09 ივნისი, 2013
მერაბ რატიშვილს წერა მეორე შვილიშვილის დაბადებამ დააწყებინა
ეს წიგნი „დათა თუთაშხიას“ გაგრძელება კია, მაგრამ ჭაბუა ამირეჯიბს მიეძღვნა. მინდა ევროპელმა მკითხველმა დაინახოს ჩემი და ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ უდიდესი მწერლის მიმართ. მიმაჩნია, რომ „დათა თუთაშხია“ XX საუკუნის საუკეთესო რომანია. მერაბ რატიშვილმა წერა ციხეში დაიწყო და იმავდროულად გამოიცემოდა მისი წიგნები. ალბათ ბევრს ახსოვს დარეკლამებული: „ჯუღა“ და „თეთრი ლამა“. ამას მოჰყვა „დაკარგული ფურცლები“ და „ოდესღაც“. საპატიმროს დატოვების შემდეგ ჯერ წერისთვის ვერ მოიცალა.
მერაბ რატიშვილი 1959 წლის 16 მაისს დაიბადა გორში, პედაგოგების ოჯახში. ჰყავს მეუღლე, ორი
შვილი (ბიჭი და გოგონა) და ორი შვილიშვილი. დაამთავრა მოსკოვის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის დიპლომატიური აკადემია. პროფესიით არის ეკონომისტ-ფინანსისტი, საერთაშორისო სამართლის იურისტი და პოლიტოლოგი. მუშაობდა მოსკოვის მეტრომშენში, მოსკოვის კომკავშირის საქალაქო კომიტეტში, მოსკოვის აღმასრულებელ კომიტეტში. საბჭოთა კავშირის დაშლამდე და მას შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროებში. მუშაობდა საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატაში, დსთ-ს აღმასრულებელ სამდივნოში, 1999 წლიდან „ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პრეზიდენტად. 2004 წელს დაბრუნდა საქართველოში. დააარსა საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაცია. არის რამდენიმე ეკონომიკური პროექტის ავტორი. 2007 წლის 26 ოქტომბერს დააპატიმრეს, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მხარდამჭერი და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობის პერიოდში მეუღლის დახმარებით შექმნა პოლიტპატიმრების საიტი, რომელზეც მაშინდელი მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ კრიტიკულ წერილებს და ინტერვიუებს აქვეყნებდა. მერაბ რატიშვილი საქართველოსა და საერთაშორისო ადამიანების უფლებათა ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრად აღიარეს და ამავე სტატუსით 2013 წელს გათავისუფლდა.
თავის დროზე, თურმე, მერაბ რატიშვილი მსახიობობაზე ოცნებობდა. სპექტაკლებს მეზობლებთან ერთად დგამდა, საკუთარი მოგონილი პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში ან დირექტორი იყო, ან მეფე. თეატრით გატაცებულმა მუშაობა გორის დრამატულ თეატრში მსახიობად დაიწყო. ერთხელაც თეატრში მივიდა წერილი, მას ფილმში „დიუმა კავკასიაში“ მონაწილეობის მისაღებად იწვევდნენ, თუმცა ეს ფურცელი დაუმალეს, რადგან თეატრში იმ დროს ახალ სპექტაკლზე რეპეტიციები ჰქონდა და მისი კინოში გაშვება არ სურდათ. მოკლედ, კინოში გადაღება არ მოხერხდა, მოგვიანებით თეატრსაც ჩამოშორდა და მოსკოვში სასწავლებლად გაემგზავრა. შემდეგ მისმა ცხოვრებამ სხვა მიმართულება მიიღო და ახალგაზრდული გატაცებაც წარსულს ჩაჰბარდა...
- ბატონო მერაბ, წერა როდის დაიწყეთ?
- მგონი, ეს ამბავი ჯერ არსად მითქვამს. წერა ყოველთვის მიტაცებდა, ჩანახატებს, პიესებს, მოთხრობებს ვწერდი. სტუდენტობის დროს მოსკოვში ქირით ვცხოვრობდი. ქირის დიდი ვალი დამიგროვდა. არ ვიცოდი რა მექნა, გამოსავალს ვერ ვპოულობდი. იმ ბინაში ვინახავდი ჩემს ნივთებს, მათ შორის ჩანაწერებს და ერთხელაც იქ აღარ მივედი. ის ვალი, რაც მქონდა, ჩემს ტანსაცმელზე მეტი იყო და აღარ მივედი. ასე დაიკარგა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩანაწერებიც. მათზე გული კი მეთანაღრებოდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ წერა ჩემი ბედი არ იყო.
- ბინის მეპატრონე არ გეძებდათ?
- არა, ეტყობა მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა. ბინას მალე მიაქირავებდა სხვას (იღიმის).
- შემდეგ წლები ისე გავიდა, არაფერი დაგიწერიათ?
- დიახ. სწავლა, მუშაობა... მე და ჩემს მეუღლეს მიყოლებით გაგვიჩნდა შვილები და მოგეხსენებათ, ოჯახი თავისას ითხოვს. თეატრში სპექტაკლებზე სიარულსაც ვეღარ ვახერხებდი. ჩემთვის ხელოვნებასთან დისტანცირებული ცხოვრება დაიწყო, ერთი პერიოდი ამას განვიცდიდი, მაგრამ შემდეგ უკვე არა. ვერ გეტყვით, რომ ცხოვრება უინტერესო იყო, პირიქით, უბრალოდ, შორს ვიყავი ხელოვნებისგან და ამას შევეგუე კიდეც. 180 გრადუსით შეიცვალა ყველაფერი, როცა ციხეში აღმოვჩნდი. 2007 წლის 26 ოქტომბერს დამაკავეს. გამოვიარე რამდენიმე ციხე. ორთაჭალის, გლდანის და 2008 წლის 29 თებერვალს რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადამიყვანეს. მერე ჩატარდა სასამართლო, თუ ამას სასამართლო ჰქვია და სულ სიცილ-ღიმილით მომისაჯეს ცხრა წელი.
- მახსოვს, მანამდე გოლფის კლუბის დაარსებას გეგმავდით...
- დიახ, 2004 წელს საქართველოში ჩამოვედი, გოლფის ეროვნული ასოციაცია შევქმენი და დავიწყე გოლფის მოედნის მშენებლობის დაპროექტება. პრეზენტაციაც მქონდა, მაგრამ მცხეთაში ის ტერიტორია ჩამომართვეს, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი. ახლა ამ საკითხს ღიმილით ვუყურებ, რადგან ვიცი, რომ დღეს არა, მაგრამ ხვალ მაინც დავიბრუნებ ყველაფერს. ქართლელი კაცი ვარ, სიჯიუტე მახასიათებს. სიჯიუტე და პრინციპულობა და-ძმანი არიან. თუ პრინციპული ხარ და არ გაქვს სიჯიუტე, პრინციპულობას მალე დაგაკარგვინებენ. თუ მხოლოდ ჯიუტი ხარ, მაშინ ტეტია გამოდიხარ (იღიმის).
- ალბათ თავად გიყვართ გოლფი...
- 40 წლისამ დავიწყე გოლფის თამაში. მოყვარულის დონეზე კარგი შედეგები მქონდა. ქართველებს ბურთთან ურთერთობა გენში გვაქვს და ვიცი, კარგად აიტაცებენ ამ სპორტს. თან, ძალიან ინტელექტუალური თამაშია, ეს არის „მოსიარულე ჭადრაკი“. წარმოუდგენელია ქვეყანა თანამედროვე მსოფლიოში, გოლფის მოედანი რომ არ არსებობდეს. თუ ტურიზმის ქვეყანაზე გვაქვს პრეტენზია, გოლფის მოედანი ჩვენც აუცილებლად უნდა გვქონდეს.
- დაკავების შემდეგ დაიწყეთ წერა...
- დიახ, ჩემს სტატიებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირდაპირი ზეწოლა არ ყოფილა ხელისუფლებისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ მინიშნებები ყოველთვის იყო, რომ ეს საქმე შემეწყვიტა. ვუშვებდით გაზეთს, არა მხოლოდ ელექტრონულს, არამედ გამოდიოდა გაზეთი „ტრიბუნაც“, მაგრამ მივხვდი, სტატიების წერას აზრი არ ჰქონდა. იმავდროულად, ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოვამზადე სარჩელი სააკაშვილისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ. ხოლო პირადად ჩემი არასწორად გასამართლებისთვის სარჩელი მაქვს შეტანილი სტრასბურგში. ჰააგაში კონკრეტული პიროვნებების მიმართ მაქვს სარჩელი შეტანილი, მათ ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ორი სიტყვით გეტყვით, რომ ახლახან ვიყავი ჰააგაში ჩასული, შევხვდი პროკურორებს და ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.
- კი, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაგეკითხოთ დეტალების გასაგებად...
- არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. მოკლედ ვიტყვი, რომ პროცესი წინ არის წაწეული. 2008 წლის ცხინვალის მოვლენების შემდეგ დიდი დრო გავიდა, რომ რეალური ნაბიჯები გადადგმულიყო მათი მხრიდან და როცა ეს შევახსენე, მითხრეს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს. უახლოეს ხანში პროკურორი მოითხოვს სასამართლოზე პირველად მოსმენას და სათანადოდ სანქციების გაცემას. მომხრე ვარ, რომ ჩვენი პროკურატურა იძიებდეს იმას, რაც მოხდა. ყველას მიუძღვის წვლილი უამრავი ადამიანის დაღუპვაში ერთის ფანტაზიებისა და ხუშტურების ასასრულებლად. მათ გა-ნაჩენი ჩვენმა სასამართლომ უნდა გამოუტანოს ქართველი ხალხის სახელით. მაშინ არ არსებობდა ობიექტური სასამართლო და ამის პერსპექტივა, ამიტომ გავგზავნე სარჩელი ჰააგაში. თუ მალე ისეთი სასამართლო გვექნება, რომელიც მართლა დაადგება სამართლიანობის გზას, მე მომხრე ვიქნები, სარჩელი საქართველოში გავიმეორო და აქვე განიხილონ. პროცესი მიდის, ველოდები და მგონი, არა მხოლოდ მე, არამედ უამრავი ადამიანი. სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების მიხედვით, ყოველ მათგანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
- ისევ ჩვენს თემას მივუბრუნდეთ...
- 2010 წლის 5 სექტემბერს მეორე შვილიშვილი შემეძინა - ალექსანდრე. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ჩემი შვილიშვილებისთვის და მომავალი თაობისთვის მიმეძღვნა წიგნი. რუსთავის #13 საკანში, დილით, სანამ ჩემს თანასაკნელს ეძინა, დავიწყეწერა. მაშინ 10 ოქტომბერი იყო, ანუ 10.10.2010. პირველი წიგნი „ჯუღა“ იყო, მისი პირველი ტომის წერა 11.11.2011-ში დავასრულე. შემდეგ მეორე ტომი დავწერე და ამას მოჰყვა „თეთრი ლამის“ პირველი და მეორე ტომები. მთლიანობაში არასრული ორი წლის განმავლობაში დავწერე სამი რომანი, ხუთ წიგნად და ერთი ლექსებისა და მოთხრობების კრებული. პოეტი არ ვარ, მაგრამ ლექსებს ძირითადად შუალედებში, ღამით ვწერდი. ეს წიგნები რამდენიმე ენაზე ითარგმნა: რუსულად, ჩინურად, ინგლისურად, სერბულად. ახლა ფრანგულად ითარგმნება „დაკარგული ფურცლები“. ციხე არ არის კურორტი, მაგრამ უნდა შეძლო და განწყობა შეიქმნა. მე ვისწავლე საკუთარი თავისთვის განწყობის შექმნა, რაც ყველაზე რთული აღმოჩნდა.
- ბოლოს თქვენი რომელი წიგნი გამოიცა?
- „დაკარგული ფურცლები“, რომლის პრეზენტაცია 18 ნოემბერს გაიმართა. იმ დღეს ჭაბუა ამირეჯიბს 91 წელი შეუსრულდა. ცალკე ეგზემპლარი გავაკეთეთ მსხვილ ფორმატში, პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ მოაწერა ხელი წიგნს და ის ჩემმა მეუღლემ, ეკამ, ბატონ ჭაბუას მიუტანა. ეს წიგნი „დათა თუთაშხიას“ გაგრძელებაა. მანამდე ეკას ბატონ ჭაბუასთან მიტანილი ჰქონდა ჩემი „ჯუღა“ და „თეთრი ლამა“ და რამდენიმე თვის შემდეგ ბატონმა ჭაბუამ წერილი მომწერა, რომლის სიტყვები ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მეგობრებმა, რომლებმაც ეს წერილი ნახეს, მითხრეს, რომ ბატონი ჭაბუას შეფასება ნობელის პრემიის ტოლფასია. ბატონი ჭაბუა არასოდეს მყავდა ნანახი, „დათა თუთაშხიაც“ ახალგაზრდობაში მქონდა წაკითხული და 2012 წლის გაზაფხულზე ის სიზმარში ვნახე. ამ წიგნის შემოგზავნა ციხეში მეუღლეს ვთხოვე და მეორედ დავიწყე კითხვა. მაშინ მივხვდი, რატომ ვნახე ეს სიზმარი. მე „დათა თუთაშხიას“ გაგრძელება უნდა დამეწერა, ვერ ავიტანე, რომ ბოროტებამ შვილის ხელით გაიმარჯვა სიკეთეზე. რამდენიმე დღეში „დაკარგული ფურცლების“ წერა დავიწყე და 2 თვესა და 16 დღეში მზად მქონდა. დაბეჭდვამდე ის ბატონ ჭაბუას გავუგზავნე. მისი აზრი მაინტერესებდა და წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, ეს წიგნი არასოდეს გამოიცემოდა. მოგვიანებით მისმა ოჯახმა შემომითვალა, რომ წიგნი აუცილებლად უნდა დაბეჭდილიყო. ახლა გამოვიდა „დათა თუთაშხია“ ფრანგულ ენაზე და უნდა ითარგმნოს ჩემი „დაკარგული ფურცლებიც“, რომ ორივე ერთად გაიყიდოს. ეს წიგნი „დათა თუთაშხიას“ გაგრძელება კია, მაგრამ ჭაბუა ამირეჯიბს მიეძღვნა. მინდა ევროპელმა მკითხველმა დაინახოს ჩემი და ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ უდიდესი მწერლის მიმართ. მიმაჩნია, რომ „დათა თუთაშხია“ XX საუკუნის საუკეთესო რომანია.
- ბევრი ამ წიგნის დაწერას გადამეტებულ ამბიციად ჩაგითვლით, ამაზე არ გიფიქრიათ?
- არა უშავს, თუ ამბიცია არ გაქვს, ორ მეტრზე გადახტე, ვერც ვერასოდეს გადახტები. ამბიცია ცუდი არ არის. ეს თავისთავად მოხდა, სიზმარმა და „დათა თუთაშხიას“ წაკითხვამ დააკავშირა ერთმანეთთან, თუ რატომ უნდა დამეწერა ამ რომანის გაგრძელება. მე კიდევ მაქვს ამბიცია, რომ ვწერო (იღიმის).
- სხვა რომელიმე ცნობილი ნაწარმოების გაგრძელება?
- გაგრძელებების არა, სხვა წიგნების და იქ ისეთ თემებს შევეხები, რომელთაც ლიტერატურაში შეიძლება ჯერ არც იცნობენ. ეს „სხივი“ კოსმოსიდან მოდის და შეჩერებას არ ვაპირებ.

ანა კალანდაძე
ჟურნალი რეიტინგი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თეთრა
მეც წავიკითხე "თეთრი ლამა" ძალიან მომეწონა,,,ეს ის სფეროა რომელიც ჩემს სულსა და Gულს ყოველთვის აღელვებდა,,,Mადლობა თქვენ. კარგად წერთ.
21:48 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი ოქროპირიძე
წავიკითხე "თეთრი ლამა". კაი ხანია წიგნს ეგრე არ გაუტაცივარ.. ძალიან მომეწონა. იმედია ახალი ნაწარმოებიც ასეთივე საინტერესო იქნება. გწყალობდეთ უფალი ბატონო მერაბ.
02:41 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS