08 ივნისი, 2013
ცხოვრების მნიშვნელოვანი დღის „ჟამთააღმწერელნი“
მაყარს უნდოდა ფოტოების გადაღება და სიძე-პატარძალმა, თავი დაგვანებეთო. გავბრაზდი, აბა, რისთვის დაგვიქირავეთ-მეთქი... სიძე ძმაკაცებში ერთობოდა, პატარძალი სადაქალოს ეჭორავებოდა. ანუ ფულს გიხდიან და მუშაობ თუ არა, აღარ აინტერესებთ. ქართული ტრადიციული ქორწილი რომ ხშირ შემთხვევაში ზღვარგადასული ღრეობაა, ამაზე არავინ დავობს, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც ამ ხორაგით დატვირთული შოუდან ლამაზი, დასამახსოვრებელი და გამორჩეული ფოტო და ვიდეოკოლაჟი უნდა შექმნან. მათი შრომა ზოგჯერ ფასდება, ზოგჯერ - არა. ავთო ჭიპაშვილი და თენგო მამულაშვილი უკვე წლებია, როგორც ქართველი, ისე უცხოური წყვილების ყველაზე მნიშვნელოვან
დღეს კადრებზე აფიქსირებენ... შრომატევად, დამღლელ, მაგრამ იმავდროულად სახალისო საქმეზე ისინი თავად გვიყვებიან...
ავთო:
- რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ჩვენს მეგობართან, რომელიც ფოტოსა და ვიდეოს პროფესიონალურ დონეზე იღებდა, პრაქტიკაზე დავიწყეთ სიარული. მასთან სხვა მოყვარულებიც დადიოდნენ, ოღონდ თავიანთი აპარატურით, ჩვენც ასე ვიქცეოდით. ქორწილებს, ბანკეტებსა და სხვა მნიშვნელოვან დღეებს ვიღებდით და ვამუშავებდით. ყველამ იცოდა, რომ ამას ჩვენთვის ვაკეთებდით და კვალიფიკაციას ვიმაღლებდით, ანუ ფირზე აღბეჭდილი კადრები სხვაგან არსად გამოჩნდებოდა. შემდეგ, როდესაც გამოცდილება მივიღეთ, შეკვეთებს ჩვენი მასწავლებელი იღებდა და ჩვენ გადა-საღებად გვიშვებდა. ეს უკვე ნიშნავდა, რომ დამოუკიდებლადაც შეგვეძლო მუშაობა და ასეც მოვიქეცით.
- პირველი ნაბიჯები ალბათ ძნელი იყო...
- ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. პირველი გადაღების დროს არ ვიცოდით, სად როგორ უნდა მოვქცეულიყავით. არც ის გვინდოდა, კლიენტისთვის გვეგრძნობინებინა, რომ ახალბედები ვიყავით, რათა არ ეფიქრათ, ჩემს ქორწილში სწავლობსო. გამოცდილება თანდათან შევიძინეთ. ახლა როგორც კი წყვილს შევხედავთ, ვიცით, როგორი კადრები უნდა გადავუღოთ. თავად წყვილზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ ისინი ამყოლები არიან და აპარატურის წინ მუშაობა არ ეზარებათ, შედეგიც ბევრად უკეთესია. ისინი არც ფოტოსესიაზე ამბობენ უარს და არც საკლიპე მასალაზე. თუმცა არიან ზარმაცებიც, რომელთაც ვეუბნებით, რომ ეს დღე ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას ყველა ვერ აცნობიერებს.
თენგო:
- პატარძლები უფრო დამჯერები არიან, რადგან ქალბატონებს სილამაზის აღქმის უნარი და მოთხოვნილება უფრო მეტად აქვთ. თუმცა ზოგი ქალიც ისე გაჯიქდება, პოზირება კი არა, პირდაპირ მოგახლის, თავი დამანებე, რას მიღებო... ასეთ კატეგორიასთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ძნელია. ამას წინათ ავთომ ქორწილში წყვილს სთხოვა, როგორც მე გეტყვით, ისე დადექით, უფრო ლამაზი გამოვაო, მაგრამ მათ უპასუხეს, არ გვინდა ეს „ისეთი კადრები“ და ტვინი ნუ შეგვიჭამეო. ზოგჯერ იმის ახსნაც გვიწევს, რომ ის ფოტო და ვიდეომასალა სახლში კი არ მიგვაქვს, მათ უნდა დარჩეთ სამახსოვროდ. ასეთ შემთხვევაში ჩვენც გვეკარგება ინტერესი და თავს არ ვიწვალებთ, ისეთს ვიღებთ, როგორიც გამოვა.
Rating
- მერე როგორი გამოდის?

- მოძრავი კადრები, არაფერი განსაკუთრებული. ამ დროს მხოლოდ ჩვენს ფანტაზიაზე ვართ დამოკიდებული... არადა, ქორწილის ფოტოსესიის მთავარი აზრი ის არის, რომ სლაიდშოუ ლამაზი და ეფექტური გამოვიდეს. ეს კლიპი ცოტა სახალისო უნდა იყოს და რომანტიკულიც. წლების შემდეგ, როდესაც ცხოვრების სირთულეები წყვილს მიწაზე, ანუ რეალობაში დააბრუნებს, მისი ცქერით უნდა ისიამოვნონ. როდესაც მასალად მხოლოდ სტანდარტული ფოტოები გვაქვს, ტყავში ვძვრებით, რომ რაღაც სანახაობრივი გამოვიდეს, რადგან შემკვეთს რომ არ მოეწონოს, შემდეგ ჩვენ სახელი „გვიტყდება“ . ამიტომ ათასობით ფოტოს ვიღებ, შემდეგ კი მათ გულდასმით „ვწურავთ“ , რათა საბოლოოდ ისეთები შევარჩიოთ, რომელთა დათვალიერება ახლაც სიამოვნებას მიანიჭებთ და წლების შემდეგაც ასე იქნება. ერთხელ შემკვეთმა მთელი ქორწილის ვიდეო თავიდან აგვაწყობინა, იქ ერთი კაცი ჩანს, რომელიც დაუპატიჟებლად მოვიდა და არ მინდა, ჩანდესო. არადა, ის ჩვენი ცოდვით სავსე, თითქმის ყველა კადრში ჩანდა...
- სიძე-პატარძლის კამერასთან მუშაობაზე უარის მიზეზი ქართული კომპლექსია?
ავთო:
- დიახ, ასეა. ზოგი კაიბიჭობს კიდეც და კამერის დანახვაზე აგრესიულად უთქვამს, ნუ მიღებ, რაო!.. ზოგჯერ სიძე-პატარძლის მშობლები ბრაზობენ, ჩვენი ფოტოები რატომ არ არისო, ან ერთად რატომ არ გადაგვიღეთო. ყველას ვერ ავუხსნი, რომ გადაკოცნისა და მილოცვის მომენტში გადაღებული შეიძლება, ისეთი არ იყოს, როგორიც საჭიროა, ერთად კი დადგომა ან არ უნდათ, ან ეუხერხულებათ, ან უბრალოდ, არ სცალიათ...
ეს ადრე იყო, ახლა გამოცდილება გვაქვს და არ ვეხვეწებით, კატეგორიულად ვეუბნებით, ერთობლივი სამახსოვრო ფოტო თუ გინდათ, გადაგიღებთ, თუ არა, მერე პრეტენზიებს აღარ მივიღებთო. მძახლების ერთობლივი ფოტო კი არა, ზოგჯერ სიძე-პატარძალიც არ იღებს ერთად და დავდევთ, როგორმე კადრში ჩავსვათ. ბოლოს რომ ვიყავი ქორწილში, გავწამდი, სიძე-პატარძლის ფოტო, რომელშიც ერთად იდგნენ და კამერისკენ იყურებოდნენ, 5 ცალიც არ მქონდა. ჩვენ კი თავი უნდა ვიმტვრიოთ, რათა საინტერესო და მრავალფეროვანი ფოტოკოლაჟი გავაკეთოთ. ძალიან პატარა ასაკის წყვილი იყო და გართობის მეტი არაფერი აინტერესებდათ, მაგრამ ეს ჩვენი საქმეა, ფული გვაქვს აღებული და ჩვენს ინტერესებში შედის, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, ვიღაცამ არ თქვას, რა სისულელე გაუკეთებიათო. სანამ რესტორანში წავიდოდით, ძლივს მოვახერხეთ და წყვილი სასეირნოდ ცალკე გავიყვანეთ, მაგრამ მაყარში 50-ზე მეტი ადამიანი იყო და ყველამ ერთად იხუვლა ჩვენკენ. ალბათ, გინახავთ კადრები, როგორ აპობენ ტელეოპერატორები ხალხის ტალღას, ისე ვაკეთებდით ჩვენც... მაყარს უნდოდა ფოტოების გადაღება და სიძე-პატარძალმა, თავი დაგვანებეთო. გავბრაზდი, აბა, რისთვის დაგვიქირავეთ-მეთქი... სიძე ძმაკაცებში ერთობოდა, პატარძალი სადაქალოს ეჭორავებოდა. ანუ ფულს გიხდიან და მუშაობ თუ არა, აღარ აინტერესებთ.
თენგო:
- ახლა უკვე ტექსტიც გვაქვს შემუშავებული, რომლითაც სიძე-პატარძალს მივმართავთ, ვეუბნებით, რომ მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღის„ჟამთააღმწერლები„ ვართ. ეს არის ერთი დღე, რომელიც უნდა დაგრჩეთ და თუ არ დაგვიჯერებთ, თქვენს თავს დააბრალეთ-მეთქი. ზოგი რამდენჯერმეა სიძედ და პატარძლად ნამყოფი. მათთან მუშაობა განსხვავებულია.
- მაინც როგორ იქცევიან?
- კარგად, ახალბედებსა და გამოცდილებს შორის განსხვავება თვალში საცემია, ნერვებს არ გვიშლიან... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
- მუდმივად გვესმის, ფოტო და ტელეგენურობაზე, ეს მართლაც ასეა, თუ პროფესიონალიზმი წყვეტს ყველაფერს?
- ეს არაფერ შუაშია, ყველა ადამიანის გადაღებაა შესაძლებელი იმ კუთხით, რომ ძალიან ლამაზი თუ არა, შედარებით ლამაზი მაინც გამოჩნდეს. ეს პრეტენზია ძირითადად პატარძლებს აქვთ, მათი ვიზუალური მხარე ჩვენთვის სრულიად უმნიშვნელოა. პლასტიკურ ოპერაციას ვერავის გავუკეთებთ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, ისე გადავიღოთ, რომ ნაკლებად უშნო გამოჩნდნენ. უმეტეს შემთხვევაში ცხვირის ზომასა და სიმსუქნეზე აქვთ გართულება.
ავთო:
- როგორც კი დავინახავ, რომ პატარძალს კეხიანი ცხვირი აქვს, მაშინვე ვხვდები, მისი სუსტი წერტილი რაც იქნება და იწყება, მარჯვნიდან გადამიღე, მარცხენა პროფილი არ მივარგა და პირიქით. ერთ პატარძალს მთელი ღამე მარჯვნიდან ვუღებდით ფოტოსაც და ვიდეოსაც, რადგან მარცხენა კატეგორიულად აკრძალული გვქონდა... სიძეებს ღვინისა და ქეიფისკენ გაურბით თვალი, დროზე, რას იღებთ ამდენს, წავედით რესტორანშიო, გაიძახიან... ეს თითქმის არასდროს ეხებათ პატარძლებს, ზოგი, სანამ ლიმონივით არ გაგვწურავს, არ მოგეშვება. ლამაზები შედარებით უპრეტენზიო არიან, თუმცა ეს ყველას არ ეხება, ლამაზია, მაგრამ ჭკუიდან გადაგიყვანს. ზოგი ისეთია, ფოტოშოპიც არ სჭირდება...
- უცხოელებთანაც მუშაობთ?
- დიახ. ახლახან ვიყავით თურქების ქორწილში. პრეტენზიული ქართველების შემდეგ თავი სამოთხეში გვეგონა. გოგონა არაბი იყო, ბიჭი - თურქი. მათი ქორწილი სრულიად განსხვავებულია, ჩაისა და წვენს მიირთმევდნენ. რაღაც აზიური მელოდიები დაბალ ხმაზე იყო ჩართული, ისხდნენ, თავიანთთვის საუბრობდნენ და„ჩორბას„ მიირთმევდნენ.
- „ჩორბა“ თურქული კერძია?
- დიახ, მითხრეს გასინჯეო, ბარდისგან მზადდება. გავსინჯე, მაგრამ ვერ აღვფრთოვანდი. სადღეგრძელოები ჩაით თქვეს, ტორტი დაჭრეს, ერთი-ორი ხელი გაშალეს, წაუცეკვეს და„მორჩა კინო„ . ძალიან ნასიამოვნები დავრჩით, დაღლა კი არა, არც კი გავწვალებულვარ.
- ქართულ ქორწილებში მძიმე სამუშაო ალბათ დასკვნით ნაწილში იწყება...
- კი, ასეა. როდესაც სუფრის წევრები შეზარხოშდებიან, კომპლექსები ეხსნებათ და ცეკვას იწყებენ, დარბაზში ისეთი ძიგძიგი იწყება, ადგილიც არ არის. ყველა თავის სტიქიაშია და ნამდვილი თავდავიწყება იწყება. მაშინ ავდივართ ყველაფერზე, სკამზე, მაგიდაზე, სავარძელზე, ლამის ჭაღზე ვძვრებით, რომ ყველა მოხვდეს კადრში და არაფერი გამოგვრჩეს, მაგრამ მთავარი აქცენტი მაინც სიძე-პატარძალზე უნდა იყოს. კამერით მოცეკვავეებში შესვლას აზრი არ აქვს, რადგან მხოლოდ თავები ჩანს, თან დიჯეი რომ 20-წუთიან კლუბურ მუსიკას გადააბამს, რა გინდა, რომ გააკეთო. ამ დროს ნასვამები მოდიან და„გვეკაჩავებიან„ , მე რატომ არ მიღებო... მოკლედ,„დასკვნითი ნაწილი„ დიდი„სიამოვნებაა„ ... ამას წინათ ერთი გოგონა დათვრა ქორწილში, სამჯერ წაიქცა, მაგრამ ქუსლიან ფეხსაცმელს მაინც არ იხდიდა, მეოთხედაც რომ წაიქცა, გაიყვანეს და აღარ შემოიყვანეს... 20 წუთი ამ კადრების ამოჭრას მოვუნდით.
თენგო:
- ყველაზე მაგარია თამადისა და მისი მოადგილის გადაღება. აი, უკვე რომ დაძმობილებული არიან და სიყვარულის ბუშტი უსკდებათ, იმდენჯერ კოცნიან ერთმანეთს და ისეთი ფორმით, რომ ზოგ კადრში ისე ჩანს, თითქოს ტუჩებში კოცნიან ერთმანეთს, ის კადრები რომ„გაიპაროს„ , ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვება...
- ვიცი, რომ მხოლოდ ქორწილებში არ დადიხართ...
- დიახ, სკოლის ბანკეტებზეც დავდივართ. ეს ქორწილთან შედარებით ნამდვილი სიამოვნებაა, რადგან იქ მოლხენაც შეიძლება, ცეკვაც და გართობაც. ერთადერთი, გოგონებს ძალიან უყვართ ფოტოსესიები და ჩემ გამო, უფრო სწორად ფოტოაპარატის გამო, ერთმანეთს ხოცავენ, მე უნდა გადამიღოსო...
ავთო:
- პროფესიით მოცეკვავე ვარ, ქართულ ხალხურ ცეკვებში სოლოკონცერტები მქონდა და ბანკეტებზე ფრთების გაშლის საშუალება მაქვს. ბანკეტზე ახალგაზრდები არიან და თავად გთხოვენ, დადეთ ის კამერა ცოტა ხანს და ჩვენთან ერთად გაერთეთო, ამიტომაც იქ უფრო თამამად ვართ. ყველაზე კარგი,„ლაითი„ სამუშაო საბავშვო ბაღის ზეიმის გადაღებაა. Mმთავარია, კადრში ყველა მოხვდეს, რათა მშობელს პრეტენზია არ ჰქონდეს.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მამუკა
ავტო საღოლ წავიკითხე და ჩემ სულში ზიხარ :D
16:44 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სახალისო სტატია იყო ძალიან გავერთე. გაიხარეთ ბიჭებო.
22:52 / 04-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ავთო ჭიპაშვილი www.zoomstudio.ge
ხო გიო ზოგი რა მაგარია ყველაფერი და ზოგი კი წაიკითხავდი აქ :D
14:48 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი ზაალიშვილი www.artfoto.ge
ძალიან მაგარია ბანკეტის გადაღება. 15 ივნისს მაქვს დაბადების დღე შარშანწინ 14 ში წავედი ბანკეტზე ანუ 15 რომ დადგა იქ ვიყავი მილოცვები რომ დაიწყო ტელეფონში მკითხეს და რომ გაიგეს რაც იყო. გავარდნენ გუდვილში ვაკეში ტორტი მოიტანეს მაცეკვეს წრე გააკეთეს და შუაში მომიქციეს მოკლედ მაგარი გამე იყო. მეორე დღეს 15 ში ისევ მომიწია წასვლა და იმაზე მაგარი დრო ვატარე მოკლედ ერთ დაბადებისდღეზე 2 ჯერ გავერთე :))))))
11:13 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS