03 ივნისი, 2013
''თბილისში ჩემნაირი ლავსთორი არავის ჰქონია''
სანამ დაიღუპებოდა, რამდენიმე დღით ადრე შეხვედრია ჩემს მეზობელს ეზოში. ათვალიერებდა ჩემს მანქანას. აინტერესებდა სად ვიყავი. ფიქრობდა, თბილისში გადმოსულიყო და თავიდან დაეწყო ყველაფერი. რამდენიმე თვის წინ მომღერალ ნინა წკრიალაშვილის მეუღლე, თენგო წივწივაძე გარდაიცვალა. ნინა და თენგო მაშინ უკვე დაშორებულები იყვნენ, მაგრამ ნინას მისი სიკვდილი დღემდე ვერ დაუჯერებია. არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, უბრალოდ, შინაგანი განწყობის გამო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სულ შავები ეცვა. შავები გაიხადა და ლურჯი ფერის სამოსი ინტერვიუს გამო ჩაიცვა. ნინა სიყვარულზე ბევრს და გულახდილად საუბრობს.
- ხომ არიან ადამიანები, რომლებიც გგონია, სულ ცოცხლები იქნებიან და სულ სიურპრიზები უნდა აკეთონ. ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა თენგო. ერთ საშინელ დღეს დედაჩემი და ჩემი ძმა მოვიდნენ და მითხრეს, რომ ასეთი უბედურება მოხდა. ვერ ვიჯერებდი, მარტო მე კი არა, თურმე ყველას ასე ეგონა. დღემდე არ მჯერა, რომ წავიდა, სულ მგონია, მოვა ან დარეკავს. ორივე ბებია-ბაბუა და ჩემი ბევრი მეგობარია გარდაცვლილი, მაგრამ არავისზე მსგავსი შეგრძნება არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი-ოთხი თვე ერთად აღარ ვცხოვრობდით, მაინც ასე მგონია.
გასულ წელს ამ დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი. თენგოს სიკვდილმა ჩემში ღირებულებების გადაფასება მოახდინა. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ადამიანური გრძნობები, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ყველაფერი სისულელეა. ადამიანები უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.
- ყველაზე მეტად რაზე გწყდება გული?
- რომ არ შევურიგდი. თავი გავიგიჟე და არ შევურიგდი. ზოგადად ასეთი არ ვარ. ადვილად შემიძლია პატიება, მაგრამ რაღაც დამემართა. ვფიქრობ, რაღაც ძალამ გამაჩერა, თუმცა ძალიან მინდოდა შერიგება. ბოლოს ხაშურში მუშაობდა. 15 წლის შვილი მყავს. მას ვერ დავტოვებდი და ხაშურში ვერ გადავიდოდი საცხოვრებლად. თბილისში ჩემი საქმეები მქონდა. ჩვენ შორის ამ სიშორემ წარმოქმნა პრობლემები. მანამდე აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ გვქონია. მგონია, რომ ახლაც ხაშურშია.
- თუმცა თქვენს ურთიერთობაში რთული პერიოდები იყო. ამბობენ, რომ ის შენ მიმართ უხეში იყო...
- თუ დამიჯერებთ, თენგოს მსგავსი ადამიანი არ მინახავს. ტრავმირებული ვარ მისი სიკვდილით, მაგრამ ისეთი წუთები მაჩუქა ცხოვრებაში, რასაც, დარწმუნებული ვარ, სამყაროში ბევრი ქალი ვერც კი წარმოიდგენს. საოცრად ზრუნავდა და მივლიდა. დარწმუნებული ვარ, თბილისში ჩემნაირი ''ლავსთორი'' არც ერთ ქალს არ ჰქონია. დამიტოვა ისტორია დრამატული ფინალით, მაგრამ ამ ურთიერთობაში ბევრი ფეიერვერკი იყო. როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, არც ვიცი. ალბათ ვერავინ ვეღარ შეძლებს, იგივე მომცეს. ერთად რომ ვყოფილიყავით, ბევრ რაღაცას და ვიღაცას გადავახტით. ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ ძალიან ეჭვიანი გახლდათ. მარჯვენა მხარეს ძალიან ბევრი პლუსი იდო, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. მარცხენა მხარეს იყო ერთი უზარმაზარი პრობლემა -ეჭვიანობა.
- გთხოვდა, რომ არ უნდა გემღერა? არ უნდა ჩაგეცვა ისე, როგორც მანამდე იცვამდი?
- ჩემი სიმღერა მოსწონდა. როგორც მეცვა, ისიც მოსწონდა, მაგრამ ისე სახლში უნდა მცმოდა. უნდოდა, რომ გარეთაც ასე მევლო, მაგრამ ერთად რომ ვიყავით, სადარბაზოდან თავის პიჯაკს მაცმევდა. თან მოსწონდა და თან სულ დაძაბული იყო. თამამად მხოლოდ სცენაზე მაცვია და ზაფხულში ყველა შორტით დადის, ეს ჩვეულებრივი მომენტია. არასოდეს ისე არ მაცვია, რომ ქუჩაში ყურადღება მივიპყრო. სულ დაძაბული იყო, მის გარეშე თუ წუთით მაინც სადმე წავიდოდი, თუნდაც მარკეტში. მას არ შეეძლო თბილისში ხშირად ყოფნა, არადა ამბობდა, რომ გარეთ მარტო არ უნდა გავსულიყავი. თავიდან გორში გადავედი საცხოვრებლად, მაგრამ მერე ბავშვის გამო პრობლემები გაჩნდა, შვილს ვეღარ ვაქცევდი ყურადღებას. ფაქტობრივად, ტრასაზე ვცხოვრობდი. დავიღალეთ ამდენი მგზავრობით. ამ ყველაფერმა ნერვებზეც იმოქმედა. გადავწყვიტე, დროებით ცალ-ცალკე ვყოფილიყავით. მე მას გული ძალიან ვატკინე. ცუდად კი არ მოვექეცი, უბრალოდ, ვეღარ გავუძელი ამ ყველაფერს და დავამთავრე. ერთი პერიოდი თენგომაც გადაწყვიტა, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ვერ დამთავრდა ეს სიყვარული. თენგო როგორი განსაკუთრებულიც იყო, ისე განსაკუთრებულად წავიდა. ჩვეულებრივ ადამიანებს არ შეუძლიათ, გული ასე გატკინონ. არ ვამეტებ. ერთხელ ვისაც ჰყავდა ნანახი, ყველა შოკში ჩავარდა მისი სიკვდილით. არანორმალურად დიდი ენერგია ჰქონდა. სულ მეგონა, ვეღარ ვუძლებდი მის სითბოს და ყურადღებას. საერთოდ არ გვეძინა, ამის ხარჯზე ვახერხებდით ურთიერთობას. ბოლოს ავად ვიყავი. უძილობისგან ხან რა მტკიოდა და ხან რა. თვითონ ჯანმრთელი იყო. არ ჰქონდა უძილობის პრობლემა, დილით მაინც ენერგიული, სიმპათიური და ხალისიანი იყო.
- მის შვილებთან თუ გაქვს ურთიერთობა?
- სამწუხაროდ, ახლა უფრო ხშირად მაქვს მათთან ურთიერთობა, ვიდრე მანამდე მქონდა. დედამისთან თითქმის ყოველდღე დავდივარ. ორმოცი დღე სულ მათთან ვიყავი. მე ბოლოს ვამბობდი, რომ მისი ცოლი აღარ ვიყავი, მაგრამ თვითონ ბოლო წამამდე ამბობდა, რომ მისი ცოლი ვიყავი. მისი ოჯახის წევრები ძალიან მიყვარს და ახლა უფრო მეტად მინდა, მათ გავუფრთხილდე, ისინი ჩემი თენგოს ადამიანები არიან და თენგო ჩემთან სულ იქნება. გული მწყდება და თან სულ მეამაყება, რომ ასე გარდაიცვალა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. სამსახური ძალიან უყვარდა. ამბობდა, ცხოვრებაში ჩემი პოლიციის და ჩემი ნინას გარეშე ვერ ვძლებო. პირველ ადგილზე პოლიციას აყენებდა. მეუბნებოდა, რომელიმე გადამიყოლებთო. თითქოს გული უგრძნობდა. კიდევ კარგი, მე არ გადავიყოლე. ამას ვერ გადავიტანდი.
შვილიშვილიც ჰყავდა. არადა, მხოლოდ 41 წლის იყო. ყველაფერი მოასწრო. წინასწარ გრძნობდა, რომ ადრე წავიდოდა. ბევრი რამ მოასწრო, ბოლო დროს სულ სიკვდილზე ლაპარაკობდა და მწერდა. ხშირად გამთენიისას მოუწერია სიკვდილზე. ვფიქრობდი, დეპრესია აქვს-მეთქი. როგორც ჩანს, გრძნობდა, რაც ელოდა.
Rating
- როგორც მითხარი, სიმღერას თავს არ ანებებ და ახალ კლიპზე მუშაობ.

- რუსიკო მორჩილაძე კარგად იცნობდა თენგოს და სიმღერა დაუწერა. ლამაზი სიმღერაა. მინდოდა, ტექსტი მე დამეწერა, მაგრამ არ გამომივიდა. ჩვენი ფრაზები ჩამოვწერე, რაც გვქონდა. მერე ირინა სანიკიძე დამეხმარა და დაწერა ტექსტი. სიმართლე გითხრათ, არაფრის თავი არ მაქვს, მაგრამ მინდა, თენგოს ეს სიმღერა ვაჩუქო, შავ-თეთრ კლიპს გადავიღებთ, რომელიც ივნისის დასაწყისში იქნება მზად. ამ ადამიანის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ. როდესაც ასეთი ახლობელი მიდის შენგან, ან უნდა მოკვდე, ან ცხოვრება იმაზე კარგად უნდა გააგრძელო, ვიდრე მანამდე იყავი. მე მხოლოდ ეს ორი ვარიანტი მომივიდა თავში. რადგან გადავრჩი და არ მოვკვდი, იმაზე კარგად გავაგრძელებ ცხოვრებას, ვიდრე მანამდე ვიყავი, თუნდაც თენგოს ხათრით. რომ ჩავწვე და გავუბედურდე, თენგოს არ მოეწონებოდა. ჩემი ყურადღება ბევრად უფრო მეტ ხალხს სჭირდება. მეტი პასუხისმგებლობები დამეკისრა. ვთქვი და გავაკეთებ კიდეც, რომ დედამისს აუცილებლად მივხედავ, სანამ ცოცხალია. თენგომ გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მომწერა, რომ მოვკვდები, დედაჩემს და ჩემს ძმას შენ გიტოვებ, მხოლოდ შენი იმედი მაქვსო. თენგოს რომც არ ეთხოვა, მიყვარს ეს ხალხი და მაინც მათ გვერდით ვიქნებოდი. ახლა მეშლება ნერვები, რამდენი დრო მაქვს სისულელეებში დაკარგული. თენგომ იმდენად გამაძლიერა, რომ არც ყოფითი პრობლემა მაწუხებს, არც მიწისძვრა მაშინებს და საერთოდ აღარაფერი. ისეთი ძლიერი ვარ, მეშინია კიდეც. თავისი ენერგია და მიზანდასახულობა დამიტოვა.
თენგოს სიკვდილი რომ გავიგე, მისი ნაჩუქარი საქორწინო ბეჭედი გავიკეთე. დღესაც მისი ნაჩუქარი ბეჭედი მიკეთია. უყვარდა შოპინგი, არაპოლიციურად იცვამდა, ქალის ნივთებშიც კარგად ერკვეოდა. მისგან ბევრი ავანგარდული ნივთი დამრჩა. მომწონს, მის ნივთებს რომ ვატარებ. მისი საფულე მაქვს, გასაღების დასაკიდი...
რაღაც პერიოდი მითხრა, უშენოდ გავძლებო, მაგრამ ვერ გაძლო. სულ მწერდა, თუ არ შემირიგდები, თავს არ ვიცოცხლებო. თურმე ჩემი სიმღერების დისკი ჰქონდა მანქანაში. სანამ დაიღუპებოდა, რამდენიმე დღით ადრე შეხვედრია ჩემს მეზობელს ეზოში. ათვალიერებდა ჩემს მანქანას. აინტერესებდა სად ვიყავი. ფიქრობდა, თბილისში გადმოსულიყო და თავიდან დაეწყო ყველაფერი.
- თქვენი სიმღერა გქონდათ?
- ბოლო პერიოდში სტინგის და კრის ბოტის ერთობლივი ნამუშევრები შევაყვარე. მათ სიმღერებზე სახლში რამდენჯერმე ვალსიც გვიცეკვია. ძალიან უყვარდა ირაკლი ჩარკვიანი და ნინო ქათამაძე. ''ყვავილების დედოფალას'' მიმღეროდა. სმენა არ ჰქონდა და ბოხბოხა ხმით უსმენოდ ბოლო ხმაზე მიმღეროდა. მისი ყველაზე საყვარელი სიმღერა იყო ''საით მიფრინავენ თოლიები'' ნინო ქათამაძის შესრულებით. გია ყანჩელი უყვარდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ შეიძლებოდა, ასეთი მელანქოლიური სიმღერები მოსწონებოდა. ალბათ გრძნობდა ბიჭი, რომ მოკვდებოდა. მის გარშემო ამას ვერავინ მივხვდით. საოცრად ერთგული იყო. არეული პირადი ცხოვრება ჰქონდა და რომ ვამბობდი, ერთგულია-მეთქი, ეცინებოდათ. ვინც უყვარდა, იმისთვის ყველაზე ერთგული იყო. ყველაზე ერთგული შვილი იყო, ყველაზე ერთგული მეგობარი და ჩემთვის იყო ყველაზე ერთგული ქმარი. დარწმუნებული ვარ, ჩემთვის ფიქრებშიც არ უღალატია. გადაწყვიტა, რომ ნინა უყვარდა და ბოლო წამამდე უყვარდა ნინა.
- კულტურის სამინისტროში მუშაობდი. ახლა სამსახურთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
- თენგოსთან რომ დავიწყე ურთიერთობა, იმდენად დიდი დოზით ვიყავით ერთად, რომ სამსახურში სულ მაგვიანდებოდა და დამაქვეითეს. ახლა სამსახური არ მაქვს. ჩვენ რომ დავშორდით, ძალიან განვიცდიდი და სამსახურში სიარულიც აღარ მინდოდა. დავწერე განცხადება და წამოვედი. ახლა ვეძებ სამსახურს. მორალურად მჭირდება. მაშინ გამომდის ყველაფერი და იდეებიც მაშინ მომდის, როცა ცუდად ვარ და ამაზე ცუდად ღმერთმა აღარ მამყოფოს. ზაფხულში სტუდიაში შევალ და სიმღერებს ჩავწერ. შეიძლება, ბენდიც შევკრიბო.
- თენგო გესიზმრება?
-მხოლოდ ორჯერ დამესიზმრა. ერთხელ ორივე ვტიროდით, მითხრა, მაპატიე ყველაფერიო და ვერ მივხვდი, რა უნდა მეპატიებინა, მალევე გაქრა. მეორედ ტელევიზორის წინ იწვა და ვკითხე, რამე ხომ არ გინდა-მეთქი. გოჭის მეძახდა და სიზმარში მითხრა, გოჭი, მალე მოდიო. გული მისკდებოდა, ვამბობდი, ვაიმე, მართლა არ წამიყვანოს-მეთქი. ეტყობა, დაინახა, როგორ მეშინოდა და დამტოვა. აღდგომას გარდაცვალების მეორმოცე დღე ჰქონდა. ამაზე რომ ვფიქრობ, ცოტა მშვიდად ვარ. სამოთხე გარანტირებული ჰქონდა და ის ისეთი კეთილი იყო, რომ შანსი არაა, სხვაგან მოხვედრილიყო. გადარეული იყო, მაგრამ კეთილი. თენგო ჩემი მფარველი ანგელოზია. ერთად დიდხანს არ გვიცხოვრია. მხოლოდ წელიწადი და ორი თვე ვიყავით ერთად, მაგრამ კინო დამიტოვა. ბევრჯერ გავუღვიძებივარ ღამე და წვიმასა და თოვლში ფეხით გვივლია. სულ გულებს მიხატავდა. წერილებს მიწერდა და სხვადასხვა ადგილას მიტოვებდა. ბევრჯერ დაუწერია, მიყვარხარ მთელი ცხოვრება და მერეც. რომ გარდაიცვალა, რამდენიმე ასეთი წერილი კიდევ ვიპოვე. ჩემს სიმღერასაც ასე ერქმევა, ''მიყვარხარ მთელი ცხოვრება და მერეც...''

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ჯონი
ეს ზემოთა ტუჩი ცუდად აქვს გაბერილი,აუშნოებს.ბუნებრივი ჯობდა
09:21 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
არც გორში?;)))
04:56 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თემური
ნინა ძალიან მომწონდა როცა იყო ნინო და როცა ჰქონდა თავისი ბუნებრივი ცხვირი,ტუჩები....და ასე შემდეგ.რატომ გადაიკეთა სახელი თუ გარეგნობა ამ მშვენიერმა გოგომ არვიცი.ახლა მხოლოდ თავისი ბუნებრივი ხმა და ლამაზი საუბარი აქვს შერჩენილი.მაინც მიყვარხარ მაგრამ ნაღდი ნინო წკრიალაშვილი სულ სხვა ხიბლიანი იყავი.უფალი გფარავდეს
19:49 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუბა
ძალიან სამწუხაროა მაგრამ დრო გადაგატანინებს და ხსოვნაში შემოგრჩება..გისურვებ წარმატებებს და არ ღირს პირადის ესე ხმამაღლა გაპიიარება ისევე როგორც ნაციონალებისტვის ტავის მოკვლას რომ აპირებდი,საკმაოდ იაფასიანი სვლაა.
02:55 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
ბრალი იმისი ვინც მოკვდა ტორე ნინა არაა ის ასობა რო. ტავი მარტო დაიტოვოს,ვერ ვიტან ორგანულად ამ ქალს,ეტყობა პიარის ახალი ფორმაა ეს,კვნესა გოდება,აქამდე გეპიქრა ტ. ესე გიყვარდა.ტუმცა რას გაიგებ.....
21:12 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS