05 მაისი, 2014
''ისე, როგორც ჩემი გმირი იქცევა, არ მიმოქმედია...''
ამ ადამიანს რომ არ შევხვედროდი, ამ სფეროში გამიჭირდებოდა ყოფნა და ცხოვრება დავით ხახიძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. მიმდინარე რეპერტუარში დაკავებულია სპექტაკლებში: ''ირინეს ბედნიერება'', ''სათაგური'', ''ზამთრის ზღაპარი'', ''რომეო და ჯულიეტა'', ''სამი მუშკეტერი''. ამ უკანასკნელის პრემიერა მცირე ხნის წინ გაიმართა და სპექტაკლში ის კარდინალ რიშელიეს როლს განასახიერებს.
პირველადი პროფესიით ეკონომისტია, თუმცა შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, სამსახიობო ფაკულტეტზე შალვა (მუმუშა) გაწერელიას ჯგუფში სწავლობდა. ამჟამად ის დაკავებულია ''ჩემი ცოლის დაქალებში'', სერიალის შემოქმედებით ჯგუფს გასული წლის სექტემბერში შეუერთდა...

- მამა
მსახიობი მყავდა. რუსთავის თეატრში მოღვაწეობდა და ფილმებშიც იღებდნენ. მე ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. სკოლა რომ დავამთავრე, უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლა რომ დავასრულე, ალბათ უფრო მაშინ მივხვდი, რომ ჩემთვის ხელოვნება უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ეკონომისტობა. უნივერსიტეტი დავამთავრე თუ არა, თეატრალურში ჩავაბარე. მუმუშა საოცარი პედაგოგი იყო. ამ ადამიანს რომ არ შევხვედროდი, ამ სფეროში გამიჭირდებოდა ყოფნა და ცხოვრება. საოცრად კარგად შეეძლო გადმოეცა სტუდენტისთვის ის, რომ თუ მთელი არსებით არ დაკავდები მსახიობის პროფესიით, არაფერი გამოგივა. ეს სიტყვები კი ბოლომდე გრჩება გონებაში და ითავისებ.
- მისგან ქება გახსოვთ?
- ძალიან იშვიათად იცოდა, მაგრამ მისი ერთი სიტყვა მთელ ცხოვრებად ღირდა. ''დღეს შენ კარგად იმუშავე, მომეწონა'' - რომ მეტყოდა, ეს სიხარული რამდენიმე თვე მყოფნიდა. საოცარი კაცი იყო, დღე არ გავა, არ გამახსენდეს. მან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და დარწმუნებული ვარ, თავის ყველა სტუდენტზე. მუმუშამ ძალიან ბევრ ადამიანს შეუცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ.
- მამათქვენი მოესწრო თქვენს სპექტაკლებს?
- დიახ, შალვა გაწერელიამ მეორე კურსზე ''ალუბლის ბაღი'' რომ დადგა, მაშინ ნახა ის მამამ. ყველაზე მეტად ვღელავდი, როცა მუმუშა ჩემს სპექტაკლებს ესწრებოდა. ახლა დედა მოდის ხოლმე სპექტაკლებზე, ქება მაინცდამაინც მასაც არ უყვარს, მაგრამ ზუსტად იცის მინიშნების მოცემა და ჩემი ობიექტური კრიტიკოსია. მის გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანია, რომელთა აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუნდაც ის რეჟისორები, ვისთანაც მიმუშავია.
- პირველადი პროფესიით არასოდეს გიმუშავიათ?
- არასოდეს. არც მახსოვს, რა ხდებოდა იმ წლებში (იღიმის). მხოლოდ მეგობრები დამრჩა უნივერსიტეტიდან.
- მოზარდ მაყურებელთა თეატრამდე რუსთავის თეატრი იყო, ხომ?
- დიახ, 1999 წელს დავამთავრე ინსტიტუტი და იმავე წელს მუშაობა რუსთავის თეატრში დავიწყე. წელიწად-ნახევარში კი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოვხვდი.
- ამ წლების განმავლობაში ხომ არ გინანიათ თქვენი პროფესიული არჩევანი?
- არა. ალბათ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ფინანსური პრობლემები ნაკლებად მაწუხებდა. როცა თეატრში მუშაობა დავიწყე, რუსთავის თეატრში ხელფასი 40 ლარი მქონდა, მოზარდში - 37. თეატრებში დაახლოებით 2 წელი ამ ხელფასზე ვიმუშავე. 2004 წელს ბიძინა ივანიშვილმა თბილისის თეატრები დააფინანსა და ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორდა.
- რუსთავის დრამატულ თეატრში თამაშობდით და იქვე იყო თეატრი ''ბრავოც''...
- დიახ და ''ბრავოშიც'' ვითამაშე სპექტაკლში ''ნარკოლოგიკა'', რომელიც ლაშა ნოზაძემ დადგა. ერთი პერიოდი ლაშა რუსთავის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი იყო და მაშინ დადგა სპექტაკლები ''გველის-მჭამელი'', ''ნაფტალინი'', ''კრიტი''. ამჟამად მხოლოდ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ. ვითამაშე სერიალებშიც: ''ყავა და ლუდი'', ''ცხელი ძაღლი'', ''დეტექტივები''. ახლა ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ვმონაწილეობ. მხატვრული ფილმებიდან კი მერაბ კოკოჩაშვილთან მაქვს ნამუშევარი ფილმზე ''ნუცას სკოლა'', სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი მქონდა. ბოლოს ზაზა ურუშაძის ''მანდარინებში'' პატარა ეპიზოდში აფხაზის როლში გადამიღეს.
- ''ჩემი ცოლის დაქალები'' ძალიან რეიტინგული გამოდგა. თქვენი პერსონაჟის შესახებ ვისაუბროთ...
- სერიალს სექტემბრიდან შევუერთდი. ჩემი გმირი არაფრით არ არის გამორჩეული. უბრალოდ, ცდილობს, მეგობარს დაეხმაროს და სანამ ის ციხეშია, მის ცოლ-შვილს მოუაროს. მაღალ რეიტინგს რაც შეეხება, ეს გამოიწვია სცენარმა და რეჟისურამ. ცოტა ''კინოშნიკური'' სერიალი გამოვიდა, ირონიით არის მოყოლილი თბილისური ცხოვრება და ახლოსაა იმ ყველაფერთან, რაც ჩვენ გარშემო ხდება.
- რეალურ ცხოვრებაშიც მამაკაცებს ხშირად გიწევთ დაპატიმრებული მეგობრის გვერდში დგომა. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
- კი, როგორ არ მქონია, მეგობარი დაუჭერიათ, მაგრამ ისე, როგორც ჩემი გმირი იქცევა, არ მიმოქმედია. ანუ ''კერძო დეტექტივად'' არ მიმუშავია და სხვისი ცოლისთვის თვალყური არ მიდევნებია. მეგობარს, როგორც შემეძლო, დავხმარებივარ, აქ განსაკუთრებული არაფერია და მსგავს შემთხვევებში ყველა ასე იქცევა.
- დამისახელეთ გამორჩეული ავტორები, ნაწარმოებები...
- ძალიან დიდ პატივს ვცემ კალდერონ დე ლა ბარკას. მის ერთ პიესაში ''ცხოვრება სიზმარია'' მონაწილეობა მაქვს მიღებული. ასევე, რა თქმა უნდა, შექსპირს. თუმცა მე ასე ვიტყვი, მსახიობისთვის მთავარია რეჟისორი და არა რომელიმე კონკრეტული დრამატურგი. როცა რეჟისორი პიესის საინტერესო ვერსიას გთავაზობს, სამუშაო პროცესიც საინტერესო ხდება. მსახიობის წარმატებაშიც ლომის წილი რეჟისორს მიუძღვის. მიხარია, რომ ქართულ თეატრალურ სივრცეში მოიძებნება 5-6 ახალგაზრდა რეჟისორი, რომლებსაც ძალიან უყვართ და კარგად შეუძლიათ აკეთონ თავიანთი საქმე.
- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მსახიობის პროფესიაში?
- მთავარია, შენი საქმე გიყვარდეს, კატორღულად უნდა იშრომო და ეს მხოლოდ მსახიობის პროფესიას არ ეხება. ''საქმემან შენმან წარმოგაჩინოს'' - ამონარიდია ბიბლიიდან და ასეცაა. როცა შენს პროფესიაში რეალიზდები, მეტად ბედნიერი ადამიანი ხარ.
- თუ დაგითვლიათ, უარყოფითი პერსონაჟების განსახიერება უფრო ხშირად გიწევთ თუ დადებითის?
- სიმართლე გითხრათ, ასე არ დამიყვია. ყველა პერსონაჟს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. სკოლაში ზოგიერთმა მასწავლებელმა იცის დადებითი და უარყოფითი გმირების დაჯგუფება და არასწორად მიმაჩნია, მთავარია, ჩასწვდე პერსონაჟის მსოფლმხედველობას, სურვილებს, განცდებს...
- სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი თანხები, მაგრამ როგორ ფიქრობთ, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები რატომ არ დებენ ფულს კინოში?
- თუ ფულის გაღება მეცენატური თვალსაზრისით არ ხდება, ბიზნესმენი ფულს არ დებს ისეთ საქმეში, რომლისგანაც შემოსავალს ვერ მიიღებს. ეს ბიზნესის მარტივი ლოგიკაა. კინო, თეატრი და სპორტი მდიდარი ქვეყნების ფუფუნებაა. თუმცა არის გამონაკლისებიც, მაგალითად, ტარანტინოს რამდენიმე ფილმი ''კაპიკებში'' აქვს გადაღებული, რომელმაც შემდეგში დიდი შემოსავალი მოუტანა.
ჩემი აზრით, ქართულ კინოში კარგი სცენარის დეფიციტია. სამწუხაროდ, ვეღარ განმეორდა ის რენესანსი, რაც ქართულ კინოს გაბრიაძის სცენარების მიხედვით გადაღებულმა ფილმებმა მოუტანა. მე ასე ვფიქრობ, მაგრამ შეიძლება, არ მეთანხმებოდე. თუმცა, რასაკვირველია, იყო ჩოხელი თავისი საინტერესო შემოქმედებითა და სამყაროთი.
- დაბოლოს, როცა შესახვედრად დაგიკავშირდით, მაშინ ჩამომართვით პირობა, რომ პირადზე არ ვისაუბრებდით...
- დიახ, პირადი პირადია. არ მომწონს და ვერ ვხედავ ამაზე საუბარში რამე საინტერესოს. არ მიყვარს, როცა ეს ყვითელი ხდება. არავის აინტერესებს ჩემი პირადი ცხოვრება დ არც მე ვინტერესდები სხვისით.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა