14 ოქტომბერი, 2019
ლულუ კახიანი შვილის გარდაცვალებაზე: „მინდა, ლენო ხედავდეს, თურმე როგორ გვიყვარს...“
ტელესახე ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის 15 წლის გოგონა, ლენო, ამ წლის ივნისში გარდაიცვალა. გადაწყვეტილება ღამით მიიღო, როცა მამა სტუდიაში მუშაობდა, დედას და პატარა დას კი ეძინათ… ღამის ოთხის ნახევარზე ლულუ ხმაურმა გააღვიძა… კარზე აბრახუნებდნენ. ლულუ ამბობს, რომ როცა კარი გააღო და თავჩაქინდრული სამი მამაკაცი დაინახა, მიხვდა, რაც მოხდა. „გადახტა?“, - ჰკითხა მათ.

მომხდარი ტრაგედიის შესახებ ლულუს აქამდე არ უსაუბრია. მას არ უყვარს საჯაროდ ემოციების გამოხატვა… თავისი შვილის ნახატების გამოფენას მალე მოაწყობს და იცის,
რომ ამ დროს ლენოც მათთან ერთად იქნება და ბოლოს და ბოლოს დაინახავს, როგორ უყვართ თავისი ოჯახის წევრებს…

ლულუ, როგორი გოგო იყო ლენო?


გამორჩეული… მგონი, ეს იყო მისი პრობლემა. გამოირჩეოდა როგორც ვიზუალით, ჩაცმის სტილით, ასევე ქცევით, ინტერესებით და ამიტომ თავადაც ამბობდა, რომ ყოველთვის უჭირდა ადგილის დამკვიდრება, თავისი ცხოვრების გზაზე ბევრ წინააღმდეგობას ხვდებოდა, დასცინოდნენ კიდეც სხვადასხვა წინდა რატომ გაცვიაო. ხანდახან მეც ვეუბნებოდი შენიშვნას ჩაცმულობასთან დაკავშირებით, მაგრამ მპასუხობდა, რომ ასე მოსწონდა. შემდეგ მის ჩაცმაში უკვე აღარ ვერეოდი. ერთი პერიოდი გამუდმებით შავებს იცვამდა და მაფრთხილებდა, რომ მისთვის არაფერი ჭრელი არ მეყიდა, შემდეგ – სულ ფერადებს. ბოლო პერიოდის სურათებზე ჭრელი ბავშვია. თმაზეც ყველანაირი ექსპერიმენტი ჩაიტარა, თავად ყიდულობდა ტონიკებს და სახლში იღებავდა, თმას საწრუპებითაც იხვევდა. არ უყვარდა ერთი კონკრეტული რაღაცის ამოჩემება.

ბოლოს გადაწყვიტა, რომ თმას აღარ შეიღებავდა, რადგან ხარისხი გაუფუჭდა და შეიჭრა. ძალიან მომწონდა მისი მოკლე ვარცხნილობა.

ლენო ზედმეტად ემოციური იყო. ვერ ვიტყვი, რომ ეს მას მხოლოდ ბოლო წლებში ახასიათებდა. თავიდანვე ემოციური და რევოლუციონერი ბავშვი იყო, ბაღშიც კი. ყოველთვის ცდილობდა, თავისი გაეტანა და გაჰქონდა კიდეც, რადგან მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევდით, ჩაცმა იქნებოდა ეს, პირსინგის გაკეთება თუ სხვა რამ. რაღაც შეზღუდვებს მაინც ვუწესებდით, ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. გამუდმებით ვკამათობდით სახლში გვიან მოსვლაზე. მეშვიდე კლასიდან ხასიათის რადიკალური ცვლილებები დაეწყო, თავისი აზრის გატანისთვის უხეშ მეთოდებს მიმართავდა, მინდა და მორჩა… კარს იჯახუნებდა, ტიროდა. მეშვიდე კლასამდე ძალიან კარგად სწავლობდა, შემდეგ ინტერესი გაუნელდა – რაც არ აინტერესებდა, იმას საერთოდ არ ეკარებოდა.



რასაც ჰყვები, ბევრ თინეიჯერს ახასიათებს…

დიახ, თითქოს ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ყველა ოჯახი ბავშვს ამაში ვერ აჰყვება. ჩვენ ბევრ რამეში გავყევით, მაგრამ ვერასოდეს შევთანხმდით სახლში გვიან მოსვლაზე და ტელეფონის “დამიჯდა, ვერ დავტენე”-ზე. მეგობრების წრე ხშირად ეცვლებოდა, რადგან რთული ხასიათი ჰქონდა. თავად ერთგული მეგობარი იყო და სხვებისგანაც ამას მოითხოვდა… ხშირად ვეუბნებოდი, რომ ცხოვრება მის წრეს გაფილტრავდა და მის ცხოვრებაში მხოლოდ ნამდვილი მეგობრები დარჩებოდნენ… მიუხედავად ამ საუბრებისა, ლენო ყველა წაკამათებასა და დაშორებას მტკივნეულად აღიქვამდა და განიცდიდა. განიცდიდა იმასაც, თუკი ვინმე მოსწონდა და ის ყურადღებას არ აქცევდა. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქართველი
გთხოვთ გამოაქვეყნოთ! ლენოს სიკვდილში მისი მშობლების დანაშაული არის ნული, პირიქით, ძალიან კარგი, საუკეთესო მშობლები არიან. თვითონ ლენო იყო მეამბოხე, ბუნებით ურჩი შვილი, თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა, ის განწირული იყო, ასეთ ბავშვთან ვერავინ ვერაფერს გახდება, ასეთ ბავშვთან არ ჭრის მოფერება, მეგობრობა, სიმკაცრე, სისასტიკე. ის უნდა მიუშვა ნებაზე, მის მონად უნდა იქცე და ყველაფერზე თავი უქნიო... ეს ხომ შეუძლებელია, უყურო როგორ მიდის ხელიდან შვილი. სამწუხაროდ ასეთი იყო ლენო, მან არც სიცოცხლეში გაახარა მშობლები, ეხლა კი სამუდამო დარდში ჩააგდო.( მე უცხო ვარ მათთვის, მათი ინტერვიუებით მივხვდი ვითარებას). მეც მშობელი ვარ, მსგავსი პრობლემა მაქვს, ურჩი შვილი მყავს, დიდია უკვე, 28 წლის. მიშვებული მყავს მაგრამ დარდმა მომკლა....
23:00 / 15-10-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS