არავინ თქვას, რომ თაყვანისმცემლის ყურადღება არ სიამოვნებს.
- დადებით მხარეებსაც შევეხოთ. ფასს მაინც გიკლებენ ბაზარში?
- ბაზარშიც, ბაზრობაზეც, სამოსზე და ყველგან. ბევრი ამბობს, ფასს მიმატებენო, მე კი პირიქით. ფასს მიკლებენ სალონებში, ხანდახან ვარცხნილობას უფასოდაც მიკეთებენ ან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. თმა რომ დავიგრძელე, უნდა გადამეხადა 1000 ლარზე მეტი და მხოლოდ 500 გამომართვეს.
- ფულს შოულობ შენი საქმით?
- რასაკვირველია, ვშოულობ. არ დაიჯერო, თუკი ვინმე სხვა რამეს გეუბნება.
- ჭორები, გავრცელებული ხმები... რამდენად გხვდება გულზე?
- თავიდან ძალიან განვიცდიდი, ვნერვიულობდი. ვინც ამ ჭორებს ავრცელებდა, მათ ვურეკავდი, მივდიოდი და საქმეს ვურჩევდი. მეუბნებოდნენ ხოლმე, იცი, შენზე ამან და ამან რა თქვა? ახლა ვფიქრობ, რომ ეს იყო ბავშვური სისულელე და მარაზმი, საქმის გარჩევები, დიდი ხანია, დავამთავრე. გოგოსთვის ეს დიდი სირცხვილია და არ უნდა გააკეთოს.
- პოპულარობა როგორ უნდა შეინარჩუნო?
- ეს არის ყველაზე რთული. მოპოვება ძალიან ადვილია - გაიხადე, გადი ქუჩაში და მორჩა, პოპულარული ხარ. შენარჩუნებას ასჯერ მეტი რამ სჭირდება, ყოველდღიურად უნდა კვებო შენი პოპულარობა და მიაწოდო სიახლე საზოგადოებას, იყო განსხვავებული, უნდა იკითხო ბევრი, არ ჩამორჩე მოვლენებს, იარო ''ტუსოვკებზე'', რომლებიც მეზიზღება, მაგრამ მაინც დავდივარ, რადგან საჭიროა, შეგიძლია, ერთი-ორი სკანდალიც შეურიო.
- შენ შეგირევია სკანდალები?
- პირადად მე არაფერი გამიკეთებია, ჩემ ირგვლივ რატომღაც თავისთავად ხდება. საერთაშორისო სკანდალი იყო, მე და გიორგი ნაზღაიძე თურქეთში რომ დაგვიჭირეს და სამი საათი ''კაპეზეში'' გვამყოფეს. რიგში არ ჩავდექით, გვიწერდნენ ჯარიმას, ათას ხუთას ლირას ვერ გადავიხდიდით, ავწიეთ პანიკა, რის გამოც სცემეს გიორგის, მე შუაში ჩავდექი და წინააღმდეგობის გაწევის გამო დაგვაპატიმრეს.
ძალით არაფერს ვაკეთებ, ბუნებრივად იქმნება რაღაცები, რომლებიც შემდეგ ხელოვნურად ტირაჟირდება. ეს მაღიზიანებს იმ შემთხვევაში, თუკი არასწორი ინფორმაციაა. მაგალითად, გავღიზიანდი, როდესაც ერთ-ერთმა საიტმა დაწერა, რომ მე და გიორგი ნარკოტიკების გამო დაგვიჭირეს. ნახევარ საათში კი აიღეს ეს ინფორმაცია, მაგრამ... მიხვდნენ, რომ ნარკოტიკების შემთხვევაში სამ საათში იქიდან არავინ გამოგვიშვებდა. ეს არ იყო ხუმრობა, რომლის გატარებაც შეიძლებოდა.
- როდესაც პოპულარული გოგო ხარ, ალბათ, შენი რჩეულის დედაც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს შენზე. შენი რომანებიც ცნობილია. პირადულის აწყობაში ესეც ხომ არ არის პრობლემა?
- მე მსგავსი პრობლემა არასდროს შემქმნია. ყოველთვის კარგი ურთიერთობები მქონდა ჩემი მეორე ნახევრების დედებთან. ალბათ, ჩემი გაცნობის შემდეგ ექმნებოდათ დადებითი შთაბეჭდილება. მეორე მხრივ, ბიჭის დედას შეუძლია, არაცნობილ გოგონაზეც გამოარკვიოს ყველაფერი, თბილისი პატარა ქალაქია. პოპულარობა იმით არის კარგი, რომ, ასე თუ ისე, ყველაფერი ცნობილია.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეყვარებული ხარ და მასთან ერთად დასასვენებლად იყავი.
- (იღიმის) ამ თემაზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ, რადგან არ ვარ ამ ეტაპზე.
- საქართველოში, შენი აზრით, ვინ არის დადებითად პოპულარული და ვინ - უარყოფითად?
- დადებითად - გიგი დედალამაზიშვილი. მასზე არავისგან არასდროს ცუდი არ გამიგია. უარყოფითის დასახელებისგან თავს შევიკავებ, არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო. ერთ საინტერესო ფაქტს ვიტყვი - ბევრი ნეგატიური ინფორმაცია გამიგია ჩემს მეგობარ გიორგი ნაზღაიძეზე, თუმცა მას შემდეგ, რაც ''ნანუკას შოუში'' გამოვიდა და თავისი ცხოვრების შესახებ ილაპარაკა, უამრავმა ადამიანმა მომწერა, რა კარგი ბიჭი ყოფილაო. ხალხს უნდა შეაცოდო თავი და ეს სიმართლეა!.. ჩვენს ქვეყანაში ბევრი შოუ მოუგია გაჭირვე-ბულ კონკურსანტს. ამას, რა თქმა უნდა, არ მივესალმები.
- რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომელთაც პოპულარობა სურთ?
- არ ვურჩევ გახდას და ამით პოპულარობის მოპოვებას. მაინც ძველი მენტალიტეტია ჯერ კიდევ საქართველოში.
- შენ არ გაიხდიდი?
- ''პლეიბოისთვის'' გავიხდიდი. ალბათ, კინოსთვისაც, მაგრამ ფილმსაც გააჩნია. იმ კაცის ფილმში არ გავიხდიდი, შოთიკო კალანდაძის (იღიმის). გიორგი ლიფონავას, ჩემს სხეულს, რასაკვირველია, ვანდობდი (იღიმის).
რაც შეეხება სხვა რჩევებს - არ მიიღონ პოპულარობა ვინმესთან კონფლიქტით, ეს დროებითია. უარყოფი-თად არ უნდა მიაწოდონ საკუთარი თავი საზოგადოებას.
- თავად რომელ კატეგორიას განეკუთვნები? როგორ ფიქრობ, დადებითად პოპულარული ხარ თუ უარყოფითად?
- თუ რამისთვის მიმიღწევია, არც სკანდალით, არც ჩაცმით, არც გახდით, არც ოჯახის დანგრევით არ მიმიღწევია. მოვხვდი საჭირო დროს საჭირო ადგილას, ''პირველ სტერეოზე'' და ყველაფერი ჩემი შრომით მივიღე. დაახლოებით ერთი თვის წინ პეკინზე შემხვდა ასაკიანი ჭაღარა მამაკაცი, თამუნა მუსერიძე ხარო, მკითხა და მერე ჩამეხუტა. ვერ ვიტყვი, ვინ როგორ არის განწყობილი, მაგრამ ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება.
- შური თუ გიგრძნია?
- ძირითადად, გოგონების მხრიდან. ხშირად იციან, ვინ ვარ, მაგრამ მეკითხებიან, შენი სახელი შემახსენეო. მერე, ერთი-ორ ჭიქას რომ დავლევთ ერთად, მეუბნებიან, ამას წინათ შენზე სტატია წავიკითხეო (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გრიშა
თამუნა, ლამაზი და ჭკვიანი გოგო ხარ. პირველ სტერეოზე უფრო ლამაზი იყავი. ერთი ტამ არ მომწონს შენში - ქმრები. კარგი იქნებოდა ერთი გყოლოდა და ნაღდი - მოსიყვარულე და ერთგული, რომელიც შენზე იზრუნებდა.
13:00 / 18-07-2014
გამოხმაურება / 0 /
v
გაუკეთა აფიშირება თავის თავისუფალ ცხოვრებას და უცებ გახდა პოპულარული და მოთხოვნადი რესპოდენტი. ჟურნალისტებო, იქნებ დაფიქრდეთ, რომ ამით თქვენ უზნეობას უწევთ პოპულარიზაციას. მომავალი თაობა იზრდება და ის ბავშვობიდან ხედავს, რომ ვინც ასე იქცევა იმას ყველა იცნობს, პოპულარულია და ა.შ. იცოდეთ, დიდ ცოდვას იკიდებთ!
11:13 / 18-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS