28 მაისი, 2013
„დედის გინებით უფლის დიდება არ გამიგია“
ჩემთვის მიუღებელია მართლმსაჯულების განხორციელების ტემპი და ხარისხი, სახელმწიფოს სექტორში „ნაციონალების“ ხელახალი მომძლავრება. „მე ვთქვი, რომ ქვეყანაში არასათანადო სისხლის სამართლის პროცესები მიმდინარეობს და ეს შემთხვევით არ მითქვამს... ოპოზიცია ამ ყველაფერს პოლიტიკურ დევნად აფასებს, მაგრამ ეს მათთვის დამახასიათებელი ზურგის ენით მოფხანის პოლიტიკაა, რომლითაც წლების განმავლობაში ყველაფერს „აპრავებენ“. სინამდვილეში, ყოფილი ხელისუფლებიდან მხოლოდ ბაჩო ახალაია იხდის სასჯელს, მეორე - ვანო მერაბიშვილი დააკავეს ახლახან, დანარჩენები მხოლოდ იდევნებიან. ანუ სასამართლომ მაღალჩინოსნები „ჩვენიანებად“ და „სხვისიანებად“ დაყო, „ჩვენიანებს“ თავზე ხელს უსვამენ და მათზე
ძებნას აცხადებენ, მაგალითად, კეზერაშვილსა და ეზუგბაიას, ხოლო ვინც საქართველოშია, გირაოთი ათავისუფლებენ“, - აცხადებს დეპუტატი კობა დავითაშვილი. ის კოალიციის მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მის შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.

- სასამართლო რეფორმა იმისთვის გვინდოდა, რომ სამართლიანი მართლმსაჯულება ყოფილიყო. მე აღფრთოვანებული არ ვარ იმ კანონით, რომელიც პარლამენტმა მიიღო საერთო სასამართლოების შესახებ. ბოლოს მასში შესული ცვლილებებით ის გასცდა ვენეციის კომისიას. ჩვენმა კოლეგებმა სიამაყით განაცხადეს, უფრო შორს წავედით, ვიდრე ვენეციის კომისია გვაძლევდა რეკომენდაციასო, მაგრამ მე არ ვეთანხმები ამ „შორს წასვლას“. ეჭვი მეპარებოდა, რომ ეს მართლმსაჯულების ხარისხის დაცემას გამოიწვევდა. თუ გირაოთი გარეთ გამოშვებულ მერაბიშვილს ვნახავდით, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ის წინა ხელისუფლების მეგობარმა მოსამართლეებმა გაასამართლეს, მაგრამ ახლა ისევ „ჩვენიანებად“ და „სხვისიანებად“ დაყოფილი სასამართლო ვიხილეთ.
- პრეზიდენტის თქმით, საქმე გვაქვს რევანშთან...
- ბატონ მიშას მინდა შევახსენო, რევანში და დევნა მათ დროს იყო, თუ იყო. ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი თვეში რამდენი მინისტრი დაიჭირეს? შევადაროთ ჩვენ მიერ დაჭერილი მინისტრების რაოდენობას...
- შესაძლოა, გამოძიება პრეზიდენტამდეც მივიდეს?
- ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად რომ ვერ მიიღებდა, ეს უდავოა. ისე კი, მე დავთანხმდებოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებას, თუკი ის სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას... თუნდაც იმიტომ, რომ სააკაშვილს მერაბიშვილის დაპატიმრების გამო მაინცდამაინც დიდ სევდას ვერ ვატყობ. ბოლო დროს მათი ურთიერთობა ძველებური შეხმატკბილებულობით აღარ გამოირჩეოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში პრაიმერის ერთ-ერთ კან-დიდატად სწორედ ვანო მერაბიშვილი სახელდებოდა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინც დედამ დაწყევლა, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ეს არის ერთგვარი ტაქტიკა, პრეზი-დენტობის კანდიდატი ვარ, არ დამიჭიროთო, მაგრამ მაგას ვინ ჭამს. „ნაციონალების“ მიერ დასახელებული კანდიდატებიდან არც ერთს არ აქვს შანსი. ეს შუალედური არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, როცა მეორე ადგილზეც ვერ გავიდნენ.
- ოპოზიციამ განაცხადა, რომ საქართველოს სირიად გადაქცევის საფრთხე ემუქრება...
- რას გულისხმობენ? იქ სამოქალაქო ომია და აქ მე ვერ ვხედავ ომის ნიშნებს. თუ ამით ისინი გვემუქრებიან, პასუხსაც მიიღებენ, პასუხი კი ასეთი იქნება: ნულოვანი ტოლერანტობა „ნაციონალურ მოძრაობას!“, - ყველანი ციხეში! წარმატებებს ვუსურვებ, მათი ადგილი ნამდვილად იქ არის.
- ვანო მერაბიშვილის დაკავებას უკვე მოჰყვა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის შეშფოთება... ოპოზიციის განცხადებით, ამ ხელისუფლებამ აირჩია გზა, რომელსაც მარტო დარჩენისკენ მივყავართ და ამას ამტკიცებს 17 მაისის აქციის შედეგებიც...
- ჩემი ფანტაზია ისე შორს არ მიდის, რომ ვანო მერაბიშვილი სექსუალურ უმცირესობას მივაკუთვნო, მაგრამ ვისაც რაზე უნდა, იმაზე დავუდებ ნაძლევს, რომ მას ისე აქტიურად არ დაიცავენ, როგორც სექსუალურ უმცირესობას. რაც შეეხება დასავლეთის შეფასებას 17 მაისის მოვლენებზე, რომ ჯერ კიდევ არ ვართ მზად ევროკავშირში შესასვლელად, - ჩვენ არასდროს ვიქნებით მზად, შევეგუოთ სექსუალური უმცირესობის აშკარა გამოვლინებას. ყველა ქვეყანას აქვს მორალური სტანდარტები, ჩვენთან არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია არის სხვათა უფლების დარღვევა. თავის პრივატულ გარემოში სასურველი ნების გამოხატვას არავის ვუშლით, მაგრამ ღია გამოხატვის წინააღმდეგი ვართ და ვიქნებით. მე არ მსურს, ჩემი შვილები მათი მორალით აღიზარდონ, მიმაჩნია, რომ ჩემი მორალი უკეთესია. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ორი სამარცხვინო აქცია, შინაარსით სამარცხვინო იყო ლგბტ-ს აქცია, ფორმით კი - კონტრაქცია. მათ თავიანთი უბედურება ეყოფოდათ და მათზე მოიერიშე გავეშებული ბრბოს საქციელი, უბრალოდ, არაკაცობაა... მაპატიეთ და ფეხებზე მკიდია, ამას დასავლეთი როგორ შეაფასებს, მაგრამ მე თბილისში არც ამსტერდამი მინდა და არც ირანი, მე საქართველო მინდა და მართმლადიდებლურ პრინციპებში არ ჯდება, როდესაც მღვდელი დედას იგინება და ვიღაცას საცემად მისდევს. დედის გინებით ღვთის დიდება არ გამიგია...
- მან განაცხადა, რომ ეს დამონტაჟებული იყო...
- მაშინ მოითხოვოს გამოძიება და დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ეს კადრები გაავრცელა. კარგად ჩანდა, რომ სასულიერო პირები შუაში არ იდგნენ და არ აშველებდნენ დააჯობებდა, ეკლესიას ამ ადამიანებისთვის სასჯელი დაედო. როდესაც მეუფე იაკობის ქადაგებას ვუსმენდი, თმა ყალყზე დამიდგა. მესმის, რომ გაღიზიანებული იყო, მაგრამ როდესაც მე, ერისკაცი გადავალ ჭკუიდან, მან შემწყნარებლობისკენ უნდა მომიწოდოს. ასე მეგონა, თბილისის რომელიღაც უბნის ბირჟიდან ლაპარაკობდნენ და არა სამების საკათედრო ტაძრიდან. შევხვდებით ქუჩაში და გავარჩევთ საქმესო, უბრალოდ, საშინელი მოსასმენია... კი ბატონო, ჩვენი შვილები ტრადიციულად უნდა აღიზარდონ, მაგრამ აზრის ასეთი ფორმით გაპროტესტება, უბრალოდ, სამარცხვინოა. იმ სასულიერო პირების ეკლესიური პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, რადგან მათ ქართული ეკლესიის სახელი და საქართველო შეარცხვინეს...
- პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ეკლესიაში არსებობს პრობლემები. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ზღვარსგადასული აგრესია ამის პასუხი იყო?
- დიახ, ასეა. სხვათა შორის, როდესაც ეს პრემიერმა შიდა შეკრებაზე თქვა (მერე მეუბნებიან, ამბები გამოგაქვსო), ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს, ამის თქმა სახალხოდ არ შეიძლება-მეთქი. არც ეკლესია უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში და არც სახელმწიფო - ეკლესიის. ეკლესიაში არსებული პრობლემები მთავრობის საქმე არ არის და მთავრობის მეთაუ-რი არ უნდა ლაპარაკობდეს ამაზე... აქციაზე გამოხატული აგრესია იყო პასუხი პრემიერ-მინისტრის სიტყვებზე. იმ ლოზუნგების მიღმა, რითაც ისინი გამოვიდნენ, პოლიტიკა იდგა. ეს აშკარაა, და თუ მეუფე იაკობს პოლიტიკაში ჩართვა სურს, ეს მისი უფლებაა, ის საქართველოს მოქალაქეა და თუ უნდა, კენჭიც იყაროს და საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მასზე პოლიტიკური კრიტიკის თმენის ვალდებულება ვრცელდება. როდესაც მეუფე ქრისტეს სიყვარულს ქადაგებს, ეს სხვა რამეა, მაგრამ როდესაც ის ამბიონიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მან პოლიტიკური კრიტიკაც უნდა აიტანოს. მე მისი ქადაგების პრინციპების მომხრე ვარ, მაგრამ ეს სხვა ფორმით უნდა მოხდეს... ერთ რამეს გაგიმხელთ, მე ვაპირებდი კანონპროექტზე მუშაობას, რომელიც საშიში პროპაგანდის შეზღუდვასა და აკრძალვაზე იქნებოდა ორიენტირებული. არასამთავრობო ორგანიზაციებიც დამიკავშირდნენ, მაგრამ ამ ამბების ფონზე ამ კანონპროექტზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა ამ თემაზე მუშაობა მაინც საჭიროა. გეიაღლუმები არ მოგვწონს, მაგრამ თავაშვებულ მრუშობაზე არავინ ლაპარაკობს. მარიხუანის ლეგიზალიზაციასთან დაკავშირებითაც იმართება აქციები, მაგრამ ეკლესიის პოზიცია არ ჩანს. 17 მაისის აქციას კი დაანონსებისთანავე მოჰყვა მათი რეაქცია. ნარკოტიკების მოხმარება ნაკლები პრობლემაა?.. მივესალმები, როდესაც პატრიარქი აბორტების წინააღმდეგ გამოვიდა და ამ საქმეში ეკლესიასთან თანამშრომლობასაც ვაპირებ.
- არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ იმ დღემ ეკლესიის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება წარმოშვა?
- დიახ, ასეთი მღვდლები არასდროს გვყოლია. ეტყობა ეგონათ, ბრძოლის ველზე იყვნენ და ლაშქარს მტრისკენ ხმლით ხელში მიუძღვებოდნენ... მერე ის საშინელი აგრესია შეიფერეს კიდეც, აი, რამდენი ხალხი გამივიყვანეთო. კიდევ კარგი, პოლიცია გონივრულად მოიქცა, თორემ სისხლი დაიღვრებოდა... იცით, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? საზოგადოების განათლების დაბალი დონე და ეს სასულიერო პირებსაც ეხება. ისინი თავიანთ სტატუსს ვერ აცნობიერებენ. კომუნისტების დროს მათ მიმართ მკაცრი მოთხოვნები არ იყო, თუ ვინმე პირჯვარს გადაიწერდა, მას უკვე შეეძლო მღვდლობა და ამას არიან შეჩვეული. ზოგს ისიც ჰგონია, ქუჩაში რომ იჯდა, გეი რომ ჩამოივლიდა და თავში წამოარტყამდა, ახლაც ასევე უნდა მოიქცეს.
- ბატონო კობა, საპრეზიდენტო არჩევნებზეც გკითხავთ, რამდენიმე კანდიდატი დასახელდა...
- არც ერთი მათგანით არ ვარ აღფრთოვანებული, მათ შორის არც მარგველაშვილით, თუმცა არც მის გაკრიტიკებას ვაპირებ...
- გიორგი მარგველაშვილი რატომ არის თქვენთვის მიუღებელი?
- მას მხარს ვუჭერდი იქამდე, ვიდრე შრომის კოდექსის მიმართ თავის პოზიციას დააფიქსირებდა... მეტს არაფერს ვიტყვი, გარდა ამისა, მე მის პრეზიდენტობაზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ და ამას აქედანვე ვაცხადებ. ღილაკზე თითის დამჭერი დეპუტატი არასდროს ვყოფილვარ და ალბათ ეს მაშინაც იცოდნენ, როდესაც სიაში მსვამდნენ... ჩემთვის ყველაზე კარგი ის მომენტია, როდესაც ქუჩაში გამოსულს ადამიანი მაჩერებს და თავის პრობლემაზე მიყვება.
- როდესაც ქუჩაში გაჩერებენ, ახალი ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუებაზე არ გესაუბრებიან?
- კი, მათ მიმართ იმედგაცრუებას არც მე ვმალავ... მაგალითად, ჩემთვის მიუღებელია მართლმსაჯულების განხორციელების ტემპი და ხარისხი, სახელმწიფოს სექტორში „ნაციონალების“ ხელახალი მომძლავრება, ბევრი მტარვალის მოღონიერება, სოციალური დაპირებები, რომლებიც სუსტი მენეჯმენტის გამო არ შესრულდა. თუნდაც სოფლის მეურნეობაზე ვისაუბროთ, ოღონდ წინასწარ ვიტყვი, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრობაზე პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ ვამბობ, რომ უზარმაზარი ფული დაიხარჯა და რეალურად არაფერი გაკეთებულა. სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე ტრაქტორებში დიდი ფული გადაიხადეს... ვაუჩერების დარიგება ძველ კადრებს დაავალეს, მათ კი ძველი სიებით ისარგებლეს, სადაც თითო „ნაციონალს“ რამდენიმე მკვდარი სული ჰყავდა ჩასმული, ამიტომაც მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ... სულ არ მაინტერესებს, ვინ იქნება მინისტრი, კირვალიძე, პეტრიაშვილი თუ პავლიაშვილი, ჩემთვის მთავარია, საქმე გაკეთდეს. თუ ამის გამო ვინმე ინტრიგანს მიწოდებს, ეს მისი პრობლემაა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS