06 აპრილი, 2014
„წონის დაკლება ჩემს ცხოვრებაში მარადიული თემაა!..“
მე ჩემი საქმე მაქვს, რომელიც შოუბიზნესისგან ძალიან შორს არის ორიოდ კვირის წინ, როცა პროექტი „ორი ვარსკვლავი“ დაიწყო, „ალილოს“ წევრმა ლაშა ღლონტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მონაწილეები ცნობილი სიტყვებით შეაფასა, „დაყრუვდნენ ძროხები“.
ლაშა დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმარია და ამბობს, რომ არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, ვინც ამგვარად შეაფასა ზემოხსენებული პროექტი, ეს მისი ხუმრობა გახლდათ და უკვირს, რომ მისი სტატუსი სერიოზულად მიიღეს.

- ბევრი ელოდა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შოუ-ბიზნესშიც იქნებოდა ძვრები...
- შოუბიზნესის წარმომადგენელი თავს ამ
სფეროთი უნდა ირჩენდეს. პირადად მე ძალიან ბევრ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, გასტროლებზეც ხშირად დავდივარ და ჩემს ხელფასს, რომელსაც სამსახურში ვიღებ, შეიძლება, რამდენჯერმე აჭარბებდეს კონცერტებიდან აღებული შემოსავალი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, შოუბიზნესის წარმომადგენელი არ ვარ, რადგან ამ სფეროზე დამოკიდებული არ გახლავართ. პირველ რიგში, მე ვარ ექიმი და მაქვს ჩემი ბიზნესი.
ვფიქრობ, ეს სფერო არც ერთ მთავრობაზე და არც ერთ ხელისუფლებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობიდან დაწყებული ყველა მთავრობის ღონისძიებებში ვმონაწილეობდი. ანსამბლ „ალილოს“ სახელისუფლო კონცერტებში გვიწვევდნენ, მაგრამ ეს არ იყო ჩემი ძირითადი საქმიანობა. ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო კომერციული კონცერტები, რომლებსაც ორგანიზებას თავად ვუკეთებდით.
- ანუ, თუ ამ სფეროში ვინმე უკმაყოფილოა, საკუთარ სიზარმაცეს უნდა დააბრალოს?
- ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვი. კომუნისტების პერიოდიდან დაწყებული ყველანაირ წყობაში ვმღეროდი და არანაირი წნეხი არ მიგრძნია. ყოველთვის ჩემს საქმეს ვაკეთებდი. იყო დრო, რომ ერთი ადამიანი ან ერთი ჯგუფი აქტიურობდა, მერე სხვა ჯგუფი და ადამიანები მოდიოდნენ. მომღერლები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, თუმცა არიან შემსრულებლები, რომლებიც სცენაზე დიდი ხანია დგანან.
უცნაური შეკითხვაა, არსებობს თუ არა და საერთოდ, რა სჭირს ამ შოუბიზნესს. პირველი - საქართველოში შოუბიზნესი იმიტომ ვერ განვითარდება, რომ მცირე რაოდენობის მაყურებელია. უამრავი კონცერტი მქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც, ვფიქრობ, აღარ უნდა გავემგზავრო. არ შეიძლება, ამდენი უმღერო ხალხს. ცოტა უნდა დაასვენო. 2012 წელს ფილარმონიაში ჩვენმა კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ორმოცლარიანი ბილეთები გადამყიდველებმა 140 ლარად გაყიდეს, მაგრამ მეორე დღეს იმავე კონცერტის გამეორება არ მომინდომებია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. რამდენჯერმე ინტერვიუზეც და გადაცემაში მონაწილეობაზეც მითქვამს უარი. ერთი პერიოდი ძალიან ხშირად ვიყავი ყველა არხზე და მერე ცოტა ჩამოვშორდი ამ ყველაფერს. ამას სიამაყით კი არ ვამბობ. ხანდახან თავად მეზიზღება ჩემი თავის ბევრჯერ მოსმენა.
- მუსიკალური პროექტები, რომლებიც ქართულ არხებზე გადის, მომღერლებისთვის თავის წარმოჩენის კარგი საშუალებაა.
- ბევრი კარგი რამ კეთდება. მართალია, პატარა ხარვეზებით, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. საქართველო სიმღერის ქვეყანაა და მუსიკალური პროექტი ყოველთვის გამართლებული იქნება. მივესალმები ყველა მუსიკალურ პროექტს.
- „ორი ვარსკვლავის“ შესახებ „ფეისბუქზე“ დაწერეთ - „დაყრუვდნენ ძროხები“.
- ერთ არხს დიდხანს ვერ ვუყურებ. ამ პროექტსაც ცოტა ხანს შევავლე თვალი და რაღაცები ყურში ცუდად მომხვდა. ეს არანაირად არ იყო კრიტიკა. ეს ხუმრობა იყო, შეიძლება, ზოგს ეწყინა კიდეც და ამ სტატუსს განაწყენებული კომენტარებიც მოჰყვა. ამის გამო ცოტა გამეცინა და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა კიდეც. ასეთი შოუს შესახებ არანაირი სერიოზული კრიტიკის დაწერა არ შეიძლება. ჯერ ერთი, არც მაქვს უფლება ვაკრიტიკო, იმიტომ, რომ მუსიკალური განათლება საერთოდ არ მაქვს. და მეორეც, არ ვყოფილვარ პირველი, „უდიპლომო სასიძოდან“ ფრაზას „დაყრუვდნენ ძროხები“, ბევრი იზიარებდა.
- თუმცა ყველა ხუმრობაში ხომ არის სიმართლის მარცვალი. როგორც ამბობენ, ვისთვისაც კარგი გინდა, სიმართლე უნდა უთხრა.
- მაშინ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ ყველაფერზე და ამ შემთხვევაში ჩემს ნამღერშიც ბევრ ხარვეზს მოვძებნით. ჩემი ნამღერით არასდროს ვარ კმაყოფილი. კრიტიკა ხომ ძალიან ადვილია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეს სტატუსი მარტო მე არ დამიწერია. მთელი „ფეისბუქი“ იმავეს წერდა ამ შოუზე. უახლოეს მეგობართან ერთად რომ მიმღერია და რამე შეშლია, მითქვამს, ხომ არ დაყრუვდი, რა გჭირს-მეთქი.
- ნოე სულაბერიძე დაინტერესდა, ვინ იყო „დაყრუვდნენ ძროხების“ სტატუსის ავტორი და შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ თქვენ იყავით, ბევრმა გაგაკრიტიკათ.
- მე არ ვაკეთებ სერიოზულ კომენტარებს მსგავს ხუმრობაზე და თუ უნდა, რომ კომენტარები აკეთოს, ვისაც რა უნდა, ის დაწეროს. ეს არ ყოფილა ჩასაფრებული ადამიანის სტატუსი. ასეთი რამ საერთოდ არ მახასიათებს. მე ჩემი საქმე მაქვს, რომელიც შოუბიზნესისგან ძალიან შორს არის. ეს არ იყო მუსიკოსის შეფასება. ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანის შეფასება, რომელმაც ნახა გადაცემა და ხუმრობით დაწერა თავისი აზრი.
- თქვენ თუ მიიღებდით მსგავს კონკურსში მონაწილეობას?
- არასდროს არც ერთ კონკურსში არ მივიღებ მონაწილეობას.
- რატომ ხართ ასეთი კატეგორიული?
- პირველ რიგში, იმიტომ არ მივიღებ, რომ დამწყები მომღერალი არ ვარ. კონკურსში ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მივიღე მონაწილეობა. ბათუმზე სიმღერების ფესტივალი ჩატარდა. მე, როგორც ბათუმელმა, ჩემს დასთან ერთად მივიღე მონაწილეობა და გადმომეცა პრიზი ქალაქური სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის. ეს ფესტივალი დაახლოებით ოცი წლის წინ ჩატარდა. ჩემთვის კონკურსები ზედმეტი რამეა. ვმღერი ხალხისთვის, შეიძლება, ბევრს მოსწონდეს და შეიძლება, ბევრს არ მოსწონდეს. გემოვნებაზე, როგორც წესი, არ დავობენ.
- რომელი მონაწილე მოგეწონათ?
- ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი მონაწილეობს და ბევრიც მუშაობს ამ პროექტზე. მიშა ხუჯაძე მომეწონა, სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საქართველოში ვცხოვრობ. რაღაცაზე იხუმრებ და მაშინვე სხვანაირ ინტერპრეტაციას აძლევენ შენს ნათქვამს. ამერიკასა და ევროპაში ხშირად დავდივარ, იქ სულ სხვაგვარი სიტუაციაა და ხალისიან გან-წყობაზე ჩამოვდივარ ხოლმე. თბილისში დეპრესიულ სიტუაციას ვაწყდები. ყველა დაძაბულია. ვახო რჩეულიშვილმა რომ იმღერა, გამეცინა. სახალისოა მისი სიმღერა, მას რატომ უნდა შეხედო კრიტიკით. მეც ავდექი და ვიხუმრე, ვერ ვხ-ვდები, ამით რა დავაშავე.
- „ორ ვარსკვლავს“ აკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ პირველ არასაკონკურსო ტურში ბევრმა შემსრულებელმა რუსული სიმღერა შეასრულა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
- არანაირად არ შეიძლება, ვინმე მხოლოდ იმიტომ გააკრიტიკო, რომ რუსული სიმღერა შეასრულა. თუმცა აგვისტოს ომამდე „ალილოს“ რეპერტუარში იყო „ეხ დაროგი“ და აგვისტოს ომის მერე გულს ეს სიმღერა არ ემღერებოდა.
- ეს სიმღერა თქვენი რეპერტუარიდან ამოიღეთ?
- რატომ ძაბავთ სიტუაციას? ამოვიღე რეპერტუარიდან ნიშნავს, რომ პროტესტის გამო მოვიქეცი ასე. იმ მომენტში გულს არ ემღერებოდა. სიმღერის დაბლოკვა და რეპერტუარიდან ამოღება არ მახასიათებს.
- ე.ი. გულს არ ემღერებოდა, მაგრამ მაინც მღეროდით?
- იმ დღეებში, როდესაც ქართველი ჯარისკაცები ახალი დახოცილები იყვნენ, ვერ ვიმღერეთ. ძალიან ბევრი რუსი მეგობარი მყავს. რუსული რომანსები ძალიან ბევრჯერ მიმღერია და კიდეც ვიმღერებ. რუსული სიმღერის შესრულების პრობლემა არ მაქვს და ჩემთვის ეს არასდროს არავის აუკრძალავს.
- თუმცა რამდენიმე წლის წინ რესტორნებში რუსული სიმღერები იკრძალებოდა და ამ თემაზე ზოგიერთი მომღერალი ხმამაღლა ლა-პარაკობდა.
- ჩემთვის არავის აუკრძალავს, რუსული სიმღერა არ იმღეროო. კარგად მესმის, რომ ყველა სიტუაციას თავისი ახსნა-განმარტება აქვს. მილიონი ჭორი და მილიონი სიმართლეა და ვეღარ გამიგია, სიმართლე და ტყუილი რომელია. მე მაქვს ჩემი ხედვა და კიდევ ერთხელ ვამბობ, არასდროს კონიუნქტურით არ მიცხოვრია. რუსულ რომანსებს კარგად ვმღერი. უბრალოდ, რუსული რომანსის და, თუ გნებავთ, ქართული ლირიკული რომანსის ადგილი ქართულ შოუბიზნესში არაა. მე მაქვს კარგი ქართული რომანსები, რომელიც არ გაჰიტდება, ოღონდ იმიტომ არა, რომ ცუდია. ამ სიმღერებს თანამედროვე ქართველმა ახალგაზრდობამ შეიძლება, არ მოუსმინოს. რომანსის სიმღერას განსაკუთრებული მსმენელი და სალონური სიტუაცია სჭირდება. მაქვს ერთი კლუბური სიმღერა, „ტბილისი გოროდ ზალატოი“, რომელიც საცეკვაოა. ჩემმა მეგობარმა ზაზა თაბაგარმა დაწერა. „დიდხანს გელოდის“ ტიპის სიმღერაა, რომელიც ჩემი სტილი საერთოდ არაა, მაგრამ მსმენელი ამ სიმღერაზე ცეკვავს და მისი შესრულება ჩემთვის არანაირი პრობლემა არ გახლავთ.
- „ალილო“ უახლოეს მომავალში კონცერტის გამართვას არ გეგმავს?
- ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ერთ-ერთი კლინიკის მენეჯერი ვარ და კვარტეტმა ღვინო გამოვუშვით. „ალილომ“ ბიზნესში გადაინაცვლა და პირადად მე ყოველთვის ბიზნესში ვიყავი. თუმცა სიმღერა, რასაკვირველია, არ გვავიწყდება. კვარტეტ „ალილოს“ გვიან შემოდგომაზე ფილარმონიაში ექნება კონცერტი. ბოლოს გასტროლზე მე და დათო არჩვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გახლდით. იქაური ქართველები ისე გაგვიმასპინძლდნენ, დაგვხოცეს ჭამით.
- წონის დაკლებას არ ფიქრობთ?
- ასეთ წონაშიც თავს გადასარევად ვგრძნობ. ისეთი კერპები მყავდნენ, როგორებიც არიან გამრეკელი, პავაროტი, თამაზაშვილი, ისინი მსუქნები იყვნენ, მაგრამ არანაირი დაბრკოლება არ შეჰქმნიათ. თუმცა წონის დაკლება ჩემს ცხოვრებაში მარადიული თემაა. ამერიკაში დაკლებაზე ლაპარაკიც არ იყო, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვედი, ათი კილო უკვე დავიკელი. მინდა, ყველას ვურჩიო, ვისაც წონაში დაკლება უნდა, ოთხჯერადი კვება დღეში ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS