03 ივნისი, 2013
რას საყვედურობს რეზო მიშველაძე კულტურის მინისტრს

ღამის პირველ საათზე რესტორნებში დაეთრევიან, ბართლომეს ღამეს აწყობენ, საქართველოს დედაც ვატირე, ვიქეიფოთ ბოლომდე, ქართველმა ხალხმა ვერ გაგვიგოო. და ამ დროს ბიძინას ყელში ხელი წაუჭირო, წართმეული ქონება დამიბრუნეო, უსამართლობა იქნება.

რეზო მიშველაძის მშობლები ფილოლოგები, პედაგოგები იყვნენ. ქუთაისში ცხოვრობდნენ და ოჯახში ოთხი დედმამიშვილი იზრდებოდა. მათთვის წიგნებსა და ლიტერატურაზე საუბარი ''უცხო ხილი'' არასდროს ყოფილა. სწორედ წიგნებზე სასაუბროდ შევხვდით ერთმანეთს, თუმცა მალე ჩვენმა საუბარმა სხვა მიმართულება მიიღო, თუმცა ის, რაც ითქვა, ქართულ მწერლობასა და მწერლების დღევანდელობას უკავშირდება...
17 წლის ბიჭი
ვიყავი, ქუთაისიდან რომ წამოვედი და უნივერსიტეტში ჩავაბარე. 1958 წელს ოჯახით თბილისში გადმოვსახლდით. წლების განმავლობაში, ქუთაისში რომ ჩავდიოდი, ჯერ ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე #3 ბიბლიოთეკას ვაკითხავდი და მერე სკოლას, სადაც პედაგოგებს მოვინახულებდი ხოლმე. კითხვა ძალიან მიყვარდა. გატაცებით ვკითხულობდი. VII კლასში უკვე წაკითხული მქონდა არა მხოლოდ ქართული კლასიკური ლიტერატურა, არამედ ტოლსტოის, დიკენსის, დოსტოევსკის რომანები. ასევე სერვანტესის ''დონ კიხოტი''. ამ ხნის კაცი ვარ და ახლა უნდა გაგიმხლოთ, მაშინ ვერ ჩავწვდი ამ წიგნის გენიალობას, და ვერც შემდგომ. ვტიროდი ''პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე'', ''მადამ ბოვარის'' ცხოვრებაზე, ''ანა კარენინას'' ტრაგედიაზე, ''ჯაყოს ხიზნების'' მარგოსა და თეიმურაზის ბედზე, მიყვარდა და დღემდე მიყვარს შორენა კოლონკელიძე, ეს ულამაზესი ქალი, მაგრამ ''დონ კიხოტი'' დღემდე ვერ გავითავისე. ლიტერატურის სპეციალისტი ვარ და, რა თქმა უნდა, სტუდენტებს სერვანტესისადმი ჩემს დამოკიდებულებას არ ვუმხელ, ვაყვარებ მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს. ხუთ საუკეთესო ნაწარმოებს რომ ჩამოვთვლი, მათ შორის სერვანტესსაც მოვიხსენიებ. ჩემი სია ასეთია: ჰომეროსის ''ილიადა'' და ''ოდისეა'', დანტე ალიგიერის ''ღვთაებრივი კომედია'', შოთა რუსთაველის ''ვეფხისტყაოსანი'', სერვანტესი და შექსპირი. შექსპირი არის უძირო ზღვა, მასზე ვგიჟდები. მე, როგორც პროფესიონალმა მწერალმა, სერვანტესის სიდიადე როგორ არ ვიცი, საოცარი შედარებები და სცენები აქვს, რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები არიან დონ კიხოტი და სანჩო პანსა, მაგრამ ლიტერატურას სხვადასხვა საზომით ვზომავ, ქართულ მეცნიერებაში, ლიტერატურათმცოდნეობაში მე ერთადერთმა დავწერე ყველა კრიტიკოსისთვის წიგნი, თუ როგორ უნდა შევაფასოთ მხატვრული ნაწარმოები. მხატვრულ ნაწარმოებში უნდა შევხედოთ სიუჟეტს, კომპოზიციას, მხატვრულ სახეებს, ენას, სტილს და ა.შ. კი, ეს ყველაფერი ''დონ კიხოტში'' არის, მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნია-მეთქი, მაინც ვერ ვიტყვი. წიგნმა უნდა აგაკანკალოს, დაგაფიქროს და რომ დაიძინებ, სიზმარში უნდა ნახო. ვთქვათ, თუ როგორ გადაფრინდება შორენა ქარაფებიდან და იკლავს თავს.

- როგორ ამდიდრებდით ბიბლიოთეკას, გეხსომებათ საკუთარი თუ ნაჩუქარი თანხით ბუკინისტებთან შეძენილი წიგნები...
- რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდენტობისას ასეთი შენაძენი ხშირი იყო, თუმცა დღეს სხვა მდგომარეობაა. ახლახან, 2013 წლის 14 მაისს ლექცია მქონდა და სტუდენტებს ვკითხე, ბავშვებო, დედამ დილით სახლიდან გამოგატანათ 5 ლარი. იყიდით ''სნიკერს'', ''მალბორის'' ან ''ქემელს'', ერთ ჭიქა მზესუმზირას და 1 ლარსაც იმისთვის გადაინახავ, რომ შინ სამარშრუტო ტაქსით დაბრუნდეთ. ამ დროს კი თუ ბუკინისტებთან გალაკტიონის რჩეულს, შოთა ნიშნიანიძის ლექსების კრებულს, ახმატოვას, ცვეტაევას დაინახავთ, რომელიც, თქვენდა გასაოცრად, ყველა ერთად 4 ლარი ღირს, როგორ მოიქცევით-მეთქი. რა თქმა უნდა, წიგნებს არ ვიყიდიო, - დაუფიქრებლად მიპასუხა ერთ-ერთმა გოგონამ. მერე დანარჩენებსაც მივუბრუნდი, 25 კაციდან მხოლოდ ერთმა მითხრა, რომ წიგნებს იყიდდა. ისიც არ ვიცი, გულწრფელი იყო თუ არა.
- შეიძლება, თქვენთვის რომ ესიამოვნებინა, იმიტომ აირჩია წიგნები...
- შეიძლება მე მასიამოვნა, არ გამოვრიცხავ. აი, ასეთი განსხვავებაა ჩვენი დროის სტუდენტობასა და დღევანდელს შორის. ხელისუფლებამ ბოლო ცხრა წელი, პირადად ვადანაშაულებ მიხეილ სააკაშვილს, აბუჩად აიგდო ქართული ეროვნული ფენომენი, ქართული ეროვნული მწერლობა, იქამდეც კი, რომ მწერლები მწერალთა სასახლიდან გამოგვაძევა. დღეს დაგვაბრუნა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა ეს საკითხი ჯერ მთლიანად გადაწყვეტილი არ არის. სააკაშვილმა დაამცირა კულტურა, თეატრი, კინო, თბილისში წიგნის მაღაზიები მოსპო. ნიკა რურუას სძულდა კულტურა. მწერალთა კავშირიდან წერილს რომ მივწერდით, სადაც ვაუწყებდით, რომ გვსურდა ყაზბეგის, გალაკტიონის, ჭაბუა ამირეჯიბის იუბილე აღგვენიშნა და საამისოდ გვჭირდებოდა მხოლოდ დარბაზი, ის პასუხსაც არ გვაღირსებდა. რურუა გაფრთხილებული ჰყავდა სააკაშვილს, რომ ახლოს არ უნდა გაეკარებინა კულტურის ნიჭიერი მოღვაწეები. უნიჭო, კი ბატონო, უნიჭო მსახიობებსა და მომღერლებს გულში იხუტებდა. ხელისუფლებამ ახალგაზრდებს წიგნი და კულტურა შეაძულა და ამის გამოსწორება მოკლე დროში შეუძლებელია. ახლა დღევანდელ კულტურის მინისტრზეც დაგელაპარაკებით. ლტოლვილი ყმაწვილი გახლდათ, საშუალო ნიჭის მწერალია. ზრდილობით გამოირჩეოდა. მწერალთა კავშირში რომ მოდიოდა, მეუბნებოდა, ბატონო რეზო, თუ გცალიათ, თქვენთან სურათის გადაღება მინდა, რომ რევაზ მიშველაძესთან, რუსთაველის პრემიის ლაურეატთან გადაღებული ფოტოთი მთელი ცხოვრება ვიტრაბახოო. მიყვარდა ეს ბიჭი, ვფიქრობდი, რა ზრდილობიანია-მეთქი. მერე რა, რომ ლიტერატურაში ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, ყურადღებიანი კაცია-მეთქი. ბიძინა ივანიშვილმა კულტურის მინისტრად რომ დანიშნა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
- და წარსულში რატომ ლაპარაკობთ?
- გეტყვით. ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვედრივარ, საღად მოაზროვნე და ჭკვიანი კაცია. ბოლოს ერთმანეთს თავდაცვის დღეს შევხვდით რუსთაველის თეატრში. თავად წამოვიდა ჩემკენ. მე ვერ გავბედავდი, იმდენი სითამამე არ მაქვს, როგორც ზოგიერთებს, ვინც დაეჯახება და გადაეხვევა ხოლმე სახელმწიფოს პირველ პირს. ბატონო რეზო, ოქროს ფასს ვადებ იმ გარემოებას, რომ თქვენს დროს ვცხოვრობ საქართველოშიო. მე მწერალთა კავშირის ბედით დავინტერესდი. ყველაფერი დადებითად გადაწყდებაო, - მითხრა. მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ მწერალთა კავშირში დაგვაბრუნა. რას ამბობთო, - გაოცდა, - აბა, სხვა ვინ უნდა იყოს იქ, თუ არა თქვენ, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჭეიშვილიო. ძალიან გამათბო ამ სიტყვებმა, მწერალს მეტი რა უნდა. ბიძინას ახლა ჩვენთვის სად სცალია, თონეში აქვს თავი ჩაყოფილი. ჯერ კიდევ ფეხზე მდგომი ნაც-ნაძირლები ყოველ წუთს ებრძვიან, აკრიტიკებენ და უსამართლოდ ექცევიან. ჩვენი გაუწონასწორებელი პრეზიდენტი კი პარლამენტის მიღებულ ყველა კანონს ვეტოს ადებს. ღამის პირველ საათზე რესტორნებში დაეთრევიან, ბართლომეს ღამეს აწყობენ, საქართველოს დედაც ვატირე, ვიქეიფოთ ბოლომდე, ქართველმა ხალხმა ვერ გაგვიგოო. და ამ დროს ბიძინას ყელში ხელი წაუჭირო, წართმეული ქონება დამიბრუნეო, უსამართლობა იქნება. ეს კულტურის მინისტრის საქმეა, მაგრამ კაცი, რომელიც დამდევდა, ჩემთან სურათი გადაიღეო, დღეს ჩემს ზარს არ პასუხობს. მე და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი მივედით სამინისტროში, რაღაც მაქინაციებითა და ვაი-ვაგლახით ავაღწიეთ მის კაბინეტამდე. ასეთი რამ წინა მინისტრის დროსაც არ ხდებოდა, ნიკა რურუას დრო მოგვანატრა გურამ ოდიშარიამ. ვსხედვართ მოსაცდელში, გავიდა ერთი, ორი საათი, მინისტრი თავის კაბინეტშია. ამასობაში შედიან და გამოდიან ვიღაცები. ბოლოს მდივანს ვთხოვეთ, მინისტრთან შესულიყო და გაეგო, როდის მოიცლიდა ჩვენთვის. ცოტა ხანში მდივანი გამოვიდა და გვითხრა, მინისტრმა გადმოგცათ, რომ ვერ მიგიღებთ, არ სცალიაო. გურამ ოდიშარიამ ვერ მოიცალა მწერალთა კავშირის თავმჯდომარესა და მის პირველ მოადგილესთან შესახვედრად. ჩვენ ოფიციალური პირები ვართ, გარდა ამისა, ვარ რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი, ყოველი მეორე კრიტიკოსი წერს, რომ რეზო მიშველაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსია და ეს მე არ მომიგონია. მე რომ არ მხვდება საშუალო ნიჭის მწერალი გურამ ოდიშარია, ის სხვას ვის მიიღებს და გაახარებს? ამიტომ საშინლად შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს და მე მას აღარ დავურეკავ.
- იქნებ იმ დღეს მართლა არ ეცალა...
- ისეთი სულელი გგონივართ, რომ ეს ერთხელ მისვლაზე მეთქვა?! ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა და ტელეფონზეც არ მპასუხობს. ექვსი წლის განმავლობაში რაღაცნაირად შევინარჩუნეთ მწერალთა კავშირი. ბიძინა ივანიშვილმა მწერალთა სახლში დაგვაბრუნა, მაგრამ სააკაშვილისა და რურუას ბრძანებით, მწერლებს ჩამოერთვა სასახლე და ჰქვია ''მწერლის სახლი''. მას დირექტორად ჰყავს ნატო ლომოური, რომელიც პროფესორ ნოდარ ლომოურის ქალიშვილია. ის აგრესიით დაგვხვდა. ვუთხარი, რომ იქ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მივედით. ჩემთვის ბიძინას არაფერი უთქვამსო, - განაცხადა. კულტურის მინისტრს უნდა დაეწერა ეს განკარგულება. გურამ ოდიშარიამ მთხოვა, ბრძანების პროექტი მე დამეწერა, რადგან ის ახალი დანიშნული იყო თანამდებობაზე და ნიუანსებში ვერ ერკვეოდა. კარგი, იყოს შენობა სახელმწიფოსი, მაგრამ მწერალთა კავშირს უნდა გადაეცეს სამი ოთახი. ახლა მხოლოდ ერთი - ბიბლიოთეკის ოთახი გვაქვს, იქ კვირაში ორჯერ ვსხედვართ და ვხვდებით მწერლები ერთმანეთს. დავწერე განკარგულება, გურამს ბრძანებაზე ხელი უნდა მოეწერა და სულ ეს იყო, მაგრამ მას შემდეგ ორი თვე გავიდა. აი, ვინ დაუნიშნავს კულტურის მინისტრად ბატონ ბიძინას, რომლისაც ისე მჯერა და ვეთაყვანები, მარჯვენა ხელი რომ მომაჭრას, გული არ მომივა. მან საქართველო იმ ურჩხულისგან იხსნა, რომელსაც სააკაშვილი ჰქვია. ვეჭვობ, რომ ახლანდელი მინისტრი გურამ ოდიშარია უფრო მეტად სცემს პატივს სააკაშვილის განკარგულებებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისას. ეს სიტყვები არ ამოიღოთ, ამას ოფიციალურად გეუბნებით რევაზ მიშველაძე.
- თემას გადავუხვიეთ და მაშინ ისევ ამავე საკითხზე განვაგრძოთ, საინტერესოა თქვენი აზრი განათლების მინისტრზეც...
- მე არაფრისგან გადამიხვევია, ჩემი გულისტკივილი გითხარით, რაც წიგნს და კულტურას უკავშირდება. რაც შეეხება დღევანდელ განათლების მინისტრს, ნათელი კაცია, სახეზე აწერია, რომ მართლა უნდა განათლებისა დ კულტურის შველა. 2006 წელს სააკაშვილმა გამოგზავნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 500 პოლიციელი და მათი ძალით 298 პროფესორი უნივერსიტეტიდან გამოყარა. ამ შვიდ წელიწადში იმ 298 პროფესორიდან 63-ია ცოცხალი. პრეტენზიისგან ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ სურვილი მქონდა და მაქვს, რომ გიორგი მარგველაშვილს სააკაშვილის მიერ გამოგდებული ადამიანები უნივერსიტეტში მიებრუნებინა. აუცილებელი არ არის, ისინი ტრიბუნიდან ლექციებს კითხულობდნენ, ზოგი კონსულტანტად, ასპირანტების ხელმძღვანელად იმუშავებდა. ისინი ხანში შესულები არიან და არა გამოჩერჩეტებულები. გამოჩერჩეტებული მე ბევრი ახალგაზრდაც მინახავს და მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი მიხეილ სააკაშვილია. ბრძენ, პროფესორ მამებს უნდა ეგრძნოთ, რომ საქართველოში სხვა სიომ დაქროლა და ქვეყნის პატრონად ეროვნული კაცი მოვიდა, ეროვნული მეცნიერებისა და ''დედაენის'' ქომაგი. გიორგის ამის გაკეთება დაუგვიანდა, თორემ დღემდე არაერთი სწორი ნაბიჯი გადადგა. ერთ-ერთი კეთილშობილური საქმე ისაა, რომ მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს უფასოდ დაურიგებენ.
- პრემიერმა მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა...
- თავს პოლიტიკურად უვიცად არ ვთვლი. ხუთი წელი პარლამენტში ვიყავი, მთელი ცხოვრება ეროვნულ ბრძოლას შევწირე, მიმაჩნია, რომ იმ მხრიდან, როგორც მე გიორგის ვიცნობ, ძალიან კარგი კანდიდატია. დარწმუნებული ვარ, მას პრეზიდენტად აირჩევენ. ის ისეთი პატიოსანი კაცია, რომ როგორც კი იგრძნობს, რომ მისი ადგილი არ არის, თავად არ მოინდომებს თანამდებობაზე ყოფნას და თავად იტყვის უარს პრეზიდენტობაზე. ასე რომ, დღეს ჩემი ხმა ეკუთვნის გიორგი მარგველაშვილს და ბიძინას არჩევანი სწორად მიმაჩნია.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ირმა
მედროვე ხალხი ღუპავს ამ ქვეყანას.ქვეყნის სიყვარულით სპეკულირება ადვილია,მთავარია გულში რა გიდევს და როგორ იქცევი.ბატონო რეზო,ოდესმე თუ გიძებნიათ მიზეზი საკუთარ თავში?სხვისი ლანძღვა ყოველთვის ადვილია.
10:55 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაცნობი
ნეტა ყველამ იცოდეს რა ნაძირალა და ყვარყვარე ბრძანდებით. გურამ ოდიშარია სულაც არ არის საშუალო ნიჭის მწერალი, ის კარგი მწერალია, თქვენზე ბევრად ნოვატორი და ამასთან კარგი ადამიანიც.ახლა გაგახსენდათ გურამ ოდიშარია. არ გახსოვთ, როგორ ავიწროებდით და როგორ გშურდათ მისი, მწერალთა კავშირში.ძალიან კარგად მოქცეულა, რომ არ მიგიღოთ.თან რა ტყუილებს კადრულობთ, ჩემო ბატონო, რაში უნდოდა გურამს თქვენთან გადაღებული სურათი.მერე რა რომ ლტოლვილია,არ გახსოვთ თქვენც აფხაზეთიდან რომ ხართ, ბაბუშარაში რომ ცხოვრობდით და მეგრულადაც მშვენივრად ჭიკჭიკებთ. თქვენ, უბრალოდ ის ვერ აიტანეთ, რომ ლტოლვილმა გაჯობათ. ორივეს კარგად გიცნობთ და გაოგნებული ვარ თქვენი ნაბოდვარის წაკითხვით.გურამი უნიჭიერესი და უწესიერესი ადამიანია. თქვენზე და სხვებზე ბევრად პოპულარულიც.
14:37 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
მიშველაძე ნაძირალაა და ბუღაძე მწერალი?ვაი ტქვენ პატრონს უბედურს.
22:57 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბერდია
საქართველოს ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნაძირალა ახლა ივანიშვილს უძვრება, მაგრამ თუ სარგებელი ვერ მიიღო, მერე ნახეთ რა საზიზღრობებს მოუგონებს.
20:51 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯაბა
ეს ზვიადის ფანატები რავა ყველგან გამოხტებით ხოლმე რა..თქვენ რომ გკიტხოთ კაცმა ზვიდი წმინდანი იყო და ოპოზიცია არ უნდა ყოლოდა.
13:24 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS