02 ივნისი, 2013
როგორ იხსენებს საზარელ დღეს უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოგდებული გვანცა ადამია
ღვიძლზე ნახეთქი ჭრილობები მქონდა, საიდანაც სისხლდენა განვითარდა. ორი ლიტრი სისხლი იყო მუცელში ჩაღვრილი. ოპერაცია გამიკეთეს. დაბე-ჟილი იყო მარჯვენა ფილტვი. გატეხილი მაქვს ნეკნი და მენჯის ძვალი. ერთი თვის წინ უნივერსიტეტში მომხდარმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ვანო ღონღაძემ თანაკურსელი გოგონა მესამე სართულიდან გადმოაგდო. დედისერთა გვანცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მის საბოლოო გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება. სწორედ „რეიტინგის“ წყალობით შეიტყო ჩვენმა მკითხველმა, რომ გვანცა ქართლოს ნატროშვილის ნათესავია. ერთ-ერთი ვერსიით, გვანცას და ვანოს კამათი სწორედ პრეზიდენტის პაროდისტთან გადაღებულ ფოტოს
მოჰყვა, რომელიც გვანცამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათავსა.
22 წლის გვანცას საავადმყოფოდან გამოწერის ამბავიც ქართლოსისგან შევიტყვეთ და ვთხოვეთ, მასთან სახლში მივეყვანეთ. ქართლოსი არ დაგვზარდა. მაშ ასე, ექსკლუზიური ინტერვიუ შემთხვევის მთავარ გმირთან, გვანცა ადამიასთან.
- გვანცა, მიხარია რომ უკეთ ხარ, რას ამბობენ ექიმები, ფეხზე როდის გაივლი?
- ღვიძლზე ნახეთქი ჭრილობები მქონდა, საიდანაც სისხლდენა განვითარდა. ორი ლიტრი სისხლი იყო მუცელში ჩაღვრილი. ოპერაცია გამიკეთეს. დაბეჟილი იყო მარჯვენა ფილტვი. გატეხილი მაქვს ნეკნი და მენჯის ძვალი. 20 დღის შემდეგ რენტგენი უნდა გადამიღონ და თუ არასწორად შეიზარდა ძვალი, შეიძლება კიდევ დამჭირდეს ოპერაცია.
- სანამ შენ საავადმყოფოში იწექი, თბილისში უკვე ყველამ გაგიცნო, არაერთი ვერსია გავრცელდამომხდარის შესახებ. გვიამბე თქვენი ამბავი, შენ და ვანო შეყვარებულები იყავით?
- შეყვარებულები არ ვყოფილვართ. კურსელები ვართ და რამდენიმე საგანს ერთად გავდიოდით, ერთად გვიტარდებოდა ლექციები. თავიდან ორი წლის განმავლობაში ისე დამყვებოდა თურმე უკან, რომ საერთოდ არ ვიცნობდი. მორიგი ასეთი თვალთვალის დროს, სექტემბერში დამიძახა და გამომელაპარაკა. ცოტა უცნაური ბიჭი ჩანდა მაშინვე. ყველაფერი ამა და ამ რიცხვში დაიწყოო, მითხრა. იმ რიცხვს ასახელებდა, როცა შევუყვარდი. ისიც მითხრა, იმ დღეს რა მეცვა. ერთ-ერთ წიგნს ახსენებდა, ახალი წაკითხული მქონდა, შენ რომ დაგინახეო. მერე ის წიგნი მაჩუქა. უნივერსიტეტის პროფესორ ირაკლი კობახიძის წიგნია, „დაბრუნება ტერანუოვაში“. საჩუქარს უკან ხომ არ დაგიბრუნებ-მეთქი, ვუთხარი და გამოვართვი. ისიც გამიმხილა, რომ ავადმყოფურად ეჭვიანობდა ყველასა და ყველაფერზე. ყველა გოგოს შენით ვზომავო, მეუბნებოდა, შენ უნდა გგავდესო.
- ისიც ითქვა, რომ ვანოც კარგად სწავლობდა, ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყოო, ასე ახასიათებენ ლექტორები...
- კი. 100%-იანი გრანტით მოეწყო. ძალიან ნაკითხი იყო, წიგნის, ლიტერატურული გმირების ენით ლაპარაკობდა.
- რა უპასუხე სიყვარულზე?
- პირველივე შეხვედრაზე ვიგრძენი, რომ არ მომწონდა. ვუთხარი, სიყვარულს ვერ აგიკრძალავ, მაგრამ ჩემგან იმედი არ გქონდეს-მეთქი. იმ დღის მერე არ მომცილებია, სულ თან დამყვებოდა. იმ ლექციებსაც ესწრებოდა, რომელიც მას პროგრამით არ ეკუთვნოდა. იცოდა, რომ სამი საათი მიგრძელდებოდა ლექციები. ამ ხნის განმავლობაში მეტროსთან იდგა და მელოდა. მე მხოლოდ მეგობრობას ვთავაზობდი და მშვიდად იღებდა ჩემს ამ პასუხს. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, სამი კვირით ადრე რაღაც მომწერა „ფეისბუქზე“. უპასუხოდ დავტოვე. ძალიან გაღიზიანებულმა დამირეკა. დილა იყო. თავს არავის ავაგდებინებ, დებილივით მექცევი, იდიოტი გგონივარო. ისედაც მეზიზღება ეს დედალი ქვეყანა და თუ შენთან არაფერი გამომივიდა, საერთოდ წავალ აქედანო. გავბრაზდი, ასე რომ მელაპარაკა. რის პასუხს მთხოვ, რამე გაგრძნობინე? თუ შენთვის ილუზიებს იქმნი, ეს შენი პრობლემაა-მეთქი, ვუპასუხე. არ მომეშვა, სამ კვირას გაძლევ, მოიფიქრე და პასუხი მითხარიო. არანაირი სამი კვირა არ მჭირდება, ახლავე გეუბნები, რომ ჩვენ შორის არაფერი არ მოხდება-მეთქი, ვუთხარი.
- ამ შემთხვევამდე აგრესია არ გამოუვლენია შენთან, ეჭვიანობის სცენები თუ გაუმართავს?
- კი, როგორ არა, ის რატომ გიყურებდა, ამან რატომ შემოგხედაო, მეუბნებოდა. ერთი-ორ ბიჭს მოვწონდი უნივერსიტეტში. ეს გაუგია და აგრესიას გამოხატავდა მათ მიმართ ჩემთან საუბრის დროს. რას ჰგვანანო, მეუბნებოდა, ჩემს „ფეისბუქსაც“ აკონტროლებდა. ქართლოსთან რომ გადავიღე სურათი ბიძაშვილის დაბადების დღეზე, არ ესიამოვნა.
- როგორი ნათესავია ქართლოსი შენი?
- ბიძაშვილის დეიდაშვილია. დაიწყო ეჭვიანობა ქართლოსზე, რას ჰგავსო, ამბობდა. გრიმს რომ უკეთებენ, კიდევ არა უშავს და ამ ფოტოში არ არის ლამაზი, მე უგრიმოდაც ლამაზი ვარო. პატარა ბავშვივით ლოგიკა ჰქონდა. ბიძაშვილის დეიდაშვილი რანაირი ნათესავიაო, მითხრა.
- ქართლოს, თუ იცოდი ვანო შენზე რომ ეჭვიანობდა?
- ეგ კი არა, ამ ბიჭის არსებობის შესახებაც არაფერი ვიცოდი... „კურიერში“ რომ თქვეს, გოგო გადმოაგდესო, ფოტო არ უჩვენებიათ. მეორე დღეს სოფელში უნდა წავსულიყავი და დეიდაშვილს დავურეკე, რაღაც უნდა გაეტანებინა. ნამტირალევი ხმა ჰქონდა, გვანცა გადმოაგდესო, მითხრა. მაშინ გავიგე, რაც დაგვემართა.
- გვანცა, რატომ არავის უთხარი, ასე რომ გაწუხებდა ვანო, თუ ფიქრობდი, რომ თავად მოაგვარებდი ამ პრობლემას?
- ყველამ იცოდა, რომ მაწუხებდა, ჩემი მეგობრები, დაქალები ცდილობდნენ, მარტო არ დავეტოვებინეთ, რომ ვანო არ მოსულიყო. დედამაც იცოდა ყველაფერი. თან არც ასეთი უსაშველო მეგონა ეს სიტუაცია, ვიფიქრე, თავად მოვაგვარებდი ყველაფერს, რას წარმოვიდგენდი, ასე თუ მოიქცეოდა.
- შეგიძლია, ის საზარელი დღე გაიხსენო?
- იმ დღეს ორი ლექცია გვქონდა ერთად. მერე შუალედი მქონდა მესამე ლექციამდე და ფოიეში ვიდექით. ძალიან მშვიდად მელაპარაკებოდა. ისედაც მშვიდად ლაპარაკობს, ჩუმად. წინა დღეს „ფეისბუქზე“ პოსტი დაუდია, ხვალ ყველაფერი დამთავრდება ჩემთვისაც და მისთვისაცო. დაუდია სიმღერა, რომელიც სიკვდილზე, ჯოჯოხეთზეა.
- მართლმადიდებელია ვანო?
- არა. არ სწამს ღმერთი. ღმერთი არ არსებობსო, ისეთ რაღაცებს ამბობდა დედაოებზე და მამაოებზე, ვერც გავიმეორებ. ეკლესიაში იმიტომ დავდივარ, რომ ჩემს დას უნდაო, მითხრა.
- იმ დღეს იხსენებდი...
- ჰო, ვლაპარაკობდით. მიყვებოდა თავის ამბებს, როგორ დაკარგა ორი მეგობარი და როგორ განიცდიდა ამას. თუ ასე განიცდი, აღადგინე მეგობრობა, რა გიშლის ხელს-მეთქი, ვკითხე. თვითონ აღარ აქვთ სურვილიო, მითხრა. ამ დროს სწორედ იმ ბიჭმა ჩამოიარა, ვისზეც მიყვებოდა, საბა ჰქვია. გამაცნო. ის ბიჭი რომ წავიდა, კიბეების აივანზე ვიყავი გადაყუდებული და ქვემოთ ვიყურებოდი. ვანო უკვე წასული მეგონა. მაგრამ როგორც კამერებმა აჩვენეს, თურმე დერეფანში დადიოდა, აკონტროლებდა სიტუაციას. ხალხი რომ შეცოტავდა, უკნიდან მომეპარა, შარვლის საქამრიდან მომქაჩა, ხელში ამიყვანა და აივნიდან გადამაყუდა. მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვანო იქნებოდა. სამი წამი ვყავდი ასე გადაყუდებული, ხელში ჩემი ფეხები ეკავა, მე მოაჯირს ვებღაუჭებოდი.
- ამ დროს რამეს გეუბნებოდა?
- ეგ აღარ მახსოვს, შოკში ვიყავი. ბოლოს გამიშვა ხელი... თურმე ჩანთაც ზედ მომაყოლა.
- იმ ამბის შემდეგ მისი ოჯახის წევრებთან თუ გქონდა ურთიერთობა, რას ამბობენ?
- დედამისი მოდიოდა თურმე საავადმყოფოში. ამბობდა, რომ გადარჩი, ძალიან გაუხარდაო. გამომძიებელმა სხვა რამ მითხრა. ასე ამბობს, არ ვნანობ, დრო რომ დაბრუნდეს, იმავეს გავიმეორებდი, ყველაფერი უნდა დამემთავრებინაო.
- გავიგე, ვანოს დედას უთქვამს, არ უჩივლოთ ჩემს შვილს, მან ასეთი სიყვარული იცისო. მართალია?
- ასე პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ამას გამოხატავდა. ჯერ ტელეფონით მელაპარაკა, ნახვის ნებართვა მთხოვა, მითხრა, ძალიან ცუდად არის ვანო და იქნებ შენც შეხვიდე ადამიანის მდგომარეობაშიო. ნუ მეუბნებით მაგის ამბებს, არ მაინტერესებს, ვის მდგომარეობაში უნდა შევიდე, მკვლელის-მეთქი, ვუპასუხე. შენც გეყოლება შვილი და მიხვდები, რასაც განვიცდიო. ღმერთმა მაშოროს თქვენნაირი შვილი-მეთქი, ვუთხარი. უარი ვუთხარი ჩემს მონახულებაზე...
Rating
- გვანცა, შენს ფოტოებში „საქართველოს ვარსკვლავის“ ლოგოს ფონზე გადაღებული ფოტო ვნახე, მღერი?

- ორი წლიდან ვმღერი. სამი წლის ასაკში მონაწილეობა მივიღე სპექტაკლში „გუგულის ბარტყი“, ეს ნიჭი ბებიისგან გამომყვა. ვმღეროდი ანსამბლში „რეტრო“, ტრიოში „კოლხა“. ვუკრავ ჩონგურზე, ფორტეპიანოზე. მეოთხე კლასში რომ ვიყავი, თბილისში საუკეთესო სოლისტის წოდება მომანიჭეს. სამუსიკო სკოლა წარჩინებით დავამთავრე. პედაგოგები მირჩევდნენ, კონსერვატორიაში ჩამებარებინა. ყოველთვის მინდოდა, მსგავს პროექტებში მეცადა ბედი. სოფო ტოროშელიძემ და გიორგი ხაბურძანიამ მომისმინეს. არ დამიკავშირდნენ, როგორც ჩანს, არ ვიყავი სათანადოდ მომზადებული. ხელი არ ჩამიქნევია, მომავალი წლისთვის უკეთ მოვემზადები.
- მადლობა, გვანცა, სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებ.

ჩვენ ვანო ღონღაძის ადვოკატს, ქალბატონ ლალი ჩირიკაშვილსაც დავუკავშირდით და ვანოს შესახებ გავესაუბრეთ.
- ქალბატონო ლალი, რატომ მოჰკიდეთ ამ საქმეს ხელი?
- ახლობელმა მთხოვა, მერე ვანოს ოჯახის წევრმა დამირეკა, მაშინ ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, რა მოხდა რეალურად. ისე გამოვიდა, საქმეს ხელი რომ მოვკიდე, მერე გავიგე, რა მოხდა სინამდვილეში.
- თქვენ ალბათ შეხვდით ვანოს, გვიამბეთ მასზე, რას ამბობს, ნანობს ჩადენილს?
- ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ნაკითხი ლექტორები დადებითად ახასიათებენ. იმ შემთხვევის მერე ბევრჯერ ვიყავი მასთან შესული, ჩემი მოვალეობაა შევისწავლო მისი ხასიათი, ბუნება, ფსიქოლოგია და შემდეგ გავაკეთო დასკვნები.
- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ შეხვედრების შემდეგ?
- ძალიან გულახდილია, ტყუილის თქმა არ შეუძლია. გვანცა რომ გადარჩა, გახარებულია, ნანობს თავის საქციელს, განიცდის.
- რას ამბობს, რატომ მოიქცა ასე?..
- სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღაო, ხომ გაგიგიათ. ისეთი ფენომენია ეს გრძნობა, ვერავინ ვერ ახსნა ვერც ერთ საუკუნეში. გვანცა რომ უყვარდა, ეს ყველამ იცის. რა მოხდა საუბრის დროს, არავინ იცის, გასარკვევია. გოგონა ჯერ არ დაკითხულა.
- სამედიცინო შემოწმება თუ ჩაუტარდა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს, ფსიქიკური გადახრა ხომ არ აქვს?
- გამოძიებას თავისი ვადები აქვს. საგამოძიებო ქმედებები ჯერ განსახორციელებელია. ასეთი კატეგორიის საქმეებზე ექსპერტიზას ატარებენ. დაველოდოთ შედეგებს.
- როგორც გავიგეთ, ბიჭის ოჯახი ფინანსურად დაეხმარა გვანცას ოჯახს...
- ასეც უნდა ყოფილიყო. ქრისტიანები ვართ. ვანოს დედას გოგონაც ჰყავს, ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. გაბედა და მივიდა გვანცას დედასთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გოგონას მშობლები კარგი, შეგნებული ადამიანები არიან. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რაც მთავარია, გვანცა გადარჩა და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ექნება.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
უცნობი
რაც მთავარია გვანცა გათხოვდა ბედნიერია
23:56 / 17-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ვერ არის ეს ადვიკატი. რას ქვია სიყვარულს ვერ გაუგებ..... ნამდვილად უნდა დაისაჯოს ის ბიჭი...მკვლელი და ნაძირალა...როგორ თუ სიყვარულზე სიყვარულით არ უპასუხეს,სასიკვდილოდ გაიმეტა გოგო.დედა ვატირე ეგეთი განათლებული და ნიჭიერი ბიჭების....
17:43 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რათქმაუნდა მართლები ხართ ჩემო კეთილო ადამიანებო მკვლელს ვინც ამართლებს ეგეც მისნეირია....გვთის ცყალობით გადარჩა ჩვენი გვანცა დიდება უფალს....მისი გზა მხოლოდ ჯოჯოხეთშია რაგათ უნდა ამას გამართლება ყველა ვხედავთ....
15:04 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ეს ბიჭი მაინც დაისჯება რომც არ უჩივლონ, ყველაფერს აღიარებსო თქვეს და...
13:10 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ოჯახია ზუსტად თავშიც და ბოლოშიც....სწორედ აღზრდაში უშვებენ შეცდომებს და მერე შედეგს საზოგადოება იმკის....ის არის მკვლელი,ავადმყოფი...ვინც ამართლებს ისინიც მისნაირები არიან..ოქროს მედლიტ არ განისაზღვრება ადამიანობა....არც ბევრი წიგნის კითხვით...არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანია და საშიშია საზოგადოებისთვის...იძოლირებული უნდა იყოს და თან სამუდამოდ რომ აღარ ჩაიდინოს მსგავსი ქმედება...მშობლები გვიან ხვდებიან ხოლმე ღზრდაში დაშვებულ შეცდომებს..აბა ერთი მათი გოგონასთვის გაეკეთებინატ მსგავსი რამე?.არ ჯირდება მკვლელს დაცვა ,მას სჟირდება დასჯა
10:49 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS