25 მაისი, 2014
ვისზეა შეყვარებული ჭოლას ჯულიეტა
რაც შეეხება სერიალს, მადონა ძალიან მიყვარს. დედა სერიალში რომ გამოჩნდა, ძალიან მომეწონა და გული სიამაყით ამევსო 24 წლის თეკლა ჯავახაძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. შეხვედრისას იხუმრა, ჩემი ოჯახიდან ყველა გზა თეატრში მიდისო. მშობლები, მარიკა სამანიშვილი და თენგო ჯავახაძე, ქუთაისის თეატრის მსახიობები არიან, მისი ძმაც ამავე პროფესიისაა. ის ოჯახთან ერთად ირლანდიაში ცხოვრობს და თავისი პროფესიით მუშაობს. თეკლას ჟურნალისტური გამოცდილებაც აქვს. ''მეცხრე არხზე'' გადაცემაზე ''დილის იდილია'' მუშაობდა. გამორჩეული გარეგნობის ნიჭიერი მსახიობი თავის საქმესა და პირად ცხოვრებაზე გვესაუბრა...

- მგონია, რომ თეატრში დავიბადე. ქუთაისში ჩემი მოძრაობის არეალი იყო: სახლი, სკოლა და თეატრი, მაგრამ უფრო მეტად - სახლი და თეატრი. ვერ წარმომედგინა, რამე სხვა პროფესია ამერჩია. მშობლებს სურდათ, სხვა განხრით წავსულიყავი, მეც სხვადასხვა სფერო მოვსინჯე, მაგრამ მივხვდი, რომ არაფერი მეყვარებოდა მსახიობობაზე მეტად. ეს არის პროფესია, რომლისთვისაც თავს დავდებ (იღიმის). მშობლები მეუბნებოდნენ, ამ პროფესიაში თუ ხარ, ძალიან მაგარი უნდა იყოო. არჩევანი რომ შემეცვალა და ჩემს გადაწყვეტილებაზე რაიმე სახის გავლენა მოეხდინათ, ვის არ მიგზავნიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერს გახდნენ. მშობლებს ვპირდებოდი, რომ ვიქნებოდი ისეთი მსახიობი, როგორიც საჭიროა. მას შემდეგ სულ მტკიცებაში ვარ, მგონია, ყველაფერს შევძლებ. მუდმივად ვცდილობ, რომ დედ-მამის სახელი გავამართლო და გავაუმჯობესო (იღიმის).
თეატრალურ უნივერსიტეტში ბატონი გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში მოვხვდი. კარგი ბავშვები ვიყავით, ჩვენი სადიპლომო სპექტაკლი მსოფლიოს ათ საუკეთესო სტუდენტურ სპექტაკლს შორის მოხვდა. უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, მეორე წელს ინგლისში ფესტი-ვალზე იმავე სპექტაკლით, ''ჩვენი პატარა ქალაქით'' მიგვიწვიეს. აჟიტირებული ვიყავით, როცა თეატრის ქვეყანაში აღმოვჩნდით.
- ლონდონში, ''გლობუსში'' როგორ მოხვდი?
- ეს იყო საერთაშორისო მსახიობების პროგრამა, რომელიც 2013 წელს ჩატარდა და მას ტრე-ნინგის სახე ჰქონდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 20 მსახიობი შეარჩიეს. კასტინგი ''სკაიპის'' მეშვეობით ჩატარდა და ოცეულში ერთი ქართველი მე აღმოვჩნდი. ზრდასრული მსახიობები იყვნენ, მათ შორის ერთი 45 წლის და ასაკით ყველაზე პატარა, 22 წლის მე ვიყავი. ერთი თვის განმავლობაში გავდიოდით მეტყველების, მოძრაობისა და მსახიობისთვის სხვა აუცილებელ კურსებს. იმავდროულად ერთმანეთს ვუზიარებდით ნაციონალურ კულტურას. საამისოდ თითოეულს გარკვეული დრო გვქონდა გამოყოფილი. ჩემს 40 წუთში მთელ ჯგუფს ვასწავლე სიმღერა კინოფილმიდან ''არ იდარდო''. ოცივე მსახიობი ძალიან ნიჭიერი იყო და მაშინვე გაშალეს ხმებში. სასიამოვნო იყო ისიც, როცა ფინალური შოუ ქართული სიმღერითა და ცეკვით გაიხსნა. დღემდე მაქვს კონტაქტი იმ ადამიანებთან და ახლაც, რაც კი რამ მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ჩვენ-ჩვენს ქვეყანაში, ერთმანეთს ვუზიარებთ. ''გლობუსიდან'' დაბრუნებულმა ლევან წულაძესთან ''რომეო და ჯულიეტაზე'' დავიწყე მუშაობა, რაც ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და იმავდროულად წარმატებაც იყო. ამას მოჰყვა გიორგი ქანთარიას ''სამ მუშკეტერში'' კონსტანცას როლი.
- გიორგი არაბულთანაც გაქვს ნამუშევარი, პირველად მის სპექტაკლში გნახე...
- დიახ, 2012 წელს ათონელის თეატრში ვმონაწილეობდი სპექტაკლში ''ჰეი, გესმით ჩემი?!''. იმავე წელს რუსთაველის თეატრში ''ოლივერზეც'' ვმუშაობდი.
- ''ჯულიეტას'' როლი გერგო, რაც ალბათ ყველა მსახიობისთვის საოცნებოა...
- კი, მაგრამ არასოდეს მიოცნებია, რომ მხოლოდ ჯულიეტა მეთამაშა. ყოველთვის, როცა პიესას ვკითხულობ, არამხოლოდ მთავარ, არამედ მეორეხარისხოვანი პერსონაჟების, მამაკაცების როლებზეც კი ვფიქრობ, რას და როგორ ვითამაშებდი. ''რომეო და ჯულიეტა'' ადრეულ ასაკში მქონდა წაკითხული და ბოლო, სიკვდილის სცენა გონებაში მქონდა დადგმული. რომეოსა და ჯულეიტას ბავშვური ასაკიდან გამომდინარე, მეგონა, როცა ჯულიეტა გაიღვიძებდა და გარდაცვლილ რომეოს ნახავდა, ამას ვერ დაიჯერებდა და დაუწყებდა თამაშს, სიცილს. ბატონ ლევანს ეს რომ მოვუყევი, დამეთანხმა და ეს სცენა ერთობლივად შევიმუშავეთ. რომეოს როლს ნიკა ფაიქრიძე ასრულებს. ის მანამდე მოზარდ მაყურებელთა თეატრის რამდენიმე სპექტაკლში კი მონაწილეობდა, მაგრამ მისთვისაც ამ თეატრში პირველი სერიოზული დებიუტი რომეოს როლი იყო.
საერთოდ, კონკრეტულად ერთი რომელიმე საოცნებო როლი არ მაქვს, რადგან მივიჩნევ, რომ შექსპირის ყველა ქალი პერსონაჟის განსახიერება საინტერესოა - ეტაპობრივად ვითამაშებდი, ასაკის მატებასთან ერთად, მთელი ცხოვრების განმავლობაში.
- მოზარდ მაყურებელთა თეატრის შტატში ხარ?
- დიახ. კასტინგის შედეგად მოვხვდი. ''გლობუსში'' წასასვლელად ვემზადებოდი, იმ დროს შინ ვიჯექი და პიესებს ვკითხულობდი. ''რომეო და ჯულიეტას'' კითხვა დავამთავრე, გადავინაცვლე ''ჰამლეტზე'' და ამ დროს ბატონმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დამირეკა. მომესალმა და მითხრა, რომ თეატრში ლევან წულაძე ''რომეო და ჯულიეტას'' დგამდა, განაწილების შედეგად მე ჯულიეტას როლი მერგო. თავიდან მეგონა, რომ რომელიმე მეგობარი მეხუმრებოდა, მაგრამ როცა თავი წარადგინა, მივხვდი, რომ ეს მართლაც რეალობა იყო. მაშინვე ამიყვანეს შტატში და ამანაც ძალიან გამახარა. მსახიობისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა თეატრში სტაბილური სამუშაო აქვს და მუდმივად რეჟიმშია.
- ახლა მშობლებზეც გკითხავ. დედა – მარიკა სამანიშვილი, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მადონას როლს ასრულებს. მოგწონს მისი როლი და სერიალი?
- დედ-მამა ჩემი სიძლიერეა. მათ როლებსა და შემოქმედებაზე გავიზარდე. მათი პედაგოგიკა და გამოცდილებაც მეხმარება როლის შექმნაში. ვფიქრობ, ნიჭიერი, თეატრის წამყვანი მსახიობები და კოლორიტები არიან. ჯგუფელები იყვნენ, როგორც კი სწავლა დაამთავრეს, ხელი მოაწერეს და ქუთაისში წავიდნენ. თბილისში უამრავი შეთავაზება ჰქონდათ და ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, რატომ წავიდნენ ქუთაისის თეატრში სამუშაოდ. მეუბნებოდნენ, რომ იმ დროს ქუთაისის თეატრი იყო საკმაოდ ძლიერი, ცოცხალი ორგანიზმი და ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა მეც გადავხედე ამ თეატრის ისტორიას. დღესაც რომ იგივე სიტუაცია იყოს და მე მქონდეს მსგავსი არჩევანი, ალბათ მეც ქუთაისში წავიდოდი სამუშაოდ. უბრალოდ, პროტესტი მქონდა, არ მინდოდა იქ მემუშავა, სადაც დედ-მამას, ყოველთვის მინდოდა, ყველაფრისთვის ჩემით მიმეღწია.
რაც შეეხება სერიალს, მადონა ძალიან მიყვარს. დედა სერიალში რომ გამოჩნდა, ძალიან მომეწონა და გული სიამაყით ამევსო (იღიმის). ადრე შედარებით მეტი თავისუფალი დრო მქონდა და სერიალს ვუყურებდი, მაგრამ ახლა ამას ხშირად ვერ ვახერხებ. ყველგან, სადაც მივდივარ, დედას მიმართ იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, ვხვდები, რომ ეს სახე მის შემოქმედებაში კიდევ ერთი წარმატებული და შემდგარი როლია. ვფიქრობ, რომ დედაჩემს სხვა კარგი ნამუშევრებიც აქვს და ვისურვებდი, ფართო საზოგადოებას იქაც ენახა და იმ როლებითაც გაეცნო, რაც დღემდე შეუსრულებია.
- გადაცემა ''დილის იდილიაში'' მუშაობის პერიოდიდან ყველაზე საინტერესო რესპონდენტებად ვის გამოარჩევ?
- ამ საინტერესო გადაცემაზე ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. მე და ჩემი ჯგუფელი ლაშა გურგენიძე ცნობილ, სხვადასხვა სფეროში ღვაწლმოსილ ადამიანებთან ერთად ვატარებდით დილას. ბევრი საინტერესო რესპონდენტი გვყავდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი პირველი და უკანასკნელი გადაცემა გამოვიდა. პირველად თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახს ვესტუმრეთ, მხიარული, სიმღერით სავსე დილა გამოვიდა; ხოლო ბოლო გადაცემაში - ვიტო კოლელიშვილს. მათ ოჯახს ბავშვობიდან ვიცნობ. მთელი წელი ვემზადებოდი იმისთვის, რომ ამ ოჯახის ყველა წევრი ყოფილიყო სახლში და ეს რომ მოხერხდა, ძალიან გამიხარდა. სუპერ კარგი და ბუნებრივი გადაცემა გამოვიდა (იღიმის).
- თეკლა, ალბათ, შენს ფოტოებს რომ ნახავენ, ბევრს მოეწონები და შენი პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდებიან. რა შეგიძლია ამაზე გვითხრა?
- უკვე წელიწადზე მეტია შეყვარებული ვარ, და თან ძალიან (იღიმის). მგონია, რომ სხვანაირად ჯულიეტას ვერ ვითამაშებდი. ძალიან დამეხმარა ეს ურთიერთობა და თავად ის ადამიანი ამ როლის შექმნაში. თავს სულ სხვანაირად ვგრძნობ, დაცულად და მარტო აღარ ვარ. არ ვიცი, როგორ ავხსნა, ჩვენ ორნი არ ვართ, არამედ ერთნი და ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
- ვინ არის, რა პროფესიის? შეგიძლია გვითხრა?
- დიახ, ეს ამბავი ყველამ იცის. გიორგი მარშანია მსახიობია (იღიმის). თავისუფალ თეატრში მუშაობს და ''კომედი შოუს'' მსახიობია. დიდი ხნის განმავლობაში მეგობრები ვიყავით. შარშან, გიორგის დაბადების დღეზე აღმოჩნდა, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები არ ვიყავით, ანუ ერთმანეთთან სხვა გრძნობებიც გვაკავშირებდა (იღიმის). მას შემდეგ მოვდივართ ერთად, გადაღებებსა და რეპეტიციებზე ერთმანეთს ხელს ვუწყობთ და ვუვლით.
- დაბოლოს, გვითხარი, უახლოეს მომავალში რამე ახალი სპექტაკლს ხომ არ წარმოადგენს თქვენი თეატრი?
- დიახ, ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი დგამს მიუზიკლს ''ჩვენ გველის დიდება'', სადაც ერთ-ერთი საკმაოდ რთული და საინტერესო როლი მაქვს. სპექტაკლზე მუშაობა დაწყებულია და პრემიერა ალბათ შემოდგომაზე გაიმართება.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა