02 ივნისი, 2014
რატომ გადაიღო სტეფანემ ''სელფი'' ტუალეტში - ''მე ეს საქმე ვიცი და მომენდნენ''...
მეშინია ჟურნალების, გაზეთების, ჟურნალისტების, ბეჭდური მედიის მეშინია მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი კონკურსის ჟიურიში გამოჩნდა, სტეფანე და გიორგი გაბუნია ერთმანეთს გამუდმებით ეპაექრებიან. თუმცა, როგორც თავად ამბობს, სტეფანეს ტელეწამყვანის ადვოკატობა აქვს შეთავსებული. ჟიურიში მუშაობა მუსიკოსისთვის უცხო აღარ არის, მაგრამ კონკურსანტების ''გაწირვა'' ძველებურად რთულია... ''X ფაქტორის'' მენტორს ''რუსთავი 2''-ში ვესტუმრეთ და პროექტზე, ''ევროვიზიაზე'', ტუალეტში გადაღებულ ''სელფიზე'' და ცოტაოდენი პირადზეც ვკითხეთ.

- სტეფანე, ათი კონკურსანტიდან ექვსის ''გაწირვა'' მოგიხდა, ყველაზე დრამატული მომენტი რომელი იყო შენთვის?
- მთელი ტურის განმავლობაში
იყო ეს მომენტი. მანამდე ათივე კონკურსანტი გავიცანი, გვქონდა რეპეტიციები და თითოეული ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის, თუმცა რეპერტუარის მხრივ დიდად არ ჩავრეულვარ, არ ვიცოდი, ვის დავიტოვებდი და რომ გამეშვა, ხომ შეიძლებოდა ეთქვა, შენ არ შემირჩიე სიმღერა, ახლა რატომ არ მოგწონსო. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადე, არ ჩავრეულიყავი, თუმცა ვისაც ძალიან ''პაპსა'' სიმღერები მოჰქონდა, ვთხოვდი, იქნებ, შეეცვალა არჩევანი.
- მახსოვს, ''ახალ ხმაში'' ხშირად გაკრიტიკებდნენ ამა თუ იმ კონკურსანტის ''გაწირვის'' გამო, წერდნენ, რომ არაობიექტური ხარ, რომ არ გესმის მუსიკა. ამ პროექტში თუ ყოფილა მსგავსი აგრესია შენზე?
- თიკა ბალანჩინზე დასწყდათ გული, თიკაზე მეც ძალიან დამწყდა გული, მაგრამ კრიტიკის ქარ-ცეცხლი ამ ჯერზე ნამდვილად არ ყოფილა. როგორც ჩანს, ხალხი მიეჩვია იმას, რომ მე ეს საქმე ვიცი და მომენდნენ.
- მომეჩვენა, თუ სალომე ტეტიაშვილი არ არის შენი ფავორიტი?
- არა, არ არის ასე, პირიქით, სალომე ტეტიაშვილი ჩემთვის, როგორც პროდიუსერისთვის, არის გამოწვევა, რამდენად შემიძლია, ის აქაურ რეალობას მივაწოდო.
- ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ სალომეს გამოსვლას მოჰყვა შენი ასეთი ფრაზები, რა უფლება მაქვს, ხალხის რჩეულს მხარი არ დავუჭიროო. ანუ ის, რომ შენ სალომე მოგწონს, როგორც ვოკალისტი, მომღერალი, არც ერთ ტურზე არ გითქვამს.
- მერე რა. სალომეს არ განვიხილავ, როგორც ვოკალისტს, ტეტიაშვილი არ არის ვოკალისტი, ის არის მდგომარეობა.
- სოციალური მდგომარეობა?
- არა, სალომე არის შემოქმედებითი მდგომარეობა. ის არის ხალხის რჩეული. ის არ არის ვოკალისტი, ვოკალისტი არის სოფო სააკაშვილი.
- მაგრამ შენ ის დატოვე გუნდში, როგორც ჩანს, მისი იმედი გაქვს.
- იმედი ერთია და მეორე არის გამოწვევა, როგორც პროდიუსერისთვის, რომ ვიმუშაო ქართულ ბაზარზე და გავუგო ქართველ ხალხს. აქამდე არ მესმოდა ქართველი მსმენელის, ჩემთვის მიუღებელი იყო ტენდენციური, პოპულარული მომღერლები, რომლებიც მოდაში იყვნენ და რომელთა სიმღერებსაც უსმენდა მასა.
- დღეს რა შეიცვალა?
- ასეთი მომღერლები დღემდე მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ჩემი პროფესიის მიმართ. ანუ, თუ ვმუშაობ ამ ქვეყანაში, ნება უნდა ვიბოძო და გავითვალისწინო იმ ადამიანების აზრი, გემოვნება, რომლებისთვისაც ვმუშაობ. გემოვნება აბსტრაქტული ცნებაა, მთავარია, არ იყოს უხარისხო, თორემ გემოვნებაზე ხომ არ დავობენ. მე არ ვარ გემოვნების მეტრი.
- თუმცა მახსოვს შენი განსაკუთრებული გაღიზიანება, როცა რომელიმე კონკურსანტი რუსულ სიმღერას ასრულებდა.
- ამ პროექტში წარმოდგენილი რუსული სიმღერები იყო მდაბიო ხარისხის. ამას ემატება ჩვენი დამოკიდებულება, თუნდაც პოლიტიკური. მე მიმაჩნია, რომ ეს სახელმწიფო ''ბეზპრიდელნად'' ოკუპანტია ჩვენი ქვეყნის და ხელს გვიშლიან განვითარებაში. ვინც ამაში არ მეთანხმება, მათი პრობლემაა, ბრტყელტვინიანი და ერთუჯრედიანი პრობლემა. ამიტომაც არ მინდა, ამ რაოდენობის დაბალი ხარისხის რუსული ესტრადის აგიტაცია ქართული ტელევიზიით მიმდინარეობდეს.
- თუმცა, ერთ-ერთ სიმღერაზე იცეკვე კიდეც.
- რა მოხდა მერე, სხვათა შორის, რუსული ენა უკეთ ვიცი, ვიდრე ქართული.
- ინგლისური?
- ინგლისური დაახლოებით ისევე, როგორც ქართული და სპეციალურად ვლაპარაკობ ინგლისურადაც და რუსულადაც ქართული აქცენტით. და ის ადამიანებიც ერთუჯრედიანები არიან, რომელთაც ჰგონიათ, რომ ადამიანმა თუ რომელიმე ენა იცის, აუცილებლად იმ ერის აქცენტით უნდა ილაპარაკოს.
- მომესმა, თუ ახლა თქვი, რომ ქართული აქცენტით სპეციალურად გამოთქვამ ინგლისურ სიტყვებს?
- არა, არ მოგესმა, ზუსტად ასე ვთქვი.
- კი მაგრამ რატომ?
- იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ეთიკის ნორმა. ეს მათთვის არის გაუგებარი, ვისაც არაფერი გაეგება ცხოვრებაში. სირცხვილია, რუსეთში გამართული რუსული აქცენტით ილაპარაკო ქართველმა ან ინგლისში - გამართული ინგლისურით.
- პროექტს დავუბრუნდეთ, მახსოვს, ''ახალი ხმის'' დროს ამბობდი, ნიკა ლაზარიაშვილით პროექტი უნდა მოვიგოო. ახლა თუ გყავს ასეთი გუნდში, ვინ არის შენი კოზირი?
- დღეს ოთხივე ასეთია. ''ახალ ხმაში'' რა მარაზმიც მოხდა ესემესების კუთხით, ყველამ კარგად იცის. ამაზე არც ღირს ლაპარაკი. გადაცემას დაბალი რეიტინგი ჰქონდა და ამიტომაც არ იყო მაყურებლის აქტივობა. თვითონ ამესიჯებდნენ, როგორც სოფლის კლუბში. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, შენ უნდა დაამესიჯო, როგორც სხვა მწვრთნელები იქცევიანო. მივხვდი, რომ ფული ტყუილად უნდა გადამეყარა და უარი ვთქვი. ამიტომაც გავედით ბოლო ადგილზე. სამაგიეროდ, ნიკას ვუყიდე ბილეთი ევროტურში და ძალიან მაგარ კონცერტებს დავესწარით ერთად იმ ფულით, რაც გზავნილებში ტყუილად უნდა დაგვეხარჯა.
- ნიკასთან ერთად ახლახან ამსტერდამშიც იყავი...
- მხოლოდ ნიკასთან არა, მეგობრები წავედით. საქმიანიც იყო ეს ვიზიტი და დასვენებასაც ითვალისწინებდა. 5 ღამით ვიყავით, ძალიან კარგად გავერთეთ... რაც შეეხება ჩემს დღევანდელ ოთხეულს ''X ფაქტორში'', ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. ერთს თუ სულიერი სიძლიერე აქვს, მეორეს - ვოკალური, მესამეს პროფესიონალური ტექნიკა აქვს, მეოთხეს - ცოტა-ცოტა ყველაფერი.
- სხვა მენტორების გუნდებიდან ვის მიიჩნევ მთავარ კონკურენტად, ჯგუფებს რომ თავი დავანებოთ?
- ვერ გეტყვი. ვოკალურად არავისი მეშინია. თამთას ჰყავს ხანჩალიანი, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩემებისგან, მის გუნდში მომწონს ნათიაც, რომელიც არანაირად არ არის ჩემი კონკურენტი. გიორგის გუნდიდან მომწონს მიშო ელიავა, რომელიც ასევე არ არის ჩემი კონკურენტი.
- გაბუნიას ადგილზე რომ ყოფილიყავი, მისი ოთხეული ისეთივე შემადგენლობის იქნებოდა, როგორიც დღეს არის?
- ერთ ბიჭს აუცილებლად ავაყენებდი, პატარა საბასთვის რომ დამეთმო ადგილი. მე მაინც მიმაჩნია, რომ საბა გენიოსია.
- საბას გამო გაბუნიამ ხუმრობით კინაღამ პროექტიც დაგატოვებინა, ეს დადგმული იყო თუ სპონტანურად მოხდა?
- (იცინის) არა, წინასწარ არაფერს არ ვდგამთ. ამ გადაცემას ერთად ვუყურეთ მე და გიორგიმ, ერთ დივანზე ვისხედით. მერე ''სელფიც'' დავდეთ ''ფეისბუქზე''.
- ერთ-ერთი კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ გიორგიმ თქვა, ''მართალია, ასეთი მომღერლები საქართველოს არ ჰყავს, მაგრამ სამაგიეროდ, ჰყავს სტეფანეო''. შენ დაკონკრეტებას ითხოვდი, რაზეც გიორგიმ უარი თქვა. შემდეგ მაინც აგიხსნა, რისი თქმა უნდოდა?
- არა, ხომ ვაბობ, აფრენს-მეთქი. მართლა აფრენს. სტეფანემ თმა აქნიაო, რომ თქვა, მერე ვკითხე კულისებში, შენ ჩემზე მეტი თმა რანაირად გაქვს-მეთქი და დამეთანხმა, არ მაქვსო. მისთვის მთავარია, იმ მომენტში რამე თქვას, მერე პასუხს აღარ აგებს. ალბათ ერთგვარი ჟურ-ნალისტური ხრიკია.
- მგონი, გიგებს გიორგი საუბარში, უნდა იმეცადინო.
- ვერ ვიტყოდი. გააჩნია, ვინ როგორ აღიქვამს ამას. ბევრისთვის მე უფრო მაღლა ვდგავარ იმით, რომ მსგავს სისულელეებზე კომენტარს არ ვაკეთებ.
- გიორგის ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ''ფეისბუქზე'' გვერდებიც კი შეიქმნა მის წინააღმდეგ.
- ეს სულაც არ მახარებს. ზოგჯერ მის ადვოკატობასაც კი ვითავსებ, ფაქტობრივად, მის ადვოკატად ვმუშაობ.
- არ ფიქრობ, რომ გიორგი შეფასებებში ზოგჯერ ზედმეტად უხეშია?
- ასეა, ხშირ შემთხვევაში ამეტებს ჟიურის კომპეტენციას. ბევრჯერ არაკორექტულიც იყო. არავის აქვს უფლება, ვინმე ჩაცმის სტილის გამო გაკიცხოს. ამაში ნურავინ შემედავება. კიდევ კარგი, რომ პროდიუსერებმა გადაარჩინეს და გადაცემიდან ბევრი რამ ამოჭრეს.
- პროექტში იყო რამდენიმე მონაწილე, რომელიც პირველ ტურში არ გვინახავს და უცებ ათეულში გაჩნდნენ. რა მოხდა?
- ამას პროდიუსერები წყვეტენ, ვინ აჩვენონ და ვინ - არა. ალბათ არ იყო საინტერესო მათი გამოსვლა. ალბათ ხმაურიანი ნომრები აწყობთ გადაცემის რეიტინგიდან გამომდინარე.
- როგორ შეიძლება, უინტერესო ყოფილიყო ანრი ღუდუშაური, მიშა შაყულაშვილი. ესენი ხომ თქვენივე გადაწყვეტილებით საუკეთესო ათეულში მოხვდნენ?
- არ ვიცი, ეს შეკითხვა პროდიუსერებს უნდა დაუსვათ.
- კარგი, შევცვალოთ თემა... ტუალეტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნე ''ფეისბუქზე''. რატომ?
- ყველა მხრიდან ''სელფი'', ''სელფი'' მესმოდა და დავდე მეც. ვფიქრობ, დიდი არაფერი მომხდარა ამით, იქ მაინც არაფერი ჩანს. ჩემი მეგობრის, უცნობილესი, გენიალური ადამიანის ტუალეტშია გადაღებული ეს ფოტო.
- პირადზეც მინდა გკითხო, მოახერხეთ შენ და მაიამ ცივილიზებული ურთიერთობის შენარჩუნება დაშორების შემდეგ?
- იქამდეც ძალიან ცივილიზებული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს დღემდე. ვურეკავთ ერთმანეთს. დიდი ხანია, ბავშვი ერთად არსად წაგვიყვანია, მაგრამ შესაძლებელია, ასეც მოხდეს.
- ბავშვმა როგორ გააცნობიერა ის, რომ მისმა მშობლებმა ცალ-ცალკე უნდა იცხოვრონ?
- ჯერ ვერაფერს ხვდება... არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- დასასრულ, ''ევროვიზიის'' შეფასებაც უნდა გთხოვო.
- არ ვიცი, ეს რა იყო. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. ეს ყველაფერი აღვიქვი, როგორც ავანგარდი. ყოველთვის ვუგებ მუსიკოსებს, შემოქმედ ადამიანებს, მაგრამ ეს მინიმუმ ვერ გავიგე.
- მაქსიმუმ?
- (იცინის) მაქსიმუმ აღარ ვიტყვი.
- იქნებ, მაინც გვითხრა?
- მეშინია ჟურნალების, გაზეთების, ჟურნალისტების, ბეჭდური მედიის მეშინია.
- კარგი, ზღაპრებს ნუ ჰყვები...
- (იცინის) არა, მართლა მეშინია.
- ქართველ გამომსვლელზე რას იტყვი?
- ფანტასტიკური გოგონაა, ჯგუფიც არაჩვეულებრივია, მაგრამ პროდიუსერული შინაარსი ვერ გავიგე, რას ემსახურებოდა. მიმაჩნია, რომ ვინც მოიგო, აბსოლუტურად სწორად მოიგო. ყოველ შემთხვევაში, მე რა ნომრებიც ვნახე, ყველას ჯობდა. თუ ეს არის სიმღერის კონკურსი, სიმღერა კარგი იყო, შოუც - არანაკლები დანარჩენებთან შედარებით. რა მნიშვნელობა აქვს, იმ გოგოს წვერი ჰქონდა თუ ულვაში? საინტერესო იყო, არასდროს მინახავს ქალი წვერებში.
- მოგეწონა?
- ქალი წვერით მომეწონა (იღიმება).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სალოო
ანუ სოფო არის ვოკალისტი და სალო არა :D გამაცინე :D
17:20 / 04-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნან
სტეფანე,კარგი პიროვნება ხარ,გაფასებ როგორც ადამიანს და როგორც მუსიკოსს.
16:03 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS