02 ივნისი, 2013
წისქვილი მე-9 სართულზე , ჯარი , რომელიც ზონას ჰგავდა და მიშა ანდღულაძის გამართლებული სიყვარულის ამბავი
მარტო იჯდა დარბაზში, რაღაცნაირად, თავისუფლად. დააფიქსირა, რომ სხვანაირად ვუყურებდი. მერე ნიკას დაბადების დღეზე ვნახე, იმ დღის მერე გავწყვიტეთ ურთიერთობა და მერე თვითონ მომწერა მესიჯი. ძალიან გამიხარდა, თავიდან ვერც ვიფიქრებდი, თუ მოვეწონებოდი. მიშა ანდღულაძეს ინტერვიუსთვის იმ დროს მივადექი, როცა „კომედი შოუს“ ჩაწერის დაწყებას შვიდი წუთი აკლდა. საშინელ დროს მოხვედი, შეიძლება შუა ინტერვიუდან გავიქცეო, მითხრა. ძალიან ვეცადე, 10 წუთში ინტერვიუ სრულყოფილი გამოსულიყო.

- მიშა, დღეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მინ
და ვისაუბროთ და მოდი იმ გამოცდილებიდან დავიწყოთ, რომელიც მიიღე მშობლებისგან, ოჯახისგან და იმ გარემოდან, რომელშიც იზრდებოდი.

- თბილისში დავიბადე, ნომერ პირველ სამშობიაროში. გავიზარდე გლდანის მე-2 მიკრორაიონში. გლდანს ჩრდილოეთიდან გადმოჰყურებს ისეთი ლამაზი მხარე, როგორიც არის თემქა, აღმოსავლეთიდან - თბილისის ზღვა და დასავლეთიდან - ამერიკა, სწორედ ამ გარემოში აღვიზარდე და ჩამოვყალიბდი მებრძოლ პიროვნებად.
- მშობლებზე რას მეტყვი, რა პროფესიის არიან...
- დედა სტომატოლოგია, ამჟამად დიასახლისი, მაგრამ ამას წინათ ვიყავი მასთან და საოცარი ოსტატობით ამომიღო სიბრძნის კბილი. სერიოზული ქირურგია, თუმცა თვითონ უსწავლია ქირურგობა, ისე თერაპევტია. მამა ინჟინერ-მექანიკოსი გახლავთ და თავისი სპეციალობით მუშაობს. ჩემი ძმა დროებით უმუშევარია და როდემდე, არ ვიცი!
- უფროსია შენზე?
- კი, ოთხი წლით. ოჯახი არ აქვს ჯერ. არ ვიცი, რა მოვუფიქრო... ეზოში ვარ გაზრდილი. დებილობებს ვაკეთებდით ბავშვები. ქვის, „სურიკისგან“ და „ბრონზისგან“ ასაფეთქებლებს ვაკეთებდით.
- რისგან?
- ქვის, „სურიკის“ და „ბრონზისგან“. არსებობს ასეთი ქიმიური შემადგენლობა, გლდანელებმა მოიფიქრეს.
- მშობლებისგან ვინ უფრო მკაცრი იყო?
- არც ერთი. უბრალოდ, მამაჩემის რიდი უფრო მქონდა. ალბათ იმიტომ, რომ დედასთან უფრო ხშირად ვიყავით. მამის ხათრი აქვთ ხოლმე ბავშვებს.
- და შენც ხათრიანი იყავი ვითომ?
- არა, ჩემზე უფრო ცელქი ითქმოდა. როგორც ჰყვებიან, ძალიან რთულად აღსაზრდელი ვყოფილვარ.
- სამაგალითო დასჯა გახსოვს?
- არ მსჯიდნენ. მამაჩემს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, სანამ არ ესმის ბავშვს, მის დასჯას აზრი არ აქვს. რომ გაიზრდება, მერე გაუბრა-ზდითო. რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ გაკეთებაც ისეთივე წარმატებით შემეძლო, როგორითაც გაფუჭება და დავიწყე კეთება.
- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლებისგან?
- კი. დედაჩემმა იცის ხოლმე ასეთი ფრაზების თქმა, - რად გინდა მანქანა ჯერ. რომ ვეუბნებოდი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუხერხულება ასვლა, ხალხი ყურადღებას რომ მაქცევს-მეთქი,- ნეტავ ერთი, ვინ გაწუხებსო, მეუბნებოდა.
- არ ამაყობს დედა შენით?
- არ უყვარს ამის აფიშირება, არასდროს მაქებდა. ერთი ნათესავი მყავს, თავის შვილზე ამბობს, ბავშვი გაკვეთილზე თუ არ არის, მასწავლებელი გაკვეთილს არ ატარებსო. საბედნიეროდ, დედაჩემი ამ კატეგორიას არ ეკუთვნის. საქვეყნოდ შვილების ქება-დიდება ჩემს მშობლებს არ უყვართ. ისე, კოჭებში მეტყობოდა, რომ განვითარებადი ტიპი ვიყავი, დასვი და თვითონ გაივლის ბაღანაო, რომ ამბობენ, ჩემზეა ნათქვამი.
- ეზოში გავიზარდეო, მითხარი, ე.წ. ქუჩის აკადემია თუ იყო შენს ცხოვრებაში და ამ პერიოდმა რა მოგცა გამოცდილების თვალსაზრისით?
- ეზოში რომ ვიზრდებოდი, ბევრ რამეს თვითნებურად ვსწავლობდი. ქუჩური ბაზარი ვიცოდი, მაგრამ არ მიხდებოდა. დღემდე არ მიხდება სიგარეტი, ქუჩური ბაზარი და ძველბიჭობა, თუმცა მაინც მიწევდა, გარემოდან გამომდინარე, მაგრამ ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს.
- ეკონომიკური მდგომარეობა როგორი იყო ოჯახში?
- მოგეხსენებათ, 90-იანი წლების შვილი ვარ. მაგ პერიოდში ვისწავლე მიწაზე მუშაობა, კარტოფილის მოყვანა, წისქვილის ჩართვა-გამორთვა, მინდის აღება. დღესაც გვაქვს მე-9 სართულზე წისქვილი, ახლა უკვე ოჯახის რელიკვიაა, ანტიკვარი. ხომ იცი, წისქვილი რა არის?
- წისქვილი როგორ არ ვიცი, მაგრამ მეცხრე სართულზე რა უნდა, მაგას ვერ ვხვდები.
- რთული მისახვედრია. „თელასიდან“ რომ ხალხი მოცვივდა, ვერც ისინი მიხვდნენ, ეგონათ წყალზე ვამუშავებდით.
- ნუ გადამრიე, რად გინდოდათ წისქვილი სახლში?
- ვამუშავებდით. ეს იყო ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო. ათი თეთრი ღირდა კილოგრამი ფქვილის დაფქვა. და თქვენ წარმოიდგინეთ, მე-9 სართულზე მოდიოდა კლიენტი უშუქობისა და ულიფტობის დროს. იმ პერიოდში მამაჩემმა სოფელს ელექტროენერგია გაუყვანა და დმანისის რაიონის სოფელში სახლი მოგვცეს მიწის ნაკვეთით. ვამუშავებდით მიწას.
- ე.ი. არ ხუმრობდი, კარტოფილის მოყვანა ვისწავლეო, რომ ამბობდი.
- არა, მშობლებს მაქსიმალურად ვეხმარებოდი. მოკლედ, რამე რომ იყოს და სამსახური დავკარგო, არ გამიჭირდება.
- პირველი სამსახური, პირველი ხელფასი თუ გახსოვს?
- მამა ერთი პერიოდი მეგობართან ერთად პოლიეთილენის ქარხანაში მუშაობდა. ცელოფნებს უშვებდნენ. მე და ჩემი ძმა ვეხმარებოდით. ჩემმა ძმამ 300 ლარის პროდუქცია დაამზადა, მაგრამ არ მისცეს, გაფორმებული არ იყო. დანადგარი იყო რაღაც, გადმოსწევდი, ფეხს დაარტყა-მდი, მოიჭრებოდა და მზად იყო. 15 ლარი მომცეს მე. არ მახსოვს რაში დავხარჯე.
- პროფესია როგორ აირჩიე?
- დედამ მირჩია, სტომატოლოგიას გავყოლოდი. დავუჯერე. მანამდე სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება ჩუმად, პარალელურად ვხატავდი, მაგრამ არ გამომივიდა ეგ ამბავი, ჯარში წამიყვანეს. დედაჩემმა დამიხსნა იმ ავადსახსენებელი ჯარიდან. საშინელება იყო, ზონაზე ვიყავით ფაქტობრივად. „კავეენს“ მე-5 კლასიდან ვთამაშობდი. ჯარიდან დახსნის მერე გავაგრძელე „კავეენის“ თამაში და ასე გავიქაჩე რა...
- ჯარმა რა გამოცდილება მოგცა?
- არაფერი, საშინელება იყო. - დამოუკიდებლად ცხოვრებას მაინც ხომ სწავლობენ ჯარში?
- მეც ეგრე მეგონა, მაგრამ სტრესის მეტი არაფერი მახსენდება.
- რის გამო გქონდა სტრესი?
- წარმოიდგინე, დილას დგები, რაღაცნაირ სახეებს უყურებ, ყველა ცდილობს, ძალა დაგანახვოს, უცნაურად ბლატაობენ, თან უცნაური კილოთი. არაფერს არ აკეთებ, უაზროდ ხარ, გავგიჟდი კინაღამ. თუმცა რაღაც საქმე იქაც ვნახე, გიტარა მქონდა, ტუჩის გარმონი გავაკეთე, კედლის გაზეთს ვხატავდი სერჟანტის კანცელარიაში. ერთი დღის დასახატს ერთი კვირა ვხატავდი. ორნი ვიყავით. ერთი რომ ხატავდა, მეორეს ეძინა და თუ ვინმე გამოჩნდებოდა, ვაღვიძებდით ერთმანეთს. სამ თვეს გაგრძელდა ეს ტრაგედია. დედაჩემმა გადამარჩინა, ის არის ჩემი წარმატების ერთ-ერთი მონაწილე. მერე პოლიციის აკადემიაში სასულე ორკესტრში ვუკრავდი ჯარის სანაცვლოდ. დილას მივდიოდი, დავუკრავდი, გაივლიდა მწყობრი და მოვდიოდი სახლში. ეს იყო ჩემი ჯარი.
- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?
- ქალთან როდის ვიყავი პირველად, ეგ გაინტერესებთ?
- არა, პირველად როდის შეგიყვარდა, ის.
- მე-4 კლასში. მზესუმზირას ვყიდულობდი ყოველდღე ერთი გოგოსთვის და მერე მივხვდი, რომ მიყვარდა. აბა, რატომ ვყიდულობდი?! მერე მე-7 კლასშიც მიყვარდა ერთი გოგო, მე და ერთ ბიჭს გვიყვარდა.
- ჩხუბობდით?
- არა, გვიხაროდა, რომ გვიყვარდა. მერე სხვა სკოლაში გადავიდა ის გოგო. შემდეგი შეყვარებული წინას ჰგავდა, არ გამიმხელია სიყვარული.
- გიმართლებდა სიყვარულში თუ ცალმხრივადაც იყავი შეყვარებული?
- არა. ბოლოს გამიმართლა, ცოლი რომ მოვიყვანე, მაშინ.
- ანუ, როგორც კი ვიღაცას შეუყვარდი, ცოლად მოიყვანე?
- ჰო, ეგრე გამოდის. მარიამი ნიკა გრიგოლიას დაბადების დღეზე გავიცანი. ის მიხვდა, რომ მე მე ვიყავი და მე მივხდვი, რომ ის ის იყო.
- ნანულივით ნუ მიყვები შენი სიყვარულის ისტორიას. სად არის რომანტიკა?
- „კავეენს“ ვთამაშობდი, პირველად რომ დავინახე, იმ დღეს უნივერსიტეტის ჩემპიონი გავხდი „კავეენში“ და ყურადღების ცენტრში გახლდით. ჩემი მომავალი მეუღლე მარტო იჯდა დარბაზში, რაღაცნაირად, თავისუფლად. დააფიქსირა, რომ სხვანაირად ვუყურებდი. მერე ნიკას დაბადების დღეზე ვნახე, იმ დღის მერე გავწყვიტეთ ურთიერთობა და მერე თვითონ მომწერა მესიჯი. ძალიან გამიხარდა, თავიდან ვერც ვიფიქრებდი, თუ მოვეწონებოდი.
- ე.ი. მისი გულის მოსაგებად ბრძოლა არ დაგჭირვებია...
- ჰო, არა, ვარდებს რომ ყიდულობენ, ტაქსით უშვებენ სახლში და 5 ლარს ურიცხავენ ტელეფონში, ასეთი რამეები არ დამჭირვებია, არც მისი ფანჯრის წინ მიმღერია. მეგობრების შეყვარებულს კი ვუმღერე ერთხელ, ოღონდ სულ ტყუილად. ან მე რას მერჩოდა ეს გაჭირვებული და ან იმ გოგოს, არ ვიცი. ინგლისურის მასწავლებელი იყო თურმე ის გოგო და მეც ამ ენაზე ვმღეროდი, თან ტექსტი არ ვიცოდი, ფურცელი ხელში მეკავა და ვკითხულობდი. პირველი, რაც იმ გოგომ გვითხრა - ტექსტი მაინც გესწავლაო.
- მიშა, თავად რა გამოცდილებას უზიარებ 3 წლის შვილს?
- ჯერჯერობით არაფერს, იზრდება თავისთვის (იცინის), გვეხმარებიან ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახებიც, მაგრამ საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ მოსე ჩვენი გაზრდილია. იმხელა გამოცდილება მივიღე ამ მხრივ, რომ შეგიძლიათ, ჩვილი ბავშვი დამიტოვოთ მოსავლელად. დაბანაც შემიძლია, დაძინებაც, პამპერსის გამოცვლაც...
- რამდენჯერ შეასრულე ქალის როლი „კომედი შოუში“, შეიძლება რძეც ჩაგიდგეს მალე...
- შეიძლება, ველოდები.
- მეუღლე რას საქმიანობს?
- ამჟამად არ საქმიანობს. მინდა, მანქანის მართვა ისწავლოს, არ მჭირდება მისი მუშაობა. ჯობია, ერთი გამოძინებული ადამიანი მაინც იყოს ოჯახში. მე სულ გამოუძინებელი ვარ. დიდი კომფორტი იქნება, თუ დავლევ და საჭეს ჩემი მეუღლე მიუჯდება.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
dachi
მაგარი კაცია
17:36 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
არც მე
16:52 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
არ მევასება ნაციონალი მიშა ანდღულაძე,აბა ახლა მეცით ნაციონალებო
14:02 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS