- 18 წლის ვარ, ახლა დავამთავრე სკოლა და უნივერსიტეტში ვაბარებ, აბი-ტურიენტი ვარ. ექვსი წელია, რაც ფოტოებს ვიღებ, მაგრამ საკუთარი ფოტოაპარატი ჯერ კიდევ არ მაქვს. მეგობრები მათხოვებენ ხოლმე
- ყველაზე მეტად ვისი ან რისი გადაღება გიყვარს?
- პორტრეტები ჩემი საყვარელი ჟანრია. ჩემი საუკეთესოა მეგობარია თაკო, ბალერინაა და განსაკუთრებულად მიყვარს მისი გადაღება. ფოტოების გადაღებამდე ადგილს აუცილებლად წინასწარ ვარჩევ, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რაღაც ისე არ გამოსულა. ალბათ ასეთი რამ ყველა ფოტოგრაფს ემართება. თვითნასწავლი ვარ და ამ სფეროში არანაირი განათლება არ მაქვს. ინტერნეტის საშუალებით ჩემით მოვიძიებ ხოლმე საინტერესო ინფორმაციას. სკოლაში მქონდა რამდენიმე გამოფენა, მაგრამ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი არაფერი. დედა ბაღის მასწავლებელია, მასთან ხშირად მივდივარ და პატარა ბავშვებს ვუღებ. ძალიან უხარიათ, როგორც კი დამინახავენ, ხვდებიან, რომ უნდა გადავუღო და ყველა ერთად გამორბის.

- შენი საყვარელი ფოტოგრაფი ვინ არის?
- ნინო ოშხერელი, გეგა ქუთათელაძე, დათო ჭაო. მათ უფრო დახვეწილი ფოტოები აქვთ.
- ნუცა, ფოტოების გადაღების გარდა, როგორც ვიცი, კარგად ხატავ.
- დიახ, ძალიან პატარა ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, როდესაც ჩემს გამოფენებს აწყობდნენ. ახლა გუაშით პორტრეტებს ვხატავ. ამ ჟანრშიც პორტრეტები მიყვარს. ჩემს ოჯახს გადაღებაზე მეტად ხატვა მოსწონს. უნდათ, რომ ხელოვნებას გავყვე.

- შენი ოთახი როგორ გამოიყურება?
- ახალ სახლში გადავდივართ და ჯერჯერობით საკუთარი ოთახი არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ლამაზად მოვაწყობ. მიყვარს, როდესაც მაგიდაზე ლამაზი ნივთები მილაგია. აუცილებლად დავკიდებ ჩემს ნახატებს და რამდენიმე საყვარელ ფოტოს.
- შენს არქივში ქუჩის ფოტოებიც ვნახე.
- დიახ, მიყვარს ქუჩის გადაღებები. ერთხელ შობას „ალილოს“ დავესწარი და ერთი განსაკუთრებული მომენტი დავიჭირე, როდესაც მამაო ხალხს ლოცავს და წყალს ასხამს.

- ნუცა, ფოტოხელოვანებს ხშირად აწუხებენ ქორწილებსა და დაბადების დღეებზე, რომ ფოტოები გადაუღონ, გიყვარს ასეთი გა-დაღებები?
- არა, ძალიან არ მომწონს. ბევრი ვიცი, ვინც ძალიან კარგ სურათებს იღებდა, ამ ბოლო დროს კი ფოტოგრაფებს ხელოვნება ბიზნესად ექცათ. ფოტოებს მხოლოდ მაშინ იღებენ, როდესაც დაურეკავენ და სპეციალურად მიიწვევენ. ჩემთვის ასეთი რამ მიუღებელია. ხელოვანმა საკუთარი სურვილით უნდა გადაიღოს და არა დაკვეთით.
- შენი საოცნებო პროექტი რომელია?
- ძალიან მიყვარს ექსტრემალური სპორტი. ასევე სიამოვნებით გადავიღებდი პარაშუტით გადმოხტომის კადრებს, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშუალება არ მაქვს.

- ცნობილი ადამიანებიდან ვის გადაუღებდი?
- საქართველოში ნაკლებად, მაგრამ უცხოელი ვარსკვლავებიდან - რობერტ დე ნიროს. ფოტოებზე გადმოვიტანდი მის ერთ დღეს, ყოველდღიურობას აღვწერდი. ძალიან მიყვარს ეს მსახიობი.

- ცხოველების გადაღება თუ გიყვარს?
- დიახ, ერთხელ ქუჩაში ძაღლი გადავიღე, გარბის და საკუთარი ორეული უკან მიჰყვება. საინტერესო ფოტო გამოვიდა. ასევე დარეგისტრირებული ვარ ფოტოგრაფების საიტზე და ხშირად დადებითად მიფასებენ. ჩემი ბევრი ფოტო დღის ფოტოც გამხდარა და რამდენიმე მათგანი წლის საუკეთესო ფოტოდაც აღიარეს.
- „მატარებელი და გოგონა“ - ეს ფოტო სად გადაიღე?
- კახეთში, სპეციალურად წავედით გადასაღებად. მართლა ლამაზი კადრი გამოვიდა. ეს ის ბალერინა გოგონაა, რომლის გადაღებაც ყველაზე მეტად მიყვარს.

- ნუცა, შენს არქივში ვნახე გრაფიკული ფოტოებიც, ამას როგორ ქმნი?
- ამ ჟანრს ფოტოგრაფიაში კომპგრაფიკა კრეატივი ჰქვია. ამ დროს წინასწარ ვიღებ კადრებს და შემდეგ ადამიანებს ან დამატებით დეტალებს ვსვამ. ასეთია ანგელოზების ფოტო.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“