04 მარტი, 2020
"ხატიას წარსულს ვინც იცნობს, მასზე კარგ რაღაცეებს არ იძახდნენ" - რამაზ ნოზაძე შვილებზე, ცოლზე და ოჯახზე
მსოფლიო ჩემპიონი რამაზ ნოზაძე ჟურნალ "სარკესთან" თავის ოჯახურ ცხოვრებასა და სპორტულ წარსულზე გულახდილად საუბრობს.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს.

– აქტიურად ხართ ჩართული შვილების აღზრდაში?

– ყველანაირად ვარ ჩართული, უბრალოდ გოგონები არიან და დედასთან ერთად უფრო მეტად უნდა აკეთებდნენ რაღაცებს.

– როგორ უძღვებით თქვენი ქალების "სამწყსოს", ოჯახის უფროსობა როგორ გამოგდით?


– ეს არ იგრძნობა. არ მინდა, რომ ვიღაც უფროსობდეს ოჯახში, მაგრამ ყველამ თავისი ადგილი იცის. ჩემს ოჯახში უფროს-უმცროსის პატივისცემაა. გაბრიელას აქვს იმის ნებართვა, რომ პირველმა აირჩიოს რაღაც,
როგორც თვითონ მიაჩნია სწორად, მერე ოლის გამოკითხოს, როგორ შეუძლია, მერე ევას ჰკითხოს, ერთმანეთში მოილაპარაკონ და სწორი გადაწყვეტილება ასე მიიღონ. ვცდილობ, მშვიდად, ჭკვიანურად ავუხსნა ყველაფერი და არ დავუყვირო.

ბავშვი ერთი წამი მაინც მოგისმენს და ის ერთი წამი უნდა გამოიყენო, რომ ისე აუხსნა და გაზარდო, როგორც შენ გინდა. ღმერთის სიყვარულს ვასწავლი. ეს აუცილებელია და მაქსიმალურად ვცდილობ, ეკლესიას ვაზიარო.

– ხშირად დადიხართ ტაძარში?

– ხშირად მიგვყავს შვილები, ოღონდ კონკრეტულად ერთ ტაძარში არ დავდივართ. ყველა ტაძარს ვეზიარები, სადაც წირვაა, იქ მივდივართ. შვილები ეზიარებიან, სახარებას ისმენენ, წირვა-ლოცვას ესწრებიან. მე ვაძლევ იმის შესაძლებლობას, რომ თვითონ ამოირჩიონ, როგორი გზით წავლენ. არასწორ გზებს არ ვანახებ, არ მინდა, რომ ცუდი რაღაცები ნახონ. მაგასაც ვერ აუკრძალავ, დღეს ისეთი დროა, მაგრამ ვუხსნი, რა არის სწორი, რა – არასწორი.

ყველაფერს მიჯერებენ, ძალიან კარგი ბავშვები არიან. მე ისეთი რაღაცები გავაკეთე, რომ ჩემი შვილები ვეღარანაირად დაიმალებიან და მომავალში ყველა ერთად ვნახავთ, როგორები იქნებიან. თუ საამაყოები გაიზრდებიან, ყველა ერთად ვიამაყებთ. მინდა, ძალიან განათლებული და სწორად მოაზროვნე შვილები მყავდნენ. რაც შემიძლია, მათ განათლებაში ყველაფერს ჩავდებ.

– როგორ ფიქრობთ, შვილებთან ურთიერთობაში სიმკაცრეა საჭირო თუ მეგობრობა?

– ბავშვი ძალიან სათუთია. შეიძლება პატარა მოძრაობამ ისე შეუცვალოს აზროვნება, რომ სავალალო შედეგამდე მივიდეთ. დედები და მამები უნდა ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და სწორად აღვზარდოთ შვილები. ისეთი რაღაცები არ უნდა მოხდეს საქართველოში, რაც დღეს ხდება. სწავლაში სიმკაცრე აუცილებელია, მაგრამ ყოველთვის არ არის აუცილებელი, რომ გაუბრაზდე.

– შვილებზე ბევრი ვისაუბრეთ. საინტერესოა, როგორი ქმარი ხართ, როგორია თქვენი და ხატიას ცოლქმრობა.


– როგორი ადამიანებიც ვართ, ისეთი ოჯახიც გვაქვს. ისეთი მეუღლე შემხვდა, როგორიც უნდა შემხვედროდა, იმიტომ, რომ მე ახლაც ბედნიერი ვარ. მე და ხატია დაბრძენებულები შევხვდით ერთმანეთს. 29 წლისანი ვიყავით და ეს დრო ქართული ოჯახის შესაქმნელად არის იდეალური. ამ ასაკში სწორად აზროვნებენ, ისეთ სისულელეებს არ გააკეთებენ, რაც ბავშვებს მოსდით ხოლმე თავში – რომ გათხოვდება-გამოთხოვდებიან და ანგრევენ ოჯახებს. შვილებსაც აქედანვე ვუხსნი ასეთ ამბებს.

თავიდან, როცა ხატულიკას შევხვდი, მას სხვანაირად ხედავდნენ და მე სხვანაირად დავინახე. სხვა განზომილებები გამიხსნა, სხვა სიყვარული დამანახა, ცხოვრების სხვა ფერები მაჩვენა და ეს მომენტები ძალიან მესიამოვნა.

ხატიას წარსულს ვინც იცნობს, ჟურნალისტი იყო და მასზე კარგ რაღაცებს არ იძახდნენ, არადა თურმე ასე საერთოდ არ ყოფილა. როცა გავიცანი, ახლოდან დავინახე მისი შინაგანი ბუნება. მას მერე მთლიანად გადავეშვი სიყვარულის მორევში, რასაც ოჯახი ჰქვია. დღემდე ასე ვართ და ვეცდებით, სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიყოთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS