29 მაისი, 2013
ვინ ურეკავს ყოველი გადაცემის შემდეგ ქეთი კეკელიას
... ჩემს სატელევიზიო ჩაცმულობაზე ტელევიზიამ იზრუნა ცოტა ხნის წინ ''მეცხრე არხზე''შუადღის ეთერში ახალი გადაცემა ''ცხელი შუადღე''გამოჩნდა, რომელსაც ქეთი კეკელია, შალვა რამიშვილი და ნატა მაღალაშვილი უძღვებიან. მართალია, გადაცემა უფრო განსხვავებული ფორმატის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ''მეცხრე არხზე''შალვას გადასვლამ ''ცხელ შუადღეს''პოლიტიკური ელფერი შესძინა, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ამით გადაცემა ყველა ასაკის მაყურებლისთვის უფრო საინტერესო გახდა.

დღის განრიგი
- მას შემდეგ, რაც სამსახურში გავედი, ჩემი დილა უკვე ოდნავ განსხვავებულად იწყება, თუმცა დატვირთვის თვალსაზრისით, დიდად არაფერი შეცვლილა, მანამდეც ძალიან დატვირთული
ვიყავი. ჩემი დილა იწყება რვა საათზე მაღვიძარას თანხლებით, ვაღვიძებ ჩემს უფროს ქალიშვილს, რომელიც ჩემს მეუღლეს მიჰყავს სკოლაში. პირველი, რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ ვზრუნავ ჩემი შვილის ჩაცმასა და საუზმეზე. თუ ვახერხებ, ამასობაში ერთ ფინჯან ყავას ვსვამ, თუმცა მირჩევნია, ჯერ ვისაუზმო და მერე დავლიო. 9 საათს რომ 20 წუთი დააკლდება, ვისტუმრებ ქმარ-შვილს და მერე ვიწყებ ზრუნვას ჩემს საუზმეზე. წონის პრობლემა არასდროს მქონია, ამიტომ ჩემი დილის საუზმე ყოველთვის ნოყიერია და იმ ინგრედიენტებისგან შედგება, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს, მაგალითად, მოხარშული კვერცხი და ორცხობილა, ასევე მომწონს ყველი და თურქული ყავა ერთად. ტრადიციად მაქვს დილით ყავის ორჯერ დალევა, არა ორმაგი დოზის, არამედ ორჯერ მირთმევა - ადგომისთანავე მივირთმევ ერთ ჭიქას, სამსახურში წასვლამდე კი მეორეს ვაყოლებ, ამასთანავე ვუყურებ დილის გადაცემებს, როგორც ქართულ, ასევე რუსულ არხებზე. ჩემი განცხრომა გრძელდება დილის 10 საათამდე, სანამ ჩემს პატარა შვილს სძინავს. ათზე ვაღვიძებ და ვამზადებ ბაღში წასასვლელად... ამ დროისთვის ჩემთან მოდის დედა, ცოტა ხანს ვსაუბრობთ, ზემოხსენებულ მეორე ფინჯან ყავას მასთან ერთად მივირთმევ და მერე გავრბივარ ბაღში, საიდანაც სამსახურში ვინაცვლებ.
ტელევიზიაში მისვლისთანავე იწყება ზრუნვა მაკიაჟზე, ვარცხნილობაზე, საეთერო ჩაცმულობაზე. პირველის ნახევარზე ავდივართ სტუდიაში და ვემზადებით ეთერში გასასვლელად...
3 საათის შემდეგ ვგეგმავთ მეორე დღის გადაცემას პროდიუსერებთან ერთად, 5-ის ნახევრისთვის ვთავისუფლდები და მივდივარ ჩემს შვილთან სკოლაში, საიდანაც გავრბივართ ცურვაზე. სანამ ცურვის გაკვეთილი დასრულდება, გამომყავს უმცროსი შვილი ბაღიდან, ვტოვებ სახლში, ვსადილობ თუ ვვახშმობ ამ დროს, უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ამის მერე ისევ ცურვაზე გავრბივარ ნატალის გამოსაყვანად.
ასეთია ჩემი დღის რეჟიმი, სულ გადარბენაზე ვარ, ქუჩაში კი არ დავდივარ, დავრბივარ. საათი ჩემი განუყრელი ატრიბუტია, რადგან სულ მას ვუყურებ, რომ სადმე ადრე არ მივიდე, ან არ დავაგვიანო.

ახალი გადაცემა
... მას შემდეგ, რაც ტელევიზიიდან წამოვედი, სხვადასხვა არხის წარმომადგენლები ხშირად მთავაზობდნენ დილის გადაცემის წამყვანობას, მათ შორის იყო ''იმედი'', ''მეცხრე არხმა''სხვადასხვა დროს ორჯერ დამირეკა, მაგრამ უარი ვთქვი, მეორედ რომ დამიკავშირდნენ, ვუთხარი, შუადღეზე მირჩევნია მუშაობა-მეთქი. ხანდახან ისე ხდება, რომ ხვდები, ამ სფეროში შენი თავი ამოწურე და გინდა სხვა საქმე აკეთო, სწორედ ეს განცდა დამეუფლა და ამიტომ წამოვედი ''პირველი არხიდან'', გარდა ამისა, ფიზიკურადაც ძალიან რთულია ყოველდღე დილის 5 საათზე ადგომა და მუშაობა.
2012 წლის ბოლოს ''იმედიც''აპირებდა შუადღის გადაცემის გაკეთებას და ''მეცხრე არხიც'', მაგრამ ამ უკანასკნელმა დაასწრო ''იმედს'', შემომთავაზა მუშაობა და მეც დავთანხმდი. მივედი დირექტორთან გასაუბრებაზე და იმ დღესვე ყოველგვარი კასტინგის გარეშე გავაფორმეთ ხელშეკრულება. ჩემ თანაწამყვანებად მაშინ სხვა ადამიანები მოიაზრებოდნენ, მაგრამ ორ კვირაში რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, რადგან შალვა რამიშვილი შემოუერთდა ''მეცხრე არხს'', მოგვიანებით შემოგვემატა ნატა მაღალაშვილი, რომელთანაც დიდი მეგობრობა მაკავშირებს, ჩვენ ერთად ვმუშაობდით ''პირველ არხზე''. ასევე ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო ნატა ასათიანი, მაგრამ მან საინფორმაციო გადაცემის წამყვანად გადაინაცვლა, შედეგად ამ სამ ადამიანს მიგვყავს გადაცემა.
თავიდან ''ცხელი შუადღე''სრულიად აპოლიტიკური უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან ამ ყველაფერში შალვა ჩაერთო, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა პოლიტიკამ, იმავდროულად ჩემი და ნატას იდეები შეერწყა, შედეგად კი მივიღეთ გადაცემა, რომელიც ყველა ასაკის მაყურებელს დააინტერესებს.
...სამივე წამყვანს გვყავს პირადი პროდიუსერი, კვირის ბოლოს მათთან ერთად ვგეგმავთ, რაზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი მომავალ სამუშაო კვირას. რასაკვირველია, ხანდახან გვიწევს გადახვევა, მაგრამ ძირითადად მაინცვიცით, წინასწარ რაზე ვისაუბრებთ.
...მართალია, როცა ამბობენ, კამერამ მონატრება იცისო, მქონდა ორწლიანი პაუზა, მაგრამ ოჯახზე ზრუნვამ მარტივად გადამატანინა ეს ნოსტალგია. რაც შეეხება პირველ ეთერს პაუზის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ღია ეთერში ვმუშაობდი და დღესაც ამ რეჟიმში ვარ, რასაკვირველია, ვღელავდი. საერთოდ, არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ არანაირი განცდა არ აქვთ ეთერში გასვლის წინ, ღელვა ყოველთვის ახლავს ეთერს; მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პირველგადაცემაზე ისე შევედით ეთერში, არაფერზე მინერვიულია, რაც ჩემი თანაწამყვანების დამსახურებაცაა, ძალიან კომფორტულია მათთან ურთიერთობა, კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ვიცი, რაზე როგორი რეაქცია ექნებათ და არ მიჭირს მათთან მუშაობა.

საეთერო იმიჯი

... ჩემს სატელევიზიო ჩაცმულობაზე ტელევიზიამ იზრუნა. სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა, მხატვარმა მაკა ჩიჩუამ ინდივიდუალურად შეგვირჩია სამოსი იმის მიხედვით, ვის რა და როგორი გვიხდებოდა, თუმცა გვაქვს საშუალება, საკუთარი გარდერობიც მოვიშველიოთ. ყოველდღიურობაში ძირითადად თავისუფალ სამოსს ვატარებ, იმ შემთხვევაში, თუ წვეულებაზე არ მივდივარ.

კონკურენცია
... ''რუსთავი 2''-ისა და ''მაესტროს''შუადღის გადაცემები ნანახი მაქვს, რადგან ჩვენზე ადრე გადიოდა ეთერში, ''იმედმა''კი ჩვენ შემდეგ დაიწყო ამ ტიპის გადაცემა და ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე ნახვა. სტუდიაში გამჭვირვალე კარია, რომლითაც მეორე ოთხში გადიხარ, იქ კი უამრავი პლაზმაა, სადაც სხვადასხვა არხია ჩართული. როცა ჩემი თანაწამყვანები მათთვის განკუთვნილ თემებზე საუბრობენ, მე უხმო რეჟიმში თვალს ვადევნებ სხვა არხების შუადღის ეთერს და ასე მექმნება წარმოდგენა მათ გადაცემებზე. კონკურენციაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია. იმ ტელევიზიებთან შედარებით, რომლებსაც აქვთ შუადღის გადაცემა, ჩვენი ტელევიზია ძალიან ახალგაზრდაა, გარდა ამისა, დიდი უპირატესობაა ის, რომ მათი გადაცემები კარგა ხანია გადის ეთერში და უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი, ასეთ შემთხვევაში ძნელია მიიზიდო მაყურებელი, რომლიც მიჩვეულია, წლების განმავლობაში უცქიროს ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე გადაცემას. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე ლაპარაკი ნაადრევია, მით უმეტეს, რომ ამ ტიპის ყველა გადაცემას კარგად არ ვიცნობ.

ოჯახი და დიასახლისობა...

... ჩემს ოჯახში ტრადიციული ქართული სადილები არავის უყვარს, მათ შორის არც ჩემს მეუღლეს, თუმცაარის გარკვეული კერძები, რომლებიც ბავშვებმა აუცილებლად უნდა მიირთვან, ამიტომ ამ საკითხში დედა და დედამთილი მეხმარებიან. ჩემი დატვირთული რეჟიმის გამო, ისინი ჩემთან მოდიან და მიგვარებენ მსგავს პრობლემებს. მიუხედავად ამისა, მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, სალათების მომზადება, მაქვს საფირმო პიცა, წვიმიან ამინდში კი მე და ჩემს შვილებს გვიყვარს ნამცხვრის გამოცხობა. ამას წინათ სწორედ ასეთი ამინდი იყო და მთხოვეს, რამე ერთად გამოვაცხოთო, შევიძინეთ საჭირო ინგრედიენტები და ერთად შევუდექით საქმეს.

ნატალია და ანდრია

Ratingნატალია 10 წლის ხდება, გერმანულ სკოლაში სწავლობს, სადაც უამრავი წრე ფუნქციონირებს და მათშია ჩართული. დადის ცურვაზე, მათემატიკაზე, საკვირაო სკოლაში და ფორტეპიანოზე, ოღონდ შაბათობით. უმცროსი გახლავთ ანდრია, რომელიც 5 წლისაა და მხოლოდ ბაღითა და ცურვით შემოიფარგლება.
ჩემი აზრით, მეგობრული დამოკიდებულება შვილებთან ნებისმიერ ასაკში უნდა გქონდეს ადამიანს, მაგრამ ხანდახან მიწევს გაბრაზებაც, დატუქსვაც, ხან ისეთი სახით გადავხედავ ხოლმე, ხვდებიან, რომ რაღაც არ მომეწონა. როდესაც მე ვხვდები, რომ ზედმეტი მომივიდა, იმაზე უფრო თბილი ვხდები, ვიდრე საერთოდ ვარ. მგონი, მხოლოდ მეგობრობით არ მიიღწევა მშობლისთვის სასურველი შედეგი, ყოველ შემთხვევაში იმ ასაკამდე, სანამ თავად განსაზღვრავენ, რა არის კარგი და რა - ცუდი.

მეუღლე

... ჩემი მეუღლე, კახა ცხვიტარიძე, ფარმაცევტულ სფეროში აწარმოებს ბიზნესს, ბუნებრივია, ისიც ძალიან დაკავებულია, მაგრამ ერთმანეთისთვის და ოჯახისთვის შაბათ-კვირას ვიცლით. ორივე ყველანაირდ ვცდილობთ, დასვენების დღეები მხოლოდ ოჯახთან ერთად გავატაროთ, ერთად დაგვყავს ბავშვები ყველგან, ერთად ვაკითხავთ, ერთად ვსხდებით სასადილოდ. მეგობრებთან გასვლას უფრო საღამოობით ვახერხებთ.
რაც შეეხება მის შეფასებას, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს ყველა გადაცემას უყურებს, მგონი, მასზე ერთგული მაყურებელი არ მყავს, ყოველთვის იცის, მეორე დღეს რა თემაზე ვისაუბრებ ეთერში, ვინ მეყოლება სტუდიაში სტუმრად, კახა რეკომენდაციებსაც მაძლევს. ეთერის დასრულების შემდეგ პირველად მისი ზარი ისმის, მეუბნება, რა მოეწონა, რა - ნაკლებად. მოკლედ, ჩემი დიდი გულშემატკვიარია.

ციცი ომანიძე

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მათე
კეკელიების უჭკნობი სილამაზე მოგყვება ქეთი.წარმატებები
20:32 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტეო
საჭმელს იქვე აკეთებთ ტელევიზიაში თუ მიგაქვთ გამზადებული?
02:57 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
მზარეული კაცი იმედზე იყო პირველ არხზე ეს იყო მგონი
21:30 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაქრო
ძალიან ლამაზი, ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ გისურვებ წარმატებებს....
18:12 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკა
მზარეული კაცი არ იყო იქ?
13:11 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS