09 ივნისი, 2013
კოტე თოლორდავას წონა წითელამ დააკლებინა
ჩემოდნებზე ვზივართ, ხან სად ვქირაობთ ბინას და ხან - სად. რთულია, მაგრამ არა უშავს, დარწმუნებული ვარ, ღმერთი არ გაგვწირავს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც კი ფეხი დამცდენია, ყველგან სწორი მინიშნება მოუცია. ღმერთს ვუყვარვარ და არ მწირავს. დღეს თუ რამ გამაჩნია - მისი სიყვარულით. 
მსახიობ კოტე თოლორდავას ავადმყოფობის ამბავი მთელმა თბილისმა გაიგო. „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის, დიტოს როლის შემსრულებელს წითელა შეეყარა და ბატონები ისე გაურთულდა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ამის გამო სერიალის
რეჟისორ გიორგი ლიფონავას სცენარის შეცვლამ მოუწია. დიტო ბათუმში გაუშვეს და მისი მონაწილეობა ბოლო სერიებში რამდენიმე სატელეფონო ზარით შემოიფარგლა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და კოტე სახლში განაგრძობს მკურნალობას. რამდენიმე დღეში პრემიერა აქვს რუსთაველის თეატრში და უკვე რეპეტიციებზეც დადის. მორიგი ასეთი რეპეტიციის შემდეგ კოტეს და მის მეუღლეს, განო მელითაურს რუსთაველის თეატრთან შევხვდით, მათთან ინტერვიუ კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკითხვით დავიწყეთ.
კოტე:
- ფოტოებიდანაც ჩანს, რაც გადავიტანე. ფაქტობრივად, აღარ დავრჩი. რაღა დაგიმალოთ და მივისწრაფოდი კიდეც გახდომისკენ. „ზოგი ჭირი მარგებელია“ დამემართა, მაგრამ ეს მეტისმეტი ჭირი იყო. არ ვიცი, რამდენი კილო დავიკელი, მაგრამ ძალიან მსუბუქად ვგრძნობ თავს. ჯერ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელებულვარ, მაგრამ „გადამდები“ აღარ ვარ. დავიწყე რეპეტიციებზე სიარული, სერიალის გადაღებებზეც დამიძახებენ ალბათ, ჩამოვალ ბათუმიდან. „მიდი, გაერთე, ბაბუ“ , საწოლიდან ჩავწერეთ (იცინის). ძალიან მომენატრა ჩემი საქმე, გადაღებები.
- განო, როგორი ასატანია ავადმყოფი კოტე სახლში?
- ზოგადად კოტეს ფიზიკური ტკივილი ვაჟკაცურად გადააქვს, თუმცა წითელა ამ ასაკში ნერვებზეც ძალიან მოქმედებს. ზოგადად კაცები ავადმყოფობისას რომ უფრო სუსტები არიან, ვიდრე ქალები, ჩემი მოგონილი არ არის. თან კოტეს ძგიდის გამრუდება აქვს და სურდოზეც საშინელი დისკომფორტი ექმნება. იწყებს წუწუნს, 37 გრადუსი სიცხე სამყაროს დასასრული ჰგონია. ამ შემთხვევაშიც იყო ექსცესები, ძალიან განიცადა ისიც, რომ ბავშვებიც ავად იყვნენ. მოკლედ, არც ისე იოლი პაციენტია.
კოტე:
- არაპროდუქტიული ტიპი გავიჩითე, არაფრისთვის გამოსადეგი, ვიწექი და ჭერს მივშტერებოდი. ჩემით ჭამაც კი არ შემეძლო. გავგიჟდი, აბა, რა მომივიდოდა.
Rating
განო:

- რთულად მოსავლელია, თან ურწმუნო თომაა, უნდა უთხრა ყოველდღე - აი, დღეს უკეთ ხარ, ხვალ უფრო უკეთ იქნები და არც სჯერა. ჭამაზეც კი მაწვალებდა, ახლა ვერ ვყლაპავ, არ შემიძლიაო, მეუბნებოდა. ოღონდ, მართლა ცუდად იყო, არ ამეტებდა. მაღალი სიცხეები ჰქონდა, სუნთქვის უკმარისობა, სპაზმი. რაც უფრო ნერვიულობდა, უფრო ცუდად ხდებოდა. ბატონებს სიმშვიდე სჭირდება.
კოტე:
- ერთი-ორჯერ გამაგიჟეს საავადმყოფოში. ექიმი რომ გეტყვის, მე აქ შენთვის კი არ ვარო, როცა ყურადღებას ითხოვ, როგორ გინდა, სიმშვიდე შეინარჩუნო?! თუ პაციენტისთვის არაა, აბა, ვისთვის არის ექიმი. ისე ვიღრიალე, სუნთქვა შემეკრა, პანიკაში ჩავვარდი, მეგონა ვიხრჩობოდი. შეურაცხყოფაზე რომ არ გადავსულიყავი, წამოსვლა დავაპირე, განომ მომაბრუნა. მერე მიხვდნენ, რომ კარგად არ მოიქცნენ და ყველანაირად ცდილობდნენ სიტუაციის გამოსწორებას. სამწუხაროდ, მარტო ექიმებზე არ არის დამოკიდებული იქაური სიტუაცია. როცა ექიმს მედიკამენტი არ აქვს, რომ გიმკურნალოს, რა უნდა ქნას. სადაზღვევო კომპანიამ საერთოდ გადამრია, ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას ვუხდი, ოჯახური პაკეტი მაქვს. როცა ავად ხარ, შენ აღარ უნდა გჭირდებოდეს სირბილი და იმის გარკვევა, ვინ რას იხდის და ვინ ვის უნაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს. სადაზღვევო კი არა, „ხიშნიკები“ არიან ეგენი. სულ არ ვარ სკანდალისტი ტიპი, მაგრამ ჭკუიდან გადამიყვანეს, საბედნიეროდ, ბავშვებმა იოლ ფორმებში გადაიტანეს ბატონები.
- განო, ზეპოპულარულია დღეს კოტე, ვხედავდი, როგორ გაჩერებდნენ ქუჩაში და როგორ იღებდნენ მასთან ფოტოებს. ეს ხომ არ გაღიზიანებს?
- ეს იმის დასტურია, რომ მან რაღაც, თუნდაც მიზერული გააკეთა. მსახიობისთვის ასეთი სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. მე მახარებს, რომ ასე უყვართ კოტე. ავადმყოფობის შემდეგ პირველ დღეს კოტესთან ერთად სახლიდან რომ გამოვედი, სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, გადაურჩით ინფექციურს, გამოძვერით? გვილოცავდნენ.
კოტე:
- თუმცა იყო პერიოდი, როცა მე ვიყავი განოს ქმარი, ანუ მისით მცნობდნენ. ეს თან მიხაროდა და თან მეცინებოდა. ამდენი წლის მსახიობს ვერავინ მცნობდა და განო ტელეშოუ „შეგირდიდან“ გახდა უცბად პოპულარული. მიყვარს ჩემი მაყურებელი, ვგრძნობ მათ გულშემატკივრობას. ჯიგრები არიან.
- განო, საკმაოდ მომხიბვლელი პარტნიორები ჰყავს კოტეს სერიალში, კატოს როლის შემსრულებლებს ვგულისხმობ, არ ეჭვიანობ?
- არა, მე და კოტეს ისეთი ურთიერთობა გვაქვს, ავად არის თუ კარგად, ნაჩხუბრები ვართ თუ შერიგებულები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, რომ განსაკუთრებული და ერთადერთი ქალი ვარ მისთვის. ჩვენი ჩხუბის მიზეზი ეჭვიანობა არასდროს ყოფილა.
- კოტე, არც შენ ხარ ეჭვიანი?
- ეჭვიანი ვარ, მაგრამ ამის აფიშირება არ მიწევს და იმედია, არც მომიწევს. საკუთარი თავის მჯერა და ბოლომდე ვენდობი განოს. როცა ლამაზი მეუღლე გყავს, ფორმაშიც უნდა იყო და სიფრთხილეც უნდა გამოიჩინო.
- რა თემებზე კამათობთ?
განო:
- ბევრ სულელურ თემაზე, იყო პერიოდი, როცა საერთო სარეკლამო კომპანია გვქონდა მე და კოტეს და კრეატიულ შეხვედრებზე ვჩხუბობდით, მაგალითად იმაზე, როგორ აგვეწყო კადრი. ემოციურები ვართ ორივე.
- ოჯახურ ყოფით ცხოვრებაში რაზე კამათობთ, მაგალითად, კერძი თუ არ დახვდა მომზადებული, ბრაზდება?
კოტე:
- სულ მხვდება და როგორ გავბრაზდები (იცინიან).
Rating
განო:

- ჩვენი მეგობარი წყვილები რა თემებზეც კამათობენ, ჩვენთვის ცოტა სასაცილოა. კოტეს არ აქვს ჩაცმის კომპლექსი. პირიქით, მოსწონს, როცა მოკლე კაბა მაცვია მასთან ერთად. არ მაქვს პრობლემა, სადმე წავიდე და გვიან მოვიდე, თუმცა კლუბში და გართობის სხვა ადგილებში ერთად უფრო გვიყვარს წასვლა, ერთნაირი ინტერესები გვაქვს.
- კოტე, როგორი კულინარია განო?
- კარგი.
- ცომის მოზელა იცის?
- იცი ცომის მოზელა (იცინიან)?
განო:
- სანამ კოტეს გავყვებოდი ცოლად, სახლში მზარეული გვყავდა, რომელიც მე მიმზადებდა კერძებს. ცუდი მჭამელი ვიყავი და კვერცხის შეწვაც არ ვიცოდი. ეს არ მეამაყება, სწორად გამიგეთ, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ არაფრის კეთება არ ვიცოდი, კოტე გურმანია, უყვარს პიკანტური კერძების მოფიქრება. რომ ვუყურე, სტიმული მომეცა, მეც მომემზადებინა რამე. კულინარიის წიგნი შეიძინა. ერთხელ ჩავიხედე, მეორედ, ახლა უკვე მეც მსიამოვნებს, როცა რაიმე გემრიელს ვაკეთებ. კოტე:
- იცი, რატომ ჩაიხედა? შერცხვა, მე რომ ვტრიალებდი სამზარეულოში და მთელ ამის „საპადრუგოს“ ვაჭმევდი.
განო:
- კვება არ არის ჩვენი კამათის მიზეზი. კოტეს პერანგების და ზოგადად კოსტიუმების ცვლა დღის განმავლობაში ხშირად უწევს. ცოტა რთულია ორი ბავშვის პირობებში ამ ყველაფრისთვის თავის გართმევა. არც ის უყვარს, მის ნივთებს თუ ადგილს ვუცვლი. დღეს, მაგალითად, შეხვედრაზე დამირეკა, ჩემი სიგარეტის კოლოფი სად არისო. წინ ათი კაცი მეჯდა.
კოტე:
- ექიმებმა მითხრეს, რომ სიგარეტს თავი უნდა დავანებო. ვცდილობ და დღეში ერთ ღერზე მეტს არ ვეწევი. საერთოდაც მინდა დავანებო თავი. აქამდე წონაში მომატების მეშინოდა. ახლა ამის შიში აღარ მაქვს, იმდენი დავიკელი. ბოლომდე რომ გამოვჯანმრთელდები ვარჯიშსაც დავიწყებ. „კუბიკები“ უნდა დავიყენო (იცინის). განო ჩემზე რვა წლით პატარაა, როცა ცოლად მომყავდა, იმაზეც ვიფიქრე, როცა სიბერეში დავიწყებ შესვლას, განო კვლავ ახალგაზრდა და ლამაზი იქნება. ახლა უკვე იმ ასაკში შევდივარ, გარეგნობაზეც რომ უნდა ვიზრუნო მაქსიმალურად.
განო:
- მე ამ ასაკში განსაკუთრებით მომწონხარ.
- განო, კოტე ინტერვიუებში ყოველთვის თბილად ლაპარაკობს შენზე. ჩვენთან ინტერვიუში ისიც თქვა, რომ შენ გადაარჩინე ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან. მართლა ასე იყო, თუ გადამეტებულია მისი მადლიერება?
- ყოველთვის ყველაზე მეტად სიყვარულის მჯეროდა. კოტე რომ გავიცანი, პრობლემები მართლაც ჰქონდა, მაგრამ მომცა სტიმული, მერწმუნა მისი და სწორ გზაზე დამეყენებინა. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ვერანაირი წამალი, ვერანაირი მკურნალობის კურსი ვერ გამოასწორებდა, თავად უნდა შეეცვალა ცხოვრება. მისი სწორ გზაზე დაყენების მოტივი აღმოვჩნდი მე, რაც ძალიან მახარებს. ექვსი წელია ერთად ვართ და ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ არის ხუთდღიანი ფიზიკური „ლომკა“ , ეს უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა კოტესნაირი ადამიანისთვის.
- გიფიქრია, რომ ვერ შეძლოს, რა იქნება მერე?
- შეძლებდა, თუ რამე პრობლემა ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში, კოტე ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდა.
- იყო ულტიმატუმიც?
- იყო, მაგრამ მე მჯერა ჩვენი სიყვარულის და მჯერა, რომ ყველანაირი პრობლემის დამარცხება შეუძლია დიდ სიყვარულს. გადაულახავი პრობლემა არ არსებობს, როცა ორი ადამიანი ერთმანეთისთვის სუნთქავს.
- განო, რით ჰგავს კოტე თავის გმირს, დიტოს?
- ბევრი მიფიქრია ამაზე. შეიძლება, გარკვეული თვისებები, ჩვევები თავის გამოცდილებიდან აქვს აღებული, მაგრამ მთლიანობაში არ ჰგავს. არ ჰგავს სიყვარულის ფორმით საყვარელ ქალთან. „გოგოს“ ან „შე ჩემას“ არასდროს მეტყვის. უყურადღებობითაც არ ჰგავს. ჩემთვის დიტო უყურადღებო ქმარია, თავისი ცხოვრება და სამყარო აქვს. არ ჰგავს სიმთვრალეში ნაშებში გასეირნების მოთხოვნით. ყველაფერი ხდება და შეიძლება ან მე ან კოტეს... მე არ ვუშვებ ამას, მაგრამ...
კოტე:
- (აწყვეტინებს) რა ან მე ან კოტეს?!
განო:
- სხვა რამეს ვამბობ (იცინიან). იმას უფრო დავიჯერებ, რომ კოტეს ცხოვრებაში გაჩნდეს საყვარელი, ვიდრე ერთი ღამის „ნაშა“ .
კოტე:
- ბოდავს ახლა ეს. გამორიცხულია პირველი ვარიანტიც და მეორეც.
განო:
- არ ჰგავს დიტოს იმითაც, რომ გამორიცხულია, ჩვენი ჩხუბის შესახებ რომელიმე მეგობარს მოუყვეს. არასდროს ჩარეულან ჩვენს ურთიერთობაში კოტეს მეგობრები. წინა სეზონში უფრო ჰგავდა დიტო კოტეს. მაგალითად, ყვავილებით სახლის მორთვა, სიურპრიზები, ეს მისი სტილია... ჯვარი შეუღლებიდან ცოტა ხანში დავიწერეთ, მაშინ ნაჩხუბრები ვიყავით. მოტყუებით მიმიყვანეს პირველ სკოლასთან. მაშინ საერთო სარეკლამო კომპანია გვქონდა. ჩვენი მეწილეც მოვიდა. ამას აქ რა უნდა-მეთქი, რომ ვიკითხე, შეხვედრა გვაქვსო, მითხრეს. იებით იყო მოფენილი მთელი გადმოსასვლელი ქაშუეთთან. ეკლესიაში რა გვინდა, ჩვენ ხომ შეხვედრა გვაქვს-მეთქი, რომ ვკითხე, მამაოც საქმეშიაო, მიპასუხა. ასე დავიწერეთ ჯვარი და შესაბამისად, შევრიგდით.
- დაბადების დღეებზეც გიკეთებს სიურპრიზებს?
- ბოლო დაბადების დღეზე მითხრა, წამოდი გავისეირნოთო. სუსხიანი დღე იყო და ძალიან გამიკვირდა, თან ფეხით სიარული მაინცდამაინც არ უყვარს. „რადისონის“ ვერანდა ჰქონდა დაჯავშნილი, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. ტანგო დამიკრეს ვიოლინოზე, ეს ჩვენი მუსიკაა, საოცნებო საჩუქარიც მივიღე, ერთი სიტყვით, კოტე სიურპრიზების მამაა. შეუძლია, თავის დაბადების დღეზე წამიყვანოს შოპინგზე და შემმოსოს.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
კოტე:
- 7 ივნისს პრემიერისთვის ვემზადები რუსთაველის თეატრში. ტენესი უილიამსის „მინის სამხეცეს“ ვდგამთ არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად. რეჟისორი სტუდენტი თათული გომართელია, მისთვის ეს სადიპლომო სპექტაკლი იქნება. 30-იანი წლების ამერიკელ წარმატებულ ტიპს ვთამაშობ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში მმართველი შეიცვალა, რეორგანიზაცია მოხდება და სავარაუდოდ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. გულანთებულები ველოდებით სეზონის გახსნას.
განო:
- მე სულ ორი თვეა, მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრში. მარკეტინგის მენეჯერი ვარ და თავიდან ფეხებამდე გადავეშვი საქმეში. რაც ყველაზე მეტად მახარებს, თანამშრომლებისგან სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ, დილით ადგომა და სამსახურში წასვლა მიხარია, პროფესიით რეჟისორი გახლავარ და დიდი იმედი მაქვს, რომ შემოდგომიდან ჩემს საყვარელ საქმეს, კინოს დავუბრუნდები.
კოტე:
- დიდი სურვილი მაქვს, ამ ზაფხულს მე და განომ სადმე „მოვხიოთ“ ორი კვირით მაინც დასასვენებლად. ამაზე უკვე ვოცნებობთ, დიდი ხანია არსად დაგვისვენია.
- მესამე შვილზე არ ოცნებობთ?
- (იცინიან) მაგ მიმართულებით მეოცნებე ტიპები არ ვართ, პირდაპირ ვასრულებთ, ვმუშაობთ, ხოშიანად მიგვდის ყველაფერი. უბრალოდ, ჯერ პაუზა გვაქვს. გვინდა, ბავშვები ცოტა წამოიზარდონ და ჩვენც დავდგეთ ფეხზე. ჩვენი ბინაც კი არ გვაქვს. არ გვეტყობა, არ ვიმჩნევთ, თორემ ჩემოდნებზე ვზივართ, ხან სად ვქირაობთ ბინას და ხან - სად. რთულია, მაგრამ არა უშავს, დარწმუნებული ვარ, ღმერთი არ გაგვწირავს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც კი ფეხი დამცდენია, ყველგან სწორი მინიშნება მოუცია. ღმერთს ვუყვარვარ და არ მწირავს. დღეს თუ რამ გამაჩნია - მისი სიყვარულით.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი რეიტინგი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ერიკა
ეგ წითური ცოლი რამ მოაყვანინა
09:33 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯეჯი
ცოლი მართლა ნეპრიატნი ტიპია.არა არის ლამაზი ქალი
11:22 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კაი ბიჭი
შესანიშნავი წყვილი ხართ! ცხოვრებაში ბევრს მიაღწევთ!
15:47 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კახია
მარტლა რასა გავს ეგ გოგო.რამ მოაწონა???????
09:08 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დოჩანა
აუ ეს რიჟიკა ცოლი რასა გავს........
12:30 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS