06 ივნისი, 2013
როდის ურთიერთობდა დათო ფორჩხიძე მეძავებსა და კანონიერ ქურდებთან
მალე დავამტკიცე, რომ ღირსი ვიყავი ხატიასი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ყურადღებიანი ვარ, მაგრამ მოსიყვარულე და ერთგული ქმარი ნამდვილად ვარ. ჩემი ცოლი არასდროს იფიქრებს იმაზე, რომ ვუღალატებ ან ვინმეში გავცვლი. კარგი რესპონდენტების იშვიათობას ჟურნალისტები ხშირად ვუჩივით. პროფესიით ჟურნალისტი რომ აღმოჩნდა, დათო ფორჩხიძისგან არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ ჟურნალისტები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საუკეთესო რესპონდენტები არიან. რას ატლიკინებ ენასო, ეუბნებიან, მაგრამ მაინც ატლიკინებს. ალბათ იმიტომაც გვიყვარს ჟურნალისტებსაც და მკითხველსაც.
წინა კვირას საბავშვო ''ახალ ხმაში'' მისი გუნდის წევრმა გაიმარჯვა. დათო
მწვრთნელის სტატუსით უკვე მეორედ გახდა ამ პროექტის გამარჯვებული, ალბათ ესეც ნიჭია, თუმცა დღეს ჩვენ მუსიკოსს სულ სხვა თემაზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ და საკმაოდ საინტერესო, აქამდე უცნობი დეტალები ამოვქექეთ მისი ბიოგრაფიიდან.
- ჩვეულებრივ, ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. მატერიალურად არასდროს გვიჭირდა, თუმცა არც ფუფუნებაში გვიცხოვრია. მამა ეკონომისტია. წლების განმავლობაში თავისი პროფესიით მუშაობდა. დედა საბავშვო ბაღის პედაგოგია და მალე ალბათ პენსიაზე გავა. მყავს სამი წლით უფროსი და. ჩვენი ოჯახის მთავარი სიმდიდრე პატიოსნება, ერთგულება და ერთმანეთის სიყვარული იყო და არის დღემდე. ჩემი მშობლების ცხოვრების წესით მივხვდი, რომ ჰაერიდან, უშრომლად არაფერი მოდის, საკუთარი მომავლის, ბედ-იღბლის განმსაზღვრელი თავად უნდა ვიყო.
- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლების მხრიდან?
- მამა ხშირად მისთვის წარმატებულ ადამიანებს მახსენებდა, ვისთვის უნდა მიმებაძა. მიბაძვა ცუდი სიტყვა არ არის. ჩვენ რატომღაც ცუდად გვესმის ამ სიტყვის შინაარსი. ჩემი აზრით, სულაც არ არის ცუდი, რომ ნიჭიერ ადამიანებს მიჰბაძო.
- ვის ჰგავხარ ხასიათით?
- ორივეს მიქსი ვარ. მამაჩემი ხშირად იმაზე მეჩხუბება, რაზეც თავად არის ხოლმე საჩხუბარი. მეუბნება, რომ წინააღმდეგობის მანიით შეპყრობილი ადამიანი ვარ, რომ ყველას ყველაფერში ვეწინააღმდეგები. პრინციპში მართალია, ვერ შევედავები, მაგრამ ამაში მას ვგავარ. ახლაც იმ ენაზე ვსაუბრობ, რა ენაზეც ის საუბრობდა ჩემს ასაკში. ვარ ხისტი, მკაცრი, კრიტიკული, ოღონდ ყველას მიმართ, მათ შორის საკუთარი თავის მიმართაც, კონკრეტულად ერთ ადამიანს აღარ ამოვიჩემებ ხოლმე, როგორც ადრე ვაკეთებდი ამას... დედა სიკეთის პროპაგანდას მიწევდა მთელი ბავშვობა და თუ რამ ამგვარი დევს ჩემში, მისი დამსახურებაა, თუმცა ისე არ გამიგოთ, რომ მამაჩემი ბოროტია. ხელოვნებასთან ურთიერთობაც დედის დამსახურებაა. ლექსებს წერდა და მერე გვიკითხავდა ხოლმე ოჯახურ წვეულებებზე. ჩვენ სულ დავცინოდით (იღიმება). ძალიან ლამაზი იყო დედა და არის ახლაც. ზესტაფონის რაიონში დაიბადა და ბავშვობაში ფილმში გადაღება შესთავაზეს. ეს მისი სანათესავოსთვის ტრაგედია იყო, უფლება არ მისცეს. ამ კუთხით წინ წავედით.
- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდება?
- მერვე კლასამდე მთაწმინდაზე ვცხოვობდით და პირველ სკოლაში ვსწავლობდი, მერე გავფართოვდით, მამაჩემს ოთხოთახიანი ბინა მისცეს და იქ გადავედით. ვარკეთილში ვისწავლე ბოლო სამი კლასი. პირველი სკოლა უფრო ნათელ ფერებში დამამახსოვრდა. პატარა ვიყავი, სიმშვიდე იყო, სიწყნარე. ვარკეთილის სკოლაში როცა ვსწავლობდი, უკვე ქვეყანა აირია.
- ქუჩის აკადემია თუ იყო შენს ცხოვრებაში და რა გამოცდილება მოგცა?
- ჩემი სამეგობროს 90% ფიქრობდა, რომ როცა გაიზრდებოდა, ''ძველი ბიჭი'' უნდა გამოსულიყო. ეს სტატუსი კი არა, უკვე პროფესია იყო. შემდეგ უმრავლესობა მიხვდა, რომ არ გამოსდიოდა ეს ძველი ბიჭობა და ჯობდა ემღერა, ან სხვა რამ გაეკეთებინა და ამის გამო დედიკოს ბიჭს არავინ დაუძახებდა. მახსოვს, ერთხელ, ჩემს მეგობარ ბიჭს პრობლემა რომ შეექმნა, მე ავედი კანონიერ ქურდთან და ვთხოვე, ეპატიებინათ მისთვის შეცდომა. არ ვიტყვი, ვინ იყო ის ადამიანი, მაგრამ ამ ამბავს მოგიყვებით, საკმაოდ კურიოზული სიტუაცია შეიქმნა. მოკლედ, მოვითხოვე აუდიენცია, ჩემს უფროს მეგობრებს ვთხოვე, შემახვედრეთ ამ ადამიანს-მეთქი. მაშინ სტუდენტი ვიყავი და ჯგუფი ''სახეც'' ტელევიზორში ჩანდა. შესაბამისად, ვიცოდი ისიც, რომ იმ ავტორიტეტულ პიროვნებას ჩემ შესახებაც უნდა ჰქონოდა ინფორმაცია. რომ ავედი გრძელი თმითა და უცნაური იმიჯით, ეს პიჟონი ვინ არისო, იკითხა. მისმა მარჯვენა ხელებმა და ჩემმა უფროსმა მეგობრებმა უთხრეს, ეს ისაა, ჩვენ რომ გთხოვეთო. მერე რა, პიჟონი ფრანგულად მტრედს ნიშნავსო, იხტიბარი არ გაიტეხა (იცინის). ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი ძველი ბიჭი, ძველი ბიჭების უფროსები პატივს მცემდნენ.
- რთული პერიოდი იყო, ყაჩაღობა, ქურდობა, ნარკოტიკი. ცდუნების წინაშე თუ მდგარხარ?
- არასდროს. მოსკოვში ''იურმალას'' ფესტივალზე როცა ჩავედი (ერთი პერიოდი ეს კონკურსი მოსკოვში ტარდებოდა, რადგან ბალტიის ქვეყნებთან ჰქონდათ პრობლემები), რამდენიმე წელი იქ გავატარე. ჩემს მეგობრებთან ვცხოვრობდი. ჩემს ოთახში იხარშებოდა წამალი. დილას იმ უბნის მილიციელი შემოდიოდა და მოიხმარდა იმ ნარკოტიკს. მერე ვიღაც ძველი ბიჭი შემოდიოდა წამლისთვის. მოკლედ, ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი, მაგრამ როცა მათთან ერთად სხვა წრეში მოვხვდებოდი, ისეთში, სადაც არ მიცნობდნენ, თუ ვინმე წამალს შემომთავაზებდა, მე არაფრის თქმა არ მჭირდებოდა, ჩემები თვითონ ეუბნებოდნენ, ამას არ შესთავაზოთო.
- ავტორიტეტებთან მეგობრობდი, მათგან რა ისწავალე?
- სულ პირველად ქაღალდი რომ გადავაგდე ქუჩაში და რას შვრები ყმაწვილოო, მითხრეს, თავი რომ ავწიე, ''ბიძია-ბაბუა'' - ვასო ჩხაიძე დავინახე. მაშინ პოპულარული ადამიანები ასეთი სიხშირით არ იყვნენ, როგორც დღეს არიან. პირველი სკოლის ეზოში იჯდა. შემეშინდა, რომ დავინახე. მეორე, ვინც მსგავსი საქციელი დამიწუნა, იყო ავტორიტეტი. ღმერთმა დამიფაროს კანონიერი ქურდების პროპაგანდისგან, ვფიქრობ, ეს დაღუპული თაობაა და იმაზეც სულ ვიცინოდი, რომ ამბობდნენ, ქურდები ყველაზე განათლებული ხალხიაო. მათ შორისაც იყვნენ ნაკითხები, მაგრამ არა მასობრივად. მახსოვს, მიტინგების პერიოდი იყო, ვიდექით ქუჩაში და ვყვიროდით, ძირს რუსეთის დამპალი იმპერიაო. მოვიდა ერთ-ერთ ავტორიტეტი და გვითხრა, მაგის ყვირილს გირჩევნიათ წახვიდეთ, ერთი ხე დარგოთო. მაშინ ვერ გავიგე, რა მითხრა.
- დარგე?
- არა, არ დამირგავს.
- პროფესია როგორ აირჩიე?
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ეროვნული მოძრაობის ფონზე სკოლაში მიტინგებს ვმართავდით. დავანგრიეთ კომკავშირის ოთახები, ხატები დავკიდეთ, მამაოები მოვიყვანეთ. ამას 14-15 წლის ასაკში ვაკეთებდი. ახლა მე ამას აღარ ვაკეთებ, მაგრამ მთელი საქართველო ამას აკეთებს. ბევრი მასწავლებელი შევავიწროვე, ეშინოდათ ჩემი, იმხელა ავტორიტეტი მოვიპოვე სკოლაში, როცა მინდოდა, მაშინ ჩავშლიდი სასწავლო პროცესს და ვერაფერს მეტყოდა დირექტორი. ერთხელ მოვიდა ჩვენთან დირექტორი და მამაჩემს მოკრძალებულად უთხრა, გაკვეთილებს მიშლისო. მამაჩემმა ჩემკენ რომ გამოიწია, დირექტორი შუაში ჩაგვიდგა, არ დამღუპო, ამას ხელი რომ დაარტყა, დაიბოღმება, დედას მიტირებსო. მამაჩემი გაოცებული უყურებდა. მერე, დრო რომ გავიდა და ჩემს მასწავლებლებს ვხვდებოდი, მეხუტებოდნენ, ჩვენი საამაყო მოსწავლეო. თვალებში ვერ ვუყურებდი ვერც ერთს, რა საამაყო მოსწავლე, ახლა მრცხვენია-მეთქი. მაშინ დრო იყო ასეთიო, მპასუხობდნენ. ახლა დედაჩემს ან ჩემს დას ასეთი რამ რომ გაუკეთოს რომელიმე მოსწავლემ, თავს მოვაძრობ. შორს წავედი... მოკლედ, ასეთმა აქტიურობამ გადამაწყვეტინა ამერჩია გზა, სადაც ჩემი აზრის გამოხატვის საშუალება მექნებოდა, აუდიტორია მეყოლებოდა და მომისმენდნენ. პარალელურად მუსიკაც შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მერე ისეთ წრეში მოვხვდი, მაგალითად, ჩემი კურსელია აჩიკო გულედანი, გიორგი ქორქია. მუსიკისკენ ავიღე გეზი. რუსიკო ცხომელიძე იყო კიდევ ჩემი კურსელი, ჟურნალისტად მუშაობდა. მეუბნებოდა, რით ჯობია მუსიკოსობა ჟურნალისტიკასო. კურორტი იბიცა გაგიგია-მეთქი? მე ოდესმე იქ დავუკრავ და შენ ვერ დაუკრავ-მეთქი, ვუპასუხე. გავიდა 10-15 წელი. ''სახეც'' მონელებული იყო უკვე. ვუყურებ ტელევიზორს და ვხედავ რუსიკო ცხომელიძეს, რომელსაც იბიცადან მიჰყავს სიუჟეტი. ასე რომ, თუ მუსიკოსობა იმისთვის დავიწყე, რომ იბიცაზე წავსულიყავი, ჯობდა ჟურნალისტიკას გავყოლოდი ბოლომდე. დღეს მუსიკოსობა, რა თქმა უნდა, სამარცხვინო პროფესიაა, მაგრამ ჟურნალისტობა უფრო სამარცხვინო პროფესიაა.
- რატომ?
- 17 მაისამდე ვფიქრობდი, რომ საქართველოში ყველაზე პრესტიჟული პროფესია სასულიერო მოღვაწეობა იყო. ახლა ამასაც წყალი შეუდგება. ჩვენ წარმატებული ტიპები არ გვყავს. 1-2 წელსაც ვერ ქაჩავენ.
- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?
- ფული შევაგროვეთ ბიჭებმა და წავედით საროსკიპოში. არანაირ ლტოლვაზე არ იყო ლაპარაკი, ეს იყო ცხოველური ინსტინქტი, რომლის შემდეგაც უნდა მეთქვა, რომ დავვაჟკაცდი. მეორედ და მესამედაც ასე მოხდა. მერე ფული არ გადავიხადე, ისე წავედი ქალთან. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ არც ის ქალი იყო მთლად პატიოსანი. მოსკოვში გავხდი 20 წლის. ერთ-ერთი კონცერტი ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა. მოცეკვავე გოგონები მოვიდნენ და მითხრეს, საჩუქარი არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია, ჩვენი თავი შემოგთავაზოთო. ნუ შეწუხდებით-მეთქი, ვუთხარი.
- მე სასიყვარულო გამოცდილებაზე გკითხე, შენ სექსუალურ გამოცდილებას მიყვები.
- (იღიმება) შეყვარებულები მყავდა თუ არა? არა, არ მყავდა. ვინც შემიყვარდა, მოვიყვანე კიდეც ცოლად. 25 წლის ვიყავი მაშინ.
- როგორ ამოარჩიე ამდენ გოგონაში, მაშინ ხომ პოპულარობის ზენიტში იყავი?
- თვითონ ამომარჩია. დანარჩენ გოგონებთან დისტანციას ვიცავდი, ვისაც მხოლოდ სექსუალური ლტოლვა არ ამოძრავებდა ჩემ მიმართ, ვეუბნებოდი, ძალიან ცუდი ადამიანი ვარ, სექსის მეტი არაფერი მაინტერესებს და ჩემთან ურთიერთობაში ნუ შემოხვალთ-მეთქი. ხატია მეგობრების წრეში გავიცანი. ლევან ლაზარიშვილის ნათესავია, ამიტომ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთხელ ვთხოვე, ნუ გავართულებთ ყველაფერს, შენ შენს გზაზე წადი და მე ჩემს გზაზე წავალ-მეთქი. წავიდა... ორ კვირაში ისე მომენატრა, ვეღარ ვძლებდი. დიდხანს მახვეწნინა, ექვსი თვე დავდევდი. ბოლოს ვუთხარი, ცოლად მინდა მოგიყვანო-მეთქი. შვიდი წლით უფროსი ვარ მასზე. 18 წლის იყო მაშინ და ბრძოლა დამჭირდა მის მშობლებთან. ვფიქრობდი, მე როგორ მიწუნებენ-მეთქი (იცინის). მალე დავამტკიცე, რომ ღირსი ვიყავი ხატიასი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ყურადღებიანი ვარ, მაგრამ მოსიყვარულე და ერთგული ქმარი ნამდვილად ვარ. ჩემი ცოლი არასდროს იფიქრებს იმაზე, რომ ვუღალატებ ან ვინმეში გავცვლი. ჩემს სიყვარულში დარწმუნებულია და ამის საფუძველი აქვს. სამი შვილი გვყავს და ბედნიერი ოჯახი გვაქვს.
- დასასრულ, შეცდომებზეც მიამბე...
- შეცდომების კორიანტელია ჩემს ცხოვრებაში. ახლაც ბევრი სისულელე ვილაპარაკე, მაგრამ ასეთი ვარ. მიყვარს ჩემი შეცდომები. რას ატლიკინებ ენასო, მეუბნენიან, მაგალითად, 17 მაისზე რატომ ილაპარაკეო. არ მიმაჩნია, რომ ცუდად ვილაპარაკე. მე მაინც ვატლიკინებ ენას, არ ვჩერდები. შეგნებულად არავინ გამიმწარებია, ბოროტება არ ჩამიდენია. იმიტომ არა, რომ კეთილი ვარ, ფრთხილი ვარ და მეშინია. არ ვიცი, იქ იქნება თუ არა ჯოჯოხეთი და სამოთხე, მაგრამ აქ რომ არის, ამას ვხედავ. აქ მოგიწყობს შენი შეცდომები ჯოჯოხეთს და ამის მეშინია.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
2
მაგარი კაცია, უბოროტო და ერთგული
18:14 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატუკა
დათო რა საყვარელი ხარ :)) ხატი, ნახე რა ქმარი გყავს :)) როგორ დაგდევდა თურმე ^__^
19:49 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ძაან კარგი ხარ დათო,მეამაყება რომ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ,შენი გვარის ღირსეული წარმომადგენელი ხარ!!!
18:19 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
უმაგრესი ადამიანიიიიიიი:))))))))))))
09:31 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თემკა
მაგარი კაცი რაც ამის სიმგერებზე ნაჯაზები მაქვსსსსს:)))
12:15 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS